კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაუხადა ზურაბ ნოღაიდელმა მადლობა ვლადიმირ პუტინს და როგორ გადაეყრება წყალში ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში დახარჯული მილიარდები


მართალია, პირადად მე ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის უბედურება თუ ბედნიერება არ მქონია, მაგრამ, რაკი რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველკვირეულად ვეცნობით პირველწყაროდან რუს პოლიტოლოგ-პოლიტიკოს-ჟურნალისტების აზრებს, მეტ-ნაკლები წარმოდგენაც შეგვექმნა მათ დამოკიდებულებაზე როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე საქართველო-ამერიკის ურთიერთობის მიმართ. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი დაუფარავად გვთავაზობს დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმის სანაცვლოდ იმ საქართველოს შენარჩუნებას, რაც ჩვენგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ფაქტობრივად დარჩა. ზურაბ ნოღაიდელი იმ ქართველ პოლიტიკოსებს მიეკუთვნება, რომელთა მთავარი პოლიტიკური აქტივობაც სწორედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენისკენაა მიმართული. თუ გავითვალისწინებთ, რომ რფ არ აპირებს თავისი აღიარებების უკან წაღებას, საქართველოს მოსახლეობა კი ვერასდროს დაუჭერს მხარს პოლიტიკოსს, რომელიც ამ აღიარებებზე თვალს დახუჭავს, აშკარაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი რთულ საქმეს შეეჭიდა.



– სიტუაცია აშკარად ჩიხშია და, ამდენად, საინტერესოა, კონკრეტულად რაზე ელაპარაკებით ხოლმე რუსული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს?

– ათასჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ვიმეორებ: ჯერ ერთი, ჩვენ საერთოდ არ უნდა ველაპარაკოთ რუსებს საქართველოს გაერთიანებაზე, ამაზე ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ოსებსა და აფხაზებს. თუ გვინდა საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობის შენარჩუნება, ოსები და აფხაზები უნდა დავიბრუნოთ და, თუ საქართველო არ იქნება მათზე მზრუნველი, მათი მოჭირნახულე სახელმწიფო, მათ გულს ვერ მოვიგებთ. ეს არის ჩვენი ფორმულა. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბევრი ალტერნატივა არ დაგვრჩა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, იმ რეცეპტის გარეშე, რაც გითხარით, საქართველო ვერ გაერთიანდება: ჩვენ უნდა დავიწყოთ ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი მოლაპარაკებები ყოველგვარი ულტიმატუმებისა და წინაპირობების გარეშე. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ გვინდა საქართველოს გაერთიანება, მათ კი – თავიანთი დამოუკიდებლობის განმტკიცება ან აღიარება. ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება, თუ გაგრძელდა რუსეთთან კონფრონტაცია, რუსეთთან კონფრონტაციამ კი, რაც მოგვიტანა, ეს ამ თქვენს რესპონდენტებსაც უკვე უთქვამთ და, როგორც მივხვდი, მუქარაც დაუმატებიათ: თუ კარგად არ მოიქცევით, მეტსაც დაკარგავთო. თუ გაგრძელდა რუსეთთან უაზრო კონფრონტაცია, საქართველოს ნგრევაც გაგრძელდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ცხადია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს მთლიანობის შენარჩუნება; მეორე, არანალებ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავიბრუნოთ რუსეთი, როგორც ბაზარი. ეს ორი საკითხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ეს ყველამ უნდა გაიგოს.

– რა თემები განიხილეთ რუს ჩინოვნიკებთან შეხვედრისას?

– გარდა ბავშვების გათავისუფლების საკითხისა, რითაც დაიწყო ცხინვალში ჩვენი მოლაპარაკებები და რამაც შექმნა იმის საფუძველი, რომ მომავალი შეხვედრებიც წარმატებული იყოს, პირველი საკითხი მაინც შეეხება ომის განმეორების საფრთხის მოხსნას და შესაბამისი გარანტიების შექმნას. ეს გარანტია, სხვათა შორის, ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ, ამ კონფლიქტების შედეგად სწორედ საქართველო დაინგრა და დაიშალა.

– პარადოქსულია, ჩვენ ორივეჯერ გვაბრალებენ ომის დაწყებას და ორივეჯერ მოვახერხეთ, ეს ქართველების ეთნიკური წმენდით დაგვესრულებინა?

