ბედის ტორეადორი
მე ცინიკოსი მეოცნებე ვარ... ადამიანი, რომელსაც ცალი ფეხი ცხოვრების იმ ნაწილში უდგას, რომელშიც ხშირად სიბნელეა, ხოლო მეორე – მზით განათებულში. მოკლედ, გაჩაჩხული ვარ, რა... გამბედაობა არ მყოფნის, ან ერთ მხარეს გადავიდე, ან მეორე მხარეს. ვაღიარებ, ლაჩარი გამოვდექი, მაგრამ ყველა გმირი ვერ იქნება. არც მე ვარ გმირი და, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გამოცანად დარჩება ჩემთვის, რომელ მხარეს ყოფნა უკეთესია...
ნიკუშამ სიგარეტის ბოლი ჭერისკენ გაუშვა და ნატუკას დახედა. გოგოს მის მკლავზე ედო თავი. თვალებმილულული იწვა და გრძელი, ლამაზი თითებით თავის შიშველ მკერდს ეფერებოდა. თითქოს არც უსმენდა კაცის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს. უცებ თვალები გაახილა და იდაყვებზე წამოიწია.
– რა იყო? – ჰკითხა ნიკუშამ. დაიხარა და მკერდზე აკოცა.
– შენ რომ გისმენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წიგნს ვკითხულობ, ოღონდ ძალიან ძველს. თანაც ფურცლებამოხეულს.
– ფურცლებამოხეულს რატომ?
– იმიტომ, რომ არც თავი აქვს და არც ბოლო.
– გინდოდა, გეთქვა, რომ არც დასასრული აქვს და არც დასაწყისი, – შეუსწორა ნიკუშამ და მოიღუშა.
– ჰო, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
– აქვს. შეიძლება, შენთვის არა... მაგრამ, გეშლება, დასასრული ყველაფერს აქვს. იმასაც კი, რასაც დასაწყისი არ ჰქონია.
– ეგ რაღაც ვერ გავიგე.
– ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და გაიგებ, – დასცინა ნიკუშამ და ცხვირის წვერზე ნაზად წაარტყა თითი. გოგომ ხელი აუკრა.
– ვერ ვიტან, როცა კაცი თავს ისულელებს.
– არც მიფიქრია, – შეცბა ნიკუშა, არ ელოდა ნატასგან ასეთ აგრესიას.
– არ უფიქრია, – გამოაჯავრა ნატამ, – თუ პატარა ვარ, გვერდით რატომ მიწვები, პედოფილი ხარ?
ნიკუშა წამოჭარხლდა. ნატა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
– ჰო, კარგი, ნუ იბერები. ეს ისე ვთქვი, შენს გასაბრაზებლად. არ მიყვარს, როცა ენას მიჩლექენ და მეთამაშებიან. ძალიან დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ. ასე რომ, უკვე გავიზარდე.
– მე არ ვიცი, როგორი იყავი პატარა. ასე რომ, მეპატიება, – თავი „გაიმართლა“ ნიკუშამ, – მაგარი ხეპრე ვარ, არა? რა ვქნა, ცხოვრებას ჩამოვრჩი. შენნაირ გოგოებთან ურთიერთობის გამოცდილება არ მაქვს.
ნატამ ტანზე ზეწარი შემოიხვია და წამოჯდა:
– სიგარეტი მომაწევინე.
– აი, გამომართვი, ახლა მოვუკიდე. ისე, არ მომწონს, ქალი ლოგინში რომ ეწევა.
ნატუკამ თვალები მოჭუტა და ჩაიცინა. სიგარეტიანი ხელი ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ მოწევა გადაიფიქრა და სიგარეტი ისევ უკან დაუბრუნა.
– ნახე, როგორი მორჩილი გოგო ვარ! მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როცა ეს მე თვითონ მინდა. კიდევ მითხარი, რა, რამე...
ნიკუშას გაეღიმა მის გულუბრყვილო თხოვნაზე.
– რა გითხრა?
– კიდევ მითხარი რამე, ბრძნული და უცნაური. ძალიან მართობ. ყველას ასე ვერ დაელაპარაკები.
– ხომ გითხარი, იშვიათი ექსპონატი ვარ-მეთქი. სამუზეუმე. როგორც კი კარგ ფასს შემომთავაზებენ, მაშინვე მივალ და ვიტრინის მინის ქვეშ დავწვები.
– ჯერჯერობით აქ წევხარ, ჩემთან, – შეახსენა ნატუკამ, – ჰო, მართლა, რატომ დამირეკე?
– იმიტომ, რომ ტელეფონის ნომერი დამიტოვე. ხომ უნდა მესარგებლა? თანაც, მაინტერესებდა, მატყუებდი თუ არა.
ნატუკას გაეღიმა.
