ვისზე გაცვალა ახალგაზრდა და სექსუალური ბრიტანი მერფი ეშტონ კატჩერმა და რა დაწერა მან თავის ბლოგში მისი გარდაცვალების შემდეგ
„შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი“ – ასე გაიფიქრა პლანეტის დიდმა ნაწილმა, როდესაც მოისმინა ინფორმაცია ახალგაზრდა, იმედის მომცემი ჰოლივუდელი ვარსკვლავის, ბრიტანი მერფის გარდაცვალების შესახებ. 2009 წელი ისედაც საკმაოდ მძიმე გამოდგა მსოფლიო შოუ-ბიზნესისთვის: მაიკლ ჯექსონის, დევიდ ქერედაინის, ნატაშა რიჩარდსონის და პატრიკ სუეიზის გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ეთაყვანებოდა ამ „სელებრითებს“, არ გამოსულა დეპრესიიდან, მაგრამ ბრიტანის მოულოდნელი სიკვდილი ნამდვილ ტრაგედიად იქცა მსახიობის ათასობით ფანისთვის და არა მარტო მათთვის. ბრიტანი, სულ რაღაც, 32 წლის იყო და მას ხანგრძლივი სიცოცხლე და ვარსკვლავური კარიერა ელოდა წინ.
ბრიტანი ენ ბერტოლეტი 1977 წლის 10 ნოემბერს, შერონ მერფისა და განგსტერ ანჯელო ბერტოლეტის ოჯახში დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. იგი ბავშვობიდან არაჩვეულებრივი ნიჭით იყო გამორჩეული თავის თანატოლებში. წლინახევრის ასაკში მან ლაპარაკი დაიწყო, ხოლო 3 წლისა უკვე წიგნებს კითხულობდა. იმ პერიოდში მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ და შერონმა ქალიშვილი საკუთარ გვარზე გადაიყვანა. გარდა ნიჭიერებისა, ბრიტანი ძალიან სიმპათიური ბავშვი იყო. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში სწავლის პერიოდში ის თეატრით დაინტერესდა. 9 წლის ასაკში ბრიტანი სკოლის სამოყვარულო თეატრში თამაშობდა, ხოლო 13 წლისას უკვე აქტიურად იღებდნენ სხვადასხვა სარეკლამო რგოლებში. 1990 წელს ბრიტანი დედასთან ერთად კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. მალე ის ახალგაზრდულ კომედიურ სერიალ „აყვავებაში“ მიიწვიეს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად, სადაც მის გარდა, კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი – ალისია სილვერსტოუნი იყო დაკავებული. სატელევიზიო სერიალებში შესრულებული როლების შემდეგ, ბრიტანის ნიჭით კინოპროდიუსერები დაინტერესდნენ და პირველი როლები შეასრულა უკვე დამოუკიდებელი დიდი კინოსტუდიების მიერ გადაღებულ ფილმებში. დიდ კინოში მის ერთ-ერთ პირველ წარმატებად მიიჩნევა კომედია „უტვინოები“, სადაც მისი პარტნიორი და შემდგომში, წლების განმავლობაში, უახლოესი მეგობარი ალისია სილვერსტოუნი იყო. 1998 წელს ბრიტანიმ მთავარი როლი შეასრულა სატელევიზიო დრამაში „დევიდ და ლიზა“ და პირველი ნომინაცია მიიღო პრესტიჟულ „იანგ არტისტ ევორდსზე“, რაც მის პროფესიონალიზმსა და კინოკრიტიკოსების კეთილგანწყობაზე მიანიშნებდა.
ბრიტანის კარიერაში გამორჩეული ადგილი უკავია თრილერს „არ ამოიღო ხმა“, სადაც მან გონებაშეზღუდული გოგონას როლი განასახიერა, რომელიც გარდაცვლილი მამის მეგობარი ბანდიტების მიერ ავანტიურულ თამაშში იყო ჩართული. ფილმში მისი პარტნიორი მაიკლ დუგლასი იყო. ამ ფილმში ბრიტანიმ მთელი თავისი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა და, ზოგიერთი კინოექსპერტის აზრით, დუგლასი მასთან შედარებით დილეტანტად გამოიყურებოდა. სხვათა შორის, ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის როლი ბრიტანის მანამდეც ჰქონდა შესრულებული, ფილმში „შეწყვეტილი სიცოცხლე“ ის ანჯელინა ჯოლისთან და ვაინონა რაიდერთან ერთად თამაშობს.
დრამატული როლების გარდა, ბრიტანი დიდი სიამოვნებით თამაშობდა კომედიებში: „ახალდაქორწინებულები“, „ქალაქელი გოგონები“, „გასეირნება ავტომობილით ბიჭების თანხლებით“ და გაცილებით სერიოზულ ფილმებშიც, ისეთში, როგორიც არის „მერვე კილომეტრი“, სადაც მისი პარტნიორი თეთრი რეპერი ემინემი იყო. სხვათა შორის, ამ ფილმის შემდეგ ბრიტანის ჰონორარებმა ცალკეულ ფილმებში სოლიდურ ნიშნულებს მიაღწია. სწორედ „მერვე კილომეტრში“ შესრულებული როლის შემდეგ, ბრიტანის დაუკავშირდნენ რობერტ როდრიგესი და ქვენთინ ტარანტინო და თავიანთ „ცოდვათა ქალაქში“ გადასაღებად მიიწვიეს. ბრიტანის პერსონაჟმა, სექსუალურმა ბარმენმა შელიმ, თავისი ეშხი შეჰმატა ტარანტინო-როდრიგესის ამ შავ-თეთრ შედევრს.
სამსახიობო ტალანტის გარდა, ბრიტანის საკმაოდ კარგი ვოკალური მონაცემებიც ჰქონდა და ერთხანს თავის როკ-ჯგუფში – „ბლესდ სოლუში“ მღეროდა. მისი ხმის მოსმენა „შეწყვეტილი სიცოცხლის“ საუნდთრეკშიც არის შესაძლებელი.
მსახიობის პირადი ცხოვრება ყოველთვის კინოსთან იყო დაკავშირებული. „მერვე კილომეტრის“ გადაღებების პერიოდში ის ემინემს ხვდებოდა, ხოლო „ახალდაქორწინებულების“ გადასაღებ მოედანზე თავისი ცხოვრების სიყვარულს ეშტონ კატჩერს შეხვდა, რომელმაც ბრიტნის დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა, როდესაც ახალგაზრდა შეყვარებული მასზე გაცილებით ასაკოვან, მაგრამ არანაკლებ სექსუალურ, დემი მურზე გაცვალა. ამბობენ, კატჩერთან დაშორების პერიოდში ბრიტანი ღრმა დეპრესიაში იმყოფებოდაო. 2007 წელს მან თავისი ბედი ბრიტანელ კინოსცენარისტ საიმონ მონჯაკს დაუკავშირა და ეს კავშირი მის ცხოვრებაში უკანასკნელი აღმოჩნდა.
ბრიტანის ხშირად უწევდა ცნობილ და მასზე გაცილებით პოპულარულ მსახიობებთან ერთად მუშაობა, მაგრამ არასდროს იკარგებოდა მათ ფონზე. მას უამრავჯერ ჰქონდა ნათამაშები ცხოვრებისგან დატანჯული პერსონაჟები, მაგრამ ცხოვრებაში ის სიცოცხლითა და ხალისით სავსე ადამიანი იყო. მას ძალიან უყვარდა დედა – შერონი და თავისი მეუღლე საიმონი, უსმენდა ჯაზს და გიჟდებოდა „როლინგ სთოუნზზე“, აპირებდა ბევრი შვილის ყოლას და ოცნებობდა დიდ ოჯახზე. ბრიტანი მერფი 32 წლის ასაკში, 2009 წლის 20 დეკემბერს, საკუთარ სახლში, გულის შეტევისგან გარდაიცვალა. მალე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მას ძლიერ მოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები მიუღია.
ბრიტანის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეშტონ კატჩერმა თავის ინტერნეტ-ბლოგში მოკლე წერილი დაწერა: „დღეს სამყარომ მზის სხივი დაკარგა“.
P.S. 2009 წლის 1 დეკემბერს ბრიტანი მერფიმ უკანასკნელი ინტერვიუ მისცა ინტერნეტ-არხის „მაქსიმოტივის“ ჟურნალისტს და ინტერვიუს დასრულების შემდეგ საკმაოდ უცნაური კითხვა დაუსვა არხის რეპორტიორს: „შეიძლება, შემდეგ ცხოვრებაში თქვენი თმა რომ მქონდეს?...“