კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახელისა და გვარის გამო ნუკრი თეთრაულმა ციხეში ორი წელი გაატარა


სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, ბევრს, შესაძლოა, სიცილად არ ეყოს, მაგრამ, ამ კურიოზის გამო, სრულიად უდანაშაულო ადამიანმა თითქმის ორი წელი გაატარა ციხეში. აღნიშნული საქმე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფილმის – „ჭრიჭინას“ ანალოგია, როდესაც ერთ სოფელში ორი მარინე ფერაძე ცხოვრობდა, მაგრამ, ფერაძეებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც თეთრაულები „მონაწილეობენ“, ტყუილი ძვირად დაუჯდათ: არჩადენილი დანაშაულისთვის, კერძოდ, ძარცვისთვის, ციხეში ერთის ნაცვლად მეორე თეთრაული აღმოჩნდა. მეტიც, მას 6 წელი მიუსაჯეს, მაგრამ, საბედნიეროდ, სიმართლე სააპელაციო სასამართლოში გაირკვა, საიდანაც უდანაშაულო დამნაშავე დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რამდენი უდანაშაულო ემსხვერპლა მართლმსაჯულებას, ძნელი სათქმელია, საქართველოდან სტრასბურგში ასობით ადამიანი ეძებს სამართალს, მაგრამ არის საქმეები, რომლებსაც ანალოგი არ მოეძებნებათ. ამ მხრივ კონკურსგარეშეა თელაველი მწყემსი ალექსი ბახუტოვი, რომელიც მკვლელობისთვის 7 წლით დააპატიმრეს, მაგრამ, მალე გაირკვა, რომ მისი „მოკლული“ კაცი ცოცხალი აღმოჩნდა. ბახუტოვის საქმე ქართული მართლმსაჯულების ყველაზე დიდ სირცხვილად ითვლება, მაგრამ არანაკლებია ნუკრი თეთრაულის საქმე, რომლის შედეგადაც სრულიად უდანაშაულო კაცს ციხეში 6 წელი უნდა გაეტარებინა.

რა დააშავა უდანაშაულო დამნაშავემ

როგორც თეთრაულის განაჩენში ვკითხულობთ, 20 აპრილს ნუკრი თეთრაული ორ მეგობართან ერთად თეთრი „ნივით“ იგოეთიდან სოფელ ხარბალში ძროხის საყიდლად გაემგზავრა. დაახლოებით 22 საათისთვის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამივე ახალგაზრდა უკან ბრუნდებოდა, როდესაც ახალგორის ტერიტორიაზე ფეხით მიმავალი, მხარზე სანადირო თოფგადაკიდებული კაცი შეხვდათ. განაჩენის თანახმად, თეთრაული ავტომანქანიდან გადმოვიდა, მოხუც კაცს თავი პოლიციის უფროსად გააცნო და თოფისა და საბუთების მისთვის გადაცემა მოსთხოვა. კატეგორიული უარის შემდეგ, ავტომანქანიდან მისი მეორე მეგობარი გადმოვიდა და სახეში ხელის გარტყმით ასაკოვანი კაცი მიწაზე დააგდო, შემდეგ თოფი გამოსტაცა და ჰაერში გაისროლა. ამავდროულად, მან მოხუცი გაჩხრიკა, ფანარი წაართვა და ჯიბიდან სანადირო თოფის მასრა ამოაცალა. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მეგობრებმა უცნობი კაცი ავტომანქანის საბარგულში ძალით მოათავსეს და გზა განაგრძეს. თუმცა, დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ გაათავისუფლეს, ფანარი დაუბრუნეს და მიიმალნენ.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გათავისუფლებულმა კაცმა ავტომანქანის სერიის პირველი ასო და მანქანის ნომრის ბოლო ორი ციფრი დაიმახსოვრა. შემდეგ, ნაწვიმარ გზაზე ნაკვალევს დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზე გაჰყვა და ამის შემდეგ პოლიციას მომხდარი განუცხადა. უფრო ზუსტად, მან პოლიციელები დაარწმუნა, რომ თავდამსხმელები მას კარგად დაამახსოვრდა და არა მხოლოდ მძღოლის, არამედ მასთან მყოფი დანარჩენი ორის ამოცნობაც ადვილად შეეძლო: ერთი დაახლოებით 30 წლამდე, ხოლო მეორე – შედარებით ასაკოვანი, 40 წლამდე ასაკისა იყოო.

მოკლედ, მომხდარზე საქმე აღიძრა და სულ მალე დაზარებულს პოლიციამ ნუკრი თეთრაული წარუდგინა ამოსაცნობად. საქმეც გაიხსნა – დაზარალებულმა დამზარალებელი თეთრაული აღნაგობით, გრძელი ცხვირითა და საფეთქლებთან ოდნავ შეჭაღარავებული თმით „ამოიცნო“. სასამართლოც დაზარალებულის ჩვენებებს დაეყრდნო და, ისე, რომ ფაქტები არ გადაუმოწმებია, თეთრაული ციხეში 6 წლით „გაამწესა“.

დანაშაულის დღეს თეთრაული სალოცავის მშენებლობაზე იყო

რეალურად, თეთრაული რომ ძროხის საყიდლად სხვა სოფელში არ ყოფილა, ეს დღეს უტყუარი ფაქტია. ამიტომაც, მან არც წინასწარი გამოძიებისას და არც სასამართლოზე თავი დამნაშავედ არ ცნო და ჯერ გამოძიებას, შემდეგ კი სასამართლოს არწმუნებდა, რომ შემთხვევის დღეს ის თავის სოფელშიც კი არ ყოფილა. მისი ჩვენების თანახმად, დანაშაულის დღეს, ის თბილისში იყო სამსახურებრივ საქმეებზე, საიდანაც სოფელში დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაბრუნდა, შემდეგ კი სოფლის სალოცავში წავიდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და ამ მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. პატიმარი სამართალდამცველებს არწმუნებდა, რომ სალოცავში მუშაობის შემდეგ თანასოფლელის სახლში წავიდა, საიდანაც შინ ღამის დაახლოებით 12 საათისთვის დაბრუნდა და დაიძინა. თუმცა, მისი თავის მართლებით არავინ დაინტერესებულა. პროკურატურამ მას ძარცვაში დასდო ბრალი, ჯერ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, ბოლოს კი, როგორც აღვნიშნეთ, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რატომ მაინცდამაინც თეთრაული

უტყუარადაა დადგენილი, რომ იმ დღეს, ანუ 20 აპრილს, ძროხის საყიდლად სოფელ ხარბალაში სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ნუკრი თეთრაული, მართლაც წავიდა, მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: მანქანით მიმავალ მეგობრებს გზაში უცნობი, ვინმე ვანო ქუმსიაშვილი შეხვდათ, უთხრეს, რომ სხვა სოფლიდან იყვნენ, ძროხის ყიდვა სურდათ და სთხოვეს, ხომ არ დაეხმარებოდა. უცნობი მგზავრებს მანქანაში ჩაუჯდა და თავად მიიყვანა კაცთან, რომელიც ძროხას ყიდდა. საქმე მოგვარდა – ძროხის გამყიდველს მათ ხუთასი ლარი დაუტოვეს, მაგრამ შეუთანხმდნენ, რომ ფულს მეორე დღეს დაუმატებდნენ და საქონელსაც წაიყვანდნენ. ამის შემდეგ მყიდველები შუამავალ ვანოსთან ერთად უკან გამობრუნდნენ, მაგრამ ვანომ ახლად გაცნობილი სტუმრები შინ მანამ არ გაუშვა, სანამ სოფლის „ბირჟაზე“ არ აქეიფა. ბოლოს კი, ქეიფის შემდეგ, საჭესთან მჯომმა ნუკრი თეთრაულმა ვანოს თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა – მეორე ძროხის ყიდვაც გვინდა და, თუ გაიგებ, ვინმე ყიდის, დაგვირეკეო. ასე წამოვიდნენ ბიჭები იგოეთისკენ და, როგორც ირკვევა, სწორედ მათ შეხვდათ გზაში იარაღგადაკიდებული კაცი, რომელიც გაძარცვეს – ფარანი და თოფი წაართვეს. ვინ იყო ეს სამი პიროვნება? მათგან ორი სხვა გვარ-სახელისანი არიან, მაგრამ მესამე კი გახლდათ ნუკრი თეთრაული, მაგრამ არა ის, ვინც დააპატიმრეს...

მართლაც რომ კურიოზია. როგორც გაირკვა, დანაშაული ტელეფონის ნომრით გაიხსნა. ეს ნომერი გამოძიებამ იმ შუამავალ ვანოსგან გაიგო, რომელმაც ბიჭებს ძროხა აყიდვინა და აქეიფა. ტელეფონის ნომერი კი იმ თეთრაულის აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად გახლდათ: დანაშაულამდე ორი წლით ადრე „ჯეოსელმა“ გათამაშება ჩაატარა და ნუკრი თეთრაულმა (იმან, რომელიც ციხეში ჩასვეს) ეს ტელეფონის ნომერი ლატარიაში მოიგო. თუმცა, ძალიან მალე, მან ნომერი სხვას აჩუქა, იმ სხვამ კი – მის სეხნია ნუკრი თეთრაულს, მაგრამ ტელეფონის ნომერი მის სახელზე გაფორმებული დარჩა... ასე რომ, დანაშაული ნუკრი თეთრაულმა ჩაიდინა, მაგრამ არა იმან, ვინც დააპატიმრეს.

