კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განზრახვას გადააყოლა საქართველო ივანე მხარგრძელმა და როდის დააყენა ქვეყნის ინტერესები ავაგ მხარგრძელმა პირადულზე წინ


თამარ მეფის მმართველობის ხანაში ყველაზე დაწინაურებული მდგომარეობა ორ საგვარეულოს ეკავა. ესენი იყვნენ ახალციხელები და მხარგრძელები. ამიტომ, ამ საგვარეულოებს შორის ხშირად მიმდინარეობდა კონკურენცია პირველობისთვის. ლაშა-გიორგის მეფობის ხანაში, ამ განწყობამ განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი მიიღო, რამაც სავალალო შედეგი მოუტანა, როგორც შალვა და ივანე ახალციხელებს, ასევე მთლიანად საქართველოს. ამ ამბის შემდეგ მხარგრძელებსა და ახალციხელებს შორის შუღლი უნდა ჩამოვარდნილიყო, თუმცა, მომავალში ამ გვარის წარმომადგენელთა ერთმანეთთან ურთიერთობით მონღოლთა ყაენი ბათუც კი მოიხიბლა. თუ რატომ და როდის განუდგნენ ახალციხელები და მხარგრძელები ერთმანეთს და რა ბრძანა მათი შთამომავლების საქციელით განცვიფრებულმა ყაენმა, ამას ისტორიკოს დავით ბახტაძისგან შევიტყობთ.



დავით ბახტაძე: 1225 წლის აგვისტოში გაიმართა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გარნისის ბრძოლა. ქართველების წინააღმდეგ ჯალალ ედ-დინის რიცხვმრავალი მხედრობა იდგა. ქართველთა მოწინავე ჯარს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და გამოცდილი სარდლები – ძმები შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. ჯალალ ედ-დინმა ქართველთა მხედრობას შეუტია. შედეგად, მოწინავე ლაშქარი, რომელიც უმთავრესად მესხებისაგან შედგებოდა, ძმები ახალციხელების ხელმძღვანელობით უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. შალვა და ივანე ახალციხელებმა ბრძოლის დაწყების შესახებ ქართული მხედრობის მთავარსარდალს – ივანე მხარგრძელს აცნობეს და ძირითადი ძალების დახმარება ითხოვეს. სამჯერ აფრინეს მალემსრბოლი ახალციხელებმა, მაგრამ უშედეგოდ. ივანე მხარგრძელი ბრძოლაში არ ჩაება და არც მაშველი გაუგზავნა მესხებს.

– როგორ დასრულდა გარნისის ბრძოლა?

– გარნისის უთანასწორო ბრძოლა ქართველთა მარცხით დამთავრდა. ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაეცა, შალვა კი ტყვედ ჩაუვარდა მტერს. შემდგომში ჯალალ ედ-დინმა მას ისლამის მიღება მოსთხოვა.

– მიიღო თუ არა ჯალალ ედ-დინის შეთავაზება შალვა ახალციხელმა?

– ქართველმა სარდალმა ქრისტეს რჯული არ დაუტევა და მოწამებრივად აღესრულა. გადმოცემის თანახმად შალვა ახალციხელს ეძღვნება სიმღერა „შავლეგო“.

– როგორ შეიძლება ავხსნათ ივანე მხარგრძელის ასეთი საქციელი?

– ქართველი მემატიანის, ჟამთააღმწერლის მიხედვით, ივანე მხარგრძელმა ახალციხელებისადმი შურის გამო არ გაუგზავნა მათ დამხმარე ძალა და ძმები სასიკვდილოდ გაწირა. შურის ქვეშ, ალბათ შემდეგი გარემოება უნდა ვიგულისხმოთ: თამარ მეფის დროს ყველაზე დაწინაურებული მდგომარეობა ეკავათ ზაქარია და ივანე მხარგრძელებსა და შალვა და ივანე ახალციხელებს. შესაძლოა, ამ საგვარეულოებს შორის გარკვეული „კონკურენცია“ ყოფილიყო. 1212 წელს ზაქარია გარდაიცვალა. ივანე მარტო დარჩა. ლაშა-გიორგის (გიორგი მეოთხის) მეფობის პერიოდში, ალბათ, დამოკიდებულება ახალციხელებსა და მხარგრძელებს შორის კიდევ უფრო გართულდა და 1225 წელს ივანე მხარგრძელმა „კონკურენტების“ მოშორება განიზრახა. შეიძლება ითქვას, რომ ამ განზრახვას ივანე მხარგრძელმა საქართველო გადააყოლა, რადგან გარნისის შემდგომ ჯალალ ედ-დინი თბილისისკენ დაიძრა და რაც დააწია საქართველოს დედაქალაქს ყველასთვის ცნობილია. სწორედ, ამ დროს გაწირა თავი სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის ასი ათასმა ქართველმა.

