რა ფაქტებით ადასტურებენ ოსები ქართველი სამხედროების მხეცურ სისასტიკეს და როგორ იქცეოდა საქართველოს ჯარი აგვისტოს ომის დროს
მოწინააღმდეგის პროპაგანდა, განსაკუთრებით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებისა, ცდილობს, დაამკვიდროს მოსაზრება, რომ ქართველი სამხედროები ყველაზე სასტიკი სამხედროები არიან დედამიწის ზურგზე, ლამის ადამიანის ხორცს ჭამენ და ზედაც სისხლს აყოლებენო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში, ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, სწორედ ქართველების ეთნოწმენდა მოხდა და არა მხოლოდ კონფლიქტის, მიმდებარე ზონებიდანაც კი დაირბა და გამოიდევნა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, სისხლისმსმელი ქართველების ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია. თუმცა, რაკი კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, პაატა ზაქარეიშვილთან (მოგეხსენებათ, ის ცხინვალელებს ცხინვალში შეხვდა) ვცადეთ, იმის გარკვევა, რა ფაქტებს ეფუძნება ოსების ეს მოსაზრება.
– რას ყვება ცხინვალის ოსი მოსახლეობა, როგორ ექცეოდა მათ ჩვენი ჯარი?
– ეს საომარი მოქმედებები მცირეხნიანი იყო, სულ ორ დღეს გრძელდებოდა და სამხედროებმა ვერ მოასწრეს თავიანთი ბუნების გამოვლენა, მათ შორის, სისასტიკისაც, თუმცა ამ მოკლე ხანშიც კი ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. მადლობა ღმერთს, არა ათასობით, მაგრამ ასობით დაღუპულიც ბევრია, რადგან არ იყო გამოყენებული მასობრივი განადგურების იარაღი. ორივე მხარემ გამოიყენა, თუ შეიძლება, ითქვას, ჰუმანური იარაღი, რაც დღეს მსოფლიო შეიარაღებაშია. იყო შემთხვევები პლასტიკური და კასეტური იარაღის გამოყენებისაც, კარგად ვერ მტკიცდება, მაგრამ ჩანს, რომ ორივე მხარე იყენებდა ცალკეულ შემთხვევებში. ამასთან, არამიზანმიმართულად იყო გამოყენებული „გრადის“ სისტემის იარაღი, მაგრამ ისიც ძალიან მცირე ხნის განმავლობაში. იმის თქმა მინდა, რომ ჯარები ერთმანეთს არ შეხებიან, ბრძოლები უფრო ბრმა იყო, „გრადის“, ყუმბარის სროლით, როდესაც ადამიანს შეუძლია დამალვა და თავის გადარჩენა. მაგრამ, ამის მიუხედავადაც, მსხვერპლი მაინც ძალიან დიდი იყო.
– მსხვერპლი ჩვენი მხრიდან?
– ორივე მხრიდან და ეს მეტყველებს ომის სიმძაფრესა და დაუნდობლობაზე. ორივე მხარემ იმ ორი დღის განმავლობაში გამოიყენა მაქსიმალური რესურსი, რაც გააჩნდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, მხარეებმა უკან დაიხიეს და ცეცხლი შეწყდა და აი, ამის შემდეგ იწყება სისასტიკე. ვერ ვიტყვი, რომ ქართველი სამხედროები კარგად იქცეოდნენ, უბრალოდ მათ არ ჰქონიათ თავიანთი სისასტიკის გამოვლენის საშუალება, რადგან არ დაუკავებიათ მჭიდროდ დასახლებული სოფლები. მოგეხსენებათ, პირველი აგვისტოდან რუსეთმა იმ სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რაც გულისხმობდა, რომ საომარი მოქმედებები უნდა დაწყებულიყო. ძალიან სერიოზული საკითხია, ჩვენ რატომ არ მოვახდინეთ დიდი ლიახვის ხეობის სოფლების ევაკუაცია.
– ჩემი ეჭვით, იმიტომაც, რატომაც 1993 წლის პირველ სექტემბერს აფხაზეთის ტერიტორიაზე სწავლა დაიწყო და ხელისუფლება დაჟინებით მოუწოდებდა მოსახლეობას, მასობრივად დაბრუნებულიყო სოხუმში, თუმცა 16 სექტემბერს სოხუმზე მასირებული შტურმი დაიწყო რუსეთმა?
