რატომ აქვს გველის ძუძუების მწვადის მუღამი ზაალ სულაკაურს და რატომ ახსენდება მას პურის მაღაზიაში შესვლისას ძველი ცოდვები
ვინც ზაალ სულაკაურს იცნობს, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს ის პიროვნებაა, ვისგანაც უდიდესი სითბო და დადებითი აურა მოდის. მის გვერდით არ მოიწყენთ და, თუ სუფრასთანაც მის ახლოს მოხვდით, დროსტარება და სიცილ-კისკისი გარანტირებული გაქვთ. თუ როგორ გააჩაღეს და-ძმებმა ბავშვობაში ახალი წლის ღამეს ხანძარი სახლში, როგორ მოხიბლა მან, სკამში ფეხგაჭედილმა, საყვარელი გოგონა და მეკვლედ მისვლისას რატომ ყოფს კარებში მარჯვენა ფეხის მაგივრად მარცხენა ხელს, ამაზე თავად მოგიყვებათ.
ზაალ სულაკაური: კურიოზულ, სასაცილო სიტუაციაში ძალიან ხშირად ვხვდები, მაგრამ ამ დროს ისეთ იუმორისტულ ფრაზას ვამბობ ხოლმე, რომ სიტუაცია ეგრევე ნეიტრალდება. მაგრამ, ბაზარში, ვაჭრებთან ეს არ ჭრის. როგორც დავაკვირდი, თავისი გაჭირვების გამო იუმორისთვის არ სცხელათ. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას იუმორით ვერ ვიძვრენ თავს. ერთხელ, რაღაცის ყიდვა მინდოდა და გამყიდველთან შევჩერდი. მეკითხება, რით დაგეხმაროთო. გავეხუმრე, ხუთი ათასი დოლარი მაქვს ვალი და, შეძლებთ, დამეხმაროთ-მეთქი? ისეთი თვალებით შემომხედა, ვიფიქრე, ახლა თუ არ გავეცალე, ჩამქოლავს-მეთქი (იცინის). ერთხელ კი ერთი ბიჭი ბუშტებს ყიდდა. ანეკდოტი გამახსენდა, მივედი და ვუთხარი. იმასაც ძლივს გამოვექეცი.
– ასეთი რა ანეკდოტი უთხარი?
– სვანმა რომ თქვა – რა ცუდი ბავშვობა მქონდა, მარტო ერთი ბუშტი მქონდა ბავშვობაში და ისიც შარდის ბუშტიო. ეს რომ ვუთხარი, ვერ მიხვდა და ისე მტრულად შემომხედა, გეგონება ის სვანი მე ვიყავი (იცინის).
– თოვლის ბაბუა თუ გასაჩუქრებდა ხოლმე და როდის მიხვდი რომ მისგან საჩუქრებს აღარ უნდა დალოდებოდი?
– ბავშვობაში, მე და ჩემმა ტყუპისცალმა ძმამ ზურიკომ, სამზარეულოში შევიჭყიტეთ და, აი, იქ მივხვდით, რომ ნამდვილი თოვლის ბაბუა არ არსებობდა. მოკლედ, დედ-მამამ გაგვაფრთხილა, არ შემოხვიდეთ სამზარეულოში ცოტა ხნითო. დაგვაინტერესა, შევიხედეთ და... დავინახეთ, როგორ უკეთებდნენ თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმულ ბაკურს, ჩვენს უფროს ძმას, ხელოვნურ თეთრ წვერს და იქ მივხვდით, რომ გვატყუებდნენ. კინაღამ დავიხოცეთ, ისე ვინერვიულეთ. ჩვენს წარმოდგენაში იმ დღეს დასრულდა „თოვლის ბაბუას ზღაპარი“. მანამდე კი გვასაჩუქრებდა თოვლის ბაბუა, მაგრამ იმ წელს ბუს კვერცხები მოგვიტანა (იცინის). თან, იმ ახალ წელს, 12 საათს ზუსტად ხუთი წუთი რომ აკლდა, ჩემმა დამ აიღო „ხლაპუშკა“, გამოჰკრა ხელი, დააგდო ნაძვის ხის ქვეშ, მოედო ბამბებს ცეცხლი და აბრიალდა. ვიღას ახსოვდა ახალი წელი, მთელი ოჯახი ვედროებით დავრბოდით. ასე გამურულები, ზანგებივით შევხვდით მთელი ოჯახი იმ ახალ წელს.
– მეკვლედ თუ დადიხარ და როგორი ფეხი გაქვს?
– მშვენიერი თავ-ფეხი მაქვს, მაგრამ მეკვლეობა ჩემი მუღამი არ არის. მეკვლე კი ვყოფილვარ და არც ის უთქვამთ, ცუდი ფეხი გაქვსო, მაგრამ არც აშენებულან. არც ბროლიასავით მიდგას სახლთან გაუთხოვარი ქალების მამების რიგი. ისე, რომ ვფიქრობ, ცაცია ხომ ვარ, კარგადაც ხომ ვხატავ, ჰოდა, თუ დამპატიჟებენ მეკვლედ, კარს რომ გამიღებენ, ჯერ მარცხენა ხელი უნდა შევყო, კანფეტები შევყარო და მერე შევდგა მარჯვენა ფეხი (იცინის).
– ამბობენ, ზალიკომ კარგი ხინკლის მოხვევა იცის და უცხოეთში თავისი „ცხრამეტნაოჭიანით“ ხალხი გადარიაო. მართალია?
– გეტყვით რომ, ხინკლის ჭამა მიყვარს ახლობლებთან. ამ დროს არ მეუბნებიან, მიდი, ზალიკო, დაგვხატეო. აი, თუ უცხოებთან ვზივარ, ვინ მაცლის ჭამას, ყველა მთხოვს – დამხატე, დამხატეო. ხინკალი ცივდება და ფანქარი კი ხურდება (იცინის). რაც შეეხება უცხოეთში მოხვეულ ხინკალს, გეტყვით, რომ, თუშ კაცს ცხოვრებაში ერთხელ მაქვს ხინკალი მოხვეული და ისიც ვილნიუსში. საქმეზე ვიყავით ჩასულები, ბინა გვქონდა ნაქირავები, სტუმრებს ველოდებოდით და ხინკლის დახვედრება გადავწყვიტეთ. არ მეგონა, მაგრამ მართლა კარგი გამომივიდა. ცხრამეტნაოჭიანი იყო თუ არა, ვერ გეტყვით, არ დამითვლია, მაგრამ კარგად კი „ვიგულავეთ“ ხინკლით უცხო მიწაზე.
– რამე თუ მოგიპარავს ცხოვრებაში?
– ძველი ცოდვები უნდა გამახსენო, არა? კარგი, გეტყვი, რომ ბავშვობაში „ბულკი“ მოვიპარე. სკოლიდან მოვდიოდით ბავშვები, გვშიოდა, შევედით პურის მაღაზიაში, მოვიპარეთ ხუთთეთრიანი „ბულკები“ და მაგრად „ჩავსკდით“. (იცინის). ეს ქურდობა ცოდვად კი მაწევს, მაგრამ, მშიოდა, თვალებში მიბნელდებოდა და რა მექნა?! დღესაც კი, პურის მაღაზიაში რომ შევდივარ, ის „ბულკი“ მახსენდება. ერთხელ კი, მე და ჩემმა ძმამ, ზურიკომ, სოფელში ვიპოვეთ 56 მანეთი. ველოსიპედებით მოვდიოდით ალვანის გზაზე. მე საფულე ვერ დავინახე და გადავუარე, ზურიკომ კი უცებ „დაატორმუზა“, გადმოხტა, აიღო საფულე, გახსნა და თვალები ჭყიტა. ბევრი ვიფიქრეთ, რა გვექნა. ავდექით, ფული ავიღეთ და საფულე გადავაგდეთ. ბებოს რომ მოვუყევით, თქვა, თუ კარგი საფულე იყო, რას გადააგდეთ, ვერ მამიტანეთ აქაო (იცინის)?! იმ ფულით ფოტოაპარატი ვიყიდეთ, მაგრამ ფოტოხელოვანებად ვერ ვივარგეთ და, შესაბამისად, ვერც ბიზნესი ავაწყვეთ 56 მანეთად.
– ლუდის ჩემპიონატი რომ მოიგე, ხალხი ამბობდა, სად ჩაუვიდა ამ კაცს ამდენი ლუდიო. როგორ შეძელი ღიპიანი მამაკაცების უკან ჩამოტოვება?
– ამ შეჯიბრებაში შემთხვევით მოვხვდი, დამპატიჟეს და მეც უარს როგორ ვიტყოდი? პირველ, მეორე ადგილზე გამსვლელნი, ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა, გავიდნენ და, რაც კი ჩაისხეს მუცელში, უკანვე ამოიღეს. ასე რომ, ვინც მესამე ადგილზე გადიოდა, პირველზე აღმოჩნდა, მეც, შესაბამისად, მესამე ადგილი მხვდა წილად. კარგადაც ვისიამოვნე ლუდით, კარგადაც დამასაჩუქრეს და წამოვედი სახლში. ექვსი თუ შვიდი ლიტრი უნდა დამელია ათ წუთში. ნელ-ნელა ვსვი და შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი. ერთი მუღამი მაქვს: გველის მწვადი მინდა ვჭამო. მეუბნებიან, წამო, ვჭამოთ, ჰა-ჰა, რვა ლარი ღირდეს, მეტი ხომ არაო. გველის ძუძუების მწვადში რვა ლარი როგორ გადავიხადო? ამ ფასად კარგ ღორის მწვადსაც კი შევჭამ.
– საყვარელი გოგონას გამო საგმირო საქმე თუ ჩაგიდენია?
– ახლა ის საყვარელი გოგო ჩემი ცოლია. ერთხელ, სიყვარული მინდოდა ორიგინალურად ამეხსნა და დავპატიჟე ბოტანიკურ ბაღში. დავსხედით სკამზე და ვიფიქრე, ახლა ამას ისეთ ლექსს წავუკითხავ, დარწმუნდება ჩემს სიყვარულში-მეთქი. დავიწყე სასიყვარულო ლექსის მონდომებით კითხვა და ფეხი არ გამეჭედა სკამში?! რა გინდა, ქნა? რაღა მესიყვარულებოდა? თან ფეხს ვექაჩები, თან გამწარებული ლექსს ვუკითხავ. თვალებდაჭყეტილმა მიყურა, მიხვდა, მაგრად რომ „გავიჭედე“ და მითხრა: კარგი, ნუღარ იტანჯები, მიყვარხარ და, ჯანდაბას, ცოლად გამოგყვებიო. ასე რომ, ლექსიც ჩავაბულბულე, ფეხიც დავიხსენი და დღეს ჩემი ცოლიც არის ის გოგო. ასე ავიწყვე ცხოვრება.