კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-1(471)

ლევანი დარწმუნებული იყო, რომ, რადგან ფორტუნა ერთხელ თავის სასარგებლოდ განაწყო, აღარასოდეს შეაქცევდა ზურგს. ერთხელ სადღაც წაიკითხა და მოეწონა: „ბედი ფაფარაშლილი ცხენივით არის, ბედაურივით, რომელიც ფინიშზე ყოველთვის პირველი მიდის. შენ უნდა იმარჯვო. მოახტე გავაზე, ფაფარში მაგრად ჩასჭიდო ხელი და, თუ ვერ გადმოგაგდო, ჩათვალე, რომ გაიმარჯვე!“ ლევანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ გამარჯვებას ზეიმობდა. ფიქრობდა, რომ მყარად იყო ფაფარს ჩაბღაუჭებული. იმისიც სჯეროდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი დაბრკოლება უკვე გადალახა. თავისი წარმატების ხარისხს საკუთარ სიმამრზე ამოწმებდა. როცა თიკას მამის ხმაში პირველად იგრძნო მოკრძალებული ტონი და მზერაც ძველებურად მბრძანებლური აღარ ჰქონდა, ესეც თავის მიღწევად ჩათვალა. ესე იგი, იგრძნეს მისი ძალა და შესაძლებლობები, ზურაბმა უკან დაიხია ღირსეული მოწინააღმდეგის წინაშე. ეს ლევანისთვის ბევრს ნიშნავდა. ახლა კი...

გაცოფებულმა სკამი ხმაურით მიაგდო გვერდზე. ნატუკას ეცა, მხრებში ჩაავლო ხელი და მაგრად შეანჯღრია.

– მითხარი, რომ ტყუილი თქვი. მომატყუე, ხომ?

ნატუკამ მშვიდად დაახამხამა შეღებილი წამწამები და ასეთივე სიმშვიდით გასცა პასუხი კითხვაზე:

– არა!

– მოგკლავ, გესმის? ამას არ გაპატიებ! – გამოსცრა ლევანმა.

– ნუ მემუქრები! რა გინდა, მითხრა, რომ სპეციალურად დავორსულდი? შენც ხომ იცი, რომ ასე არ არის. აბა, რა გეგონა, რომ მეტაკე?

– გაჩუმდი! – ლევანმა თავზე იტაცა ხელები, – უნდა მცოდნოდა, უნდა მცოდნოდა, ვისთან მქონდა საქმე საშინელებაა უტვინო ქალი, ნამდვილი კატასტროფაა. ჭკვიანი თუ გავნებს, ჭკვიანურად გააკეთებს ამას. შენ კი, შე პატარა ბოზო!..

ნატუკამ გაიბრძოლა, რომ მხარზე შემოსალტული მისი თითები მოეცილებინა.

– ნუ მტკენ! შეიძლება, ბოზი ვარ, მაგრამ, ამას ხელი არ შეუშლია შენთვის, ლოგინში ჩამწოლოდი და, კიდევ – არც ისეთი უტვინო ვარ, ეს ერთხელ უკვე გითხარი. მოკლედ, მომისმენ თუ წავიდე?

ლევანმა კბილები გააღრჭიალა.

– სიამოვნებით მოგიგრეხდი მაგ თავხედ კისერს. ჯანდაბა!.. – ლევანი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ბოლოს ნატუკას წინ გაჩერდა და მიაშტერდა. ისე უყურებდა, რომ ნატუკა დაფრთხა.

– შენ რა, მართლა მოკვლას ხომ არ მიპირებ? ვინმეს ხომ არ დაავალებ, შენი ცხოვრებიდან გამაქროს?

– არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ შენ გამო ჩემს კარიერას სასწორზე ვერ დავდებ. საკუთარ ცხოვრებას საფრთხეს ვერ შევუქმნი, ამად ნამდვილად არ ღირხარ. ახლა ადგები, აქედან წახვალ და სახლში დამელოდები. დაგირეკავ.

– არა! – თქვა გოგომ.

– რას ნიშნავს, „არა“?! – წამოენთო ლევანი.

– იმას, რომ აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი. შენ გინდა, თავიდან მომიშორო. აქედან გავალ თუ არა, აღარ დამირეკავ!

– ხომ ვამბობ, უტვინო ხარ-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს, აქ ვილაპარაკებთ თუ სხვაგან? მე ხომ მაგ შენი ორსულობის ამბავს სეიფში ვერ ჩავკეტავ. ყოველ წუთს შეიძლება, ჩემს ცოლთან მიხვიდე და მოუყვე, რაც ჩვენ შორის მოხდა. მე კი ეს არ მინდა. ამიტომ დაგირეკავ.

– ახლა რომ ვილაპარაკოთ?

– ახლა არ მცალია. შენ გარდა სხვა საქმეც მაქვს. თან, ყოველ წუთს შეიძლება, ვიღაც შემოვიდეს. არ გეყო, რა პრობლემებიც შემიქმენი? თუ აქ სკანდალის მოწყობას ეცდები, გესმის? თუ ეცდები-მეთქი, მერე რაც მოხდება, საკუთარ თავს დააბრალე!

