კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცნობი ქალის ვიზიტი


აგათა კრისტი


– ბოლო დროს, რაღაც არაფერი ხდება ისეთი, რაც დამაინტერესებდა, – შენიშნა გაღიზიანებულმა პუარომ და გაზეთი გვერდზე მიაგდო, – მგონი, ჰასტინგს, ამ თქვენს ინგლისელ დამნაშავეებს ჩემი ეშინიათ.

– ეჭვი მაქვს, უმეტესობამ თქვენი არსებობის შესახებ არაფერი იცის, – ვუთხარი სიცილით, – დღისით, მზისით საიუველირო მაღაზიის გაქურდვაზე რას იტყვით?

–კარგი მოფიქრებულია, – განაცხადა პუარომ მას შემდეგ, რაც გაზეთში საიუველირო მაღაზიის გაქურდვის ამბავი წაიკითხა, – მაგრამ ჩემს გემოვნებას არ აკმაყოფილებს. კაცი ტროსტით საიუველირო მაღაზიის ვიტრინას ამტვრევს და ძვირფასეულობას იტაცებს. კეთილსინდისიერი მოქალაქეები კი მას მაშინვე აკავებენ. დამნაშავე დაჭერილია, ძვირფასეულობა თან აქვს. ის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ, იქ კი ირკვევა, რომ ძვირფასეულობა ყალბია! ნამდვილი კი მან თანამზრახველს გადასცა, რომელიც იმ კეთილსინდისიერი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი იყო. რა თქმა უნდა, ის ციხეში ჩაჯდება, მაგრამ, როდესაც გამოვა, დიდი თანხის პატრონი იქნება. კი, ცუდად არ არის ჩაფიქრებული, მაგრამ მე რამე უკეთესს მოვიფიქრებდი...

პუაროს ლაპარაკი დასრულებული არ ჰქონდა, რომ კარზე დააკაკუნეს. ოთახში ახალგაზრდა ლედი შემოვიდა. ქალი საოცრად ლამაზი იყო. ძვირფასი ტანსაცმლიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ ის საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდა.

– მესიე პუარო, – ჩაილაპარკა ლედიმ თავისი ნაზი ხმით, – გასაჭირში ვარ. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ. ალბათ, გაგიგონიათ ლედი მილისენტ კასლ ვოგანის შესახებ.

განცხადება ლედი მილისენტის და საუთშირის ჰერცოგის დანიშვნის შესახებ გაზეთებში რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა. ლედი მილისენტი გაღარიბებული ირლანდიელი პერის მეხუთე შვილი იყო, ხოლო საუთშირის ჰერცოგი – ერთ-ერთი საუკეთესო სასიძო ინგლისში.

– ლედი მილისენტი მე ვარ, – განაგრძო ქალმა, – მე მსოფლიოში უბედნიერესი ქალი უნდა გავმხდარიყავი, მესიე პუარო, მაგრამ საშინელება დამემართა! ეს საშინელი კაცი, გვარად ლავინგტონი... მან... არც კი ვიცი, როგორ გითხრათ. წერილი დავწერე... მე მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი... წერილი ერთ ახალგაზრდა ჯარისკაცს მივწერე... მე ის მიყვარდა... იგი ომში დაიღუპა. ეს სულელური წერილი იყო, მაგრამ მასში იყო ფრაზები, რომლებიც შეიძლება, სხვანაირადაც გაიგო. ეს წერილი ხელში მისტერ ლავინგტონს ჩაუვარდა და მემუქრება, რომ, თუ კარგად არ გადავუხდი, ჰერცოგს აჩვენებს.

– უკეთესი ხომ არ იქნება, რომ თქვენს საქმროს ყველაფერი უთხრათ?

– მეშინია. ჰერცოგი ძალიან თავისებური ადამიანია. ის ეჭვიანია და ცუდს უფრო იჯერებს, ვიდრე კარგს. ვიფიქრე, მისტერ ლავინგტონისთვის თქვენთან შეხვედრა მეთხოვა. ვეტყოდი, რომ თქვენ ჩემი წარმომადგენელი ხართ და ჩემი საქმეების გაძღოლა თქვენ გევალებათ. ის ოცი ათას ფუნტს ითხოვს.

– ჩემთვის იმის გაფიქრებაც კი აუტანელია, რომ თქვენ თანხის გადახდა მოგიწევთ, – წარმოთქვა პუარომ, – გამომიგზავნეთ ეს მისტერ ლავინგტონი. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ წერილი მას აქვს?

–კი, თავად მაჩვენა, როდესაც მასთან სახლში მივედი. ბუანა ვისტაში ცხოვრობს, უიმბლდონში. წერილი მაჩვენა და მითხრა: ის ჩინურ ზარდახშაში იქნება, რომელსაც საიდუმლო საკეტი აქვს. თავად ზარდახშას კი მახვილგონივრულ სამალავში დავმალავ, რომელსაც ვერაფრით იპოვითო. კედელში ჩამონტაჟებულ სეიფს გავხედე, – უკეთესი სეიფიც მაქვსო, – მითხრა მან. მესიე პუარო, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ დამეხმაროთ?

– ენდეთ მამიკო პუაროს, გამოსავალს ვიპოვი.

როგორც შევთანხმდით, მისტერ ლავინგტონი ლანჩის შემდეგ გვეწვია. მბრძანებლური და მუქარის შემცველი ტონი ჰქონდა. პუარო მის სინდისზე შეგდებას ცდილობდა, მაგრამ იგი მხოლოდ იღიმებოდა და ეტყობოდა, რომ თავს ამ სიტუაციის ბატონ-პატრონად გრძნობდა. მომეჩვენა, რომ პუაროც ჩვეულ ფორმაში არ იყო.

– მაშ ასე, ჯენტლმენებო, – თქვა ლავინგტონმა, როდესაც ქუდი აიღო, – საუბრის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ. დღეს პარიზში მივფრინავ. სამშაბათს დავბრუნდები. თუ იმავე დღის საღამოს ფულს არ მივიღებ, წერილს ჰერცოგს გავუგზავნი.

ლავინგტონმა გამასწრო, თორემ სისხლი უკვე ყელში მაწვებოდა.

– ალბათ, კანონის დარღვევა მოგვიწევს, – ჩაილაპარაკა პუარომ.

– თქვენ მის არყოფნაში ლავინგტონის სახლის გაჩხრეკას აპირებთ?

– ჰასტინგს, ზოგჯერ თქვენ ძალიან სწრაფად აზროვნებთ.

შუაღამე გადასული იყო, როდესაც ჩვენ ლავინგტონის სახლს მივადექით. სახლში სიბნელე და სიჩუმე გამეფებულიყო. პუარო მაშინვე სახლის უკან გავიდა. ფანჯარა უხმაუროდ ასწია და მეც სახლში შემიპატიჟა.

– საიდან იცოდით, რომ ფანჯარა ღია იქნებოდა? – წავჩურჩულე მე.

– იქიდან, რომ ურდული თავად გადავხერხე.

– რა?

– ეს ძალიან ადვილი იყო. დღისით მოვედი. მოსამსახურეს ინსპექტორ ჯეფის ფიქტიური სავიზიტო ბარათი ვაჩვენე. ვუთხარი, რომ სკოტლანდ-იარდის რეკომენდაციით მოვედი, რათა სახლში სიგნალიზაცია დავაყენო, რაც მისტერ ლავინგტონმა თავად მოითხოვა-მეთქი. მოსამსახურეს ჩემი გამოჩენა გაუხარდა კიდეც, ახლახან სახლის გაქურდვა ორჯერ სცადესო..

– ვფიქრობ, სეიფი ერთ-ერთ კედელში იქნება ჩადგმული, – გამოვთქვი ჩემი ვარაუდი. პუარომ ჩაიფრუტუნა.

– სეიფი? სისულელეა! არანაირი სეიფი არ არსებობს. მისტერ ლავინგტონი ჭკვიანი კაცია. მას წერილი უფრო მოულოდნელ სამალავში ექნება დამალული. ყველა ხომ სეიფში დაუწყებს წერილს ძებნას!

რამდენიმე საათიანმა საგულდაგულო ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო. პუაროს სახეზე სასოწარკვეთა გამოეხატა, თუმცა მალევე შვებით ამოისუნთქა.

– რა სულელი ვარ! სამზარეულო დამავიწყდა.

მეც გავყევი, თუმცა სამზარეულოში რამის პოვნის იმედი არ მქონდა. პუარომ ყველა ქვაბს ჩამოუარა, ბოლოს კი თავი გაზის ღუმელში შერგო. ქვანახშირის კალათაშიც ჩაძვრა, თუმცა კარგად რომ დავაკვირდი, დავინახე, რომ კალათის გვერდზე რამდენიმე შეშის ნაჭერს ჩაჰკირკიტებდა. მოულოდნელად დაიძახა:

– დანა, ჰასტინგს!

დანა მივეცი. მან ის შეშის ერთ ნაჭერში შეარჭო და ისიც შუაზე გაიყო. აღმოჩნდა, რომ შეშა შუაში იყო ამოჭრილი. იქიდან პუარომ პატარა ხის ზარდახშა ამოიღო.

– რა უცნაური ადგილია სამალავისთვის! – გავიკვირვე მე, – შეშის ნაჭერი ხომ შეიძლებოდა ვინმეს დაეწვა?

– ივლისში, ჰასტინგს? ამასთან ის ყველაზე ქვემოთ იდო. ძალიან ჭკვიანური სამალავია.

მეორე დილას, როცა გავიღვიძე, დავინახე პუაროს ზარდახშა გაეხსნა და წერილს კითხულობდა.

– ლედი მილისენტი მართალია, ჰერცოგი ასეთ წერილს არასოდეს აპატიებდა! მასში სიყვარულის ისეთი ექსტრავაგანტური ახსნაა, როგორიც აქამდე არ შემხვედრია.

– რა ხდება, პუარო? – აღვშფოთდი მე, – არ მგონია, რომ ამ წერილს უნდა კითხულობდეთ.

– კიბეზე ფეხის ხმა ისმის, – თქვა პუარომ, – ეტყობა, ლედი მილისენტი ამოდის.

ჩვენი მშვენიერი კლიენტის სახეზე სასოწარკვეთა იმავ წუთს სიხარულით შეიცვალა, როგორც კი წერილი გადავეცით. მან ათასი მადლობა გადაიხადა და დაინტერესდა, სად იყო დამალული წერილი. პუარომ ყველაფერი უამბო.

– რა ჭკვიანი ხართ! – ქალმა ზარდახშას დახედა, – ამას სუვენირად წავიღებ.

– მილედი, იმედი მქონდა, რომ ნებას მომცემდით, ის მე დამეტოვებინა... სუვენირად.

– უკეთეს სუვენირს გამოგიგზავნით ჩემი ქორწილის დღეს, გპირდებით. უმადურად ხომ არ ჩამთვლით?!

– ჩემთვის თქვენთვის სამსახურის გაწევაც ბედნიერებაა, ანუ, ზარდახშას ვიტოვებ?

– ო, არა, მესიე პუარო, ის ჩემი უნდა იყოს, – სიცილით წამოიძახა ქალმა.

– ვფიქრობ, რომ არა, – პუარომ ტონი შეიცვალა.

– რას გულისხმობთ? – ქალს ხმა აუთრთოლდა.

– მომეცით უფლება, ის კარგად დავათვალიერო. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ის უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ორმაგი ძირი უნდა ჰქონდეს...

პუარომ სწრაფი მოძრაობა გააკეთა და წამში მის ხელისგულზე ოთხი ბრჭყვიალა ქვა და ორი რძისფერი მარგალიტი აღმოჩნდა.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს არის რამდენიმე დღის წინ ბონდ-სთრიტზე მოპარული ძვირფასეულობა, მაგრამ ჯეფი უფრო კარგად იტყვის.

ჩემდა გასაოცრად, პუაროს საძინებლიდან ინსპექტორი ჯეფი გამოვიდა.

– თქვენი ძველი მეგობარია, როგორც ვხვდები, – პირვანდელი ზრდილობიანი ტონი დაუბრუნდა პუაროს.

– ო, ღმერთო ჩემო, მაინც ჩამავლეს! – წამოიძახა ლედი მილისენტმა. მისი არისტოკრატული მანერებიც მაშინვე შეიცვალა, – ყოჩაღ, ბებერო ეშმაკო! – ქალი პუაროს დაუფარავი აღფრთოვანებით უყურებდა.

– აბა, გრეტა, ძვირფასო, – თქვა ჯეფმა, – ვფიქრობ, ამჯერად თამაში დასრულებულია. ჩვენ უკვე ავიყვანეთ შენი თანამზრახველი, ის, რომელიც აქ ლავინგტონის სახელით მოვიდა. რაც შეეხება თავად ლავინგტონს, საინტერესოა, თქვენი ბანდიდან რომელმა მოკლა ის ჰოლანდიაში? ჯერ გეგონათ ძვირფასეულობა მას თან ჰქონდა, არა? მან კი არ წაიღო, მოგატყუათ, საკუთარ სახლში დამალა. თქვენ, რა თქმა უნდა, მისი სახლი გაჩხრიკეთ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი საქმეში პუარო ჩართეთ.

– როგორ მიხვდით, რომ საქმე ნამდვილ ლედისთან არ გქონდათ?

– საქმე ფეხსაცმელშია, – წარმოთქვა ჩაფიქრებულმა პუარომ, – ინგლისური საზოგადოების ზოგიერთი ჩვევა კარგად შევისწავლე და მივხვდი, რომ აქ ყველა ლედი გულდასმით არჩევს ფეხსაცმელს. შეიძლება, კარგად არ იყოს ჩაცმული, მაგრამ ფეხსაცმელი ყოველთვის გამონაკლისია... ჩვენს ძვირფას ლედი მილისენტს კი, მოდური ძვირფასი კაბა ეცვა, ფეხზე კი – იაფფასიანი ფეხსაცმელი. ეჭვები სწორედ ფეხსაცმლის გამო გამიჩნდა, შემდეგ – მთელი ამ წერილის ისტორიის გამო. ჩინური ზარდახშა, მაკომპრომეტირებელი წერილით, მთელი ბანდისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, ხოლო შეშის სამალავი განსვენებული ლავინგტონის გამოგონება იყო. სხვათა შორის, ჰასტინგს, იმედი მაქვს, მეტად ჩემს გრძნობებს აღარ შეეხებით, როგორც ეს გუშინ გააკეთეთ, როდესაც თქვით, რომ დამნაშავეთა სამყაროში ჩემი არსებობის შესახებ არც კი იციან. ხომ ხედავთ, როდესაც თავად არაფერი გამოსდით, ისინი ჩემთან დახმარების სათხოვნელადაც კი მოდიან!

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.




скачать dle 11.3