რა აკავშირებს ქართველ გოგონას ბრიტნი სპირსთან, დეივ გრუზინთან, პრინც ჩარლზთან და ვინ ყიდულობს მის მიერ დაწერილ სიმღერებს
მშვენიერი და ძალინ გულწრფელი ადამიანი თინათინ ჯაფარიძე ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, მაგრამ მან თავის კარიერაში უკვე დიდ წარმატებებს მიაღწია. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ნიჭიერია და მხოლოდ ერთი სფეროთი არ კმაყოფილდება: მღერის, მუსიკას წერს, მუშაობს ავტობიოგრაფიულ წიგნზე, „გაეროში“ აქვს თავისი გადაცემა და ძალიან მალე ბროდვეიზე გამოსვლასაც აპირებს. რაც მთავარია, მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, რომლის მთავარი გმირები თვითონ და მომღერალი დეივ გრუზინი არიან. მისმა დაწერილმა სიმღერამ, რომელიც 2009 წელს „ევროვიზიაზე“ ისლანდიელმა იოჰანამ შეასრულა, მეორე ადგილი დაიკავა. 2010 წლის 19 იანვარს კი დაგეგმილია თინათინის სოლო კონცერტი ცნობილ ჯაზ-კლუბ „მეტროპოლიტან რუმში“. რამდენიმე დღის წინ „ევროპული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე“ თინათინის სიმღერა გახდა წლის საუკეთესო სიმღერა, ხოლო თინათინი – წლის საუკეთესო ლირიკოსი კომპოზიტორი.
თინათინი: ამჟამად მთლიანად ჩემს სოლო კონცერტზე ვარ გადართული, რომელიც 19 იანვარს ნიუ-იორკში გაიმართება. ეს არის ჩემი პირველი სოლო კონცერტი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ამ საქმეს მთელი სერიოზულობით ვუდგებით. რეპეტიციები 24 საათის განმავლობაში გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 22 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე საშობაო კონცერტში, რომელიც ძალიან ცნობილ კლუბში ჩატარდა და რომელშიც ჩემთან ერთად ამერიკაში პოპულარული მომღერლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ჩაატარა ერთ-ერთი ცნობილი სააგენტოს დირექტორმა სტივენ ბირმა, რომელიც ჩემი მენეჯერია. სხვათა შორის, ის იყო ბრიტნი სპირსის პირველი მენეჯერი სწორედ მაშინ, როდესაც ბრიტნის კარიერამ პიკს მიაღწია. ამჟამად სტივენ ბირი რობერტ რეტფორდთან ერთად „სანდენსის“ ფესტივალზე მუშაობს. კონცერტზე შევასრულე ჩემი დაწერილი ორი სიმღერა და მესამე – საშობაო კლასიკა. განვაგრძობ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნზე მუშაობას, რომელიც მაისისთვის მზად იქნება და მე უკვე დავიწყებ ბროდვეის სპექტაკლზე მუშაობას, რომლის პრემიერა დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება. ასევე, ვმუშაობ ალბომზე, რომელიც, წიგნის პარალელურად გამოვა. სავარაუდოდ წიგნში დისკი იქნება ჩადებული, რომლის თემატიკაც უკავშირდება წიგნის სიუჟეტს, ჩემს მონათხრობს და იმ მუსიკოსს, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ეს არის დეივ გრუზინი. მისი სახელი ბავშვობიდან მახსოვს. საქართველოში მისი კულტი იყო. მამას ძალიან უყვარდა მისი შემოქმედება და სულ ხუმრობდა, რადგან გვარად – გრუზინია, ის ნამდვილად ქართველი იქნებაო. 14 წლის ასაკში, იმ დროს უკვე რუსეთში ვცხოვრობდი, ჩემი პირველი კომპიუტერი შევიძინე და პირველი იმეილი გავგზავნე დეივ გრუზინთან. შემთხვევით ვიპოვე მისი ელექტრონული მისამართი.
– რა მისწერე და თუ გიპასუხა?