– მე არასოდეს ვიტყუები. თუ ვინმესთან ურთიერთობა არ მინდა, პირდაპირ ვეუბნები და ტელეფონის ნომერსაც არ ვუტოვებ.
– ესე იგი, შემეშალა. ბოდიშს გიხდი.
– არა უშავს. სხვა დროისთვის გეცოდინება. რას ამბობდი წეღან, როგორი ვარო?
– ცინიკოსი მეოცნებე-მეთქი.
– არა, არა, გაფშეკილიო... ცალი ფეხით – აქეთ, მეორე – იქით...
– გაფშეკილი კი არა, გაჩაჩხული. არ იცი, ეგ რა არის? თუმცა, შენ როგორ არ გეცოდინება,
– შეურაცხყოფას რატომ მაყენებ, დავაშავე, რომ მოვედი?
– ნუ გწყინს. ზოგჯერ ასე იდიოტურად ვხუმრობ ხოლმე. ცივილიზებული ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ისე, ცივილიზაცია მაგარი რამაა. არანაირი რისკი და სიგიჟე, მხოლოდ სტაბილურობა და სიმშვიდე... მაგრამ, მე რომ სწორედ ეს სიგიჟე მინდა? აი, რატომ ვარ გაჩაჩხული. აი, რითი განვსხვავდებით ერთმანეთისგან. შენს შემთხვევაში გაჩაჩხვა მომგებიანია, ჩემს შემთხვევაში – წამგებიანი. ოღონდ, ისევ არ გაიბუსხო. ეს ისე, უბრალოდ, ვმსჯელობ.
– იმსჯელე, იმსჯელე... თუმცა, მერჩივნა, ყავა მაინც მოგედუღებინა ჩემთვის.
– პირველად რომ იყავი აქ, მშვენივრად გაართვი თავი მაგ საქმეს. ასე რომ, ახლაც მოახერხებ რაღაცას.
– მოკლედ, შენს მოსამსახურედ მაქციე...– აბუზღუნდა გოგო, – შენს მაისურს ავიღებ..
– ნუ ადგები, არ მინდა ყავა, ეს ისე გითხარი.
– მე მინდა, ჩემთვის უნდა მოვიდუღო.
– მაშინ, მოიცადე, მეც გამოგყვები. სამზარეულოში ისეთი უწესრიგობაა, მეც კი მრცხვენია.
ნიკუშამ თავისი მაისური გოგოს გადაუგდო. თვითონ მხოლოდ შარვალი ამოიცვა და ნატას სამზარეულოსკენ გაუძღვა. დერეფანში დაწინაურდა და სამზარეულოში შესულმა, მაგიდაზე თუ თაროებზე უწესრიგოდ მიმოფანტული ნაგვის მოგროვება და პარკში ჩატენვა დაიწყო.
ნატუკა სიბრალულით უყურებდა მის საქმიანობას.
– შენ, გეტყობა, მართლა არავინ გყავს. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ სამზარეულოში დიდი ხანია, ქალი იშვიათი და უცხო ხილია.
– უცხო ხილისა რა მოგახსენო, მაგრამ აქაურობა მართლა არავის დაულაგებია დედაჩემის სიკვდილის შემდეგ. თუმცა, არა. ვიღაც-ვიღაცეებს ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ მე არ მიყვარს, როცა უცხო ადამიანი ხელოვნურ მზრუნველობას იჩენს, ვითომდა უანგაროდ გემსახურება, სინამდვილეში კი საკმაოდ შორს მიმავალი და სერიოზული მიზნები აქვს.
– მე? – ჰკითხა ნატამ და თვალები მოწკურა.
– რა, შენ?
– მე რა მიზნები მაქვს?
– შენ?! – ნიკუშა ყასიდად ჩაფიქრდა, მერე შეკითხვის დაკონკრეტება სცადა: – ჩემთან დაკავშირებით თუ საერთოდ?
– საერთოდ რა მიზნები მაქვს, მაგას შენ კი არა, გამოცდილი ექსპერტ-ფსიქოლოგიც ვერ იტყვის. მართლა სულელი ხომ არ გგონივარ? შენთან დაკავშირებით რა მიზნები შეიძლება მქონდეს-მეთქი.
– ჰოო, საინტერესო შეკითხვაა, – ნიკუშამ წინსაფარი აიფარა და დასარეცხი ჭურჭელი ონკანის ნიჟარაში ჩააწყო. ნატას გაეცინა.
– რა გაცინებს? – გაუკვირდა კაცს.
– პროფესიონალ ჭურჭლის მრეცხავს ჰგავხარ. წინსაფარი ძალიან გიხდება.
– წესით, ამას შენ უნდა აკეთებდე, მაგრამ ვერ გაკადრებ, ისეთ საქმეში ხარ პროფესიონალი, რომ ჭურჭლის რეცხვამ, შეიძლება, რეიტინგებში ქვემოთ დაგწიოს.
