დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹30-33(451)
პოლკოვნიკი საიმონ სმიტი და ტერორისტი მუჰამედი თვითმფრინავის ბიზნესკლასის სალონში დაბრუნდნენ. ამერიკელი კვლავ ჰამოს გვერდით მოკალათდა და უთხრა:
– როგორ ხარ?
– მე – ძველებურად. თქვენ?
– ძველებურზე უარესად, – თავი გააქნია წამოწითლებულმა სმიტმა, – მაიძულეს, რომ რადიოს პირდაპირ ეთერში ამერიკული საერთაშორისო პოლიტიკა დამეგმო და ტერორისტების გათავისუფლებისკენ მომეწოდებინა.
– მერე, გაჭრის?
– გაჭრის კი არა, ალბათ, უფრო მალე გაგვანადგურებენ. პენტაგონის შეფსაც ვესაუბრე და შემპირდა, რომ პრეზიდენტს მოეთათბირება. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოგვაგდებენ.
– კი მაგრამ, თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო პირდაპირ ეთერში, თანაც თქვენი პირით, რომ ტერორისტების ტყვეობაში ხართ და ჩამოგდებას როგორ გაბედავენ!
სმიტმა თავი გააქნია და ჰამოს უთხრა:
– მაგათ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ჩამოგვაგდებენ, ყველაფერს ტერორისტებს დააბრალებენ და დაღუპულის ოჯახებს ფულად კომპენსაციებს გადაუხდიან. მოკლედ, ტერორისტებს არავინ გამოუშვებს და განწირულები ვართ. დაოჯახებული ხარ?
– მეუღლე ფეხმძიმედაა და პირველ შვილს ველოდები.
– მე კი სამი შვილი მყავს. თუმცა, ჩემებს რა უჭირთ. უკვე დიდები და უზრუნველყოფილები არიან. აი, შენსას კი არ გაუმართლა. თავიდანვე მამით ობოლი დაიბადება და უმამოდ მოუწევს გაზრდა.
პოლკოვნიკის სიტყვებმა ჰამოს სოფი და ახლობლები გაახსენა. მიხვდა, რომ სმიტი სიმართლეს ამბობდა და სევდა მოეძალა. თუმცა, არ შეიმჩნია და ამერიკელს უთხრა:
– რას იზამ, ასეთია ცხოვრება. თუ ჩემი შვილი მე ვერ აღვზარდე, მას სხვები, საკმაოდ კარგი ხალხი მიხედავს და კაცად გაზრდიან. ისე კი, ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული. დროზე ადრე ნუ დავიმარხავთ თავებს, პოლკოვნიკო.
სმიტმა პატივისცემით შეხედა ჰამოს, მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– მართლა მაგარი ვინმე ჩანხარ, ყმაწვილო, და შენნაირ ვაჟს ვინატრებდი.
ჰამოს გაეცინა:
– თქვენი შვილებით უკმაყოფილო ხართ?
– რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ჩემი სამივე შვილი გოგონაა, ვაჟს ვერ ვეღირსე.
– ჯერ კიდევ არაა გვიან, პოლკოვნიკო. სახლში რომ დაბრუნდებით, იფიქრეთ ამაზე.
სმიტმა სევდანარევი ღიმილით გააქნია თავი და ჰამოს უთხრა:
– კარგია, როდესაც სიკვდილის წინ ასეთი კაცია შენ გვერდით. თუმცა, სიკვდილს მაინც ვერ გაექცევი.
– პოლკოვნიკო, – უთხრა ჰამომ სმიტს და გაუღიმა, – მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ და პირობა მომეცით, რომ სიტყვას არ გატეხავთ.
– რა შეთანხმება?
– ჯერ სიტყვა მომეცით, რომ არ გატეხავთ.
სმიტს გაეცინა:
– სიტყვას გაძლევთ. თქვით, რა შეთანხმებას მთავაზობთ.
– რას და აქედან რომ დავაღწევთ თავს, თქვენს მეუღლესთან ერთად ვაჟს გააკეთებთ, ხოლო როცა დაიბადება მე მომანათლინებთ. იმედია, რომ ქრისტიანი ხართ.
ჰამოს სიტყვებმა სმიტს თავისი მდგომარეობა დაავიწყა და გულიანად გადაიხარხარა:
– შევთანხმდით. ამერიკელი პოლკოვნიკის სიტყვას გაძლევ, რომ, თუკი ცოცხლები გადავრჩით, აუცილებლად ვაჟს გავაჩენინებ ჩემს ცოლს და შენ მოგანათვლინებ.