ნატუკა შეყოყმანდა.

– კარგი, – თქვა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, – წავალ, მაგრამ დიდხანს ვერ მოვიცდი, დღესვე უნა დამირეკო.

– დაგირეკავ, დაგირეკავ, – ლევანმა გოგოს ხელი მოჰკიდა და თითქმის მიათრია კარამდე, – მოიცადე, ფეხი არ გამოდგა ოთახიდან, სანამ მე არ გეტყვი! არ მინდა, ჩემმა მდივანმა გნახოს...

ლევანი ორიოდე წუთში უკანვე შებრუნდა.

– მორჩა, ახლა შეგიძლია, მიბრძანდე. ოღონდ, ჩქარა და ენას კბილი დააჭირე! ეგ ამბავი, რაც მე მითხარი, არავინ არ უნდა გაიგოს, გესმის?

ნატუკამ ჩაიცინა, მაგრამ ლევანს თავი მაინც დაუქნია.

***

თინიკო ჩუმად ეწეოდა სიგარეტს. ნათიას ნათქვამ ფრაზებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ბუნდოვნად აღიქვამდა მისი სმენა. ცდილობდა, ყველაფერი იმისგან, რაც მოისმინა, დასკვნა გამოეტანა. ერთი შეხედვით, ამოცანა არ იყო რთული. განსახილველი ჰქონდა ორი ვარიანტი: პირველი – ლევანს მართლა არაფერი ჰქონია იასთან. ვახოს კი იმიტომ მიუვარდა, რომ მისი საქციელი პირად შეურაცხყოფად ნიკუშას გამო მიიჩნია. იყო მეორე ალბათობაც: ლევანიც იას საყვარელი იყო და ვახოც. ქალი ვერ გაიყვეს და იჩხუბეს. თინიკოს პირველი ვარიანტი უფრო აწყობდა. მეორეზე ფიქრი გულს ურევდა, გაბრაზებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

– ნუთუ ის ქალი ასეთი კახპაა? არ მეგონა, – თქვა ხმამაღლა.

ნათიამ წვენი მოსვა და მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი. მეც ძნელად წარმომედგინა, მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ღამე ერთად გაატარეს?! კარტს ხომ არ ითამაშებდნენ დილამდე! ისე, მე არასდროს მჯეროდა ქალისა და კაცის მეგობრობის. რა სისულელეა! დათო რომ ამბობდა, ია ჩვენი ძმააო, მეცინებოდა. ასეთი დამოკიდებულება ძალიან სასაცილოა. ვინ უნდა იყოს ისეთი გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს, თითქოს ქალსა და კაცს შორის არაფერი ხდება, როცა ისინი ღამით მარტონი რჩებიან?!

თიკამ სიგარეტი ჩააქრო. საფერფლეს დახედა და უცებ მიხვდა, რომ ძალიან ბევრი მოსწია.

– ბოდიში, ნათია, საყვარელო. რამდენი მომიწევია. შენ კი აქ ზიხარ და ამ ბოლს ყლაპავ. რატომ არ მითხარი?

– იმიტომ, რომ არ შევუწუხებივარ. პირიქით, მსიამოვნებს თამბაქოს სუნი.

– არა, არა, არ შეიძლება, – თიკა ფანჯარასთან მივიდა და გააღო. უცებ ლევანის მანქანა შენიშნა.

– ლევანი მოვიდა. რა უცნაურია, ასე ადრე არასდროს მოდის ხოლმე. ეტყობა, რაღაც მოხდა.

– მართლა? ნეტავი წასვლა მომესწრო, არ მინდოდა, აქ ვენახე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ დათოს ეტყვის და გამოვა, რომ ქმარი მოვატყუე. მოდი, წავალ.

– ახლა ვეღარ მოასწრებ, მანქანას აყენებს უკვე. მაინც შეხვდებით ერთმანეთს. აჯობებს, აქ იყო. ლევანი კაბინეტში არ შემოვა. თავის ოთახში ავა და მაშინ შეძლებ წასვლას.

– დარწმუნებული ხარ?

თიკამ თავი დაუქნია და მიაყურადა. გაიგონა, როგორ გაჯახუნდა შემოსასვლელი კარი. რამდენიმე წუთი გავიდა.

– გავალ, ვნახავ, რა ხდება. კარს კი გარედან ჩავკეტავ, ნუ გეშინია, შევძლებ შეუმჩნევლად გაგიყვანო.

თიკას მოლოდინმა არ გაამართლა. ლევანი სასტუმრო ოთახში დაუხვდა, ბართან იჯდა და სვამდა. ცოლი რომ დაინახა, სახე გაუბრწყინდა:

– სახლში ხარ? რა კარგია, მოდი, ერთად დავლიოთ.