– საშინელი ვინმე ხარ, – ენა გამოუყო გოგომ, – მაგრამ ძალიან ვერთობი შენთან.
– აი, ხედავ, შენს შეკითხვასაც თავად გაეცი პასუხი, – გაუხარდა ნიკუშას.
– რომელ შეკითხვას.
– ხომ მკითხე, შენთან დაკავშირებით რა მიზნები შეიძლება მქონდესო. ერთობი ჩემთან, მიზანი არ არსებობს. იცი, რომ ამ ურთიერთობიდან სახეიროს სხვას ვერაფერს გამოადნობ.
– და, შენ ფიქრობ, რომ მე გართობისთვის მცალია? – ნატუკამ ფრთხილად დაასხა ყავა ფინჯნებში და კაცს მიაშტერდა.
– რატომაც არა, მე შენთვის ერთგვარი განტვირთვა ვარ. საინტერესო ექსპონატი. ორიგინალურიც. ესეც საჭიროა, მარტო ფულით დიდხანს ვერ შეიქცევ თავს.
– ჰო, ფული ნამდვილად არ გაქვს. სიმართლე რომ გითხრა, მიკვირს. შენ ხომ ლევანის მეგობარი ხარ. თანაც, როგორც მე ვიცი, ბავშვობის მეგობარი.
– მერე რა, შენ გგონია, ლევანი ამისთვის ხელფასს მიხდის?
– მაგდენს მეც ვხვდები, მაგრამ ხომ შეუძლია, კარგი სამსახური გიშოვოს?
– ალბათ, შეუძლია, – ნიკუშამ ყავა მოსვა, – იმ დღეს უკეთესი გამოგივიდა.
– რა? – ვერ მიხვდა გოგო.
– ყავა... თორემ „იმ“ საქმეში ხუთიანს გიწერ. თუმცა, ახლა ხუთოსნებს ათიანებს უწერენ. ეე, მაგრად ჩამოვრჩი ამ ცხოვრებას.
– ეგეც უფულობის ბრალია?! – თანაუგრძნო ნატამ.
– არა, მარტო უფულობის არა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– იმიტომ, რომ არ მენდობი?
– იმიტომ, რომ მეზარება. აქ ინტელექტუალური საუბრებისთვის არ მომიყვანიხარ. ყავას დავლევთ და სამწყობრო ნაბიჯით საწოლისკენ იარ!
– ამის მერე კიდევ იტყვი, ორიგინალური ვარო... – თავი გადააქნია გოგომ.
– ვა, აბა, რა უნდა ვქნათ, წინ მთელი ღამეა. ჯოკერს ხომ არ გეთამაშები?
– ვინ გითხრა, რომ შენთან მთელი ღამე ვაპირებ დარჩენას? – გამოაჯავრა ნატამ, – ახლა ყავას დავლევ, ტაქსის გამოვიძახებ და წავალ.
– სად წახვალ? ვინ გიშვებს? – ნიკუშა ხელზე მოეფერა გოგოს, – არ მინდა, რომ წახვიდე, მართლა...
– არ უნდა, რომ წავიდე, – გამოაჯავრა ნატამ, – თავის შეცოდება კარგად გამოგდის.
– მე გაცოდებ თავს? – გაიკვირვა კაცმა, – მე?!
– დიახ, შენ და გაოცებას ნუ თამაშობ, ცუდი მსახიობი ხარ. რატომ თქვი, დედა მკვდარი მყავსო?
– იმიტომ, რომ მართლა მკვდარი მყავს.
– დედა კი არა, მამა გყავს მკვდარი.
– დედაც და მამაც... მოიცა, შენ ლევანმა მოგაწოდა ჩემზე დაზუსტებული ინფორმაცია?
– ლევანს არაფერი უთქვამს, თავად მივხვდი.
– ოჰო?!
– ოჰო! დიახ, ოჰო! გეუბნები, სულელი არ ვარ-მეთქი და არ გჯერა.
– ნელ-ნელა ვიჯერებ. მაინც, როგორ მიხვდი?
– სხვათა შორის, საკმაოდ მარტივად. ჯერ ერთი, დედაშენს რაღაცნაირი ფარული ბოღმითა და აგრესიით ახსენებ. გარდაცვლილებზე ასე არ ლაპარაკობენ. მტერიც რომ იყოს, მაშინაც კი.
– ვაა, მაოცებ, პატარავ, – ნიკუშა უხერხულად აწრიალდა.
– მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია. როცა მამაშენი ახსენე, ისეთი სევდა ვიგრძენი, გული შემეკუმშა. მზერაც ისეთი გქონდა, ვიფიქრე, სადაც არის ატირდება-მეთქი. სამაგიეროდ, დედის ხსენებაზე ისე გამომხედე, შემეშინდა. და, კიდევ, სურათი.
– რა სურათი?
– დედაშენის სურათი ვერ დავინახე ვერსად. ეს უცნაურად არ გეჩვენება?
– აი, აქ ცოტა გეშლება. სურათი არაფერ შუაშია, – ნაძალადევად გაიღიმა ნიკუშამ.
– არაფერიც არ მეშლება, – ნიშნი მოუგო გოგომ, – გარდაცვლილის სურათების გამოფენის წინააღმდეგი რომ იყო, მაშინ არც მამაშენის სურათს დადებდი კომოდზე. იმას ხომ ვერ იტყვი, რომ დედაშენის სურათი არ გაქვს?
– ნატუკა, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– აჰა, ესე იგი, ყველაფერს სწორად მივმხვდარვარ.
– არ მინდა-მეთქი ამაზე ლაპარაკი! – მოიღუშა ნიკუშა, – თუმცა, გილოცავ, ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი ხარ, ოღონდ, კაბაში.
– ეგ ვინღაა? – გულწრფელი გაოცებით იკითხა ნატამ.
ნიკუშამ ხელები გაშალა აღშფოთების ნიშნად და თავი სინანულით გადააქნია.
– როგორ ვთქვა, უტვინო ხარ-მეთქი, როცა ამ წუთში გავხდი მოწმე შენი დედუქციური უნარის ამოფრქვევისა, მაგრამ... შერლოკ ჰოლმსი არ იცი, გოგო?!
– ჰო. არ ვიცი. უნდა ვიცოდე?
– ალბათ, არა, – ამოიოხრა ნიკუშამ, – მე რომ ვიცი, რა, მერე?! არ გჭირდება, შენ მართლა არ გჭირდება. უამისოდაც მშვენივრად აიწყობ ცხოვრებას, რაც მე ვერ შევძელი...
კარი ისე უხმაუროდ გაიღო, რომ ლევანს კაბინეტში სტუმრის შესვლა არ გაუგია. მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როცა ბატონმა ზურაბმა სავარძელში მოიკალათა და ოთახი კმაყოფილი, თავდაჯერებული კაცის მზერით შეათვალიერა.
– კარგად მოწყობილხარ, ვერაფერს იტყვი. ამ ხელისუფლებას რაც ნამდვილად არ ეშლება, საკუთარი თავის პატივისცემაა.
ლევანმა კომპიუტერი გამორთო და სიმამრს ირონიული ღიმილით დაუქნია თავი:
– აჯობებდა, გეთქვათ, რომ კარგი მასწავლებლები გვყავდა და ჩვენც არ გამოვდექით ცუდი მოსწავლეები.
– ჰმ! – ბატონმა ზურაბმა მაგიდის გაპრიალებულ ზედაპირზე თითები აათამაშა. სიძის უტიფარი, გამომწვევი ტონი ნერვებს უშლიდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ მასთან დაყვავება იყო საჭირო. გაჯიუტებულ ლევანთან ლაპარაკი შეუძლებელი ხდებოდა.
– სხვათა შორის, იმას, ვინც ამ კაბინეტში შენამდე იჯდა, მეტი რიდი და პატივისცემა ჰქონდა ჩემი.
ლევანს ჩაეცინა.
– აქ ამის სათქმელად მობრძანდით? ბატონო ზურაბ, სენტიმენტალური გამხდარხართ, სიბერე ხომ არ შემოგეპარათ?
ბატონი ზურაბი ყაყაჩოსავით გაწითლდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა სიძესთან ჩხუბის დაწყება. ლევანს არ გამოჰპარვია სიმამრის საფეთქელთან ამობერილი, ძულუმად მფეთქავი ძარღვი და მისი კბილების ღრჭიალიც გაიგონა. ნეტარებდა, როცა სიმამრს პატარ-პატარა შეტაკებებს უგებდა.
– საქმეზე მოვედი. სახლში შენ ვერ გნახავს ადამიანი, ჩემმა შვილმაც არ იცის, სად ხარ.
– ბატონო ზურაბ, შვილის ადვოკატობა იკისრეთ? თქვენმა მეუღლემ ყოველთვის იცოდა თქვენი ადგილსამყოფელი? გინდათ, იმაში დამდოთ ბრალი, რაშიც თავად იყავით დახელოვნებული?
– არაფერი არ მინდა. თქვენი ურთიერთობა თქვენი ურთიერთობაა. საქმეზე მოვედი-მეთქი!
– ჰოო, მე რომ არ მიყვარს, როცა პირად საქმეზე კაბინეტში მაკითხავენ?! საერთოდ, როგორ შემოხვედით? ჩემი მდივანი სად ბრძანდება?