ჰამოსა და პოლკოვნიკის დიალოგს ყურადღებით აკვირდებოდნენ მუჰამედი და ბრიჯიტა. ბოლოს ტერორისტი მამაკაცი მიუახლოვდა მათ და უთხრა:
– რაშია საქმე? ნამეტანი კარგ ხასიათზე ხართ და სულ არ გეტყობათ, რომ მოახლოებულ სიკვდილს განიცდით. სიმართლე გითხრათ, მიკვირს თქვენი განწყობა, რადგან ასეთი სიმტკიცე მხოლოდ ჩვენ, ალაჰის წმინდა მეომრებს გვახასიათებს.
– ყველაფერი ღმერთის ნებაა, – გაუღიმა ჰამომ მუჰამედს, – ერთი თხოვნა მაქვს და უარს ნუ მეტყვი.
– გისმენ.
– თუ გაქვთ საშუალება, ორი სირჩა კონიაკი დაგვალევინეთ.
მუჰამედს ჯერ გაოცება აღებეჭდა სახეზე. შემდეგ ბრიჯიტას მიუბრუნდა:
– ლეილა, ორი სირჩა კონიაკი მოიტანე!
გატერორისტებულმა სტიუარდესამ სასწრაფოდ შეასრულა მუჰამედის ბრძანება, შემდეგ კვლავ სალონის შემოსასვლელში დადგა ავტომატმომარჯვებული და მგზავრების თვალიერებას შეუდგა.
– აი, კონიაკი. მიირთვით, – უთხრა მუჰამედმა ჰამოს და წასვლა დააპირა.
– თქვენც ხომ არ დალევდით ჩვენთან ერთად? – ჰკითხა ჰამომ მუჰამედს.
– თქვენთან მართლაც რომ სიამოვნებით დავლევდი, მაგრამ სარწმუნოება გვიკრძალავს.
ჰამომ სირჩა ასწია და ტერორისტს უთხრა:
– სამწუხაროა. ამ ჭიქით სიცოცხლეს გაუმარჯოს და თუკი ოდესმე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ეს დღე სიცილით გაგვეხსენებინოს.
მუჰამედს გაეცინა და ჰამოს უთხრა:
– გაუმარჯოს სიცოცხლეს! შეხვედრას რაც შეეხება, მომავალში საიქიოში თუ შევხვდებით ერთმანეთს.
– ალბათ, ჯოჯოხეთში, არა? – თქვა ჰამომ.
მუჰამედმა თავი გააქნია და ჰამოს მიუგო:
– თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სამოთხეში მოვხვდები და მანამდე ნახევარი ნაბიჯიღა დამრჩა.
მუჰამედი წავიდა, სმიტმა კი კვლავ სევდიანი სახე მიიღო და ჰამოს მიუბრუნდა:
– კრეტინი. ამას ჰგონია, რაც უფრო მეტ ქრისტიანს მოკლავს, მით უფრო ადვილად მოხვდება სამოთხეში და დიდ ნეტარებაში იქნება. სინამდვილეში კი, ჩვენსავით ოკეანის თავზე გაიფანტება ამ იდიოტის ნაფლეთები და ყველაფერი უკან დარჩება.
– პოლკოვნიკო, ტუალეტში გასვლა ხომ არ გინდათ? – ჰკითხა ჰამომ სმიტს.
– არა, – თავი გააქნია ამერიკელმა.
– მაშინ, მე გავალ და მალე დავბრუნდები, – უთხრა ჰამომ და სავარძლიდან წამოდგა. მაგრამ ბრიჯიტამ მას ავტომატი მიუშვირა და უთხრა:
– საით?
– ტუალეტში მინდა, ლამაზო, ძალიან მიჭირს.
– კიდევ ერთხელ რომ დამიძახო ლამაზი, იცოდე, შენს თავს დააბრალე. წინ იარე, მე მიგაცილებ! – უთხრა ქალმა ჰამოს და წინ გაატარა.
ჰამო ნელი ნაბიჯით გაემართა ტუალეტისკენ და მისმა მახვილმა თვალმა ზუსტად დააფიქსირა სალონ-ლუქსის გასასვლელის მარჯვენა მხარეს, საჰაეროში მოელვარე თვალები, რომლებიც სიბნელიდან იყურებოდნენ. მთაწმინდელმა იცოდა, რომ თვითმფრინავის სალონის ქვეშ საბარგო განყოფილება იყო, საიდანაც საჰაერო გადიოდა.
„ნუთუ თვითმფრინავში სპეცები შემოიპარნენ და გათავისუფლების ოპერაციას ატარებენ? – გაიფიქრა ჰამომ, – ალბათ, ასეა, თორემ ვისი თვალები ელავდნენ საჰაეროდან?“
ჰამო ტუალეტში შევიდა, საჭიროზე მეტხანს შეყოვნდა და მოქმედების გეგმაზე ფიქრობდა იმ შემთხვევისთვის, თუკი თვითმფრინავში სპეცები შემოიჭრებოდნენ.
ჰამო კვლავ თავის ადგილზე დაბრუნდა და უჩვეულოდ მშვიდად მჯდარ პოლკოვნიკს ჰკითხა:
– როგორ ხართ, მისტერ სმიტ?
– ახლა უკვე კარგად, ჩემო მეგობარო, – გაიღიმა ამერიკელმა, – და ამაში თავისი წვლილი ამ საუცხოო კონიაკმაც შეიტანა. ვფიქრობ, რომ ცოტა წაძინებაც შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, შენ წინააღმდეგი არ იქნები.
– რა თქმა უნდა, არა, პოლკოვნიკო, მაგრამ სანამ დაიძინებდეთ, რაღაც მაინტერესებს.
– აბა, გისმენ.
– თქვენ მთელი თვითმფრინავი გაიარეთ, პილოტების კაბინაშიც იყავით და ხომ არ შეგიმჩნევიათ, რამდენი ტერორისტი იმყოფება ბორტზე? – ხმადაბლა ჰკითხა ჰამომ.
– რა თქმა უნდა, შევამჩნიე. შევამჩნიე კი არა და, სპეციალურად ვაკვირდებოდი. რაც არ უნდა იყოს, ძველი სამხედრო ვარ და ჩვევაში მაქვს მტრის პოზიციების შესწავლა... მაგრამ შენ რაში გაინტერესებს? – ჩურჩულითვე უპასუხა ამერიკელმა.
– რა ვიცი, ისე, უბრალოდ, – მხრები აიჩეჩა ჰამომ, – ტუალეტში რომ მივდიოდი, მეზობელ სალონში ერთადერთი ტერორისტი შევნიშნე. ნუთუ სულ სამნი არიან?
– არა, რის სამნი? – თავი გააქნია სმიტმა, – სამჯერ მეტი, სულ ცხრანი არიან. ყველას, „უზების“ გარდა, ორ-ორი პისტოლეტი აქვთ და პილოტების სალონთან პლასტიკური ასაფეთქებელიც დაუმონტაჟებიათ. სულ რვა კაცი და ეს ქერათმიანი ძუკნაა.
– ბევრნი ყოფილან... კარგი... პოლკოვნიკო, გმადლობთ. შეგიძლიათ, დაიძინოთ, – უთხრა ჰამომ სმიტს და გაუღიმა.
– მაინც, რაში გაინტერესებთ, ყმაწვილო? სპეცოპერაციას ხომ არ გეგმავთ?
– რა თქმა უნდა, არა, პოლკოვნიკო, ამათ უიარაღოდ რა გაუმკლავდება?!
სმიტმა თავი გააქნია და ჰამოს უთხრა:
– მოიცა, მოიცა! აქ რაღაცაშია საქმე, ძველი მფრინავი ვარ და ადამიანების ამოცნობა ვიცი. შენ ტყუილად არ შემეკითხებოდი. მითხარი, რა ხდება?
სმიტის სიტყვებზე ჰამოს გაეღიმა და პოლკოვნიკს უთხრა:
– რას ბრძანებთ, მისტერ სმიტ, რა უნდა ხდებოდეს?! უბრალოდ, დამაინტერესა.
– რადგან არ გინდა თქმა, მასე იყოს, – უთხრა სმიტმა ჰამოს და სიტყვა ბოლომდე არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც მეზობელი სალონიდან ყრუ ხმა მოისმა, რომელიც ჰამომ მაყუჩიანი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ხმას მიამსგავსა და დაიძაბა.
ამ ხმის გაგონებაზე ავტომატმომარჯვებული ბრიჯიტა გასასვლელისკენ შეტრიალდა და მეზობელ სალონში შეიხედა. შემდეგ სასწრაფოდ დაიხია უკან და ბიზნესსალონის მარცხენა საჰაერო ბოძს ამოეფარა, თან ავტომატი შემართა. მძევალი მგზავრები ვერ გაერკვნენ, რა ხდებოდა. მხოლოდ სმიტი და ჰამო მიხვდნენ, რომ ტერორისტების მიერ დაკავებულ თვითმფრინავში სპეცრაზმელები შეიპარნენ და გათავისუფლების ოპერაციას ატარებდნენ.
– აი, რისთვის მაინტერესებდა, – უთხრა ჰამომ სმიტს. შემდეგ კონიაკის სირჩა სტყორცნა გატერორისტებულ სტიუარდესას, რადგან ის ავტომატს უმიზნებდა შავფორმიან სპეცრაზმელს, რომელმაც ტერორისტი ქალი ვერ შეამჩნია.