– ეტყობა, რაღაც ცუდი მოხდა, რადგან გვიანობამდე სამსახურში არ დარჩი, მოხვედი და სვამ.

– ჰო, რამდენიმე დღეა, აშკარად არ მიმართლებს. ერთმანეთს აეწყო უსიამოვნებები. შენც ტყუილუბრალოდ მეჩხუბე.

– მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ, არ ღირს. მე შენი აღარ მჯერა. ყველაფერი გარკვეულია. მით უმეტეს, ისიც ვიცი, რაც დილით ვახოსთან შეგემთხვა.

ლევანმა თავი ასწია:

– რა-ა?!

თიკას გაეღიმა:

– ჰო, რა იყო? იქნებ, თქვა, ვიღაცამ მომიგონაო? თუმცა, გულახდილად გეტყვი: ფეხებზე მკიდია, რას იტყვი.

ლევანმა სულმოუთქმელად გამოსცალა ვისკით სავსე ჭიქა.

– თინიკო, მე შენი მხარდაჭერა მჭირდება, ძალიან მჭირდება, გეფიცები! არ არის ისე, შენ რომ გგონია. თუ ახლა ვერ შეძლებ, რომ გამიგო და ზურგს შემაქცევ, ყველაფერი დამთავრდება, გესმის? მე კი, ეს არ მინდა!

– როდისმე თუ გიკითხავს, მე რა მინდა?

– თინიკო, ხომ გითხარი, ახლა ძალიან მიჭირს-მეთქი. ასე ძნელია, გამიგო?

– ძნელია, ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ სურვილი არ მაქვს.

ლევანმა თავი დააქნია:

– ჰო, მართალი ხარ. არ ვარ ისეთი ქმარი, შენ რომ გჭირდება. ყურადღებით არ განებივრებ, ზოგჯერ შენი არსებობაც მავიწყდება, მაგრამ ჩემებურად მაინც მიყვარხარ.

ქალმა გაიცინა:

– „ჩემებურად სიყვარული“ რას ნიშნავს? იქნებ დამიკონკრეტო, თორემ, ცოტა დავიბენი.

– ახლა არ შემიძლია. მართლა, მოდი, რა, დალიე ჩემთან ერთად, – ლევანმა მეორე ჭიქაც შეავსო ვისკით.

– ვახოს რატომ ეჩხუბე?

– იმიტომ.

– მაინც?

– ვინც ჩხუბის ამბავი გითხრა, მიზეზი დაგიმალა?

– არა, არ დაუმალავს, მაგრამ მე შენგან მინდა, მოვისმინო.

– გეტყვი, ოღონდ, მინდა, სწორად გაიგო. იასთან აქვს რაღაც. ამის გამო ვეჩხუბე. მინდოდა, მეცემა კიდეც. არ ვიცი, როგორ მოვახერხე და შევიკავე თავი.

– ჰმ, დამცველიც ჰყავს ქალბატონს, აწყობილი აქვს ცხოვრება!

– ხომ გთხოვე, სწორად გაგეგო! ია აქ არაფერ შუაშია, საერთოდ არაფერში. ეს კაცური საქმეა. არ შემეძლო, სხვანაირად მოვქცეულიყავი.

– ჰო, რა თქმა უნდა, არ შეგეძლო. შენ ხომ ნიკუშას მეგობარი ხარ და მისი საცოლის ღირსების დაცვა შენი პირდაპირი მოვალეობაა.

– შენი ირონია უადგილოა. იცი ჩვენი ურთიერთობის ამბავი და ამას არ უნდა ამბობდე.

– არ უნდა ვამბობდე? – თინიკომ ვისკი მოწრუპა, – ჩვენ ბევრ რამეს არ უნდა ვაკეთებდეთ და კიდევ უფრო ბევრი არ უნდა გაგვეკეთებინა... ესე იგი, ვახო იას საყვარელია?

ლევანი გაწითლდა:

– აღარ მინდა მაგაზე ფიქრი. რას შვრები, არ სვამ?

– ვსვამ. გინდა, დავთვრე?

– ჰო, მინდა, ძალიან მაგრად უნდა დავთვრე, რომ აღარაფერზე ვიფიქრო. მერე კი, იქნებ ჭკვიანური მოვიფიქრო რამე.

თინიკო ადგა.

– სად მიდიხარ, მოდი, აქ, – ხელში სწვდა ლევანი.

– ლიმონს მოვიტან. მალე დავბრუნდები...

კაცმა მოწონებით დააქნია თავი:

– კარგია. მიდი, მოიტანე. კიდევ რა გაქვს სახლში? მომშივდა.

– მოვძებნი რამეს...

თინიკომ უხმოდ გააღო კაბინეტის კარი.

– კარგია, რომ მოხვედი, – გახარებული წამოხტა ნათია, – ისე მომეწყინა აქ...

– ჩქარა წამოდი, გაგაცილებ. ლევანი სასტუმრო ოთახშია, მაგრამ, თუ არ იხმაურებ, შეუმჩნევლად გაგიყვან.