– ამიტომ გეუბნებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზი – სოხუმში, პირობითად, მეგრელი – ზუგდიდში, ოსი – ცხინვალში და ქართველი – გორში არ ცხოვრობდეს ომის ხიფათის ქვეშ. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ინტერესებით, ამიტომ ომის საფრთხე უნდა მოიხსნას და შესაბამისი გარანტიებიც შეიქმნას, რომ ომი აღარ განმეორდეს. მეორე საკითხი, რომელზეც უნდა იყოს საუბარი, არის ეკონომიკური კავშირების აღდგენა გორელსა და ცხინვალელს, სოხუმელსა და ზუგდიდელს შორის და ამან უნდა უზრუნველყოს ხალხთა შორის ურთიერთობის აღდგენა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დევნილების დაბრუნება, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს არ ვაყენებთ წინაპირობად. თქვენ იცით, რა არის სააკაშვილის მიდგომა: ეს პირობები შეასრულონ და დაველაპარაკებითო. ისე ამბობს ამას, თითქოს ომში გამარჯვებული იყოს. გაოგნებული ვარ, მაკკეინისთვის უთქვამს, თურმე – სხვები რომ ჩირგვებში ისხდნენ დამალულიო. ეს მუხლებზე მფორთხავი ამბობს ამას?! მათ ჰგონიათ, რომ ადამიანებს რაღაცეები დაავიწყდათ. არავის არაფერი დავიწყებია და ის სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, რადგან უკვე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, მას ჰგონია, რომ ჩვენ აღარ გვახსოვს, ვინ დაიწყო ომი, ვინ დაკარგა ტერიტორიები, აღარ გვახსოვს, რომ მუხლებზე ფორთხავდა, აღარ გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყანა ინგრევა და ჰგონია, რომ ხელისუფლების შენარჩუნება კვლავაც შესაძლებელია. თუ ჩვენ გვინდა საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობის შენარჩუნება, უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში და სააკაშვილი გავასამართლოთ საქართველოს მიწის თითოეული სანტიმეტრისთვის, რომელიც მან ამ წელიწად-ნახევრის წინათ დაკარგა და შემდგომ გადავდგათ ნაბიჯები, რომ დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები, აღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობები, დავიბრუნოთ რუსეთი, როგორც ბაზარი და დავიბრუნოთ საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობა, რომ საქართველო კვლავ გახდეს ნორმალური ქვეყანა. პირადად მე ამ ამოცანებს ვემსახურები და ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის სხვების აღქმები, ნაკლებად მაინტერესებს. მით უმეტეს, რომ ჩვენს ვიზიტებს და პუტინთან შეხვედრას ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ქართველ საზოგადოებაში, საქართველოს მოსახლეობაში და მე ყველაფერს გავაკეთებ, არც სიცოცხლეს დავინანებ, რომ ეს იმედი ხალხს არ გაუცრუვდეს.

– რუსული ბაზრის დაბრუნება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ყველა დონეზე ამოისუნთქავს. რატომ უნდა გააკეთოს ეს რუსეთმა, როდესაც მმართველი იქნება მიხეილ სააკაშვილი? ანუ ეს ორი რამ გამორიცხავს ერთმანეთს?

– სააკაშვილის პირობებში ამას არ გააკეთებენ არა იმდენად იმიტომ, რომ ისევ სააკაშვილია ხელისუფლებაში, არამედ იმიტომ, რომ ის განაგრძობს იმავე კონფრონტაციას, სიტყვიერ კონფრონტაციას, თორემ, სააკაშვილს რისი გაკეთება შეუძლია, ვნახეთ წელიწად-ნახევრის წინათ. პუტინთან ჩემი შეხვედრის დღეს მან „ეხო მოსკვის“ ეთერში ისაუბრა რუსეთთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე და შემდეგ რუსებს მონღოლების შთამომავლები უწოდა. ცხადია, ასეთ ადამიანთან არავინ გააგრძელებს ურთიერთობას, თორემ, ყველამ კარგად გავიგონეთ მედვედევის ნათქვამი, რომ შესაძლებელია ეკონომიკური კავშირების განახლებაც და მიმოსვლის აღდგენაცო. მადლობა ღმერთს, სამი პირდაპირი რეისი შესრულდა. ეს არაფერია, მაგრამ ნიშანი არის. თუმცა, დღეს რეისი და ხვალ დედის შეგინება არ გამოვა, ამიტომ, კონკრეტული არჩევანი უნდა გავაკეთოთ: რა არის ხელსაყრელი ჩვენი ქვეყნისთვის. შეამჩნევდით, წინანდელისგან განსხვავებით, სააკაშვილი მკაცრად ვეღარ აკრიტიკებს რუსეთთან ჩვენს დიალოგს. ადრე, ალბათ, იტყოდა, რად გვინდა რეისები ან ეკონომიკური კავშირების აღდგენაო, მაგრამ მან უკვე მშვენივრად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამ განწყობაზეა და რუსეთის გინება მოდიდან გადადის.