კონიაკის სირჩა ბრიჯიტას მარცხენა ყვრიმალში მოხვდა, მაგრამ გასროლა მაინც მოასწრო და სპეცრაზმელი ხელში დაჭრა, ავტომატი გააგდებინა და, ის-ის იყო, თავში დაუმიზნა, რომ მას ჰამო შეაფრინდა, ავტომატი გამოსტაცა, მაგრამ ხელიდან გაუვარდა. სტიუარდესამ პისტოლეტი ამოაცურა ქამრიდან და ჰამოს მიუშვირა, მაგრამ გასროლა ვერ მოასწრო, რადგან მთაწმინდელმა სასხლეტზე დაჭერა დაასწრო და ბრიჯიტას მშვენიერი ბიუსტი დაცხრილა... მთელ ამ სცენას სულ რაღაც 3-4 წამი დასჭირდა. ჰამო მამაკვდავ ბრიჯიტასთან ჩაცუცქდა და როცა ქალმა სული დალია, თვალები დაუხუჭა და თქვა.
– ღმერთო ჩემო, ქალი მოვკალი...
– ქალი კი არა, ტერორისტი მოკალი, – უთხრა ჰამოს პოლკოვნიკმა, რომელიც თავზე წამოადგა მას და მხარზე მოუთათუნა ხელი, – ყოჩაღ, ყმაწვილო, შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ, მტკიცე და უშიშარი! ადექი, წავიდეთ. ტერორისტების გვამებს სპეცრაზმელები მიხედავენ.
პოლკოვნიკმა, რომელიც ბრწყინვალე ხასიათზე იყო, ჰამო პილოტების კაბინისკენ წაიყვანა, სადაც სპეცრაზმელები ფუსფუსებდნენ, შემდეგ მათ მეთაურთან მივიდა და თავი წარუდგინა:
– პოლკოვნიკი საიმონ სმიტი, – შემდეგ ჰამოსკენ გაიშვირა ხელი, – ეს კი ჩემი ახალგაზრდა მეგობარია. ერთი ტერორისტი სწორედ მან მოკლა და თქვენი მეგობრის სიცოცხლე გადაარჩინა.
– გიცანით, მისტერ სმიტ, ხშირად გხედავთ ხოლმე ტელევიზორში და თქვენი სახე კარგად დავიმახსოვრე, – თქვა სპეცრაზმის უფროსმა, სმიტს მხედრული სალამი მისცა და ხელი ჩამოართვა. შემდეგ ჰამოსაც ჩამოართვა ხელი, – დახმარებისთვის მადლობელი ვარ და ყველაფერს ხელმძღვანელობას მოვახსენებ.
– ამას მე თქვენზე უკეთ მოვახერხებ, მაიორო, – უთხრა სპეცრაზმის უფროსს სმიტმა, – თქვენ ეს მითხარით, „ცეერუდან“ ხართ თუ პენტაგონიდან? თორემ, თქვენი ჩაცმულობის მიხედვით, უწყების კუთვნილება არ ჩანს.
– პენტაგონიდან, სერ, სპეცქვედანაყოფი „ალფა“ ვართ და, როგორც კი თქვენ პენტაგონის შეფს ესაუბრეთ თვითმფრინავიდან, მან ბრძანება გასცა სპეცოპერაციის დაუყოვნებლივი დაწყების შესახებ.
– ასე უცებ?
– დიახ, სერ. – თავი დააქნია მაიორმა, – მსგავსი სპეცოპერაციების სცენარები დამუშავებული გვაქვს. 11 სექტემბრის მერე სპეციალური საიდუმლო პროექტი შემუშავდა პენტაგონში და სპეცოპერაციებს ჰაერში ვატარებთ. უფრო სწორად, მანამდე მხოლოდ სასწავლო სპეცოპერაციებს ვატარებდით, ეს პირველი იყო და, როგორც ხედავთ, წარმატებული. ცხრავე ტერორისტი ლიკვიდირებულია. თვითმფრინავის ეკიპაჟიდან და მგზავრებიდან არავინ დაზარალებულა და ჩვენი თორმეტი მეომრიდან მხოლოდ ერთია ხელში დაჭრილი.
– ვიცი, მაიორო, საკუთარი თვალით ვნახე, – თავი დაუქნია სმიტმა, – ჩემი მეგობარი რომ არ ყოფილიყო, როგორც მინიმუმ, ერთი თქვენი მებრძოლი დაიღუპებოდა და მგზავრებშიც იქნებოდა მსხვერპლი. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ახლა რა ხდება?
მაიორმა საათს დახედა:
– ახლა, მისტერ სმიტ, ჩვენ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მივფრინავთ და ნახევარ საათში დავეშვებით. როგორც შემატყობინეს, იქ უკვე ყველაფერი მზადაა ჩვენს დასახვედრად.