– ვაიმე, როგორ მაინტერესებს, რას გეტყვის ლევანი. უკვე ჰკითხე, რატომ იჩხუბეს?

– არაფერი მიკითხავს. მთვრალია და ახლა მასთან ამაზე ლაპარაკი არ მინდა. თუ არ იჩქარებ, შეუმჩნევლად ვერ გახვალ, – შეაშინა თიკამ. ერთი სული ჰქონდა, როდის დაბრუნდებოდა ლევანთან.

... ლევანმა ლიმონის ნაჭერი ენის ქვეშ დაიდო და თვალები სიამოვნებისგან მოჭუტა.

– მმ... მაგარია, გენიოსი ხარ!

თინიკომ მწყრალად შეხედა ქმარს. ლევანმა შემრიგებლურად გაუღიმა.

– ტყუილად იცინი. სულ არ მეცოდები. რთული პერიოდი მაქვსო, ამბობ, მაგრამ იმას რატომ აღარ აღიარებ, რომ ყველაფერში თავად ხარ დამნაშავე? საყვარელმა გიღალატა და მეგობრის მილიონები ხელიდან გეცლება. აი, შენი მთავარი პრობლემები... და, მთხოვ, გვერდით დაგიდგე? მაინც რა უნდა გავაკეთო? მივიდე იასთან და ვთხოვო, რომ ვახოსთან ყოფნას შენთან ყოფნა არჩიოს? ნიკუშას კი შევევედრო, ის მილიონები შენ დაგითმოს? გადაჭარბებით ხომ არ აფასებ ჩემს შესაძლებლობებს?

– შენ მე ვერასოდეს გამიგებ, – ხელი ჩაიქნია ლევანმა, – იმიტომ, რომ არ გინდა.

– ცდები, მინდა, მაგრამ, არ ვიცი, როგორ გაგიგო. შენ გთხოვ რჩევას, თუნდაც პირდაპირ მითითებას – მითხარი და, გპირდები, რასაც შენ ჩათვლი საჭიროდ, იმას გავაკეთებ.

– იას მოეშვი... ამას მართლა გთხოვ.

– შენ რატომ არ ეშვები? ძვირფასი საჩუქარი ჩამოუტანე, მაგრამ მადლობა იმით გადაგიხადა, რომ შენს ძმაკაცს ჩაუწვა ლოგინში. შენც მიუვარდი ვახოს და ეჩხუბე. სულ არ გრცხვენია, ჩვიდმეტი წლის ბიჭივით იქცევი. მე რომ არ მერიდები, გასაგებია, მაგრამ ხალხის მაინც შეგრცხვეს! მინისტრი ხარ, თავი მოგეჭრება, მთელი ქალაქი შენზე დაიწყებს ლაპარაკს!

– სისულელე გავაკეთე, – ჩაილაპარაკა ლევანმა, – ვახოსთან არ უნდა მივსულიყავი, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, ეს ღირსების საკითხი იყო. თუ, ნიკუშასთვის უნდა დამერეკა და მეთქვა, რაც მოხდა?

– ნიკუშას ეს არ აღელვებს. ყოველ შემთხვევაში, მე რესტორანში მსგავსი არაფერი შემინიშნავს. სულაც არ აუღელვებია იმას, რომ ვახო იასთან ერთად მივიდა.

ლევანმა თავი გადააქნია:

– ფეხებზე მკიდია ორივე... არა, სამივე... ნიკუშაც არ იმსახურებს ჩემს თანადგომას. ყველაფერი ტყუილი ყოფილა, მეგობრობა ყოფილა ტყუილი!..

– და, შენ ეს აქამდე არ იცოდი? – ჩაიცინა თინიკომ, – შენ რომ ასეთი მიამიტი არ ხარ? რატომ გგონია, რომ მოვტყუვდები? რაღაც სხვა უბედურება გჭირს და ბარემ ბოლომდე მითხარი ყველაფერი.

– მე ყველაფერს გეუბნები, – ლევანმა სცადა, გულწრფელი ყოფილიყო.

თინიკომ თავი გადააქნია:

– არ გამოგდის, არ გამოგდის ეგ ხელოვნური გულახდილობა. მორჩი ეს ფარსი, დაამთავრე, ან, მე თვითონ დავამთავრებ!

– არ დამტოვო, – აღმოხდა ლევანს, – მარტო შენ მჭირდები, მართლა!

– იმიტომ, რომ ჩემზე სულელი ვერავინ იპოვე?

– არა. იმიტომ, რომ სხვა არც არავინ მიძებნია.

ქალი ქმრისკენ გადაიხარა და თვალებში ჩააშტერდა:

– როგორ მინდა, მჯეროდეს. როგორ მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ვახოსთან ეჭვიანობის გამო არ გიჩხუბია.

– რა თქმა უნდა!..

– არ ვიცი, არ ვიცი...

– თინი, გეფიცები...

– მაშინ... მიდი ნიკუშასთან და უთხარი!

– რა ვუთხრა ნიკუშას?

– რაც მოხდა.

– არა.

– არა? რატომ?

– იმიტომ, რომ ეს ადამიანები და ისიც, რაც მათ შორის მოხდება, აღარ მაინტერესებს. ნიკუშა გაიგებს ამას თუ არ გაიგებს, ჩემი პრობლემა აღარაა.

– ესე იგი, იყო შენი პრობლემა.

– არა, თიკა, არა! აი, იმ სურათის შესახებ კი გადავიფიქრე.

– ამით რისი თქმა გინდა?

– ფული მჭირდება. მამაშენს კი არა, თუ საჭირო გახდება, ეშმაკსაც კი შევეკვრები და იმ ნახატს ხელში ჩავიგდებ. ბოლოს და ბოლოს, ეს არც ისეთი უსამართლობა იქნება.

– არ მიკვირს, ამას რომ ამბობ. უფრო მიკვირდა, რომ მიმტკიცებდი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ის მილიონებიო.

– ჰო. ეტყობა, მაშინ საკუთარი თავის მოტყუებას ვცდილობდი.

– კარგი. ჩემგან რას მოითხოვ?

– მინდა, გჯეროდეს ჩემი.

– ეს ასეთი ადვილი არ არის, ნდობას დამსახურება სჭირდება, – თინიკო ჩაფიქრდა, – მართლა არაფერი ყოფილა შენსა და იას შორის?

ლევანმა ჭიქა დადგა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა:

– მითხარი, როგორ დაგიმტკიცო.

– დაიფიცე, იას რომ გულსაბნევი ეკეთა, შენ არ გიჩუქებია.

– გეფიცები, – ლევანმა ისე იცრუა, ხმა არ აჰკანკალებია.

თინიკო ლოყით მხარზე მიეხუტა ქმარს:

– რამდენი ვინერვიულე...

– ჩემი ბრალიც არის. მაპატიე, საყვარელო, ყოველთვის ყველაფერს გეტყვი. შენც პირობა უნდა მომცე, რომ რაღაც სისულელეებზე აღარ იეჭვიანებ.

– არ ვიეჭვიანებ.

ლევანს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აწკრიალებულმა მობილურმა ამის საშუალება არ მისცა. ეკრანს დახედა და ტელეფონი მაშინვე გამორთო.

– რატომ არ უპასუხე?

– იმიტომ, რომ ვიცი, ვინც მირეკავს და რატომ. უნდა წავიდე, „ის“ მიბარებს.

– ნასვამი? იქნებ უთხრა, რომ შეუძლოდ ხარ?

– არა. ორი ჭიქა დავლიე. ეს არაფერია. გზაში გამოვფხიზლდები.

თიკა კართან მისულ ქმარს დაეწია, შემოაბრუნა და თვალებში ჩააშტერდა.

ლევანი შეაწუხა მისმა გამომცდელმა მზერამ და, სანამ ქალი რამეს ჰკითხავდა, დაასწრო:

– ასე ნუ მიყურებ. შეეცადე, ჩემდამი ნდობა დაგიბრუნდეს. სხვანაირად, ორივეს ძალიან გაგვიჭირდება. შენ ჩემი ცოლი ხარ და ძალიან მჭირდები აი, ამაზე იფიქრე.

– ვეცდები. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ.

– რაში არ ხარ დარწმუნებული – იმაში, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ, თუ, იმაში, რომ მჭირდები? – გახუმრება სცადა ლევანმა. ქალს წარბი არ გაუხსნია. ლევანმა აკოცა. მერე კიდევ, კიდევ... თიკა არ განძრეულა. ლევანი მის ყურთან დაიხარა და ხმადაბლა ჩაულაპარაკა:

– სახლში რომ დავბრუნდები, ვეცდები, დაგიმტკიცო. ახლა კი წავალ, არ მინდა, კიდევ ერთხელ დამირეკონ. ისედაც უამრავი ადამიანია ჩასაფრებული და ელოდებიან, როდის გადამიბრუნდება ფეხი.

***

საუბარი ისევ ხანმოკლე იყო, რამდენიმესიტყვიანი, მხოლოდ მათთვის გასაგები ფრაზებით. ზურაბი ელოდა ამ ზარს. როგორც კი ტელეფონმა დარეკა, მაშინვე კაბინეტში შეიკეტა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა:

– კარგია... მე მქონდა შენი იმედი. არა, არ ვიცოდი. ეს არაფერს ცვლის... ჰო... არც თქვენთვის და, ალბათ, არც ჩემთვის, მაგრამ, თუ მოასწრებთ, კარგი იქნება. ნახევარი ლიმონი... არ არის ცოტა. ბევრი სიმჟავე მავნებელია... არა. მანდ დარჩება. ამას მე ვწყვეტ... გამორიცხულია... უნდა მენდო. არ არის სხვა არჩევანი. ერთი ვარიანტით მოგიწევს მუშაობა, მეორე ვარიანტი არ არსებობს... შენ მე მიცნობ. ისე იქნება, როგორც შევთანხმდით... ძალიან მალე... მაგასაც შენ მოძებნი... კარგი... მერე ვნახოთ... პროცენტები?.. ვიფიქრებ მაგაზე...

ზურაბმა ტელეფონი გათიშა და სახეზე კმაყოფილებით მოისვა ხელი. გაეღიმა და გახალისებული სამზარეულოში შევიდა.

– მშია, მაჭამე რამე! – ბრძანების ტონით უთხრა ჩალის სარწეველა სავარძელში მჯდარ ცოლს. ქალი ნელა წამოდგა.

– ასეთი სახე მაშინ გაქვს ხოლმე, როცა რამე ბოროტებას სჩადიხარ. ამჯერად რა ჩაიფიქრე? – ჰკითხა ქმარს დიანამ.

– ბოროტება ჩავიფიქრე? მე? დიანა, შენ ძალიან ბევრ სერიალს უყურებ. ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ უკვე ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობ და არა რეალურში. მომშივდა და საჭმელად შემოვედი, რომელ ბოროტებაზე მელაპარაკები? მიყურებ თითქოს ურჩხული ვიყო. მე ერთი უწყინარი კაცი ვარ.

ქალს ღიმილი გამოესახა სახეზე.

– მაშინ, ვკითხავ ჩემს „უწყინარ“ ქმარს: რა მოხდა შენსა და ლევანს შორის ისეთი, რომ აღარც თვითონ მოდის და თინიკოსაც კი არ უშვებს ჩვენთან? ზუკაც სულ წაიყვანეს.

ზურაბმა მხრები აიჩეჩა:

– ეგ შენს უჯიშო სიძეს უნდა ჰკითხო. ვერ უპატიებია, რომ მე უკეთესად გამოვიყენე ჩემი თანამდებობა, ვიდრე თვითონ. თითქოს ჩემი ბრალი იყოს, ეს ქვეყანა თავდაყირა რომ დააყენეს. არა, ძალიან შურიანი და ცხოვრებაზე დაბოღმილი თაობა მოვიდა. შენი სიძეც ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც სხვისი კეთილდღეობა მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევს.

– ამას შენ ამბობ?

– ჰო, რა იყო, არ არის მართალი? ბევრი ფული რომ ვიშოვე, ეს მარტო ჩემი დამსახურებაა. დახმარება არავისთვის მითხოვია. მით უფრო, მაგ ლაწირაკისთვის. მომადგება ხოლმე და მიკითხავს ლექციებს მორალზე, თითქოს თვითონ სპეტაკი და ანგელოზი იყოს. მაგრამ, შურს ჩემი.

– რა შეიძლება შურდეს ლევანს შენი?

– შეიძლება, შეიძლება... იცის, რომ, თუ მოვინდომებ, კიდევ შევძლებ ერთ იმდენს, რაც მიკეთებია.

– ლევანს კი შეუძლია, ერთ დღეში ყველაფერი დაგაკარგვინოს. ნუ დაგავიწყდება, რომ მას უნდა უმადლოდე, რაც ამ წლების განმავლობაში ქვეყანა ძარცვე, ბოლომდე რომ შეგარჩინეს.

ზურაბი ჭარხალივით გაწითლდა:

– რას მიედ-მოედები, ქალო? რა ნაძარცვი? დაფიქრდი, სანამ რამეს იტყოდე. შენი აზრით, მე ქურდი ვარ?

– არა, როგორ გეკადრება! შენ ქურდი არ ხარ, აბა, რას ამბობ?! ჯიბეში ხელი არასოდეს არავისთვის ჩაგიყვია და სინდისიც ამიტომ არ გაწუხებს, თუკი საერთოდ გაქვს სინდისი.

– აბა, ახლა კი გეყოფა! რაღაც, არ მახსენდება, შენს სინდისს ხმა ამოეღო, როცა ჩემი „დახშული სინდისით“ შენთვის ბრილიანტები მომქონდა. რამე შეიცვალა მას შემდეგ?

– ის ბრილიანტები ისევ შენ გჭირდებოდა თავის მოსაწონებლად, ისევ შენ, თორემ მე არასოდეს არაფერი მომითხოვია.

– რატომ მოითხოვდი, როცა ყველაფერი გქონდა?! – ყვირილზე გადავიდა კაცი.

– ნუ მიყვირი! მეყოფა! მთელი ცხოვრება შენი აჩრდილი ვიყავი. მართალი ხარ, არაფერი მაკლდა, არასდროს არაფერი, გარდა მთავარისა – სიყვარული არ მქონია არასოდეს, მაგრამ ეს შენთვის ისეთი უმნიშვნელო წვრილმანია, სალაპარაკოდ არ ღირს.

– სიყვარული!.. სიყვარული მოუნდა სამოცდახუთი წლის ასაკში. გეუბნები, სერიალები დაგღუპავს-მეთქი!

– ძალიან გინდა, უფრო სწორად, გაწყობს, რომ ასე იყოს, მაგრამ, მშვენივრად იცი, რომ ასე არ არის.

ზურაბმა ამოიოხრა:

– მთელი ცხოვრება კატორღელივით ვიშრომე და შედეგად მშვიდი სიბერეც არ მეღირსა: უმადური ცოლი, უმადური შვილი და დაბოღმილი, შურით აღსავსე სიძე – მაგარი ოჯახი მაქვს, ვერაფერს იტყვი!

– იქნებ, ეს შენი შეცდომის გამოა? იქნებ, ის არ უნდა მოგეყვანა ცოლად, ვინც მოიყვანე და ახლა ამის გამო უნდა ზღო? – მშვიდად თქვა ქალმა. კაცი გაშრა. ის უფრო ცოლის სიმშვიდემ გააოცა, ვიდრე მისმა სიტყვებმა. თითქოს რაღაც ენიშნა, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია.

– შენს ასაკში, უფრო სწორად, ჩვენს ასაკში, ამაზე აღარ ლაპარაკობენ.

– მართალია, ცოტა ადრე უნდა გველაპარაკა ამაზე, მე ხომ ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში გრძნობა არ იყო.

– ყოჩაღ! იმაზე მიხვედრილი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა.

– ჰო, ისეთი მიხვედრილი, რომ ყოველთვის ვიცოდი, ჩემი ქმრის ნამდვილი სიყვარულის შესახებ.

ზურაბმა ცოლს შეხედა.

– გეყოფა, დიანა!

– მეყოფა? მე მეყოფა? თუმცა, შენს სინდისზე უკვე ვილაპარაკეთ. სამწუხაროა, რომ არ მიცნობ, საერთოდ არ მიცნობ. ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრო ქალთან ისე, რომ მას საერთოდ არ იცნობდე ეს მარტო შენ შეგიძლია. ყოველაფერთან ერთად კი, მშიშარაც ხარ, ნამდვილი ლაჩარი. თავი დიდ რაინდად მოგაქვს, ყოვლისშემძლედ, სინამდვილეში, არარაობა ხარ.

– დიანა, აღარაფერი თქვა, ისევ შენთვის იქნება უკეთესი!

– მე ვიცი, რა იქნება ჩემთვის უკეთესი. სამწუხაროდ, ძალიან გვიან მივხვდი ამას. მაგრამ, რა არის, იცი? ახლა ვფიქრობ, რომ შენ არც ის გყვარებია და არც არავინ გყვარებია, საერთოდ, საკუთარი თავის გარდა.

ზურაბმა პირველად დაინახა ცოლში პიროვნება. დიანა ყოველვის უპრეტენზიო, მშვიდი, ცოტათი სულელიც კი ეგონა. ძირითადად, ასეთები არიან მკაცრი, მომთხოვნი მამების გაზრდილი ქალიშვილები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, გარდა პირადი ინტერესებისა. ისინი ისე ეჩვევიან ამას, რომ პრეტენზიასაც არ გამოთქვამენ, საკუთარი აზრის გამოთქმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აი, ასეთი ეგონა ყოველთვის ცოლი. მაგრამ ახლა დიანა მის წინ ნამდვილი ჟანა დარკივით იდგა და ორთაბრძოლაში იწვევდა.

– ერთხელ მაინც რატომ არ თქვი, რატომ არ მაგრძნობინე, რომ ყველაფერი იცოდი?

– რა შეიცვლებოდა ამით? შემიყვარებდი?

– არ ვიცი, – თავი გააქნია კაცმა.

– ხედავ? იცი, რატომ არასდროს ვეჭვიანობდი შენს საყვარლებზე? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, შენთვის ისინი არაფერს წარმოადგენდნენ და, როგორ შეიძლება, არაფერზე იეჭვიანო? მეც ჩუმად ვიყავი, ხელს არაფერში გიშლიდი. მაგრამ, ახლა გაფრთხილებ: თუ რამე ისეთი გაქვს ჩაფიქრებული, რაც ჩემს შვილსა და მის ქმარს ზიანს მიაყენებს, სულ ცოტათი მაინც ავნებს ან დააზარალებს, არ დაგინდობ. მაშინ ნახავ, რა შემიძლია! – დიანამ უკანასკნელი სიტყვები დაუფარავი მუქარით წარმოთქვა, დანა, რომლითაც პურს ჭრიდა და რომელიც ისევ ხელში ეჭირა, წვერით ხის საჭრელ დაფაზე დაარჭო და სამზარეულოდან გავიდა. კაცმა პირველად იგრძნო შიში...

***

ლევანმა კარი ჩაკეტა და შემობრუნდა. ნატუკა საწოლის კიდეზე იჯდა.

– როგორი რომანტიკული ხარ, საყვარელო. ვგიჟდები შენნაირ მამაკაცებზე! აქ წამომიყვანე, ქალაქიდან მოშორებით, ულამაზეს სასტუმროში, რომ ჩემთვის გეთქვა, როგორი ძვირფასი ვარ შენთვის:

– გეყოფა, მორჩი ამ სისულელეებს! აქ იმიტომ წამოგიყვანე, რომ არ მინდოდა, ჩვენი შეხვედრის შესახებ ვინმეს გაეგო. შენ რა გენაღვლება, მე კი ყველა მცნობს!

– მერე, რა ჯობია ამას? არაჩვეულებრივია, ფანტასტიკური. მეც მინდა, რომ მცნობდნენ. როგორ გგონია, თუ ცოლად შემირთავ, ამის შანსი მექნება?

– მაგაზე არც იფიქრო, – ბოროტად ჩაილაპარაკა ლევანმა, – მირჩევნია, ყველაფერი დავკარგო, რაც მაქვს, შენ კი მოგკლავ...

– ჰმ, – ნატუკამ საწოლზე ფეხი მოირთხა და მხრები აიწურა, – არც მე მინდა შენი ცოლის როლში ყოფნა. ეს ისე ვთქვი, მხოლოდ ვივარაუდე.

– გირჩევ, ასეთი ვარაუდებისგან თავი შეიკავო, თორემ, შეიძლება, ნერვებმა მიმტყუნოს! – ლევანი საწოლის მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.

– ჯერ მაინტერესებს, მართლა ფეხმძიმედ ხარ თუ ესეც შენი ფანტაზიის ნაყოფია? – ჰკითხა გამომცდელად.

– არა, არ არის ფანტაზიის ნაყოფი. მართლა ვარ ფეხმძიმედ და, მინდა, იცოდე, რომ ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა.

– ჩემსაში – მით უმეტეს. ახლა, მეორე: რა იცი, რომ ჩემგან ხარ ფეხმძიმედ?

– ვიცი, – თავი ჯიუტად დააქნია ნატამ, – ამაზე ნუ ვიდავებთ. ქალმა ყოველთვის იცის, ვინ არის მისი შვილის მამა.

– შენისთანა ქალმაც კი?

– დიახ, ჩემისთანამაც კი. მაგრამ შენ ადგილზე მე შეურაცხყოფისგან თავს შევიკავებდი. არ იცი, რომ ფეხმძიმე ქალის ნერვიულობა არ შეიძლება?

– ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, რაღაც არ მჯერა შენი.

– დამიკონკრეტე, რისი არ გჯერა – შენგან რომ ვარ ფეხმძიმედ თუ საერთოდ ფეხმძიმედ რომ ვარ?

– მომისმინე, პატარა უტიფარო! იცი, რამდენიმე წელია, ცოლი მყავს, მაგრამ ჯერ არც ერთხელ არ ყოფილა ფეხმძიმედ.

– ეგ თქვენი პრობლემაა და ჩემს ორსულობასთან კავშირი არ აქვს.

– რაღაც კავშირი აქვს. მაგრამ, ახლა სხვა რამის სათქმელად მოგიყვანე. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ შეიძლება, არც ისეთი ცუდია ეგ ამბავი.

– აბა, რა! შვილი გეყოლება!

– მოკეტე! შენ ბავშვს არ გააჩენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემგან.

– ამით რისი თქმა გინდა?

– იმის, რაც გაიგონე. ჩემგან არ გააჩენ. ფეხებზე მკიდია, ვისგან ხარ ორსულად. ასეთივე წარმატებით ნიკასთვისაც შეგეძლო, ეს ამბავი „შეგეტენა“. მაგრამ ნიკუშას ვერაფერს გამორჩები. შენ გგონია, რომ ვერ გამორჩები და ამიტომ მე ამომირჩიე.

– რა სისულელეა!

– სისულელე შენ ხარ, მთელი შენი ფსიქოლოგია-ფიზიოლოგიით, მაგრამ მე ამას ვერ ვუშველი. თუ დამიჯერებ, მიიღებ იმას, რის მისაღებადაც კაბინეტში გამომეცხადე.

– შენ რა იცი, რისი მიღება მინდა?

– ვიცი. შენისთანებს კარგად ვიცნობ. გინდა, რომ უზრუნველი მომავალი შეიქმნა. მიხვდი, რომ რაღაც იმაზე მეტის მიღება შეიძლებოდა ჩემგან, ვიდრე ის ძონძებია, რომლის საყიდელ ფულსაც ასე გულუხვად გაძლევდი.

– მართალი ხარ. მაგრამ, რა არის ამაში ცუდი?

– არაფერი, იმის გარდა, რომ მეწველი ძროხის როლში მე გამოგყავარ.

ნატუკამ მკერდზე მიიდო ხელი, თითქოს ეუბნებოდა, შენ თვითონ გააკეთე ჩემზე არჩევანიო.

– ნიკუშას უნდა უთხრა, რომ მისგან ხარ ფეხმძიმედ! – გადაჭრით თქვა ლევანმა.

– რაა?!

– რაც გაიგონე. ნიკუშას ეტყვი, რომ მისგან ბავშვს ელოდები!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3