როდის ხდება „რქიანი“ და რატომ კბენს ადამიანებს თამუნა ჩანადირი
20 წლის თამუნა ჩანადირი დიდი ხანია, მოდელია და, პარალელურად საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე, მესამე კურსზე სწავლობს. თამუნას სილამაზის კონკურსებში მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს.
თამუნა: 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივიღე მონაწილეობა სილამაზის კონკურსში და გავხდი „მის დუშეთი“. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მოდელობას გავყოლოდი. ასევე ვმონაწილეობდი სილამაზის კონკურსებში: „მის საქართველო 2008“, „მის ამიერკავკასია 2008“ და გავხდი „ვიცე-მის ამიერკავკასია“. ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელობაზე და პირველი გამოცდილება სწორედ 13 წლის ასაკში მივიღე.
– ალბათ, პოდიუმზე გამოსვლა, ფოტოსესიებში მონაწილეობა დიდ სიამოვნებას განიჭებს.
– ძალიან სასიამოვნოა პოდიუმზე დგომა, როდესაც ხალხს მოსწონხარ, ტაშს გიკრავენ, ყურადღების ცენტრში ხარ. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღებაც, ამის გამოცდილებაც მაქვს.
– საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?
– მხიარულიც ვარ, კომუნიკაბელურიც. ზოდიაქოს ნიშნით „თხის რქა“ ვარ, შესაბამისად, ძალიან ჯიუტიც ვარ და ბუტიაც, ძნელად ვთმობ რამეს და ყველგან ჩემი გამაქვს.
– ბრაზიანიც ხარ?
– ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ წყენა იოლად მავიწყდება, არასდროს ვიტოვებ გულში.
– როგორია გაბრაზებული თამუნა?
– როცა ვბრაზდები, მაშინ „რქიანი“ ვხდები და ადამიანს „რქებით“ ვაწვები. ყვირილიც შემიძლია და სიტყვით „კბენაც“. თუ შევატყვე, რომ ადამიანი მაღიზიანებს, შეიძლება, სიტყვით ისეთი „ვუკბინო“, რომ მეორე დღეს გამარჯობაც არ მითხრას. მაგრამ, თუ ბოდიშს მომიხდის და ვხვდები, რომ ამას გულწრფელად აკეთებს, მაშინ შევურიგდები, თუ არა და, შევწყვეტ მასთან ურთიერთობას.
– იოლად ენდობი ადამიანებს?
– ადამიანების ამოცნობა ძალიან იოლად შემიძლია. საერთოდ, პიროვნებასთნ ერთხელ დალაპარაკების შემდეგ უკვე ვხვდები, რა უნდა ჩემგან, გულწრფელია თუ არა. შესაბამისად, ჩემი მოტყუება ძალიან ძნელია.
– როგორი გართობა გიყვარს?
– ძალიან მომწონს კლუბური ცხოვრება, ხშირად დავდივარ მეგობრებთან ერთად კლუბში. თუმცა, მათთან ერთად სახლშიც შემიძლია, კარგად გავერთო, ვგიჟობთ და ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს. ყველაზე მეტად წითელი ღვინო მიყვარს, ათ ჭიქამდე ავდივარ, მაგრამ არ მეტყობა ხოლმე.
– და როგორ ხასიათზე დგები?
– ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები, სიყვარულის ბუშტი მისკდება – როცა ვსვამ, ყველა მიყვარს.
– ნამდვილად გეყოლება თაყვანისმცემლები.
– კი მყავდა, მაგრამ ახლა შეყვარებული მყავს და ყველა ჩამოვიშორე.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას და უკვე მერე ვინტერესდები მისი შინაგანი სამყაროთი. მამაკაცი უნდა იყოს ზრდილობიანი, ვაჟკაცური, უნდა იცოდეს ქალის ფასი და შეძლოს მისი გულის დაპყრობა. რაც მთავარია, მამაკაცი უკომპლექსო უნდა იყოს და მენდობოდეს. როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სითბო, ყურადღება.
– თავად თუ ხარ თბილი ადამიანი?
– სითბოს ძალიან ძნელად გამოვხატავ, გულში მაქვს სითბო. სამაგიეროდ, საკმაოდ ყურადღებიანი ვარ.
– საყვარელი მამაკაცის მხრიდან კონტროლი მოგეწონება?
– მსუბუქი კონტროლი მისაღებია, მაგრამ, როდესაც ეს ზომიერებას დაკარგავს, მერე უკვე მოსაბეზრებელი ხდება. მამაკაცის მხრიდან მსუბუქად კონტროლს, აკრძალვებს გავუძლებ. თუ რაღაცას მთხოვს, შევუსრულებ, მაგრამ მისი მხრიდან ბრძანებლურ ტონს ვერ ავიტან.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცებს ქალების მხრიდან კონტროლი სჭირდებათ?
– ასე მგონია, მამაკაცს ქალის მხრიდან ხშირი კონტროლი ძალიან ჰბეზრდება. თუ ამას ყურადღების ფორმა აქვს, თბილად ჰკითხავ – სად ხარ, ეს მისაღებია, მაგრამ თუ ყოველ წუთში დაუწყებ რეკვას – სად ხარ, ვისთანო, – ის შენგან წავა.
– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?
– ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, რომ საყვარელ მამაკაცს ის მუდამ აინტერესებდეს; ხშირად უნდა გაუღიმო, თბილად მოექცე, უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს და კაცი არ წავა შენგან. ხშირად უნდა ჩაიდინონ სიგიჟეები ერთად, ერთმანეთს ყველაფერში უნდა აჰყვნენ და ასეთი ურთიერთობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.
– ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე უნდა გაიხსნას?
– ქალს ყოველთვის უნდა ჰქონდეს რაღაც დაფარული, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მამაკაცი სწორედ ამ რაღაცას ეძებდეს მასში. როდესაც ბოლომდე გახსნილი ხარ, და მამაკაცმა ყველაფერი იცის შენ შესახებ, მალე მობეზრდები. თუმცა, მამაკაცშიც უნდა იყოს რაღაც დაფარული, რომ ყოველთვის გიზიდავდეს და გაინტერესებდეს.
– ქალმა მამაკაცს ყოველთვის უნდა დაუტოვოს მისი დაკარგვის შიში?
– ქალსაც და კაცსაც უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის დაკარგვის შიში. მამაკაცს უნდა ეშინოდეს, რომ, თუ ყურადღებას მოადუნებს, არ გაუგებს, იეჭვიანებს, შეიძლება, ქალი დაკარგოს.
– შენ სიგიჟეები ახსენე.
– როდესაც ერთს რაღაც საინტერესო მოუვა აზრად, მეორეც უნდა დასთანხმდეს, უნდა აჰყვნენ ერთმანეთს – ეს ურთიერთობას უფრო მრვალფეროვანს გახდის.
– რას გააკეთებდი საყვარელი მამაკაცისთვის?
– ყოველთვის ვეცდები, თბილი ვიყო, ყურადღებიანი და ისე მოვექცევი, როგორც მას უნდა, რომ არ წავიდეს ჩემგან. როდესაც მამაკაცს თბილად, ყურადღებით ექცევი, არ მგონია, ამ ყველაფრის შემდეგ სხვისკენ გაიხედოს.
– ხშირად ამბობენ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვსო.
– დიახ, ქალმა ზომიერების ფარგლებში მკერდიც უნდა გამოაჩინოს და ფეხიც, მაგრამ, ისე არა, რომ სხვა გააღიზიანოს.