– მდივანმა იცის, ვინ უნდა შემოუშვას შენთან და ვინ – არა, მის დასჯას აზრი არ აქვს.
– მაგას მე გადავწყვეტ, – ლევანმა მაცივრიდან მინერალური წყალი გამოიღო და ჭიქები შეავსო, – კარგი. რამ შეგაწუხათ, ბატონო ზურაბ? ხომ გითხარით, თუ რამე ახალი ინფორმაცია მექნება, დაგიკავშირდებით-მეთქი. ჯერჯერობით, სიტუაცია უცვლელია.
– ასეც ვიცოდი, – ბატონმა ზურაბმა ერთ ყლუპად გამოცალა ჭიქა და შუბლზე მოისვა ხელი.
– რა იცოდით? – მოთმინება დაეკარგა ლევანს.
– წუხელ ტელევიზორისთვის არ გიყურებია?
– სერიალების მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, ეს პენსიონერების საქმეა.
ბატონმა ზურაბმა ისევ გადაყლაპა წყენა:
– მე საინფორმაციო გამოშვებას ვგულისხმობდი.
– რა მოხდა? თქვენი ბაბუ ხომ არ ბრუნდება? – დასცინა ლევანმა და ზურაბმაც იფეთქა.
– გეყოფა, თორემ შენს მინისტრობასაც ფეხებზე დავიკიდებ და გასწავლი, უფროსებს როგორ უნდა ელაპარაკო! ისე იქცევი, თითქოს ჩემთვის მინდოდეს ის ფული. საფლავში თან ხომ არ წავიღებ. ორმილიონიანი კუბოთი ჯერ არავინ დაუმარხავთ და არც მე მოგთხოვთ ამას. თინიკო ჩემი ერთადერთი შვილია, შენ კი, მისი ქმარი ხარ. ისე მეჯიბრები, თითქოს მტერი ვიყო თქვენი.
– „თქვენი“ არა, ჩემი! – წარბი შეიკრა ლევანმა, კომპიუტერი ჩართო და ინტერნეტი გახსნა, – რომელ არხს ვუყურო?
– რომელსაც გინდა, – ზურაბმა მაგიდიდან საფერფლე აიღო, – სავარძელში გადაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
ლევანმა მალე მიაგნო იმას, რასაც ეძებდა. სიუჟეტს ჩუმად უყურა და თვითონაც სიგარეტს მოუკიდა.
– ხედავ? რას გეუბნებოდი? კიდევ გაქვს რამე ეჭვი?
ლევანმა მაშინვე არ უპასუხა.
– ორ მილიონ ევროზეა ლაპარაკი, ორ მილიონზე!..
– ეგ მხოლოდ ვარაუდია, – ჩაილაპარაკა ლევანმა.
– რას ნიშნავს – „ვარაუდია“? – გაცხარდა ზურაბი, – სიუჟეტს ხომ უყურე?
– რომ ვუყურე, იმიტომაც ვამბობ. ექსპერტები ჯერ მხოლოდ ვარაუდობენ.
– სულელი ჟურნალისტების ინტერპრეტირებული კომენტარის გჯერა და ჩემი არა? მე თავიდანვე ვიცოდი, რასთან მქონდა საქმე.
– ჰოო?! იცოდით და მაინც გააჩუქეთ? ისეთი კეთილიც რომ არ ხართ, ხელგაშლით არიგებდეთ მილიონებს?! თუ, ვნებამ დაგიხშოთ გონება?
– წესიერად მელაპარაკე, ლაწირაკო! ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
– ბატონო ზურაბ, ხომ არ დაგავიწყდათ, სად იმყოფებით?
– არა.
– მაშინ, კეთილი ინებეთ და უფრო კორექტული იყავით. მით უმეტეს, რომ ხვდებით, მართალი ვარ. ორ მილიონ ევროდ შეფასებული ნახატი გააჩუქეთ და კიდევ ჩემზე ბრაზობთ? უცნაური ხალხი ხართ. ცდილობთ, სხვებს გადააბრალოთ საკუთარი დანაშაული. ჩვენი არაფერი მოგწონთ, იმიტომ რომ, თქვენგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს. საინტერესოა, მაშინ რაზე ფიქრობდით?
ზურაბმა პერანგის ღილი შეიხსნა და საყელო მოიღეღა:
– შენ არაფერი იცი, აბსოლუტურად არაფერი...
– რაც ვიცი, ისიც საკმარისია. ესე იგი, იმან უკვე იცის, რა განძის პატრონიც აღმოჩნდა, თქვენი წყალობით. სიტუაცია გართულდა.
– რა თქმა უნდა, გართულდა, იმიტომაც გაჩქარებდი. შენ კიდევ ვერ წარმოგიდგენია, რა სირთულეებს წარმოქმნის ეგ სიუჟეტი. ახლა ეცდებიან, იმ ქალბატონს დაუკავშირდნენ, ინტერვიუები ჩაწერონ მასთან. შეიძლება, დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღონ.
– გეშინიათ, რომ ქალბატონი დიანა გაიგებს თქვენი წარსული ცოდვების ამბავს?
– ქალბატონი დიანა არაფერ შუაშია. მე იმის მეშინია, რომ შენ და ჩემი შვილი მილიონებს დაკარგავთ, თანაც, როგორ მილიონებს – კანონიერს, გათეთრება რომ არ სჭირდება!
– ფულზე გაგიჟებული არასოდეს ვყოფილვარ.
– ჩემთან თამაში საჭირო არ არის. გითხარი, ეგ ფული ჩემთვის არ მინდა-მეთქი.
ლევანმა შუბლი მოისრისა:
– მაინც არ მესმის, მე რატომ გამრიეთ ამაში. ხომ შეგეძლოთ, სხვა საშუალება გამოგენახათ?
– მაგალითად?
– მაგალითად, მიგემართათ კრიმინალური სამყაროსთვის, რომლებთანაც ძველი მეგობრობა და სიმპათიები გაკავშირებთ. დარწმუნებული ვარ, არ გაუჭირდებოდათ ერთი ნახატის მოპარვა.
– დატოვეთ ვინმე? – შეიჭმუხნა ზურაბი.
– თავს ნუ მაცოდებთ. კავშირები რომ ისევ გაქვთ, სხვამ თუ არა, მე მაინც ვიცი.
– მეც ვიფიქრე ამაზე, მაგრამ არ გამოვა. ეს ოჯახური საქმეა და ოჯახშივე უნდა მოგვარდეს.
– თუ სწორად მივხვდი, არ გინდა, ვინმე წილში ჩაგიჯდეს. იცი შენი მეგობრების ამბავი და შიშობ, რომ იმაზე მეტს წაგღლეტენ ვიდრე შენ დაგრჩება.
– ესეც არის, რატომ უნდა მივცეთ ვიღაც ქურდს ფული, როცა საქმის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია?
– ადრე, როგორც ვიცი, ამის პრობლემა არ გქონია. მშვენივრად იყოფდით ფულს ერთმანეთში ისე, რომ არც კი ჩხუბობდით.
– ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რა იყო. მით უმეტეს, რომ ამას ჩვენს საქმესთან კავშირი არ აქვს.
– მაშინ, დანარჩენზე სახლში ვილაპარაკოთ.
– აქ რა გვიშლის ხელს?
– ჩვევად არა მაქვს პირადულზე სამსახურში ლაპარაკი. თანაც ერთ საათში ჟურნალისტი უნდა მოვიდეს ინტერვიუზე, მერე მთავრობის სხდომაა დანიშნული.
– ესე იგი, შუაღამემდე ვერ მოიცლი...
– რა ვქნა, ბატონო ზურაბ. აქ კი არ ვთამაშობ, – ხელები გაშალა ლევანმა. ზურაბმა მის მზერაში ირონია შენიშნა, მაგრამ აღარ შედავებია.
– კარგი, წყნეთში ამოდი.
– ჯერ სახლში უნდა გავიარო, თორემ თინიკო ყოველდღე ეჭვიანობის სცენებს მიწყობს. ხომ არ ჩაგვეყენებინა საქმის კურსში?
– გაგიჟდი? თინიკოღა მაკლია თავისი იდიოტური შეკითხვებით.
ლევანმა ჩაიცინა.
***
თინიკოს არ გაჰკვირვებია ნათიას დანახვა, ელოდა კიდეც მის ვიზიტს. დარწმუნებული იყო, რომ ქმრის მეგობრის ცოლი აუცილებლად მასთან მივიდოდა რჩევის საკითხავად. ღიმილით მიეგება და ოთახში შეუძღვა. მანამდე კი გულდასმით შეათვალიერა.
– არაჩვეულებრივად გამოიყურები, საყვარელო! დათომ მითხრა ახალი ამბავი და ძალიან მიხარია. ბავშვი თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
– ჰო, ვიცი – ნათიას მოწყენილი ხმა ჰქონდა.
– საყვარელო, მოხდა რამე? ხომ არ იჩხუბეთ? დათო ხომ არ გაბრაზებს?
– სწორედ მაგაზე სალაპარაკოდ მოვედი შენთან. მაგრამ, ჯერ ის მითხარი, აქ რა მოხდა?
– რაზე მეკითხები? – ვითომ ვერ მიხვდა თინიკო.
– მართლა აუზში ჩავარდა?
– აა, ჰოო... ჩავარდა. დაულევიათ და ვეღარ შენიშნა, აუზში წყალი რომ არ ესხა. იმ დილით დავცალე უნდა გაეწმინდათ.
