საჯარო სკოლის მოსწავლე ომის დროს თანატოლებს აყაჩაღებდა
მობილური ტელეფონების გატაცებისთვის 17 წლის მოზარდს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ოციოდე დღეში, თბილისში სამი გოგონა დააყაჩაღა. მისი დაკავება სამართალდამცველებმა 7 თვის შემდეგ შეძლეს. თუმცა, ვინაიდან დანაშაული აღიარა, პროკურატურა მასთან საპროცესო გარიგებაზე წავიდა. სკოლის მოსწავლეს 12 წელი მიესაჯა, მაგრამ ციხეში ის მხოლოდ 8 წელს გაატარებს – დანარჩენ ოთხს მოზარდი პირობით მოიხდის.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2008 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, 17 წლის მოზარდმა, გიორგი მაჭარაშვილმა, პეკინის ქუჩაზე მე-19 კორპუსის პირველ სადარბაზოში, ამავე კორპუსის ბინა ¹9-ში მცხოვრები მანონ ელიზბარაშვილი დააყაჩაღა, რომელსაც დანის მუქარით „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.
5 დღის შემდეგ, 18 აგვისტოს, დაახლოებით 19:05 საათზე, მან უკვე მიცკევიჩის ქუჩის პირველი კორპუსის მესამე სადარბაზოში ბინა ¹36-ში მცხოვრები ნინო ყავლაშვილი დააყაჩაღა, რომელსაც ასევე დანის მუქარით წაართვა „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი.
31 აგვისტოს კი, დაახლოებით 21 საათზე, დოლიძის ქუჩის 29-ე კორპუსთან თამარ ფაილოძეს ასევე დანის მუქარით „ნოკია 6 500“ ფირმის მობილური და ორი ოქროს ჯაჭვი გასტაცა...
რა მეთოდით ყაჩაღობდა მოზარდი
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გიორგი მაჭარაშვილი მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო, თუმცა ის მშენებლობაზე მუშადაც მუშაობდა. საგულისხმოა, რომ მის მიერ ჩადენილი ყაჩაღობები რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს ემთხვევა: პირველი ყაჩაღობისას, 13 აგვისტოს, როდესაც მაჭარაშვილი შინ დაბრუნდა, მისი ოჯახი დეიდაშვილის ომიდან მშვიდობით დაბრუნებას აღნიშნავდა, მათ სუფრა გააწყვეს, რომელსაც, ცხადია, გიორგიც ესწრებოდა.
13 აგვისტოს დაყაჩაღებული მისი პირველი მსხვერპლი, ერთ-ერთი კოლეჯის ინგლისური ენის პედაგოგი, მანონ ელიზბარაშვილი იყო. როგორც ირკვევა, ელიზბარაშვილი პარალელურად, საბურთალოზე მდებარე მაღაზია „ანდრეში“ თარჯიმნადაც მუშაობდა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ 13 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათის შემდეგ, ის მაღაზიიდან პოლონელი მეგობრის სახლში მიდიოდა. საბურთალოს ქუჩიდან მან ფეხით გადაჭრა გზა, რომ კორპუსში შესულიყო. თუმცა, მანამდე უცნობი ბიჭი შენიშნა, რომელიც, მართალია, აკვირდებოდა, მაგრამ თავად ყურადღება არ მიაქცია, სადარბაზოში შევიდა და ლიფტი გამოიძახა. რატომღაც უცნობი ბიჭიც ამ სადარბაზოში შევიდა, მაგრამ ის ლიფტს არ დალოდებია, კიბეებს ფეხით აუყვა. ამასობაში ლიფტის კარი გაიღო და მანონ ელიზბარაშვილი მეოთხე სართულზე ავიდა. ლიფტიდან გამოსულმა შენიშნა, რომ ბიჭი მეხუთე სართულის კიბეებზე იყო. ის იყო, კარს გასაღები მოარგო და უნდა შესულიყო, რომ ბიჭი მეხუთედან მეოთხე სართულზე დაეშვა. ქალმა ეს უკვე საეჭვოდ მიიჩნია და კარს გასაღები სასწრაფოდ გამოაძრო. როგორც ელიზბარაშვილი ჩვენებაში იხსენებს, რომ შემოტრიალდა, უცნობმა დანა „დაუძრო“ და ჰკითხა, რატომ არ გააღე კარიო და შემდეგ ოქრო მოსთხოვა. როგორც დაზარალებული ამბობს, შეშინებულმა, მაშინვე ოქროს საყურის მოხსნა დაიწყო, მაგრამ უცნობმა, ეგ არ მინდაო და ტელეფონი მოსთხოვა. ქალმა მოატყუა, რომ არ ჰქონდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მუცელზე დანა წვეტით მიადო – თუ არ მომცემ დაგარტყამო, მან მოზარდს უახლესი მოდელის, 2008 წლის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი გადასცა, რის შემდეგაც ბიჭმა გააფრთხილა, ხმა არ ამოიღოო და გაიქცა...
მეორე მსხვერპლი, 18 აგვისტოს, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი ნინო ყავლაშვილი აღმოჩნდა. როგორც ყავლაშვილი იხსენებს, 18 აგვისტოს, დედამისმა დაურეკა, რომ კბილის ექიმი ელოდებოდა და სასწრაფოდ ექიმთან წავიდა. თუმცა, უკან დაბრუნებისას, პირველი სართულის კიბეებთან უცნობი ბიჭი დახვდა, რომელმაც ტელეფონი მოსთხოვა, მაგრამ არ მისცა. ბიჭმა კიდევ გაუმეორა და მას შემდეგ, რაც ვერცხლისფერი დანა მუცელთან მიუტანა, მერე კი ყელთან მიადო, იძულებული გახდა, ტელეფონი გადაეცა. უცნობი გაიქცა, მაგრამ ყავლაშვილიც უკან დაედევნა. ამ მომენტში მას მეგობარი შეხვდა და ისიც ყაჩაღს გაეკიდა, მაგრამ ვინაიდან ვერ დაეწეოდნენ, ყავლაშვილი ექიმის კაბინეტში დაბრუნდა და პოლიცია გამოიძახა – საქმის კურსში ჩააყენა, რომ მას 700-ლარიანი „სამსუნგი“ გასტაცეს...