– გარნისის ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ ჩამოვარდა შუღლი ახალციხელებსა და მხარგრძელებს შორის?

– თითქოს ადვილი წარმოსადგენია, რა დამოკიდებულება იქნებოდა გარნისის ბრძოლის შემდეგ ახალციხელებისა და მხარგრძელების საგვარეულოთა წარმომადგენლებს შორის, მაგრამ აქ იწყება ამ საგვარეულოთა ურთიერთობის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი.

– რა ამბავს გულისხმობთ?

– მეცამეტე საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. სამეფო კარმა მათთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მონღოლ ყაენთან – ბათუსთან ქართველთა დელეგაცია გაემგზავრა. ბათუ ჩინგიზ ყაენის უფროსი შვილიშვილი იყო და სწორედ ის ხელმძღვანელობდა მონღოლთა ახალ ლაშქრობას დასავლეთისკენ.

ქართველთა დელეგაციას ივანე მხარგრძელის ვაჟი, ამირსპასალარი და ათაბაგი ავაგ მხარგრძელი ხელმძღვანელობდა. მისი ეჯიბი კი ივანე ახალციხელის ვაჟი – დავითი იყო. გზაში დავითმა ავაგს შემდეგი რამ უთხრა: უცხო ხალხთან მივდივართ, უცხო ქვეყანაში, არ ვიცით მათი წეს-ჩვეულებები და ხასიათი, არ ვიცით როგორ შეგვხვდებიან. შესაძლოა, მტრულად დაგვხვდნენ. ამიტომ, მოდი როდესაც ჩავალთ და ყაენს ვეახლებით, წარვდგები მის წინაშე, როგორც მეთაური ელჩობისა და თუ რაიმე ცუდი განზრახვა ექნებათ მონღოლებს ჩვენს მიმართი, მე დამსჯიან როგორც ხელმძღვანელს, შენ და ელჩობის სხვა წევრები კი, ალბათ, გადარჩებით, რადგან მეთაურის დასჯის შემდეგ თქვენდამი რისხვა ნაკლები ექნებათ და დაგინდობენო. ასეც მოიქცნენ.

– რა შედეგი გამოიღო ქართველთა ასეთმა საქციელმა?

– ბათუ ყაენთან, პირველ შეხვედრაზე დავით ახალციხელი წარდგა, როგორც ქართველთა ელჩობის წინამძღვარი და ავაგ მხარგრძელი კი, როგორც მისი ეჯიბი. ასე განმეორდა რამდენიმე აუდიენციის დროს. როდესაც ქართველები დარწმუნდნენ, რომ ბათუ ყაენის მხრიდან მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდათ, გადაწყვიტეს, შემდეგ შეხვედრაზე უკვე ავაგი წარმდგარიყო როგორც უფროსი.

და აი, ბათუ ყაენთან შესვლისას წინ უკვე ავაგ მხარგრძელი მიდიოდა და უკან დავით ახალციხელი მიჰყვებოდა. ცხადია, ბათუ უკვე ორივეს იცნობდა სახეზე. დავითი მეთაურად მიაჩნდა და ამიტომ, ავაგის ასეთი საქციელი თავხედობად ჩათვალა და გაბრაზებულმა მიმართა: არ იცი, რომ შენი პატრონის წინ არ უნდა მოდიოდეო?! მაშინ დავითმა სიტყვა ითხოვა და ყაენს აუწყა, რომ ავაგი იყო პატრონი და საკუთარი საქციელის მიზეზიც აუხსნა.

– როგორ მოიქცა ბათუ ყაენი, მას შემდეგ, რაც სიმართლე შეიტყო?

– ბათუ ყაენი გაოცებული დარჩა დავით ახალციხელის მოყვასისადმი თავდადებით და განაცხადა: თუკი ქართველები ასეთი კარგი თვისებების მქონე ხალხია, ვბრძანებ, მთელი მათი სამფლობელოები მათვე დარჩეთ. მათ კი ყველა დიდი ნდობითა და პატივისცემით მოეკიდოსო.

დამეთანხმებით, მართლაც საოცარია, დავით ახალციხელის თავდადება, მით უმეტეს გარნისის ომის ამბავის ფონზე.


скачать dle 11.3