– მე მეჩვენება, რომ რუსეთი გვთავაზობს: აი, გაგიხსნით რეისებს, შემდეგ ცოტა ღვინოსაც შემოვუშვებ ბაზარზე და, თუ გინდათ უფრო მეტი, შეცვალეთ სააკაშვილი…

– ჯერ ერთი, რუსეთს საქართველოში პოლიტიკური ზეგავლენა არ აქვს და ძალიანაც კარგი.

– მე როგორც ვხვდები, არც უნდათ.

– შეიძლება, არც უნდათ, მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა, მუხლებზე მფორთხავი პრეზიდენტი გვყავდეს, გვეყოლება ასეთი ხელისუფალი; თუ გვინდა საქართველოს გაერთიანება, გვეყოლება სხვანაირი ხელისუფლება და ეს მოხდება არა იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უნდა მოსკოვსა და ვაშინგტონს, არამედ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უნდა თბილისს და ბათუმს. მოდი, დავუბრუნდეთ ჩვენს პრობლემებს; ჩვენს ომს არავინ იომებს...

– თუ დამასრულებინებთ კითხვას, გეტყვით, რას ვგულისხმობ.

– ჩვენს მიწას ჩვენ ნაცვლად არავინ მოთოხ-ნის. თუ არ გვინდა ამის გაკეთება, დარჩება მიწა მოუხნავი და მოსავალი აუღებელი.

– დავასრულებ კითხვას. იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის შეცვლა ქართველი ხალხის გასაკეთებელი არჩევანია, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთი გვიყენებს მკაცრ ულტიმატუმს: 100-პროცენტიანი უარი ნატოს და 50-პროცენტიანი მაინც – ევროკავშირს. ეს 50-იც იმიტომ, რომ იციან, ევროკავშირის სტანდარტებს კარგა ხანს ვერ დავაკმაყოფილებთ.

– ულტიმატუმი რისთვის?

– თუ გინდათ იმის შენარჩუნება, რაც დარჩითო, ანუ რაღაც-რაღაცის სანაცვლოდ და მეც ეს მაინტერესებს, რა რის სანაცვლოდ?

– ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდათ და არ უნდათ რუსებს. ისინი ამას ჩვენ გარეშეც მშვენივრად გადაწყვეტენ. მათ რომ თავიანთი ეროვნული ინტერესები არ ესმოდეთ, არ ექნებოდათ ასეთი დიდი სახელმწიფო. თავი უნდა დავანებოთ რუსებისთვის ჭკუის სწავლებას და რუსეთის ნაცვლად ფიქრს. მოდი, იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ რა გვინდა. დაანებეთ, რა, თავი ამაზე ფიქრს ერთხელ და სამუდმოდ, ქართველებო?! რა თქვენი საქმეა – ამ შემთხვევაში, პირადად თქვენ მოგმართავთ რა უნდა რუსეთს?! არ გიფიქრიათ არასდროს, რომ ეს ჩემი საქმე არ არისო?!

– თუ მათქმევინებთ, გიპასუხებთ.

– ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენი ინტერესი რა არის. თუ ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, რუსეთის ბაზრის დაბრუნება, საქართველოს გაერთიანება, მაშინ ამაზე ვილაპარაკოთ! თუ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გაერთიანება აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკების გარეშე და არსებობს ჩემი ფორმულის ალტერნატივა, ამაზეც ვილაპარაკოთ. მე რომ რუსი ვიყო, გამაღიზიანებდა ქართველებისგან ამდენი ჭკუის სწავლება!

– მე არ ვასწავლი მათ ჭკუას, თქვენ გისვამთ კითხვას.

– ჩვენ მათ უნებურად მუდმივად ვასწავლით ჭკუას და ვმსჯელობთ იმაზე, თუ მათ რა უნდათ. მე არავინ მეკითხება, რა უნდა რუსეთს. მუდმივად მეკითხებიან ჟურნალისტები, რა უნდა რუსეთსო; რა შენი საქმეა, რუსეთს რა უნდა?! ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, რუსეთის ბაზრის დაბრუნება?

– რის ფასად?

– რა?!