მაჭარაშვილის მესამე მსხვერპლი თამარ ფაილოძე აღმოჩნდა, რომელიც 31 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე დააყაჩაღა. როგორც გაირკვა, დაყაჩაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფაილოძემ მის სახლთან ახლოს, აფთიაქში დადგმული ავტომატიდან საკუთარი ტელეფონის დეპოზიტზე თანხა ჩარიცხა. აფთიაქიდან გამოსულმა დაინახა, რომ ვიღაც ბიჭი დაჟინებით უყურებდა, მაგრამ არც მან მიაქცია ყურადღება, გზა განაგრძო და თავის კორპუსში მდებარე მაღაზიაში შევიდა. ამის შემდეგ გოგონამ ლიფტი გამოიძახა, მაგრამ როგორც ამბობს, უცებ კისერთან სიცივე იგრძნო. უცნობმა დანა მიადო: დროზე, გოგო, ტელეფინი, თორემ მოგკლავო. ფაილოძემ იცნო, ის ბიჭი იყო, რომელიც დაჟინებით უყურებდა და იძულებული გახდა, ტელეფონი მიეცა. თუმცა, მაჭარაშვილმა მას არა მხოლოდ „ნოკიას“ ფირმის ტელეფონი, ორი ოქროს ძეწკვი და ორი კულონიც გასტაცა. ყაჩაღობის შემდეგ ფაილოძეც გაეკიდა უცნობს, მაგრამ...
სამივე ყაჩაღობა პოლიციამ მაჭარაშვილის მიერ დაშვებული „შეცდომების“ წყალობით გახსნა. საქმე ისაა, რომ მან პირველი მსხვერპლის, მანონ ელიზბარაშვილის ტელეფონით საკუთარ დას დაურეკა და გააფრთხილა, მაგვიანდება და დედას უთხარი, არ ინერვიულოსო. გარდა ამისა, გატაცებული ტელეფონი მომდევნო დღეებში არაერთ მეგობარს ათხოვა. ამის გამო, მისი არასრულწლოვანი მეგობრებიც მშობლებთან ერთად პოლიციაში დასაკითხად დაჰყავდათ.
ის კი არა, მაჭარაშვილის გამო დააპატიმრეს მისი მეზობელი არჩილ არჩვაძე. როგორც გაირკვა, მაჭარაშვილმა მას მეორე მსხვერპლის, ყავლაშვილის ტელეფონი აჩვენა, არჩვაძეს მოეწონა და შეთანხმდნენ, რომ მაჭარაშვილი მას ტელეფონს მისცემდა, სამაგიეროდ კი არჩვაძე განვადებით გამოუტანდა ახალ ტელეფონს. არჩვაძემ მას ტელეფონი გამოართვა და თავის მხრივ ნაქურდალი ტელეფონის 300 ლარად გაყიდვა მეზობელზე გადაწყვიტა. მართლაც, 27 აგვისტოს ტელეფონი მან მეზობელს მიჰყიდა. ამის გამო, არჩვაძე დააკავეს თუმცა „გაუმართლა“ – ის 2 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
როგორც დაკავებულმა არჩვაძემ პოლიციას აუხსნა, გიორგი მაჭარაშვილი მას უბანში შეხვდა და უთხრა, რომ ტელეფონს ყიდდა იაფად. რადგან მანქანის ნაწილების ყიდვა უნდოდა, ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ ტელეფონს არჩვაძე გაყიდდა, შემდეგ კი მაჭარაშვილს განვადებით გამოუტანდა ტელეფონს. მოკლედ, მანქანის ნაწილების ყიდვის გამო, არჩვაძემ მოპარული ტელეფონი მეზობელს მიჰყიდა, რომელსაც ფული რამდენიმე დღეში უნდა მიეცა, მაგრამ 2 სექტემბერს დააკავეს...
რაც შეეხება თავად გიორგი მაჭარაშვილს, გარდა იმისა, რომ მის მიერ გატაცებული მობილურები პოლიციამ ქსელში ჩართვისთანავე იპოვა, ყველა დაზარალებულმა ის ფოტოსურათებით ამოიცნო. ამის მიუხედავად, მაჭარაშვილს არასრულწლოვნებამ უშველა: როგორც ცნობილია, განსასჯელს რამდენი მუხლიც აქვს მიყენებული, ყველა მუხლის სასჯელი იკრიბება, მაგრამ არასრულწლოვნებს ის შეღავათი აქვთ, რომ სასჯელი ერთი მეოთხედით უმცირდებათ. მაჭარაშვილს სამი ყაჩაღობის მუხლი ცალ-ცალკე ჰქონდა მიყენებული, თითოეულიდან 10 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ, ვინაიდან დანაშაულების ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა, გარდა ამისა, პროკურატურა მასთან საპროცესო შეთანხმებაზე წავიდა და სასამართლოს 12 წელი შემდეგი პირობით მოსთხოვა: მოზარდი ციხეში 8 წელს გაატარებს, ხოლო 4 წელს პირობით მოიხდის...
ეკა ბარაბაძე