– კეთილი, მაიორო, ხელს აღარ შეგიშლით. ერთმანეთს ხმელეთზე შევხვდებით, – უთხრა სმიტმა მაიორს. შემდეგ კონიაკის ბოთლს და ორ ჭიქას დაავლო ხელი, რომელიც სტიუარდესების მაგიდაზე ეწყო, ჰამოსთან ერთად თავისუფალ სავარძელზე მოკალათდა, კეთილშობილი სითხე სირჩებში ჩამოასხა, თავისი სასმისი ასწია და მთაწმინდელს უთხრა, – ჩვენს გადარჩენას და შენს ვაჟკაცობას გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს, მისტერ სმიტ! – თქვა ჰამომ და კონიაკი დალია, თან, ქერათმიან ბრიჯიტაზე ფიქრობდა.
ფათერაკიანი ცხოვრების მიუხედავად, ჰამომ პირველად მოკლა ქალი, მართალია, ტერორისტი, მაგრამ მაინც ქალი და ეს ამბავი მოსვენებას არ აძლევდა. სწორედ ამიტომ იყო ის ასეთი სიტყვაძუნწი და დანა პირს არ უხსნიდა.
– გეყოფა, ჩემო მეგობარო, დარდი, გამხიარულდი, – უთხრა ჰამოს პოლკოვნიკმა, – ასეთია ცხოვრება. რა თქმა უნდა, კარგი იყო, მშვიდობიანად გვემგზავრა, მაგრამ ასე მოხდა და რას იზამ. შენ თვითონ არ ამბობ, რომ ყველაფერი ღმერთის ნებააო? ნუ იტანჯავ თავს. მართალია, ქალი მოკალი, მაგრამ ის ტერორისტი იყო. სამაგიეროდ, სპეცრაზმელი და მშვიდობიანი მგზავრები გადაარჩინე სიკვდილს. ასე რომ, ჩემო კარგო, გეყოფა ამაზე ფიქრი. დროსტარებისა და ჩემი ბიჭის ნათლობისთვის მოემზადე. ხომ გახსოვს, რას შეგპირდი? თუ ცოცხლები გადავრჩით, შენთან ერთად კარგა მაგრად გამოვთვრები და ჩემს ბიჭს მოგანათლინებ-მეთქი. სიტყვა ძალაშია და გამხიარულდი.
ჰამომ კონიაკი თავადვე ჩამოასხა, შემდეგ სასმისი ასწია და თქვა:
– ეს იმ გოგონას ხსოვნის იყოს, მე რომ მოვკალი ამ ერთი საათის წინ.
პოლკოვნიკმაც იგივე გაიმეორა და ქერათმიანი ტერორისტი გოგონას შესანდობარი დალია. შემდეგ მათ კიდევ სამ-სამი სირჩა გამოსცალეს და, თვითმფრინავი სამხედრო ბაზის საფრენ ბილიკზე რომ დაეშვა, ამერიკელი პოლკოვნიკი საკმაოდ შეზარხოშებული იყო. თუმცა, მალევე გამოფხიზლდა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მაღალჩინოსნებს გამოეცნაურა, ჰამოც წარუდგინა:
– ესეც ასე, – თქვა პოლკოვნიკმა და გემბანზე გაიზმორა, როდესაც სამხედრო კატარღა რაკეტასავით გაიჭრა წყალში, – რამდენიმე საათში ჩემს ვილაზე ვიქნებით და ზღაპრულ დროს გავატარებთ. ჩემი სტუმარი ხარ, ჩემო მეგობარო, და არსად გაგიშვებ. ნიუ-ორლეანს სამუდამოდ დაგამახსოვრებ და ისე შეგაყვარებ, რომ ყოველ წელს იქ ჩამოხვალ დროის გასატარებლად.
– ნუ შეწუხდებით, მისტერ სმიტ, ნიუ-ორლეანში მეგობრები მელოდებიან და მათთან გავჩერდები, – უთხრა ჰამომ პოლკოვნიკს.
– არაფრის გაგონება არ მინდა, – თავი გააქნია სმიტმა, – შენ ჩემი სტუმარი ხარ და ჩემთან იცხოვრებ! მე, რა, შენი მეგობარი არ ვარ? სხვა მეგობრებსაც ნახავ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცხოვრებით ჩემთან იცხოვრებ.
– კეთილი, რა გაეწყობა, – ხელები გაშალა ჰამომ, – ჩვენშიც ასე იციან, სტუმრებს არსად უშვებენ.
სამხედრო კატარღა რომ ნიუ-ორლეანის აკვატორიას მიუახლოვდა, საღამოს 5 საათი სრულდებოდა. სამხედრო გემი ნაპირიდან რვაასიოდე მეტრის მოშორებით შეჩერდა, შემდეგ ჰამო და სმიტი პატარა კატერით გადაიყვანეს ნაპირზე და თავად უკან, სამხედრო ბაზისკენ გაბრუნდნენ.
პოლკოვნიკმა ჰამო თავის ფეშენებელურ ვილაში მიიყვანა, რომელიც ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ რაიონში მდებარეობდა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო მთელ სანაპიროზე. ჰამოს ძალიან მოეწონა იქაურობა და სმიტს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა, თუმცა, რა იცოდა, რომ გვერდით მდებარე ვილაში, რომელიც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრით იყო დაშორებული პოლკოვნიკის კარ-მიდამოდან, მათეს კონსპირაციული ვილა მდებარეობდა. ჰამომ არც ის იცოდა, რომ მისი ჩამოსვლის ამბავი მათეს სრულიად შემთხვევით გაეგო.
მათესთან რომაშკა სტუმრობდა, რომელიც საზღვაო დურბინდით ათვალიერებდა არემარეს და პოლკოვნიკის ვილის თვალიერებისას ჰამო შენიშნა.
– ჰამო?! წარმოუდგენელია! – ჩაილაპარაკა რომაშკამ და დურბინდი უფრო დააახლოვა. როცა დარწმუნდა, რომ არაფერი ეჩვენებოდა, ოკეანის პირას მდგარ ჰამოს სურათები გადაუღო, მათესკენ გაეშურა და უთხრა:
– რასაც ახლა გეტყვი, არ დაიჯერებ.
– ისეთი რა არის? რა, ლისი გაცოცხლდა?
– არა, – თავი გააქნია რომაშკამ, – ჰამო ჩამოვიდა.
– მერე, რა არის ამაში დაუჯერებელი? ესე იგი, რაღაცაშია საქმე. მიდი, მოიყვანე – უთხრა რომაშკას მათემ.
– დაუჯერებელი ისაა, – რომ ჰამო ახლა ჩვენს მეზობლად, კონგრესმენი პოლკოვნიკის საიმონ სმიტის ვილაზეა.
– სმიტის ვილაზე? – მხრები აიჩეჩა მათემ, – ხომ არ გეშლება?
– არა, – თავი გააქნია რომაშკამ, – დურბინდით ვათვალიერებდი არემარეს და დავინახე.
– წარმოუდგენელია.
– ხომ გითხარი, არ დაიჯერებ-მეთქი. მაგრამ, ნამდვილად ისაა, – თქვა რომაშკამ. შემდეგ მათეს მიუახლოვდა, მოდერნიზებული დურბინდის ეკრანი ამოსწია და რუსეთის მაყურებელს ჰამოს სურათები ანახვა, – ცნობ ამ ყმაწვილს?
– ეს ხომ ჰამოა! – წამოიძახა მათემ.
– მეც ეგ არ გითხარი?
– მერედა, სმიტთან რა უნდა ან საიდან იცნობს? – მხრები აიჩეჩა მათემ.
– მეც ეგ არ გამიკვირდა? – ხელები გაშალა რომაშკამ.
მათეს და რომაშკას დიალოგს ხლაპუშკა ისმენდა, რომელმაც პაუზით ისარგებლა, მიუახლოვდა მათ და თქვა:
– ეს ყველაფერი ერთი შეხედვითაა საკვირველი, მაგრამ ტელევიზორს თუ შეხედავთ და თვითმფრინავში ტერორისტების დახოცვის ამბავს მოუსმენთ, რაღაც-რაღაცეები გაიასნდება.
– მაინც, რაშია საქმე, რა მოხდა? – ჰკითხა მათემ ხლაპუშკას.
– რა და, თურმე, ჩვენი მეზობელი პოლკოვნიკი პარიზი-ნიუ-ორლეანის ტრანსატლანტიკური რეისით მოფრინავდა. თვითმფრინავი არაბ ტერორისტებს ჩაუგდიათ ხელში და ამერიკაში დატყვევებული მოძმეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმფრინავი უნდა აეფეთქებინათ. სპეცრაზმს სპეცოპერაცია ჩაუტარებია, მძევლები გაუთავისუფლებია და ტერორისტები დაუხოცავთ.
– ბანალური ისტორიაა, – მხრები აიჩეჩა რომაშკამ, – მაგრამ რა შუაშია აქ ჰამო?
– პოლკოვნიკმა სმიტმა ტელეკომენტარში თქვა, რომ სპეცრაზმელებს ერთ-ერთი მგზავრი დაეხმარა და ამით მგზავრებს შორის მსხვერპლი თავიდან იქნა აცილებულიო, – თქვა ხლაპუშკამ და სიცილით განაგრძო, – მე ვფიქრობ, რომ ის ინკოგნიტო მგზავრი ჰამოა, რომელიც, ალბათ, იმ თვითმფრინავით მგზავრობდა და პოლკოვნიკმა ის, ალბათ, თავისთან ძალით წაიყვანა.
– ძალით? – მხრები აიჩეჩა მათემ, – არაფერი მესმის.
