ვინ იპოვა მამა და ნახევარდა საქართველოში ტომსკიდან და რა საახალწლო ნატვრა აუხდა 18 წლის გოგონას
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენს მკითხველს უკვე გავაცანით, ოღონდ, მაშინ ის დასრულებული არ იყო. საბედნიეროდ, სოფიოს მამა, სპარტაკი, ნაპოვნია. გამოგვეხმაურა, ასევე, სოფიოს ნახევარდაც და მათი ერთმანეთთან დაკავშირება საახალწლოდ მოხდა. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს მათ ერთმანეთის პოვნას და ყოველივე კარგს უსურვებს მომავალში.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 41 წლის სპარტაკ ნოდარის ძე ჩეხანს. მამა დაბადებულია 1968 წლის 28 ივლისს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე ჯერ კიდევ 3 წლის ვიყავი. მას შემდეგ მამა აღარ მინახავს. ძალიან მინდა, დამეხმაროთ მის მოძებნაში. ამჟამად მე ტომსკში ვცხოვრობ და, დამოუკიდებლად, თქვენი დახმარების გარეშე, ეს ჩემთვის შეუძლებელია.
– როგორ იპოვე მამა და რა განცდა დაგეუფლა, როდესაც გაიგე, რომ მშობელი, რომელიც 15 წელია, არ გინახავს, ნაპოვნია?
– 3 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ეს მოხდა 1994 წელს. მას შემდეგ მე მამა არ მინახავს და ზუსტად არც ის ვიცოდი, სად არის ან როგორ არის. ბუნებრივია, მისი პოვნა ძალიან მინდოდა. თავდაპირველად, მე დავუკავშირდი ქალაქ ტომსკის „ჟდი მენიას“ ნებაყოფლობით დამხმარეს, ქალბატონ ელენე ოლკოვას. მისი მეშვეობით გავიგე, რომ დიდი ხანია მამა ტომსკში, აღარ ცხოვრობდა. მაშინ გადავწყვიტე, ის რამენაირად საქართველოში მომეძებნა. ვიცოდი, რომ მამაჩემი წარმოშობით ქალაქ ზუგდიდიდან იყო და იქ ბებია და ბაბუაც მყავდა. თქვენ შესახებ სწორედ ელენესგან გავიგე და გადავწყვიტე, დახმარება თქვენთვის მეთხოვა, რადგან ტომსკიდან საქართველოში, შუამავლის გარეშე მამას ვერ ვიპოვიდი. როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ მამა ნაპოვნია, ისე გამიხარდა, რომ სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დავმუნჯდი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ჟურნალს იმ ღვთისნიერი, კეთილი საქმისთვის, რასაც აკეთებთ. დარწმუნებული ვარ, მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც დაეხმარეთ.
– სოფიო, შენ გყოლია ნახევარდა, რომელსაც ასევე, ძალიან გაუხარდა შენი პოვნა. მოგვიყევი თქვენი ურთიერთობის შესახებ.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ მამას ოჯახი შეუქმნია და მე მყავს ნახევარდა – თეონა. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთის გაცნობის საშუალება მოგვეცა, ჯერჯერობით თუნდაც სატელეფონო საუბრებითა და მესიჯებით. სანამ მამას ვეძებდი, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი იმაზეც, რომ მას, შეიძლება, მეორე ოჯახი აქვს და ძალიან არ მინდოდა, უსიამოვნება შემეტანა მის ამჟამინდელ ოჯახში, მაგრამ, იმედი მქონდა, რომ მისი ოჯახის წევრები გამიგებდნენ და ასეც მოხდა. ნამდვილად არ მეგონა, რომ 15 წლის უნახავ მამას, რომელსაც წლებია, აქტიურად ვეძებდი, თქვენ რაღაც ერთ კვირაში მაპოვნინებდით, ამისთვის მორალურადაც არ ვიყავი მზად. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს მართლაც ძალიან დიდი სიხარულია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი საახალწლოდ ხდება. ახალ წელს მე ერთადერთი სურვილი ჩავიფიქრე – მამა მეპოვა და ამისრულდა კიდეც. თეონასთან ჯერჯერობით მესიჯებით მაქვს ურთიერთობა. აღმოჩნდა, რომ მათ იცოდნენ ჩემ შესახებ და ასევე უნდოდათ ჩემი პოვნა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. გამოდის, ჩვენ ორმაგი სიხარული გვაქვს – მეც და მათაც.
– აპირებ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას და მამისა და ახლო ნათესავების ნახვას?
– დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდე საქართველოში, მით უმეტეს, რომ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. სამომავლოდ შეიძლება მოვახერხო კიდეც ჩამოსვლა, ამჟამად კი მთავარი ისაა, რომ ჩემი უახლოესი ნათესავები ნაპოვნი მყავს და ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს.
– რას უსურვებდი სხვა ადამიანებს, ვინც წლების წინ დაკარგულ ნათესავებსა და ახლობლებს ეძებს?
– მინდა, ყველას ვუსურვო, ეპოვოთ თავიანთი ახლობლები და ნათესავები და აღარ დაეკარგოთ მათთან ურთიერთობა. როდესაც მამას ვეძებდი, ბევრ ჩემს მეგობარს არ სჯეროდა, რომ მე მას ვიპოვიდი და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი მართლაც კარგად დასრულდა და ჩემი საახალწლო სურვილი ახდა: მე მყავს ნახევარდა, რომლის არსებობის შესახებაც კი არაფერი ვიცოდი და რომელიც თურმე მე მეძებდა.