– მე მაშინ სოხუმში ვიყავი. იმ დროს არსებობდა ვითომ სამშვიდობო ხელშეკრულება, რაც იყო ნდობის ფაქტორი, მაშინ, როდესაც 2008 წლის ივლისშივე იგრძნობოდა ომის სუნი. მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაულებრივი შეცდომა დაუშვა, როდესაც არ გაარიდა ქართული მოსახლეობა. 3 ივლისიდან მოყოლებული იბომბებოდა ქართველი მოსახლეობა კონფლიქტის ზონაში და, წესით, ევაკუაცია ივლისის შუა რიცხვებში უნდა დაწყებულიყო. ამიტომ, როდესაც სისასტიკეზეა ლაპარაკი, ლაპარაკია სისასტიკეზე ოსური მხრიდან. ტალიავინის კომისიის დასკვნაშიცაა ნათქვამი, რომ რუსეთმა ვერ უზრუნველყო იმ ოსური არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების განეიტრალება, რომლებმაც ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.
– გასაგებია, რუსებმა განზრახ მიუშვეს ოსური ფორმირებები ქართველების დასარბევად, რომ ოსებს, რაც შეიძლება, მეტი ქართული სისხლი დაეღვარათ, შემდეგ კი, როდესაც დასარბევი აღარაფერი დარჩა, ვითომ შუაში ჩადგნენ და მშვიდობა დაამყარეს.
– დარწმუნებული ვარ, რუსებმა თვითონ მიუშვეს ოსები, რადგან უნდოდათ, რომ გამოჩენილიყვნენ, როგორც გამათავისუფლებლები და ამ სისასტიკის მომსპობნი.
– რას ეფუძნება ოსების მოსაზრება, როდესაც ისინი ქართველ სამხედროებს მხეცურ სისასტიკეში სდებენ ბრალს?
– ის ოსები, რომლებიც ლაპარაკობენ ფაქტებით და არა მითებით, ამბობენ, რომ იბომბებოდა ზარის გზა, ანუ შემოვლითი გზა ცხინვალიდან ჯავისკენ მიმავალი, სადაც გადაადგილდებოდა მოსახლეობა სამოქალაქო ავტომანქანებით და ძალიან ბევრი ოსური ოჯახი ჩაიწვა ამ მანქანებში.
– ეს, მართლაც, ასე იყო?
– სამწუხაროდ. მათ აქვთ ამის დამადასტურებელი ფოტომასალა. მაგრამ ეს მაინც არ არის სისასტიკე იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი დაბომბვისას მოწინააღმდეგეს ვერ ხედავ და ეს არ არის მიზანმიმართული ცეცხლი კონკრეტულად მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად. მაგრამ ეს მაინც არ უნდა მომხდარიყო. მათ ყველა ეს დამწვარი მანქანა ერთ ადგილას შეკრიბეს და გააკეთეს მემორიალი, ძალიან საზარელი სურათია.
– ეს ძალიან შემზარავია, რადგან ჩვენს არტილერიას ერჩივნა და მათი პირდაპირი მოვალეობა იყო, დაებომბა როკიდან გამომავალი რუსეთის ტანკების კოლონა! მაგრამ რას ამბობენ ამ ფოტოების ჩვენებისას იმაზე, რომ დიდი ლიახვის ხეობის 9 ქართული სოფელი, ცხინვალსა და ჯავას შორის, ბუნებაში აღარ არსებობს? როდესაც მე მიუღებლად მიმაჩნია ქართველი სამხედროების ქცევა, მაქვს ბუნებრივი მოლოდინი, რომ მეორე მხარეც აღიარებს თავის შეცდომას და მომისამძიმრებს?