– მე ძალიან მინდა მთვარეზე გაფრენა, მაგრამ, მეუბნებიან, ამის გამო შენი შვილი გახდება ავადო, მაშინ მე უარს ვამბობ მთვარეზე გაფრენაზე, იმიტომ რომ, ამ ფასად არ მიღირს. სულ არ მაინტერესებს რუსეთს რა უნდა, მე ვიცი, მე რა მინდა, მაგრამ რუსეთს რომ არ უნდა ის, რაც მე მინდა?!

– ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკა ხვალ ვერ იქნება ისეთი დახურული, როგორიც დღესაა და სააკაშვილი და მისი 3-4-კაციანი გარემოცვა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ომში ჩართვაზე. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. დღეს ჩვენ შორის მტრობაა და, სანამ მოყვრობამდე მივალთ, ნაბიჯებია გასავლელი. ეს იქნება ღია, საჯარო და ყველასთვის გასაგები პროცესი. მე ვერავინ განმისაზღვრავს, ვერც სააკაშვილი და ვერც მისი გარემოცვა, ვერც ნებისმიერი ოპოზიციონერი, რა უნდა გავაკეთო; მე ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და, რომ მდომებოდა ამ საკითხების დამალვა, დავმალავდი, მაგრამ, ჩემი სურვილია, რომ ეს პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე და თქვენ ეს გცოდნოდათ. შემდგომი კითხვები რა რის ფასად მოხდება, განისაზღვრება მაშინ, როდესაც საქმე მიდგება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაზე. ამას წინათ, ერთი თქვენი კოლეგა, ძალიან ახალგაზრდა, გამომცდელი თვალებით მეკითხება...

– იმედია, მე ასეთი თვალები არ მაქვს!

– ბატონო ზურაბ, ვთქვათ, რუსეთმა დაგვიბრუნა აფხაზეთი, რის ფასადო?! მე ვუთხარი, ყველაფერის ფასად-მეთქი და უცბად მიხვდა ეს პატარა ბავშვი, რომ სიმართლეს ვამბობდი და ეს კითხვა სინამდვილეში უაზრობიდან მოდიოდა.

– თუ ეს კენჭია ჩემს ბოსტანში, გიპასუხებთ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას, კითხვა, რის ფასად, – არ ჩნდება, მაგრამ როგორც მე ვიცი, რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის საქართველო არის ის, რაც მისგან 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დარჩა. ოღონდ, ჩემი აზრით, რუსეთის პროტექტორატად გახდომა არ ღირს საჰაერო მიმოსვლისა და ღვინის გასაღების ფასად, თუმცა ეს მაინც საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. საერთოდაც, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა რის ფასად ხდება?

– მე არ მგონია, საქართველოში ეს საკამათო იყოს. მე თქვენ დაგანახვებთ, რომ ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება შეგვიძლია.

– მაგალითად, დუგინის მოსაზრებით, ჩვენ, თურმე, ერთიან რუსულ სივრცეში შევხვდებით აფხაზებსა და ოსებს. არ არის დასაფიქრებელი, გვინდა თუ არა ახალ რუსულ იმპერიაში?

– იმის მიუხედავად, რომ უარყავით ჩემი შენიშვნები, იმავეს განაგრძობთ: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რას ფიქრობენ ამაზე რუსები. ჩვენ გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, თუ რა გვინდა ჩვენ. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მტრობის პირობებში კი არ გვინდა, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტრობა ნელ-ნელა შეიცვლება ნორმალური ურთიერთობით და მოყვრობით. ეს იყო ჩემი სახალხო დიპლომატიის ნაწილი და მომავალში, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრაქტიკული დიპლომატიის ნაწილი იქნება. მოდი, ახლავე გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქართველებსა და რუსებს დაანახვებს, რომ მათ შორის სხვა ურთიერთობებიც არის შესაძლებელი! ცხინვალში დაკავებული ბავშვების გამოშვებაში დიდი დახმარება გაგვიწია „ედინაია როსიამ“, სამი რეისი თითქოს არაფერია, მაგრამ იმის საფუძველია, რომ ხვალ და ზეგ მეტის საშუალება იქნება. ქართველებმაც და რუსებმაც უნდა დაინახონ, რომ არსებობს ნორმალური ურთიერთობების შესაძლებლობაც.

– რუსეთს აქვს პოზიცია: ქართველებმა დახოცეს რუსი მშვიდობისმყოფელები და ეს არავის ეპატიებაო; ქართველების აზრი ასეთია: მათ აღიარეს ჩვენი ორი რეგიონის დამოუკიდებლობაო. ტექნიკურად როგორ არის შესაძლებელი ამ წინააღმდეგობაში მოლაპარაკება? არ უნდა შევიმჩნიოთ აღიარება?

– იგნორირება ვერ მოხდება, მაგრამ, დავანებოთ თავი რუსებს: ომი იყო აფხაზებთან და ოსებთან, მოხდა ქართველების ეთნოწმენდა, ნახევარ მილიონამდე ქართველი დევნილობაშია და, ცხადია, ეს მოითხოვს ვაჟკაცური ნაბიჯების გადადგმას როგორც ჩვენი, ისე ცხინვალისა და სოხუმის მხრიდან. აფხაზებსა და ოსებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამ რეგიონებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ აფხაზების, ქართველებისა და ოსების შერიგების გარეშე. რამდენმა სახელმწიფომაც უნდა ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ერთადერთი ქვეყნის პოზიციაა მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანაა საქართველო. აფხაზეთის მომავალი სტატუსი გადის ქართველებთან ურთიერთობის აღდგენაზე.

– ოსები და აფხაზები აშკარად ამბობენ: ქართველი დევნილები არ უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ისინი ცვლიან დემოგრაფიულ სურათსო.

– დღეს ამ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება კონტრპროდუქტიულია.

– მიხეილ სააკაშვილზე თქვით, დღეს ერთს ამბობს, ხვალ – მეორესო. ეს თვისებები ადრე არ ჰქონდა, როდესაც თანამშრომლობდით?

– ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ადამიანები უნდა შევაფასოთ იმით, რაც გააკეთეს. სააკაშვილის პრეზიდენტობა 2004-2007 წლებში წარმატებული იყო. ის თავისი პოსტიდან 2007 წლის 6 ნოემბერს რომ წასულიყო, საქართველოს ისტორიაში შევიდოდა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი. ახლა კი ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი ლიდერი და მისი ადგილი ისეთი ლიდერების გვერდითაა, როგორებიც არიან ავგიორგი და საქართველოს სხვა წარუმატებელი მმართველები.

– არ ვგულისხმობ, რომ ყელში უნდა სცემოდით ან დედა შეგეგინებინათ, მაგრამ, როდესაც მადლობა გადაუხადეთ პუტინს, რა იგრძენით?

– მე რის გასაკეთებლადაც ვიყავი ჩასული, ის გავაკეთე. მე ჩემი საქმის პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული ვარ. 20 წელია, პოლიტიკას ვემსახურები, ყოველთვის მქონდა და მექნება შედეგი. მე მადლობა ვუთხარი პუტინს იმის გამო, რომ, რაც თქვა, გააკეთა. ჩემი აზრით, ამაზრზენი იყო ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქება და მე მივესალმე ომში დაღუპული ქართველების მემორიალის აღდგენას მოსკოვში, მაგრამ, ჩემი ამოცანაა, დიდების მემორიალი აღდგეს ქუთაისში და იქვე აიგოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო, იმიტომ რომ ეს უბედურება მოხდა ნიკოლოზობას და ესეც ღმერთის ნიშანია: ასეთ შეცდომებს ადრე სააკაშვილი არ სჩადიოდა, ეტყობა, მაგრად დავაჭირეთ კუდზე ფეხი.

– ამბობთ, რომ გაქვთ მოლაპარაკების გეგმა, ეს დაწერილი და გაანალიზებულია, ანუ დოკუმენტის ფორმა აქვს. რა რის შემდეგ უნდა მოხდეს?

– დეტალები ჩვენს პროგრამაშია ჩამოყალიბებული, ჩვენი შემდგომი კონკრეტული ნაბიჯი ხელისუფლებაში მოსვლამდე არის ის, რომ „ედინაია როსიასთან“ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, რადგან ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ამ პარტიასთან თანამშრომლობა და ჩვენ ამ ფორმატს აუცილებლად განვავითარებთ. შემდგომი ნაბიჯების მთავარი პრიორიტეტია ქართულ დიასპორასთან ურთიერთობა. დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რომ მათი ხმები არ მიითვისოს სააკაშვილმა.

– ანუ ამერიკას ჩაეყარა მილიარდები წყალში?

– რა მხრივ?

– ორიენტაციის მხრივ.

– ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოს გაერთიანება და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ ურთიერთობა აქვთ საქართველოსთან და არა სააკაშვილთან და ეს გაგრძელდება ნებისმიერი მთავრობის პირობებში.


скачать dle 11.3