საიდან წამოვა ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა
ეკონომისტების აზრით, მალე მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა დაიწყება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღარ წამოვა. საწვავისა და ბირჟებზე ფასების დაცემის ახალი ტალღის ნიშანი „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში მასშტაბურ გაკოტრებათა სერია გახდება. ეს დასკვნა რუსეთის გლობალიზაციისა და სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოიტანეს, რომლებიც 2010 წლის განმავლობაში კრიზისის გაღრმავების ალბათობას იკვლევდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 2009 წელს საკუთარი ეკონომიკური პრობლემების სხვა ქვეყნებისკენ მიმართვა მოახერხა. 2009 წელს ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღება სხვა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე მოხერხდა და ეს 2010 წელსაც შეუქმნის საფრთხეს მსოფლიოს ეკონომიკას. ამერიკის ფინანსურ სექტორში გამოცოცხლების პარალელურად, სხვა ქვეყნების საბანკო სექტორში პრობლემური ვითარება შეიქმნა. ეკონომიკური ექსპერტების აზრით, 2010 წელს ეკონომიკური კრიზისის საფრთხე არაბულ, აზიის ნაკლებად განვითარებულ, ლათინური ამერიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს შეექმნებათ.