კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საქმიანობამ მოუტანა ქვემო ქართლის პროკურორს დამატებით 104 904 ლარი


ამჯერად ყურადღებას ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურორების ქონებასა და შემოსავლებზე შევაჩერებთ, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგები არიან, ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ.


მიხეილ აბულაძე

მიხეილ აბულაძე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას 2008 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ის 1976 წელსაა დაბადებული ზესტაფონში და თსუ-ში დაეუფლა სამართალმცოდნეობას (2002 წელი). უფრო ადრე კი, 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. შესაბამისად, მისი შრომითი ბიოგრაფიაც, თავდაპირველად, ეკონომისტის ამპლუაში დაიწყო: 1996-1997 წლებში ის „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საოპერაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების საკოორდინაციო ცენტრის ოფისის მმართველად გადაიყვანეს, ამ პოსტზე 2002 წლამდე დარჩა. შემდეგ მეორე პროფესიაც შეეშველა და მოღვაწეობა ძალოვან სტრუქტურებში განაგრძო: თავდაპირველად (2002-2003 წლებში), სტაჟიორად გენპროკურატურაში; 2003 წელს – სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად; 2002 წელს ფინანსთა სამინისტროში გადაიყვანეს, სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორად, შემდეგ უკვე – ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2005 წელს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც გახდა. 2005 წელს შიდა ქართლის საოლქო პროკურორად დაინიშნა. 2006 წელს თბილისის პროკურორის მოადგილედ გადმოიყვანეს, სადაც მან 2008 წლამდე იმუშავა, 2008 წლის დეკემბერში კი მიხეილ აბულაძე ახლა უკვე ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დანიშნეს.

2008 წელს მიხეილ აბულაძემ დეკლარაციები შეავსო, როგორც ქვემო ქართლის საოლქო პროკურორმა, ოჯახის წევრებად კი მიუთითა მეუღლე, 1976 წელს დაბადებული ნინო შოშიაშვილი და ორი შვილი: ნუგზარი და ანასტასია.

მიხეილ აბულაძის საკუთრებაა: მიწის ნაკვეთი დიღომში (2 200 კვ. მ.), ასევე, მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში (2 700 კვ. მ.), აგარაკი ბაკურიანში (720 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (1 100 კვ. მ.). ნინო შოშიაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე (130 კვ. მ.) და იქვე მდებარე ავტოფარეხი (50 კვ. მ.), ასევე, აგარაკი ქობულეთში და საცხოვრებელი ბინა წყნეთში. ავტომანქანაც მხოლოდ ნინო შოშიაშვილს ჰყავს: 2002 წლის „ტოიოტა რავ-4“.

დეკლარაციის შევსების დროს მიხეილ აბულაძეს ბანკებში სამი ანგარიში ჰქონდა გახსნილი: „რესპუბლიკა ბანკის“ საბარათე ანგარიშზე 800 ლარი ერიცხებოდა, „ტაოპრივატბანკის“ საბარათე ანგარიშზე – 4 000 ლარი, „ბაზისბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე კი – 10 ევრო. ნინო შოშიაშვილს ყველა თავისი ანგარიში „ბაზისბანკში“ აქვს გახსნილი: მიმდინარე ანგარიშზე 7 000 ლარი ერიცხებოდა; საბარათე ანგარიშებზე – 20 ლარი და 700 ევრო, ვადიან ანაბრებზე კი 30 000 და 50 000 აშშ დოლარს ინახავდა. ნუგზარ აბულაძეს კი „ვი თი ბანკის“ საბარათე ანგარიშზე 1 000 ფუნტი სტერლინგი ჰქონდა.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული საოლქო პროკურორსა და მის მეუღლეს ჰქონდათ: მიხეილ აბულაძეს – 5 500 აშშ დოლარი და 3 000 ლარი, ნინო შოშიაშვილს – 15 000 ევრო, 8 000 აშშ დოლარი და 2 000 ლარი.

მიხეილ აბულაძე 2007 წლის განმავლობაში თბილისის პროკურორის მოადგილე გახლდათ, შესაბამისად, მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 43 400 ლარი შეადგინა, ნინო შოშიაშვილი კი იუსტიციის სამინისტროს თბილისის ნოტარიუსად მუშაობდა და მის წლიურ ანაზღაურებას 100 456 ლარი შეუდგენია.

მიხეილ აბულაძეს 2007 წელს კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი მიუქირავებია (2014 წლამდე) შპს „კავკასიის აკადემიური ცენტრისთვის“ და ამ აქტივობას მისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, 104 904 ლარი მოუტანია.

დეკლარაციის თანდართულ ფურცელზე ვკითხულობთ, რომ საოლქო პროკურორს ქონებრივ ჩამონათვალში ზოგიერთი რამ გამორჩენია, რაც 2009 წლის 20 იანვარს გახსენებია, კერძოდ, მისი მეუღლის ქონებრივ ანგარიშზე რიცხული ორი მიწის ნაკვეთი ბოდბისხევში (32 ჰექტარი და 75 ჰექტარი).

გელა მამალაძე

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორიც 2008 წელს დაინიშნა პოსტზე. გელა მამალაძე 1975 წელს დაიბადა ფოთში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი კი 1997 წელს დაამთავრა. კარიერა, როგორც წესი, სტაჟიორობით დაიწყო ფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის რიგებში. 2003 წელს კი იმავე პროკურატურაში უფროს გამომძიებლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2004 წლამდეც დარჩა. იმავე წელს ფინანსთა სამინისტროში სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტში გადაიყვანეს. 2006 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსიც გახდა. ამ თანამდებობაზე 2008 წლამდე იმუშავა. 2008 წელს კი, როგორც მოგახსენეთ, შიდა ქართლის საოლქო პროკურორიც გახდა.

გელა მამალაძემ თავისი ბოლო დეკლარაცია 2008 წლის დეკემბერში შეავსო, როგორც იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა. ოჯახის წევრებად კი მიუთითა მეუღლე: მარიამ ხელაძე, 1985 წელს დაბადებული თბილისში; დედა, მანანა მამალაძე; მამა, იგორ მამალაძე და ქალიშვილი – ნუცა.

გელა მამალაძეს ერთადერთი საკუთრება აქვს, მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში (3 000 კვ. მ.); იგორ მამალაძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა ფოთში, არასაცხოვრებელი ფართი, ასევე, ფოთში (700 კვ. მ.); მანანა მამალაძეს კი თბილისში აქვს ბინა, ბუდაპეშტის ქუჩაზე (135 კვ. მ.), აგრეთვე, აგარაკი მარტვილის რაიონში (2 000 კვ. მ.).

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ მარიამ ხელაძეს ჰქონდა – 6 000 ლარი, თუმცა უმუშევარია.

ოჯახში მხოლოდ ოჯახის უფროსია დასაქმებული (ყოველ შემთხვევაში, 2008 წელს ასე იყო) და მან 2007 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 26 080 ლარი აიღო. თუმცა მისი ამჟამინდელი შემოსავალი გაცილებით მეტი იქნება, რასაც ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.

2009 წელს გელა მამალაძემ დეკლარაცია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის რანგში შეავსო. მის ქონებრივ ნაწილში ის სიახლეა, რომ იგორ მამალაძეს ჰყავს ავტომანქანა „ჰონდა“.

ნაღდი ფული ამ წელსაც კვლავ მარიამ ხელაძეს ჰქონდა, ოღონდ 5 000 ლარი.

ოჯახში დასაქმებული კვლავაც მხოლოდ გელა მამალაძეა და მას 2008 წლის განმავლობაში, როგორც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორს, ხელფასის სახით, 99 860 ლარიც აუღია.


скачать dle 11.3