– რომ იცოდე, ეგ სმიტი რა აბეზარი ვინმეა, მასე არ იტყოდი, – გაეცინა „ხლაპუშკას“, – მაგარი ემოციური ტიპია. კონგრესში რომ გამოდის ხოლმე სიტყვით, ყველას მიწასთან ასწორებს და მასთან პაექრობას ვერავინ ბედავს. ძველი მეომარია, ვიეტნამის ომის ვეტერანი. ერთი სიტყვით, ძალიან ცნობილი პიროვნებაა და ალბათ, ჰამო დაითრია.
– თუ მართალს ამბობ, გამოდის, რომ ჰამო ჩვენთან მოდიოდა, – თქვა ჰამომ.
– მასე გამოდის, – თავი დააქნია რომაშკამ.
– ესე იგი, რაღაც მოხდა. თუ ეს ასეა და ისე ჩამოვიდა, რომ წინასწარ არც კი გაგვაფრთხილეს, – მხრები აიჩეჩა მათემ.
– ალბათ, – მიუგო სუპერქილერმა.
– ჰოდა, თუ ყველაფერი მასეა, მაშინ სულ მალე ჰამო კავშირზე გამოვა, – თქვა მათემ და სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც მარკსმა ხლაპუშკას დაურეკა:
– ისევ მანდ ხარ?
– ჰო.
– ჩვენთან ერთი მეგობარი „ჩიტი“ მოფრინდა, რომელიც აქაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენამდე არ მოსულა.
– ეს „ჩიტი“ ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიდანაა, ხომ?
– შენ რა იცი?
– თვალწინ გვყავს.
– თვალწინ?
– ჰო, თვალწინ. დაურეკე და უთხარი, რომ ეზოში გავიდეს და მარცხნივ გაიხედოს. მაგრამ ტონკად, ისე, რომ არ დაიწვას და ყველაფერს მიხვდება. მერე, როდესაც იმ აბეზარისგან თავის დაღწევას მოახერხებს, ჩვენთან მოვიდეს და შემოუშვებენ.
– კარგი. ახლავე გადავურეკავ, – უთხრა მარკსმა ხლაპუშკას და ტელეფონი გათიშა. ხლაპუშკას კი გაეცინა და მათეს უთხრა:
– ხომ ვამბობდი, ჰამო ჩვენთან ჩამოვა-მეთქი! ახლა ეზოში გავა და დავენახვოთ.
ხლაპუშკა და რომაშკა ვილის ვერანდაზე გავიდნენ და დურბინდით დაიწყეს არემარის თვალიერება. ცოტა ხანში სმიტის ვილის ეზოში ჰამოც გამოჩნდა. ის ოკეანეს ათვალიერებდა, თან მარცხნივ გაიხედა და, მეზობელი ვილის ვერანდაზე ხლაპუშკა და რომაშკა რომ დაინახა, ყველაფერს მიხვდა. შემდეგ სახლში შებრუნდა და მასპინძელს უთხრა:
– მისტერ სმიტ, თუ არ გეწყინებათ, ოკეანის სანაპიროზე გავივლი მარტო. ძალიან მიყვარს ნაპირზე განმარტოებით სეირნობა, ფიქრი და პეიზაჟის თვალიერება.
მასპინძელმა ჰამოს გაუღიმა, თითი დაუქნია და მიუგო:
– კეთილი, ჩემო კარგო, გაისეირნე, მაგრამ, შემპირდი, რომ არსად გამეპარები და კვლავ ჩემთან დაბრუნდები. შევთანხმდით?
– მაგაზე ხომ ადრევე შევთანხმდით, პოლკოვნიკო, – უთხრა ჰამომ სმიტს და წავიდა.
მთაწმინდელი ჯერ ქუჩაში გავიდა და ოკეანის სანაპიროზე იხეტიალა. ხოლო როცა ჩამობნელდა, მათეს კონსპირაციულ ვილას მიადგა, კარი შეაღო და ეზოში შევიდა. შემდეგ შენობისკენ გაემართა და ჰოლში გაუჩინარდა.
მათე, ხლაპუშკა და რომაშკა მთაწმინდელს შეეგებნენ და სათითაოდ გადაეხვივნენ, შემდეგ რუსეთის მაყურებლის კაბინეტში აიყვანეს და განმარტოვდნენ.
– როგორ ხართ, ჰამო? – ჰკითხა მთაწმინდელს მათემ.
– კარგად, – მიუგო ჰამომ.
– სპეცებს შენ მიეხმარე თვითმფრინავში? – ჰკითხა რომაშკამ.
– ჰო, – თავი დააქნია ჰამომ, – ქალი ტერორისტი შემომაკვდა.
– აქ რამ ჩამოგიყვანა? – თქვა მათემ.
– ახლავე გაიგებთ, – უთხრა ჰამომ მათეს, შემდეგ ფეხსაცმლის ქუსლი დანით მოაძრო, სამალავიდან დისკეტი ამოიღო და რუსეთის მაყურებელს მიაწოდა, – აქ დაფიქსირებული როჟები შენს მოსაკლავად გამოგზავნა მანგუსტმა. აქ თავისი ხალხის განადგურების გამო მანგუსტი საშინლად გამწარებულია და შენი მოტაცების ან ლიკვიდაციის ბრძანება გაუცია.
– შენ საიდან იცი? – ჰკითხა მათემ.
– ეს დისკეტა ლუდამ ჩამოიტანა – მამამისმა გამოატანა მოსკოვიდან.
– გასაგებია, – თავი დააქნია მათემ და ხლაპუშკას მიუბრუნდა, – ეს საკითხები შენ გეხება. ახლავე დატრიალდით და ეს ოთხი ქილერი როგორმე ცოცხლები მომგვარეთ.
– შენი ხელით გინდა, დახოცო? – ჰკითხა მათეს რომაშკამ.
– არა, სულ სხვა რამე ჩავიფიქრე.
– რა? თუ საიდუმლო არაა, რა თქმა უნდა...
– რა და, თუკი მათ ცოცხლებს მოიყვანთ, ოთხივეს ვიდეოფირზე ჩავწერთ, სადაც ისინი აღიარებენ, რომ პირადად მანგუსტის ბრძანებით არიან აქ ერთ-ერთი ემიგრანტი რუსის მოსაკლავად, შემდეგ ამ ფირს ტელევიზიებს გადავცემთ. ისინი ეთერში გაუშვებენ და მანგუსტი უფრო გამწარდება.
– მერედა, რაში გჭირდება მისი გამწარება? ის ხომ უფრო მეტ ქილერს გამოუშვებს შენს მოსახელთებლად? – უთხრა მათეს ხლაპუშკამ.
– ისე, რა, არ გამოუშვებს? – თქვა მათემ, – ამ აღიარებით ამერიკულ ხელისუფლებასაც აეწვება კუჭი და ფეესბეს მკვლელებზე კონტროლს გაამკაცრებს. მართალია, ამით მე მათ დევნას ვერ ავიცილებ თავიდან, მაგრამ, ესეც საქმეა.
– იმ ქილერებს რაღას უპირებ, პოლიციას ჩააბარებ?
– რატომ – პოლიციას? იყვნენ აქ, ჩვენთან, არალეგალურად. ჭამონ, სვან და, რაც მთავარია, ცოცხლები იქნებიან. რა იცით, რაში გამოგვადგებიან?
– მე მგონი, მათე მართალია, – თქვა ჰამომ, – ახლა კი უნდა წავიდე, თორემ ჩემი მასპინძელი ჩემზე ძებნას გამოაცხადებს.
– თბილისში როდის უნდა გაემგზავრო? – ჰკითხა ჰამოს მათემ.
– სამ-ოთხ დღეში.
– ჩვენ აღარ გვნახავ?
– თუ საჭირო გახდა, გნახავთ.
– კარგი, წადი. თუ დაგვჭირდი, დაგიკავშირდებით, – უთხრა ჰამოს მათემ და გადაეხვია.
მთაწმინდელი სათითაოდ გადაეხვია მეგობრებს. შემდეგ კონსპირაციული ვილა დატოვა და პოლკოვნიკის ვილისკენ აიღო გეზი.
***
მათეს ბრძანებით, ხლაპუშკამ და მისმა ხალხმა სულ რაღაც 36 საათის განმავლობაში აღმოაჩინეს მანგუსტის მიერ გამოგზავნილი ოთხივე ქილერი, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობდნენ და ისე ოსტატურად შეიპყრეს, რომ მათ თითის გატოკებაც ვერ მოასწრეს. ოთხივე მათგანი უზარმაზარი ფურგონით, თავზე ტომარაჩამოცმული მიუყვანეს მათეს და კონსპირაციული ვილის სარდაფში საიმედოდ მიაბეს. იქვე დაალაგეს სპეციარაღები, რომლებიც მათ ამერიკაში მომუშავე რუსმა რეზიდენტმა გადასცა. ეს რეზიდენტი ნიუ-ორლეანში სპეციალურად ვაშინგტონიდან ჩავიდა, სადაც რუსეთის საელჩოში მუშაობდა.
რუსეთის მაყურებელი სარდაფში ჩავიდა, გაკოჭილები შეათვალიერა და თქვა:
– გაებით?
გაკოჭილებს კრინტი არ დაუძრავთ. მათეს კი ირონიულად ჩაეცინა და განაგრძო:
– ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ პირადად მანგუსტმა გამოგგზავნათ ჩემს მოსაკლავად. მე შემიძლია, აქვე დაგხვრიტოთ, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, სიცოცხლე შეგინარჩუნდებათ. არჩევანი თქვენზეა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში