ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: 2006 წელს გარდაგვეცვალა მამა. ვართ 5 მემკვიდრე – 4 და და დედა. მამის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება თბილისში. მამაჩემის სიცოცხლეშივე სახლის ეზოში ავაშენე დამოუკიდებელი სახლი და ვცხოვრობდი დღემდე ჩემს ოჯახთან ერთად. ცნობილი გახდა, რომ ჩემი დები და დედაჩემი მივიდნენ ნოტარიუსთან და მალულად გაიფორმეს მემკვიდრეობა. ჰქონდათ თუ არა ამის უფლება მაშინ, როდესაც მამაჩემის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩემი საკუთარი სახსრებით აშენებულია ბინა და დღემდე იქ ვცხოვრობ. დაახლოებით 20 წელია. მეკუთვნის თუ არა მემკვიდრეობა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის მისაღებად უნდა მიმართოთ ნოტარიუსს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ხდება ქონების ფაქტობრივად ფლობა (მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს სახლში, ნივთების შენახვა და ასე შემდეგ) ან მართვა (გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მემკვიდრე არ ცხოვრობდა, მაგრამ უვლიდა ქონებას და მისი მოქმედებით დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს), ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს ნოტარიუსს (სამკვიდროს გახსნის ადგილას) და მოითხოვოს მემკვიდრეობის მიღება. ასეთ დროს 6-თვიანი ვადა არ არსებობს. ეს დამოკიდებულია მემკვიდრის ნებაზე.
მოცემულ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს.
კითხვა: სამშენებლო ფირმასთან გვქონდა ხელშეკრულება, ბინა უნდა ჩაგვბარებოდა 2008 წელს. დღემდე ბინის მშენებლობა არ დაწყებულა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: როგორც განმარტავთ, თუ, სამშენებლო კომპანიის მიერ არ არის სამშენებლო სამუშაოები დაწყებული, მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, მიმართეთ ექსპერტიზის ბიუროს. მიიღეთ აღნიშნულის შესახებ დასკვნა. შემდგომში დავა აწარმოეთ სასამართლოს ან არბიტრაჟის მეშვეობით, ვალდებულების შეუსრულებლობის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიწის გაყიდვის საშიშროება, სასამართლოს მიმართეთ სარჩელის აღძვრამდე და მოითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონების დაყადაღება.
კითხვა: მე და ჩემი მეუღლე ვართ განქორწინებულები. ჩვენ სახელზე ირიცხება ოროთახიანი იზოლირებული ბინა. მას ეკუთვნის ბინის ნაწილი. ვინაიდან მე ვცხოვრობ აღნიშნულ ბინაში, ჩემი მეუღლე (ყოფილი) ითხოვს, სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, საერთო საკუთრების ოროთახიანი სადავო ბინიდან ერთი ოთახის მესაკუთრედ ცნობას. კანონიერია ეს თუ არა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ მიერ დასმული შეკითხვიდან ჩანს, რომ ბინა არის საზიარო უფლების. შესაბამისად, თქვენზე უნდა გავრცელებულიყო საზიარო უფლების მქონე პირთა უფლებები და მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, საზიარო უფლების მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საზიარო უფლება უქმდება ნატურის გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამ შემთხვევაში, ოროთახიანი იზოლირებული ბინის თითოეული ნაწილი მისი არსებითი შემადგენლობაა და მათი გამოცალკევება ყოვლად შეუძლებელია. ვინაიდან სასამართლომ გამოუყო სადავო ბინიდან 1 ოთახი, ხოლო საერთო სარგებლობაში დაუტოვა სათავსოები, საზიარო უფლების გაუქმება ვერ მოხერხდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბინის თითოეული ოთახი არის ბინის შემადგენელი ნაწილი და მათი გამოცალკევება, ცალკე საკუთრების უფლების გამოყენება შეუძლებელია. სწორედ ეს გარემოება უნდა ყოფილიყო აღნიშნულ სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
კითხვა: სასამართლომ პენსიონერს დააკისრა ელექტროენერგიის ჯარიმა 600 ლარის ოდენობით. ეს იყო 2009 წლის იანვარში. სასჯელაღსრულების განმავლობაში ჩააბარა საბუთები, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის პენსიონერმა და ავადმყოფმა. 9 თვის შემდეგ კი უთხრეს, რომ თანხა ისევ ჰქონდა გადასახადი. ისესხა 600 ლარი და გადაიხადა. სწორია თუ არა ეს მოქმედება. მოქალაქეს ეგონა, რომ 600 ლარი ჩამოწერილი იყო.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, თუ მას შეეფარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 600 ლარის გადახდა, მისი ჩამოწერა არ მოხდებოდა სოციალურად დაუცველთა სიაში შეყვანის გზით.
კითხვა: სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, რომლითაც მომეხსნა „ყაზტრანსგაზის“ ჯარიმა და მომეცა სიტყვიერი გაფრთხილება. მიუხედავად ამისა, მაინც დამაჯარიმეს იგივე საბუთების საფუძველზე, გადაწყვეტილებიდან 10 თვის გასვლის შემდეგ. მაინტერესებს, რამდენად კანონიერია ეს და ვის მივმართო სიმართლის დასადგენად?
პასუხი: მოსახლეობის დაჯარიმების მიზეზს იწვევს ის, რომ გადაწყვეტილებაში არ წერია: შეწყდეს წარმოებითი საქმეო.
ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო, როცა სამართალდარღვევა დენადია, არა უგვიანეს ორი თვისა გამოვლენის დღიდან. 10 თვის გასვლის შემდეგ სახდელის დადება არ არის კანონიერი, რადგან სამართალდარღვევის ჩადენიდან გასულია კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა. შესაბამისად, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებაზე.
კითხვა: მინდა ავიცილო მოსამართლე. რა შემთხვევაში და პროცესის რომელ სტადიაზე შემიძლია მოსამართლის აცილება?
პასუხი: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში: მხარეებს შეუძლია, წერილობით განაცხადონ აცილება, რომელიც უნდა იყოს მოტივირებული და გაკეთდეს საქმის წინასწარი განხილვისთვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის საფუძველი იმ პირისთვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.
კითხვა: რა შემთხვევაში ხდება სახელმწიფო ბაჟის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება?
– მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულიად უბრუნდება, თუ:
1. სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის (სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის) გამოხმობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;
2. სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე; მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან;
3. სარჩელი განუხილველად დარჩა სხვა მიზეზით.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შემცირდება შემდეგ შემთხვევებში:
1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;
2. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად;
3. თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ბაჟის დაბრუნების ან შემცირების თაობაზე სასამართლოს განჩინებაზე (გადაწყვეტილებაზე) გაიცემა სააღმსრულებლო ფურცელი.
ბაჟის დაბრუნებისთვის საჭიროა, მხარემ კანონიერ ძალაში შესული განჩინება (გადაწყვეტილება) და შესაბამისი სააღმსრულებლო ფურცელი წარადგინოს საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითრის ასლთან ერთად.