2009 წლის პირველი პრემია – მძარცველებს
„დარვინის პრემიის“ ლაურეატები გახდნენ მძარცველები. ამ პრემიას ყოველწლიურად უაზრო სიკვდილისთვის ანიჭებენ. 2009 წლის შედეგებით კი პრემია მიენიჭა ორ მძარცველს, რომლებიც ცდილობდნენ, ქალაქ დინანში ბანკომატში არსებული თანხა მოეპარათ, მაგრამ მათ ვერ განსაზღვრეს ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობა და მძლავრმა აფეთქებამ ისინი ნამსხვრევების ქვეშ დამარხა.
მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელმა შონ მონტერომ. იგი ავტომობილების საცობში მოხვდა, გადმოვიდა მანქანიდან და მოსასაქმებლად ტუალეტის მაგიერი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ, საქმისთვის მოემზადა თუ არა, წონასწორობა დაკარგა, 20 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.
მესამე ადგილზე გავიდა ამერიკელი როზანა ტიპეტი. ჩრდილოკაროლინელი ქალბატონი, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია გამაფრთხილებელ ნიშნებსა და წარწერებს, ცდილობდა, თავისი მოპედით ნაპირებიდან გადმოსული მდინარე გადაელახა. პოლიციელმა იგი იხსნა, მაგრამ ტიპეტი მაშინვე გადახტა მდინარეში, რათა მოპედი გამოეთრია და დაიხრჩო.
„დარვინის პრემია“ 1985 წელს ამერიკელმა სწავლულმა უენდი ნორტკატმა დააწესა. პრემია ადამიანებს გადაეცემა სიკვდილის შემდეგ – „საკვირველი სისულელის გამო, რომელიც ფატალურად მთავრდება“. პრემიამ სწრაფად გაითქვა სახელი შავი იუმორის მოყვარულთა შორის მთელ მსოფლიოში. გამარჯვებულებს ინტერნეტ-ხმის მიცემით ადგენენ.
2008 წელს ამ პრემიის ლაურეატი გახდა 51 წლის ბრაზილიელი მღვდელი, რომელიც ჰელიუმით სავსე ბუშტების საშუალებით ჰაერში აიჭრა: მამა ადერლი დი კარლიმ თავის სავარძელს მიამაგრა ათასი ბუშტი, რათა დაემყარებინა რეკორდი და ჰაერში 20 საათი გაეტარებინა. საუბედუროდ, ამოვარდნილმა ქარიშხალმა იგი ოკეანისკენ გაიტაცა. უკანასკნელად, როცა მღვდელი კავშირზე გამოვიდა, ითხოვდა, ესწავლებინათ მისთვის GPS-ის მიმღების ხმარება, რომელიც მას თან ჰქონდა. ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ დი კარლის სხეული შემთხვევით აღმოაჩინეს რიო-დე-ჟანეიროს ნაპირებთან – სტარტიდან ასი კილომეტრის დაშორებით.
2007 წელს პირველი ადგილი დაიკავა სამხრეთ კაროლინელმა ახალგაზრდა წყვილმა: 21 წლის ახალგაზრდა და მისი გერლფრენდი სახლის სახურავზე მიეცნენ სიყვარულს და ისე გაერთნენ, რომ გადმოცვივდნენ. ახალგაზრდების შიშველი სხეულები გზასთან ტაქსისტმა აღმოაჩინა. ისინი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალნენ.