როგორ იმუშავა ქართველმა მზვერავმა 6 წლის განმავლობაში ფიდელ კასტროს ორეულად
უშიშროების ლეგენდარული ქართველი მაიორი პეტრე იაშვილი 1999 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, გამომცემლობა „ისკომ“ მისი მემუარები გამოსცა, რომლის ფრაგმენტსაც დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ.
სახიფათო ორეული
1959 წლის 1 იანვარს როცა ფიდელ კასტრო და მისი რევოლუციური რაზმი ჰავანაში ტრიუმფით შევიდა, მეც იქ ვიმყოფებოდი, რადგან იმ არალეგალ მზვერავთა შემადგენლობაში ვირიცხებოდი, რომლებიც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მუშაობდნენ, მაგრამ სულ მალე ჩემი ბედი ძალიან უჩვეულოდ წარიმართა. ჰავანაში მექსიკელი ემიგრანტის, ემანუელ სანჩესის, საბუთებით ვცხოვრობდი და თამბაქოს ნაწარმის წვრილმანი მოვაჭრე ვიყავი. ეს, რა თქმა უნდა, თვალის ასახვევად, სინამდვილეში კი, დაფინანსებას ცენტრი მიგზავნიდა და საკმაოდ უზრუნველყოფილი ვიყავი.
თავდაპირველად, საბჭოთა კავშირს კუბასთან ისეთი ინტენსიური და კეთილმეგობრული ურთიერთობა არ ჰქონდა. ფიდელის მთავრობას კრემლი აკვირდებოდა. მე კი სასწრაფო დავალება მომცეს, რომ როგორმე, რევოლუციური კუბის მთავრობასთან დამემყარებინა კავშირი და მოსკოვში ანალიტიკური მოხსენებები გამეგზავნა. რაც საბჭოთა მთავრობას ფიდელთან და მის გარემოცვასთან კონტაქტის დამყარებას გაუადვილებდა. საქმე კი ის იყო, რომ ფიდელ კასტროს ჯერ არ ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკური კურსი და როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე საბჭოთა კავშირი მასზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. მე ცენტრის დავალების შესრულებას შევუდექი, თუმცა თვით ბედისწერა დამეხმარა და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩემს კიოსკში ვიყავი, ორმოციოდე წლის კაცი მოვიდა და მითხრა:
– სენიორ ემანუელ სანჩეს, მე რევოლუციური კუბის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, მაიორი პაბლო კორტესი ვარ. თქვენთან საქმე გვაქვს და გთხოვთ, წამომყვეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარებოდა და სუფთად ვმუშაობდი, მაინც დავეჭვდი, ხომ არ დავიწვი-მეთქი და გაქცევაც კი დავაპირე, მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა და კორტესს წავყევი. მაიორმა უშიშროების სამმართველოში მიმიყვანა, ჩემთან ერთად კაბინეტში განმარტოვდა და მითხრა:
– ერთი კვირაა, გაკვირდებით. თქვენზე ყველა ცნობა შევკრიბეთ და ვიცით, რომ ახალი მთავრობის მიმართ სრულ ლოიალობას იჩენთ, ამიტომ თქვენთან ერთი წინადადება გვაქვს და აქ იმიტომ მოგიწვიეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ათასი რამ გავიფიქრე, თუ რა საქმე ჰქონდა ჩემთან რევოლუციური მთავრობის უშიშროების მაიორს, კორტესის სიტყვები ჩემთვის შოკი იყო. მან ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა:
– თანახმა ხართ, რომ კომანდანტე კასტროს ორეულად იმუშაოთ?
კორტესი ფიდელ კასტროს ორეულობას მთავაზობდა და ეს იმით ახსნა, რომ ფიდელ კასტროზე მრავალი მტერი ნადირობდა. კორტესმა კეთილგანწყობილად გამიღიმა და მითხრა:
– მეფესავით იცხოვრებთ. კეთილდღეობა და კომფორტი არ მოგაკლდებათ. მხოლოდ საიდუმლო მკაცრად უნდა დაიცვათ, წვერი მოუშვათ და კომანდანტე კასტროს მანერებს საფუძვლიანად დაეუფლოთ.
მე მოსაფიქრებლად სამი დღის ვადა ვითხოვე და შინ დავბრუნდი. ღამე კი ცენტრში ცნობა გავგზავნე კორტესის წინადადების თაობაზე. პასუხიც მაშინვე მივიღე, რომელშიც კატეგორიულად ეწერა: „დასთანხმდით და მოკავშირეს დაელოდეთ, რომელიც ძველი პაროლით გამოგეცნაურებათ“. პაროლი კი ასეთი იყო: მოკავშირეს უნდა ეთქვა, „ჰავანა ტროპიკების სავანეა“, მე კი მეპასუხა: „ტროპიკების მშვენება კი – კარიბი“.
ერთი სიტყვით, კორტესს სამ დღეში ვეწვიე, თანხმობა განვუცხადე და იმავე დღეს კუბის დედაქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ ვილაში გადამიყვანეს, ფიდელ კასტროს დამამსგავსეს, მისი მანერები შემასწავლეს და 4 თვის შემდეგ პირადადაც გამაცნეს... ფიდელმა ღვიძლ ძმასავით მიმიღო, ძალიან დამიახლოვდა და რამდენიმე სასარგებლო რჩევაც კი მომცა, რომ საკუთარი ორეულობა არ გამემჟღავნებინა. შემოწმების მიზნით კი, ორ კვირაში მთავრობის სხდომა მე წავიყვანე და როცა დასრულდა და ჩემს ოთახში დავბრუნდი, ფიდელი შემეგება, რომელიც მალულად გვადევნებდა თვალს და მითხრა:
– ჩინებული იყო, ვერავინ ვერაფერი შეიტყო...
ამგვარად გავხდი ყველაზე სახიფათო ორეული და პარალელურად, მოსკოვს უძვირფასეს ცნობებს ვაწვდიდი კუბის რევოლუციური მთავრობის შესახებ. სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი იმ საქმეში, რომ კუბა პროსაბჭოთა კურსს დაადგა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზული პრობლემა გაუჩნდა...
კასტროს ორეულად, 6 წლის განმავლობაში ვიმუშავე და საბჭოთა კავშირის გმირიც გავხდი, ხოლო 1966 წელს მე ზღვაში „დავიხრჩვე“ და „ლუბიანკაზე“ დამაბრუნეს.