კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებდა გიგანტური ობობა რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტის მხარზე და რატომ არ ატარებს ის „პრადას“ მოკასინებს


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი


ამ ადამიანს არანაირი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია, მაგრამ მის გადაწყვეტილებას თუ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა ეკისრება. იგი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილის სულიერ მამად ითვლება და მისი სტუმრობა რომელიმე ქვეყანაში ეროვნულ ზეიმად იქცევა ხოლმე. საუბარია რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეზე, ერისკაცობაში იოზეფ რატცინგერზე, ადამიანზე, რომელმაც ყველასათვის საყვარელი რომის პაპ იოანე პავლე მეორის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლობის მძიმე მისია იტვირთა და ასევე ვატიკანის ჯუჯა სახელმწიფოს მმართველიც გახდა. დღევანდელ რუბრიკაში შემოგთავაზებთ მასზე გავრცელებული საინტერესო ფაქტების ნაკრებს.

1. იოზეფ ალოიზ რატცინგერი 1927 წელს გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ მარკტლ-ამინში დაიბადა. რატცინგერები ძველი დროიდან ფერმერობას ეწეოდნენ, მაგრამ მომავალი პონტიფიკის მამა, იოზეფ რატცინგერ უფროსი პოლიციაში მსახურობდა და ანტიფაშისტური ხედვის მიმდევარი იყო. იოზეფის მშობლებმა ერთმანეთი ადგილობრივ გაზეთში, რუბრიკა „გაცნობის ბიუროს“ საშუალებით 1920 წელს გაიცნეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იოზეფი ჰაერსაწინააღმდეგო ბატალიონში მსახურობდა, რომელიც მიუნხენში „ბეემვეს“ ქარხნის დაცვას უზრუნველყოფდა. შემდგომში იგი უნგრეთის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო ჯებირების დაყენებით იყო დაკავებული. რატცინგერი ირწმუნება, რომ ომის პერიოდში მას არც ერთხელ არ გაუსროლია იარაღიდან. 1944 წელს იგი ტყვედ ჩაბარდა მოკავშირე ჯარებს და რამდენიმე თვე ტყვეთა ბანაკში გაატარა.

2. ისრაელის პრესამ ბრალი დასდო რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს, რომ ახალგაზრდობაში იგი გაწევრიანებული იყო ახალგაზრდულ ნაცისტურ ორგანიზაცია „ჰიტლერიუგენდში“ და, ასევე, იმაში, რომ იგი ცდილობს რომის პაპ პიუ მეთორმეტის კანონიზებას, რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ნაცისტური დანაშაულების დაფარვის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. რომის პაპის პრესსამსახურის უფროსმა პადრე ფედერიკო ლომბარდიმ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ვატიკანის ოფიციალური პასუხი დააფიქსირა; „იოზეფ რატცინგერი მართლაც იყო გაწევრიანებული „ჰიტლერიუგენდის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, მაგრამ ის არც ერთ შეკრებას არ დასწრებია და არ მიუღია მონაწილეობა მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში“. საინტერესოა, რომ გაზეთებში ბრალდებასთან ერთად განთავსებული იყო ფოტოსურათი, რომელზეც ახალგაზრდა იოზეფ რატცინგერი „ჰიტლერიუგენდის“ ფორმაში, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად იყო აღბეჭდილი.

3. გაზეთი „დეილი მეილი“ იტყობინება, რომ რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ეპისკოპოსებს სატანისტებთან და ეშმაკის მოციქულებთან მებრძოლი რაზმების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. ყოველი ეპარქიის ეპისკოპოსი ვალდებულია, რომ თავის განკარგულებაში ჰყავდეს ეგზორცისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებმა ეშმაკის განდევნის საიდუმლო რიტუალის შესრულება უნდა იცოდნენ. ვატიკანელი ეგზორცისტების ხელმძღვანელი, 82 წლის პადრე გაბრიელ ამორტი აღფრთოვანებას ვერ მალავს იმ ფაქტის გამო, რომ, როგორც იქნა, გამოჩნდა პაპი, რომელმაც ომი გამოუცხადა ეშმაკის მსახურებს. გაზეთისვე ცნობით, ბენედიქტე მეთექვსმეტე აპირებს ბნელი ძალებისგან დამცველი, არხანგელ მიხაილის ლოცვის აღდგენას, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში პაპ იოანე მეთვრამეტის მიერ იყო აკრძალული.

4. რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ კაცობრიობას „ადამიანური ბუნების ეკოლოგიის“ დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კაცობრიობის დაცვა ჰომოსექსუალიზმისა და ტრანსსექსუალიზმისგან, იგივეა, რაც ბუნებისთვის ტროპიკული ტყეების შენარჩუნება და გადარჩენა. ვატიკანში გამართულ მღვდელმსახურებთან ტრადიციულ შეკრებაზე პაპმა განაცხადა, რომ ადამიანის, როგორც ღმერთის ქმნილების ბუნების პირვანდელი სახის შენარჩუნება კაცობრიობის უპირველესი პრობლემაა და კათოლიკური ეკლესია უნდა ებრძოლოს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამოვლინებებს. პაპის ეს განცხადება ჰომოსექსუალების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა მუქარად მიიღეს და განაცხადეს, რომ მზად არიან, დაარწმუნონ რომის პაპი, რომ ჰომოსექსუალებს არანაირი ზიანის მიყენება არ შეუძლიათ კაცობრიობისთვის.

5. პრაღაში ვიზიტის დროს, ბენედიქტე მეთექვსმეტე სიტყვით გამოდიოდა ჩეხი პოლიტიკოსებისა და ეკლესიის მსახურების წინაშე და ამ შეხვედრის განმავლობაში მის მხარზე უზარმაზარი ობობა დაიარებოდა. საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ იტყობინება, რომ თავდაპირველად პაპმა არ მიაქცია ყურადღება ობობას, მაგრამ როდესაც ეს უკანასკნელი მის კისერს მიუახლოვდა, პაპმა მისი ჩამოგდება სცადა, რაც არ გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ სიტყვის დასრულების შემდეგ პაპის მხარზე ობობის მოზრდილი ქსელი იყო გაბმული.

6. რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ არ იცის ავტომობილის მართვა. სამაგიეროდ, მას აქვს ვერტმფრენის პილოტის ლიცენზია. მიუხედავად იმისა, რომ პაპი პროფესიულ დონეზე მართავს ვერტმფრენს, ბოლო პერიოდში მას პირადი პილოტი, იტალიის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი ანტონიო ბერარდო ემსახურება. პაპის ვერტმფრენი „შ-61 შეა ქინგ“ 9,3 ტონას იწონის და 270 კილომეტრ-საათ სიჩქარეს ავითარებს, ფრენის მანძილი კი 1 000 კილომეტრია. პონტიფიკის საჰაერო ტრანსპორტი ტექნიკის უკანასკნელი ნოვაციებით არის აღჭურვილი და მასში განთავსებულია ორი მოსასვენებელი ოთახი, მინი-სააბაზანო და სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ პაპს ფრენის არ ეშინია, მას ყოველთვის თან ახლავს პირადი ექიმი რენატო ბუციონეტი, მდივანი დონ გეორგი და პირადი ფოტოგრაფი არტურო მარი.

7. ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტიმ“ რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე პრეზერვატივებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. აფრიკაში სტუმრობის დროს, პონტიფიკმა განაცხადა, რომ პრეზერვატივების გამოყენება უფრო ამრავლებს შიდსით დაავადებულების რაოდენობას და ის სთხოვს მორწმუნეებს, უარი თქვან ცოლქმრულ ღალატზე, ასევე, მოუწოდებს სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შეკავებისკენ. გარდა ამისა, რომის პაპმა გამოაცხადა, რომ პრეზერვატივების უფასო დარიგება შიდსთან ბრძოლას უაზროს ხდის. „ლანცეტიმ“ განაცხადა, რომ პაპის მოწოდება უსაფუძვლოა და პრეზერვატივების მოხმარების აკრძალვა კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდსის პრობლემას აფრიკის კონტინენტზე. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის მსგავსი ბრალდებებით პაპის წინააღმდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერიც გამოდიოდა.

8. „პაპი არ ატარებს პრადას“ – ასეთი სათაურებით აჭრელდა რამდენიმე ხნის წინ იტალიური პრესა. ცნობა იმის შესახებ, რომ რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე ატარებს წითელ მოკასინებს, რომლებიც მას ცნობილმა სამოდელო სახლმა „პრადამ“ შეუკერა, ტყუილი გამოდგა. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა ვატიკანმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპის წითელი მოკასინები იტალიელი ოსტატის ადრიანო სტეფანელის მიერ არის შეკერილი და პონტიფიკს არანაირი კავშირი არ აქვს სამოდელო სახლ „პრადასთან“.

9. რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე აპირებს მუსიკალური დისკის ჩაწერას, სადაც შესული იქნება იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე შესრულებული სიმღერა, მიძღვნილი ღვთისმშობელ მარიამისადმი და ასევე რამდენიმე თანამედროვე კომპოზიცია. რომის პაპი კლასიკური მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია და მის უსაყვარელს კომპოზიტორად მოცარტი ითვლება. ხმის ჩამწერი სტუდია „გეფენ რეკორდსი“, რომლის ბაზაზეც იწერება პონტიფიკის დისკი, აპირებს, დისკის გაყიდვებიდან შემოსული თანხები მოახმაროს გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, მისცენ თავიანთ შვილებს საჭირო განათლება.

10. რომის პაპმა საკუთარი გვერდი გახსნა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. ინტერნეტ-პორტალის მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ, გაუგზავნონ ერთმანეთს სამახსოვრო ბარათები რომის პაპის გამოსახულებით და ასევე ციტატები მისი გამოსვლებიდან. გარდა ამისა, თავის გვერდზე რომის პაპი ყოველდღიურად განათავსებს საინტერესო ინფორმაციას მორწმუნე კათოლიკეებისთვის. აღსანიშნავია, რომ გვერდის გახსნის დღეს ბენედიქტე მეთექვსმეტის პროფილს ათი ათასი დამთვალიერებელი ესტუმრა. „ფეისბუქის“ პარალელურად, სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, ვატიკანმა შექმნა ინტერნეტ-პორტალი Pope2you.com აქვე დავამატებთ, რომ დიდი ხანია, რაც ინტერნეტში ფუნქციონირებს ბენედიქტე მეთექვსმეტის პირადი საფოსტო ყუთი BenedettoXVI@vatican.va, რომლის მისამართზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაგზავნოს წერილი პაპისთვის და მას აუცილებლად უპასუხებენ.


скачать dle 11.3