დაბნეული მოწმეები

არანაკლებ კურიოზია ისიც, რომ, როდესაც ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ძროხის გამყიდველი დაიბარეს. მას ოთხ ადამიანში უნდა ამოეცნო მყიდველი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ოთხი ამოსაცნობიდან მოწმე სამს იცნობდა და ამიტომ ხელი მეოთხეს – ნუკრი თეთრაულს დაადო. სინამდვილეში კი მას თეთრაული არ ამოუცნია და ვერც ამოიცნობდა, რადგან ძროხის ყიდვის მომენტში ბნელოდა, ამასთან, გამყიდველი მთვრალი იყო და რეალურად მას პიროვნებების სახის დანახვა და დამახსოვრება, როგორც საბოლოოდ სასამართლომ აღნიშნა, არ შეეძლო.

ვინაიდან ძროხის მყიდველებმა ყველაზე დიდი დრო შუამავალ ვანოსთან გაატარეს, რომელთან ერთადაც სოფლის „ბირჟაზეც“ იქეიფეს, ცხადია, ვანო ყველაზე კარგად იცნობდა სამივეს. მართლაც, მან პოლიციას უთხრა, რომ სამივეს ამოცნობას თავისუფლად შეძლებდა, მაგრამ, გამოძიება ისე დამთავრდა, ამოცნობა არ ჩატარებულა. როგორც ჩანს, პოლიციამ საკმარისად მიიჩნია, რომ ტელეფონის ნომერი ნამდვილად ნუკრი თეთრაულს ეკუთვნოდა და ვანო ქუმსიაშვილი მოწმედ პირდაპირ სასამართლოზე გამოიძახეს. სწორედ აქ მოხდა სასწაული: როდესაც მან ნუკრი თეთრაული დაინახა, მოსამართლეს უთხრა – ამ კაცს ცხოვრებაში პირველად ვხედავო...

„სამართალმა პური ჭამა“

საგულისხმოა, რომ უდანაშაულო თეთრაულის ადვოკატმა გამოძიებას არაერთხელ მიმართა, რომ მომხდარის ირგვლივ ის თეთრაული დაეკითხათ, რომელიც ძროხის საყიდლად მართლა იყო წასული, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. თუმცა, ალბათ, არანაკლებ საინტერესოა დამნაშავე თეთრაულის პოზიცია: იცოდა, მის ნაცვლად ციხეში უდანაშაულო კაცი იჯდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ირწმუნებოდა, რომ ტელეფონის ნომერი მისი არ იყო და, საერთოდ, ყველანაირად ცდილობდა, ძროხის ყიდვის ფაქტი დაემალა. საბედნიეროდ, საქმე „ნივაში“ მყოფი ერთ-ერთი მისი მეგობრის ჩვენებითაც „გასკდა“: მან სასამართლოს დეტალურად უამბო მომხდარის შესახებ. სწორედ მისი წყალობით დადგინდა, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ სამივე მიიმალა და ერთი წლის განმავლობაში სოფელში არ ჩნდებოდნენ. ის კი არა, ცდილობდნენ, დაზარალებულზე ზემოქმედება მოეხდინათ და მას საჩივარი გამოეტანა. არწმუნებდნენ, რომ მან სულ სხვა ადამიანი ამხილა. მაგრამ დაზარალებული შეუვალი იყო და არცთუ უსაფუძვლოდ – თეთრაულები გარეგნულად ერთმანეთს თურმე მართლაც ძალიან ჰგვანან, ანუ, როგორც სასამართლომ დაასკვნა, „დაზარალებული კეთილსინდისიერად შეცდა, რადგან მას თავდამსხმელებთან ურთიერთობა სიბნელეში, მცირე დროით და მძიმე ემოციური მდგომარეობის პირობებში ჰქონდა...“

ეპატიება თუ არა დაზარალებულს ასეთი შეცდომა – ეს ცალკე საკითხია, მაგრამ გამოძიებასა და სასამართლოს ამის უფლება არა აქვთ – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის I და II ნაწილების თანახმად, 1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან: უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა ის და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება. 2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული.

ასე რომ, რომ არა სააპელაციო სასამართლო, შესაძლოა თეთრაული, დღესაც ციხეში ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა გაჭირვების ან უსამართლობის განცდის გამო, უკანონოდ დაკავებულთა ოჯახები სხვა ინსტანციებში აღარ იბრძვიან.

თეთრაული დღეს თავისუფალია, მაგრამ, როგორ დაისაჯნენ ნამდვილი დამნაშავეები, სამწუხაროდ, ამაზე „თბილისელებმა“ ვერაფერი შეიტყო.


скачать dle 11.3