– ჩემი და დეივ გრუზინის ურთიერთობის ისტორია ძალიან საინტერესოა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წიგნის დაწერაც. როდესაც მე მას პირველი იმეილი გავუგზავნე, მაშინ არ ვიცოდი კომპიუტერით სარგებლობა, განსაკუთრებით კი ელექტრონული ფოსტით. ცარიელი წერილი გავუგზავნე. თუ მიუვა, მერე მივწერ-მეთქი. მთელი ღამე არ მძინებია. მეორე დილას ძლივს შევედი და ვნახე, რომ პასუხი აქვს მოწერილი. რადგან ჩემს ელექტორონულ მისამართში სახელი ეწერა, ამიტომ მომწერა, ძვირფასო თინა, მივიღე თქვენი იმეილი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ძალიან ძველი კომპიუტერი მაქვს და ვერ წავიკითხეო. იმ ღამესვე მივწერე, ისიც ვუთხარი, თქვენზე საქართველოში ლეგენდები დადის, რომ ქართველი ხართ, მაგრამ არ მგონია, ეს ასე იყოს-მეთქი. მიპასუხა, ჩემი მშობლები ლატვიიდან არიან. ისინი გასული საუკუნის დასაწყისში გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაშიო. თავიდანვე ძალიან უშუალოდ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. როცა გაიგო, რომ 14 წლის ვიყავი, მომწერა, მე 65 წლის ვარ და დღეს ისე აქტიურად ვმუშაობ, როგორც არასდროსო. შარშან ნიუ-იორკში ჰქონდა კონცერტი და მე მშობლებთან ერთად დამპატიჟა, მაგრამ ბოლო წუთში კონცერტი არ ჩატარდა, არადა ერთმანეთის გასაცნობად ვიყავით განწყობილები. იმედია წიგნისთვის მაინც შევხვდებით ერთმანეთს, იმიტომ, რომ ძალიან მინდა ჩემი წიგნი დამთავრდეს იმით, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.
– თუ გაუგზავნე შენი ჩანაწერები და როგორი შეფასება მოგცა?
– როდესაც ჩანაწერის გაგზავნა მთხოვა, მაშინ არანაირი შანსი არ მქონდა, პროფესიონალურ სტუდიაში ჩამეწერა დემო. მამა ნამდვილი მელომანი, ჯაზის ფანია. მეორე დღესვე გაიქცა და მომიტანა „სონის“ კარაოკე, ოღონდ ჩანაწერზე, ანუ მაგალითად, ვოკალი მიდიოდა უკანა პლანზე, წინა პლანზე კი იყო ინსტრუმენტული ფონოგრამა. მერე ეს აკრძალეს. მე ამ ფონოგრამაზე ჩავწერე და გავუგზავნე, თან ძალიან ვნერვიულობდი. ადამიანი მიჩვეულია საუკეთესო სტუდიებს, საუკეთესო ჩანაწერებს და უცებ უსმენს სახლში ბარბრა სტრეიზანდის ფონოგრამაზე ჩაწერილ ჩემს სიმღერას. ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა. მითხრა, მომეწონაო და თან ყველაფერს კრიტიკულად მიუდგა. რჩევები მომწერა. შემდეგში, როგორც კი რამე წინსვლა მქონდა, ყოველთვის მას ვატყობინებდი. ძალიან დავმეგობრდით. ამ ბოლო დროს ისიც მომწერა, ვინაიდან პირადად არ გიცნობ, ასე მგონია, ჩემ თვალწინ გაიზარდეო. როდესაც დეივს ვწერ, საკუთარი თავი 14 წლის გოგონა მგონია – პატარა, მორცხვი.
– თავად გიგზავნის საკუთარ სიმღერებს?
– დაიჯერებ, რომ ერიდება?! როცა მისი ახალი დისკი გამოდის, არ მეუბნება ხოლმე. როცა ვწერ, რომ ძალიან მომეწონა, მართლა მოგეწონაო – მეკითხება. ძალიან თავმდაბალი და იმავდროულად, რთული პიროვნებაა. ვინც მას იცნობს, ყველას უკვირს, როგორ მომწერა, იმიტომ, რომ არავის სწერს ზედმეტად, მით უმეტეს, უცნობს და თანაც 14 წლის გოგონას. ალბათ, მოიხიბლა იმით, რომ მე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში ვცხოვრობდი; მამა აგროვებდა მის ჩანაწერებს სწორედ იმ დროს, როდესაც ეს აკრძალული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვწერ სიმღერებს, გული მაინც ძველი ამერიკული სიმღერებისკენ მიმიწევს. 19 იანვარს სწორედ ამ სიმღერების პრეზენტაციას ვაპირებ, ოღონდ – ახალი არანჟირებით.
– სად ჩატარდება შენი სოლო კონცერტი და ვინ არიან შენი ბენდის წევრები?
– ჩემ გარდა ყველა ამერიკელია: ბილი სთაინი ჩემი პიანისტი და მუსიკალური დირექტორია. სხვათა შორის, ის არის ჯული სთაინის შვილიშვილი, რომელმაც დაწერა ბარბრა სტრეიზანდის ბევრი ცნობილი სიმღერა, რომლებზეც მე გავიზარდე. თვითონაც ძალიან ცნობილია. ის ლინდა ედერთან მუშაობს, რომელიც დღეს ამერიკაში, ბროდვეიზე ყველაზე ცნობილი მომღერალია და მის იქითაც. ბილი მისი მუსიკალური დირექტორია. სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს. ის ჩემი ახალი მუსიკალური დირექტორი გახდა. ის ასევე ჩემი პიანისტიც არის და ყველა კონცერტზე თან უნდა მახლდეს. მყავს გიტარისტი და ჩელოზე დამკვრელი, რომელიც მიშელ ლეგრანის ერთ-ერთი მუსიკოსია. სულ მას დაჰყვება ტურნეებში, მაგრამ 19 იანვარს გამონახა დრო და ჩვენთან ერთად დაუკრავს. რაც შეეხება კონცერტს, ის ჩატარდება „მეტროპოლიტან რუმში“, რომელიც ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაზ-კლუბია. ამ კონცერტის ჩატარების იდეა ჩემს აგენტებს მოუვიდათ, როდესაც ჩემი წიგნის რამდენიმე თავი წაიკითხეს და მითხრეს, ძალიან კარგი იქნება, რომ იმღერო ის სიმღერები, რომლებზეც შენ წერო.
– ბროდვეის შოუსთვისაც, ალბათ, უკვე ემზადები.
– ბროდვეის შოუ უფრო მასშტაბური იქნება და ისიც პირდაპირ წიგნთან იქნება დაკავშირებული. თავიდან არ ვწერდი მას როგორც ავტობიოგრაფიულს, პირიქით, სახელები შევცვალე, მაგრამ როდესაც აგენტებმა და კრიტიკოსებმა წაიკითხეს, მიხვდნენ, რომ საკუთარ თავზე ვწერდი. „ევროვიზიის“ შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჩემმა აგენტებმა ჩათვალეს, რომ გვქონდა უფლება, დაგვეწერა ისტორია საკუთარ თავზე, რადგან ის სიმღერა, რომელიც „ევროვიზიაზე“ გაჟღერდა, მეორე ადგილზე გავიდა და რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა, ხოლო კომპოზიტორებმა – პოპულარობა. სხვათა შორის, როდესაც ამ წიგნს დავამთავრებ, მეორე წიგნი უნდა დავწერო. კონტრაქტში მიწერია, რომ რამდენიმე წიგნი უნდა დავწერო. დღეს გვაქვს შემოთავაზება, რომ ეს წიგნი გამოსცეს ინგლისში პრინც ჩარლზის გამომცემლობამ. სხვათა შორის მე და პრინც ჩარლზს ერთი ფოტოგრაფი გვყავს.
– ამ ყველაფერს, რასაც შენ აკეთებ, ალბათ, ძალიან დიდი დაფინანსება სჭირდება. რა არის შენი ძირითადი შემოსავლის წყარო?
– არავის სჯერა, როდესაც ვამბობ, რომ ჩემთან ყველანი უფასოდ მუშაობდნენ, თუმცა მათთან კონტრაქტი მქონდა დადებული, გარანტიები ჰქონდათ. „ევროვიზიის“ შემდეგ რამდენიმე ჰიტი გვაქვს ევროპაში გაყიდული, მე მაქვს ჩემი შემოსავალი, რითაც შემიძლია, დავეხმარო ჩემებს, ჩემს საქმეს მოვახმარო. აქ ყველაფერი ძალიან ძვირია. მოსალმებაშიც კი ფულს იღებენ და ძალიან ძნელია იმის მტკიცება: დღეს არ მაქვს ფული და არც ხვალ მექნება, ზეგ გადაგიხდიო. ყველას ეგონა, რომ მშობლები მყავს ოლიგარქები, და ეს ასე რომ არ იყო, დასამტკიცებლად უფრო დიდი დრო დამჭირდა, ვიდრე ფულის საშოვნელად. სპონსორი არ მყავდა: ამ მხრივ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დღეს იმას უფრო ვაფასებ, რომ ჩემი შრომით, ჩემი სახსრებით გავაკეთე ყველაფერი. დასაწყისში ძალიან ძნელი იყო სიმღერების გაყიდვა, მაგრამ „ევროვიზიის“ შემდეგ, როდესაც ევროპაში რამდენიმე სიმღერა გამოვიდა, უკვე ჩემთან მოდიან. ჩემი ერთი სიმღერა უნდა ჩაწეროს ჯესიკა სიმპსონმა; რამდენიმე მოხვდა დისნეის დოკუმენტურ ფილმში. შემიძლია, ვთქვა, რომ სიმღერების წერა და მათი გაყიდვა, ეს შოუ-ბიზნესში შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. მომღერალი როგორც კი სიმღერას ჩაწერს, ან ფილმში გამოიყენებენ ამ სიმღერას, შემდეგ, კი ამ დისკის ან ფილმის გაყიდვა დაიწყება, მე იქიდან მაქვს, შემოსავალი როგორც კომპოზიტორს.