ჯართის კარიერის გენერლები
„…მაგრამ რა მემღერება“
გასულ კვირას გონიოში ტრაგედია მოხდა: რუსეთის ჯარის ყოფილი დისლოკაციის ადგილას საქართველოს ორი ზრდასრული და ერთი მცირეწლოვანი მოქალაქე ჯართის შეგროვებისას ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ (რომელიც საგანგებოდ იყო შეკრებილი), ბუნებრივია, სამძიმარი გამოთქვა და, ისიც ბუნებრივია, რომ არც რუსეთის მტარვალი სახის წარმოჩენას დაანანა ძალ-ღონე. ვერც დაანანებდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოფილი რუსული ბაზების ტერიტორიები სწორედ რუსის ჯარმა დაგვიტოვა დანაღმული, თუმცა ისიცაა, მას შემდეგ რამდენიმე წელიც გავიდა და, ეს დრო შესაბამის სამსახურებს განაღმვითი სამუშაოებისთვის რომ მოეხმარათ (იმ ენერგიის ნახევრით მაინც, რუსეთს რომ ექილიკებიან), იქნებ რუსულ ნაღმებზე აფეთქებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები ან იქნებ სულაც არ ყოფილიყო. ასეა თუ ისე, ჩვენს ხელისუფალს, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური ფლანგიდან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში საპარლამენტოდ წოდებული ოპოზიცია მყავს მხედველობაში), ოკუპანტის გინება განაღმვაზე მეტად ეადვილებათ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რუსულ ჯარს ლამის ნახევარი საქართველო აქვს ოკუპირებული და სულს ძლივს იმაგრებს, რომ ქვა-ქვაზე არ დაგვიტოვოს, სრულიად გაუგებარია, რატომ ელოდნენ (ან კიდევ ელიან) ჩვენი პატიოსანი გვამები, რომ რფ-ელი სამხედროები თავიანთი ბაზების ტერიტორიას ია-ვარდით მოფენილს დაგვიტოვებდნენ?! მეორე მხრივ, ქართველ კანონშემოქმედებს, რატომღაც, გამორჩათ, რომ ჩვენი მოქალაქეები რუსულ ნაღმებზე ჯართის შეგროვების პროცესში ფეთქდებიან. ხოლო, თუ ამ ფაქტს იმასაც დავამატებთ, რომ ბოლო ტრაგედია (იმედია, უკანასკნელი) გონიოში, ანუ აჭარაში მოხდა, სადაც 2010 წლის „ჯადოსნური ღამის“ გასათენებლად ხელისუფალმა მილიონები არ დაიშურა, როდესაც შენი 5 წლის მოქალაქე ჯართს აგროვებს, რომ გამოიკვებოს, შენ რა გეკარერასება?!