– ისინი დღეს არ არიან მზად, რომ რაციონალურად იმსჯელონ. ისინი ამბობენ, 1992 წლის შემდეგ, როდესაც დასრულდა საომარი მოქმედებები და იმ დროს იყო, თუ იყო, სისასტიკე, ქართული სოფლები ჯავასა და ცხინვალს შორის აღდგაო. იქ იყო ქართული დროშები, ქართული ბანკები, ქართული პოლიცია; ნებისმიერ ქართველს შეეძლო, ცხინვალში ჩასულიყო და როკიდან გადასულიყო რუსეთშიო. არ მოგვწონდა სააკაშვილის ქცევები 2004 წლიდან, მაგრამ ამ სოფლებისადმი დამოკიდებულება არ შეგვიცვლიაო. ისინი სვამენ კითხვას: ვინ დაიწყო ომი 2004 წელსო და იქვე პასუხობენ, თუმცა ამის შემდეგაც არაფერი შეცვლილა ქართული სოფლების მიმართო. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გამოიგონა სანაკოევი და ჩაგვისვა სად? არა თბილისში თუ ახალგორში, არამედ ცხინვალისა და ჯავის შუაშიო. მაშინ საქართველოს ისტორიაში პირველად აიგო ბერლინის კედელი, რომელიც ქართველებმა ააგესო. ანუ 1992 წლიდან მოყოლებული ამ მიზეზით 2006 წელს გაწყდა კონტაქტები ქართველებსა და ოსებს შორის. ოსები ამბობენ, ცუდად მოვიქეცით, მაგრამ ეს სოფლები მუდმივად გვიქმნიდა პრობლემებს და მათი ბედი ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ, ამიტომ პრობლემა აღარ გვექნებაო. ამას ამბობენ თავხედურად, უტიფრად, შეიძლება, უზნეოდ, მაგრამ ამბობენ აშკარად! ყელში ამოგვივიდა, ამდენ ხანს ხომ ვითმენდით, რატომ ვერ შეირგეთ, ეს ხომ მშვიდობის ხიდი უნდა ყოფილიყოო.
– როგორი პარადოქსულია, ქართველებს შიდა ქართლში ეუბნებიან, რომ გიტანდით, უნდა შეგერგოთო?!
– ვერ დაგეთანხმებით, ჩვენ არ ვართ ისტორიული წარმონაქმნი, ჩვენ ვართ სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოს გამოწვევაა, ხარ თუ არა მზად, ითანამშრომლო უცხოსთან, თუნდაც, ეს უცხო ოსი იყოს.
– თანამშრომლობას არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე.
– ჩვენი ნებისმიერი ხელისუფალი ვალდებულია, არა ისტორიაში იქექებოდეს, არამედ რეალობას უსწორებდეს თვალს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა უცხოსთან, თუმცა მე ოსს უცხოდ არ მივიჩნევ.
– არც მე.
– ბატონი სააკაშვილი ხშირად ამბობდა აგვისტოს დღეებში, ქართული სოფლები იბომბებაო. რას ნიშნავს ეს?! ის არ არის ქართული სოფლები, რომლებშიც ოსები ცხოვრობდნენ?! ანუ ჩვენ ვყოფდით ოსებს და ქართველებს და ამან გამოიწვია ქურთაში სანაკოევის ჩასმა, თითქოსდა ოსურ სივრცეში შევიჭერით. ამიტომ ოსები ამბობენ, ეს იყო ისტორიული ქართული სოფლები, მაგრამ ეს ისტორიული ქართული სოფლები არ ემსახურებოდა მშვიდობას. რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ არ დაგვიწყია ომი, ომმა კი შედეგად მოიტანა ის, რომ ამ ფორმით ჩვენ დავასრულეთ ეს ეტაპი და მომავალში, როდესაც აღდგება ურთიერთობა, აქ არავინ დაბრუნდებაო. იქ აშენდება აეროპორტი, ჩაბეტონდება იქაურობა, რადგან, თუ დაბრუნებაზე მიდგა საქმე, აეროპორტის აყრა და სოფლის ხელახლა აშენება ძნელი იქნება. ასე ფიქრობენ ისინი. ჩვენ უნდა შევაფასოთ, როგორც ოსური პოლიტიკის სიბეცე და წინდაუხედაობა, ისე ის, თუ რამ მოიტანა ეს ყველაფერი. როდესაც ადამიანს ძალიან ეჩქარება, არღვევს მოძრაობის წესებს, ავარიაში ხვდება და რეანიმაციაში გაღვიძების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ხელი არ აქვს, იმ არარსებული ხელით უნდა იცხოვროს მთელი დარჩენილი ცხოვრება. უნდა გვახსოვდეს, რამ გამოიწვია ის პრობლემა, რაც ცხინვალშია და რატომ არ გვაქვს ეს ხელი დღეს ცხინვალის და აფხაზეთის სახით?! არის თუ არა ეს ჩვენი არასწორი პოლიტიკაც თუ მხოლოდ რუსები, აფხაზები და ოსები არიან დამნაშავე?! ვიდრე ჩვენ აქეთკენ არ წავალთ, არც ოსები და არც აფხაზები არ არიან მზად, მოგვისმინონ და ჩვენკენ გამოიხედონ. მათ, განსაკუთრებით, აფხაზებს, სულაც, არ ეხატებათ გულზე რუსები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ეხატებათ ქართველები.
– თუ დიდი ლიახვის ხეობის სოფლები მათ მშვიდობას უშლიდა ხელს, რით ხსნიან პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობების მოსახლეობის რბევას?
– სხვათა შორის, პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობებში ხალხის დაბრუნებას არ გამორიცხავენ, თუმცა ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ არისო, გავიდეს რაღაც წლები და ვნახოთო.
– ბუნებრივად მიაჩნიათ ეს რბევები?
– ეს ომის შედეგიაო, ამბობენ, რბევები არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამას გამწარებული ხალხი აკეთებდაო.
– ვისგან გამწარებული?
– ქართველებისგან, შურისძიების მომენტი იყოო.
– ანუ სააკაშვილისგან გამწარებული?
– დიახ. რაკი ქართველმა ხალხმა აირჩია სააკაშვილი, მათ არ აინტერესებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები და, ფაქტობრივად, არ ყოფილა არანაირი ანტისაომარი გამოსვლები ომის დროსო, ესე იგი, ქართველი ხალხი მომხრე იყოო. ისინი ამბობენ, ეს ქართულმა სოფლებმა, რომლებთანაც ჩვენ ყოველთვის ვმეგობრობდით, 1990-იან წლებში აღიარეს საქართველოს არასწორი პოლიტიკა და შევრიგდითო, მაგრამ, როდესაც სააკაშვილმა 2008 წელს მესამე შეტევა განახორციელა ოსებზე, ეს სოფლები მხარში ამოუდგნენ ქართულ პოლიტიკას და ჩვენ მივიღეთ ამ მოვლენებიდან გაკვეთილიო.
– იმ ქართული სოფლების მოსახლეობამ მორალურად სწორი არჩევანი გააკეთა 2008 წლის აგვისტოში, რა თქმა უნდა, ისინი ვერ დადგებოდნენ კოკოევის მხარეს, თორემ მაშინ სანაკოევები გამოვიდოდნენ?
– ოსები ასე ამბობენ. პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების სოფლებში დარჩა ქართველი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი, მაგალითად, 100 ოჯახიდან – 5, ოსები მათ მინიმალურ დახმარებას უწევენ, პურს აძლევენ, მაგრამ არ დევნიან, თუმცა, ვინც წავიდა, არ აბრუნებენ. სხვათა შორის, როდესაც ცხინვალში ვიყავი, ერთი დღის განმავლობაში სამ-ოთხ ოჯახში მოგვიწია ყოფნა. მოსახლეობა აჟიტირებული იყო, რადგან ომის შემდეგ ეს ქართველების პირველი ჩასვლა იყო ცხინვალში და სულ მოჰყავდათ ქართველები, რომლებიც ცხინვალში ცხოვრობენ, იმის დასტურად, რომ ცხინვალში ქართველები არიან. წლების განმავლობაში კონფლიქტების მოგვარების პროცესებში ვარ ჩართული და ამიტომ რაღაც გამოცდილება დამიგროვდა. 1992 წლის მოვლენების შემდეგ ცხინვალში პირველად 1995 წელს ჩავედი და დამხვდა სასტიკი გაუცხოება, ქართულად არავინ გელაპარაკებოდა. ეტყობოდა, რომ იცოდა ქართული, მაგრამ ერთ სიტყვასაც არ ამბობდა. ქართული ენის გახსენების პროცესი 1997 წლიდან დაიწყო. იქიდან მოყოლებული თითქოს ონკანი მოუშვესო, ყველა ქართულად ლაპარაკობდა. ანუ გადავიდნენ ქართულ ენაზე და ეს არ გაჩერებულა 2004 წლის, 2006 წლის შემდეგაც. ოსებს არ შეუწყვეტიათ ქართულად ლაპარაკი. აი, ახლაც, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად შევხვდი მათ ვაშინგტონში დეკემბერში და მათ პირდაპირ ქართულად დაიწყეს ლაპარაკი, ანუ ოსებმა ერთმანეთისგან გამოყვეს ქართული ენა და ხელისუფლება. იმიტომ რომ ქართული მათთვის მშობლიურია როგორც ენა, ისე კულტურა, ქართული ლიტერატურა. ძალიან ბევრმა ოსმა ზეპირად იცის რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა; ბევრი ოსი, განსაკუთრებით, ახალგორში იფიცებს ჯვარსა და სვეტიცხოველს, იმიტომ რომ ეს ქსნის ხეობაა და ამის არდანახვა არის უნამუსობა. ისინი არ იტყუებიან. ანუ დარჩა ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც რესურსი. დღეს ოსებიც და აფხაზებიც გვიყურებენ, როგორც მსხვერპლს. ისინი ხვდებიან, რომ ქართველების წინდაუხედავმა პოლიტიკამ დააზარალა ქართველები. თვითონაც ნაციონალისტები არიან, თავიანთი ნაციონალისტური ღირებულებების შენახვა უნდათ და ხედავენ, რომ ქართველებმა ვერ შევინახეთ, ამიტომ ვეცოდებით. სიბრალულის მომენტი აქვთ ჩვენ მიმართ, თქვენმა შტერულმა პოლიტიკამ აქამდე მიგიყვანათ, ჩვენმა ჭკვიანურმა პოლიტიკამ კი გადაგვარჩინაო, სხვა საქმეა, რამდენად გადაარჩინა, მაგრამ ისინი ასე ფიქრობენ. გვიყურებენ სიბრალულით და ამიტომ აღარ ეშინიათ ქართულ ენაზე საუბრის.
– რაღაცის მაშინ გეშინია, როდესაც შენზე ძლიერია და გავლენის ქვეშ მოგიქცევს, ჩვენ უკვე ანგარიშგასაწევი არანაირი თვალსაზრისით არ ვართ.
– კოკოითის მისაღებშიც კი დამელაპარაკა ისეთი ადამიანი, გვარს არ ვიტყვი, რომლისგანაც არც ველოდი, ანუ იქაც უკვე სულ სხვა დამოკიდებულებაა. სოხუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად ჩაიტანეს ადამიანებმა სარდაფებში სხვადასხვა უსარგებლო ნივთები. მანამდე სოხუმში სარდაფები ჰქონდათ ცარიელი, შეიყვანეს წყალი, შუქი, ჩადგეს საწოლები, რომ, თუ თბილისი დაბომბვას დაიწყებდა, დამალვის საშუალება ჰქონოდათ. აგვისტოს შემდეგ კი სარდაფებს დაუბრუნეს თავიანთი ფუნქცია, ანუ აღარ ეშინიათ და კიდევ ერთი: სოხუმში ხალხმა დაიწყო ბინების გარემონტება, რაც ადრე არ ხდებოდა. ეს ფაქტები ყველა სოციოლოგიურ გამოკვლევაზე კარგად გვაჩვენებს, რომ იქ ხალხმა ამოისუნთქა.
– ჩვენთვის იმედის მომცემია, რომ ჩვენი არ ეშინიათ.
– მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენთან პირიქით ხდება, გასულ კვირას კიდევ თქვა სააკაშვილმა, რუსეთს უნდა ჩვენი დაპყრობაო, ანუ ახლა ჩვენთან იქმნება ის ისტერია, რომელშიც აფხაზები და ოსები 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
– მე ნამდვილად არ მეშინია.
– არც მე, რუსეთმა მიიღო, რაც უნდოდა: მან დააზარალა საქართველო და საქართველო ნატოში ვეღარ შევა, მეტი კი რუსეთს არაფერი სჭირდება. საერთოდაც, დღეს დაპყრობები აღარ არის მოდაში. რუსეთი ენერგორესურსებით უფრო კარგად ათამაშებს ევროპას, რუსულ ტანკებს აღარ სჭირდება ევროპაში შესვლა, საკმარისია მოსკოვში გადაკეტო რაღაც ონკანი, ანუ მსოფლიო შეიცვალა.