– ანუ, შენ სახლში არ იყავი? არ გინახავს, მართლა მოხდა ეს, თუ არა? – ნათია აფშლუკუნდა, – მე კი ვიფიქრე, შენ მაინც გამიფანტავდი ეჭვს. ლამის გადავირიო. ძალიან ვნერვიულობ. სამი დღე, ზედიზედ, გამთენიისას მოვიდა სახლში. ნიკუშაზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ ბიჭები და ვეღარ შევნიშნე, დრო როგორ გავიდაო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი, ვიფიქრე, სინდისი შეაწუხებს და ჭკუას მოუხმობს-მეთქი, მაგრამ უარესი არ გააკეთა?! ნაცემ-ნაბეგვი მომადგა სახლში. მაშინვე მინდოდა, შენთვის დამერეკა, მაგრამ იმდენი იწუწუნა და იკვნესა, იმდენი იფიცა და მეფერა, რომ... მოკლედ, რა ვუყო ამ კაცს აღარ ვიცი. სადღაც წაუკითხავს, რომ ფეხმძიმე ქალს, შეიძლება, აკვიატებული იდეები და ჰალუცინაციებიც კი ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რამე რომ ვუთხრა, მაშინვე ჩემს ორსულობას დააბრალებს ყველაფერს და შეიძლება, ექიმთანაც გამაქანოს. შენ რას მირჩევ?
თინიკომ პასუხად ალერსიანად გაუღიმა:
– მოდი, ჯერ წვენს მოგიტან და ჩინური რესტორნიდან რამე გემრიელს ამოვატანინებ, გუნება რომ გამოგიკეთო და ცოტა გაგამხიარულო. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
– არ მშია, მადა საერთოდ არ მაქვს. ძალიან ვნერვიულობ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც კახპას გამო იჩხუბა და მიმალავს.
– რა სისულელეა! დათო ისეთი არ არის, რომ კახპას გამო იჩხუბოს. ვახოზე რომ გეთქვა, კიდევ დავიჯერებდი, მაგას ნამდვილად აქვს მიდრეკილება უზნეობისკენ.
– ჰო, მეც ვფიქრობ, რომ საერთოდაც, ვახო ახდენს ცუდ გავლენას ჩვენს ქმრებზე. სამი ცოლი გამოიცვალა და სამს კიდევ მოასწრებს, ისეთი ტემპი აქვს აღებული. საწყალ ნიკუშას კი ერთიც ვერ მოუყვანია.
თინიკო რაღაცაზე ჩაფიქრდა.
– ისე, ძალიან საეჭვოდ გაუცხოველდათ პასუხისმგებლობის გრძნობა ნიკუშას მიმართ, – ჩაილაპარაკა ხმადაბლა, უფრო საკუთარი ფიქრების პასუხად.
– საეჭვოდ რატომ? დათო ყოველთვის განიცდიდა მის ამბავს. ყოველკვირა მიდიოდა და ფულს უტოვებდა. ამაში საეჭვოს ვერაფერს ვხედავ, – მხრები აიჩეჩა ნათიამ.
– აბა, აუზის ამბავს ნუ განიცდი. არ გატყუებს.
– ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ, საკუთარი თვალით ხომ არ გინახავს?
– როგორ ჩავარდა, ის არ მინახავს, თორემ ყინული და სველი საფენი ჩემი ხელით დავადე სახეზე. ისე, სწორს შვრები, რომ არ ენდობი. ყურადღება არ უნდა მოადუნო, სულ გაძვრომაზე უჭირავთ თვალი. თანაც, ერთმანეთს ხელს აფარებენ... საზიზღრები!
– ჰო, საზიზღრები! – მაშინვე დაეთანხმა ნათია, – მე უნდა ვიწვალო, ცხრა თვე მუცლით უნდა ვატარო მისი შვილი. სულ მალე, რას დავემსგავსები ხომ წარმოგიდგენია? მერე უნდა გავაჩინო, გავზარდო... რა ენაღვლება, თვითონ რესტორანში დაჯდება და ჩვენს სადღეგრძელოს დალევს. მერე, პირნათელი კაცივით, თავისი ვალი ღირსეულად რომ შეასრულა, მოვა და ყვავილებსაც მომიტანს.
– რას იზამ, შენ გამონაკლისი არ ხარ. როგორ გგონია, რატომ არ ვაჩენ შვილს? იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ჯერ არ იმსახურებს ჩემგან ასეთ საჩუქარს.
– მე კი მეგონა, რომ...
თინიკომ მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი:
– ვიცი, რაც გეგონა – რომ შვილი არ მიჩნდება. არა, ჩემო კარგო. მე რომ შვილის გაჩენა შემიძლია, ეს რვა წლის წინ დავამტკიცე. მართალია, ზუკაკოს მამა ლევანი არ არის, მაგრამ მით უარესი მისთვის. ფაქტია, რომ მე არ ვარ უშვილო.
ნათიამ შეკრული წარბი გახსნა:
– ცოტათი გულზე მომეშვა, არც შენ ხარ ჩემზე უკეთეს დღეში.
– მეე?! რას ამბობ! მე ვცდილობ, იმას შევუქმნა დისკომფორტი და დავანახვო, როგორ გაუმართლა, რომ მე ვარ მისი ცოლი.
– ამას როგორ ახერხებ?
– არ არის ძნელი. თუ გინდა, გასწავლი. ისიც ვიცი, კაცს ნერვები ისე როგორ უნდა მოუშალო, რომ ვერაფერში დაგადანაშაულოს. არაჩვეულებრივი მეთოდი მაქვს ამისთვის.
– ლევანზე ნაცადი გაქვს ეგ მეთოდი? – გამოცოცხლდა ნათია.
– აბა, რა! ყოველთვის ჭრის. ერთი ეს მითხარი, საყიდლებზე მარტო ხომ დადიხარ?
ნათიამ თავი დაუქნია.
– ძალიან კარგი. – გაიცინა თინიკომ, – ფულს გაძლევს ხოლმე თუ მისი საკრედიტო ბარათით სარგებლობ?
– ხან როგორ და ხან – როგორ, გააჩნია, რა მაქვს საყიდელი. რატომ მეკითხები?
– ვერაფერს მიხვდი? – თინიკომ ეშმაკურად მოწკურა თვალები, – ვერც ახლა?
– ვერა. მითხარი, რა?!
– შენს ქმარს ბევრი ფული უნდა დაახარჯვინო, რაც შეიძლება ბევრი. ჭკუიდან უნდა შეშალო შენი ხელგაშლილობით. ეს ისეთი თერაპიაა, რომელიც ყოველთვის ამართლებს. მით უმეტეს, რომ მიზეზიც მშვენიერი გაქვს, – თინიკომ ოდნავ გამობზეკილ მუცელზე მიუთითა. – ხმასაც ვერ გაგცემს, თუ ყველაფერს პატარასთვის შეიძენ. თან, ბავშვის ტანსაცმელი და ნივთები, ისეთი ძვირი ღირს...
– წინასწარ ყიდვა რომ არ ვარგა? თანაც, ვერ ვხვდები, რა დააკლდება დათოს იმით, რომ მე ფულს დავხარჯავ? ძუნწი სულაც არ არის. მეხვეწება ხოლმე, მითხარი, რა გიყიდო, რომ გამიღიმოო. არა, ეგ მეთოდი ჩემს ქმართან არ გაჭრის, რამე სხვა უნდა მოვიფიქროთ.
– მერე როგორ გაჭრის! შენ მე დამიჯერე. წარმოიდგინე, ჯიბეში ფულს რომ არ დაუტოვებ, სადღა წავა, უფულო ვის რაში სჭირდება, ვინ გადაირევა მისთვის?! მაგრამ ბევრი უნდა დახარჯო, ძალიან ბევრი. თუ გინდა, ამაშიც დაგეხმარები – გაგყვები მაღაზიებში და ნახავ, რა მალე აკრუსუნდება შენი ქმარი.
ეს სიტყვები თინიკომ ისეთი ღვარძლით წარმოთქვა, რომ ნათიას შეეცოდა კიდეც ქმარი. მაგრამ თინიკოს აღარ შეკამათებია. მოსამსახურის მოტანილი, ვაშლის ახალგამოწურული წვენი დალია და მუცელზე ფრთხილად მოისვა ხელი.
– ესე, იგი, მართლა აუზში ჩავარდა?
– შენ ისევ მაგაზე ფიქრობ? საყვარელო, არც ერთი კაცი არ ღირს იმად, რომ თავი აიტკივო მასზე ფიქრით. გითხრა – ჩავვარდიო, რატომ არ უნდა დაუჯერო?
– იმიტომ, რომ, შეიძლება, ტყუილი იყოს.
– მით უარესი დათოსთვის. მაგრამ მე ვიცი, რომ არ გატყუებს. აი, ჩემი ქმარი კი რაღაც ძალიან სერიოზულს მიმალავს და აუცილებლად უნდა გავიგო, რას. ეჭვი მაქვს, დათოც საქმის კურსშია.
– ჩემი დათო?
– დიახ, შენი დათო და ჩემი მეთოდის გამოყენების შემდეგ უფრო დამყოლი რომ გახდება, შენ მომიპოვებ საჭირო ინფორმაციას.
ნათიამ თავი დაუქნია, თუმცა წესიერად ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა მისი მასპინძელი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში