რომელი ფირმის თვითმფრინავებით დაფრინავენ რუსი ოლიგარქები და რომელ მილიარდერს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიაპარკი
ჟურნალ „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგის თითქმის ყველა წევრი ფლობს ორ-სამ საფრენ აპარატს და დიდი ავიაპარკით აქ ვერავის გააკვირვებ: „თვითმფრინავი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა და არა ფუფუნება“, – გიპასუხებს ნებისმიერი მათგანი. აეროპორტში რეისების ლოდინი ნამდვილად არ შედის მათ ინტერესებში და ამიტომაც იხდიან ისინი კოლოსალურ თანხებს როგორც თვითმფრინავებში, ისე საწვავში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო თვითმფრინავების პარკი გაცილებით დიდია, ვიდრე სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის; ევროპაში, განსაკუთრებით კი რუსეთში, ავიაპარკების რაოდენობით ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ოლიგარქები გამოირჩევიან და, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2012 წლისთვის რუსული კერძო ავიაცია საგრძნობლად გაუსწრებს ამერიკულ ბიზნეს-ავიაციას.
სანაოსნო და საფრენი ტექნიკის დიდი მოყვარულის, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩის მსგავსად, რუსი ოლიგარქების უმეტესობის ავიაფარეხებში ორი-სამი საფრენი აპარატი დგას. რუს მილიარდერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს კანადური „ბომბარდირ ჩელენჯერ 604“ და „ბომბარდირ გლობალ ექსპრესი“. ეს ფრთიანი მანქანები ტიუმენის სანავთობო კომპანიის, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის – ვიქტორ ვექსელბერგის, „ალფა-ჯგუფის“ ხელმძღვანელის – მიხაილ ფრიდმანისა და ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის საკუთრებაა. ამ თვითმფრინავების ფასი 20-დან 40 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ტყავის დივნები და სავარძლები, მცირე სამზარეულო, კონდიცირების სისტემა, პლაზმური ტელევიზორები და უმაღლესი კლასის პილოტის კაბინა... – ეს კანადური „ბომბარდირის“ აღჭურვილობის მცირე ჩამონათვალია.
რუს მილიარდერებს შორის ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ფრანგული ზებგერითი „ფალკონ 900“ და „ფალკონ 2000“. ამ საფრენი აპარატის კაბინაში 15-მდე ადამიანი ეტევა და მას 6-8 ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია საწვავის დამატების გარეშე. „ფალკონი“ ერთ-ერთ ყველაზე უხმაურო თვითმფრინავადაც ითვლება და საჰაერო გადაადგილებისთვის მას ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენი სერგეი პოლონსკი იყენებს. „ფალკონების“ ყველაზე დიდი ვიპ-ავიაპარკი კი „გაზპრომავიას“ განკარგულებაშია და „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა. ამერიკულ „გოლფსტრიმს“, რომლის საბაზრო ფასი 45 მილიონი დოლარია, საწვავის ჩამატების გარეშე 12 ათას კილომეტრზე შეუძლია ფრენა. მილიარდერი ოლეგ დერიპასკა და „სურგუტნეფტეგაზის“ გენერალური დირექტორი ვლადიმირ ბოგდანოვი სწორედ ამ ფირმის თვითმფრინავების მფლობელები არიან.
ამბობენ, რომ უზარმაზარი თვითმფრინავი „ეირბას ა380“ სპეციალურად ოლიგარქების შეკვეთებისთვის დაპროექტდა. ეს აერობუსები ყოველი კლიენტისთვის ინდივიდუალურად პროექტდება და, თუ გამოჩნდება მსურველი, რომ „ეირბასს“ პატარა საოპერო დარბაზიც ჰქონდეს, ესეც არ იქნება პრობლემა. ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორის, რომან აბრამოვიჩის საჰაერო ლაინერი 500 მილიონამდე დოლარი დაჯდა და მისი ინტერიერის მოწყობაზე შვეიცარიელი დიზაინერების ჯგუფი მუშაობდა. „ეირბასი“ მზად 2011 წლისათვის იქნება. აბრამოვიჩის ავიაპარკიდან კიდევ „ბოინგ ბიზნეს ჯეტის“ გამორჩევა შეიძლება, რომლის ფასი 45 მილიონი დოლარია. სხვათა შორის, მსგავსი თვითმფრინავით რუსეთის დუმის წევრი და ცნობილი მექალთანე, მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი დაფრინავს. „ჩელსის“ მფლობელის „ბოინგ 767“ კი, რომელიც 360 მგზავრზეა გათვლილი, უკვე მწყობრშია და ოლიგარქის მოთხოვნით მასზე რამდენიმე დამატებითი ელემენტი დამონტაჟდა. ინტერიერი მთლიანად წითელი ხის მასალით გაკეთდა, დაემატა უზარმაზარი აბაზანა, გიგანტური ზომის პლაზმური ტელევიზორი. ჭურჭელი ძვირად ღირებული ფრანგული ბუტიკიდან განახლდა და ასევე დამონტაჟდა ანტისარაკეტო დანადგარი. კერძო თვითმფრინავების კიდევ ერთი ცნობილი რუსი კოლექციონერი, „როსნეფტის“ მფლობელი სერგეი ბოგდანჩიკოვია. იგი ამერიკული „ჩესნა სითეიშენ იქსით“ დაფრინავს, რომელიც ზებგერითი თვითმფრინავების კატეგორიას მიეკუთვნება და ავიაკონსტრუქტორები მას მოფერებით საჰაერო „ფერარის“ უწოდებენ.
სხვათა შორის, მინი-თვითმფრინავები სულ მალე უფრო სწრაფები გახდებიან. ფრანგი და იაპონელი ავიაკონსტრუქტორები ბიზნესმენებისთვის განკუთვნილ ახალ, ზესწრაფ ავიალაინერების შექმნის მოდელებზე მუშაობენ. მათი გათვლებით, უახლოეს მომავალში, ტოკიოდან პარიზში გადაფრენა, 11 საათის ნაცვლად, 6 საათში გახდება შესაძლებელი, ხოლო პარიზიდან ნიუ-იორკში – სულაც 4,5 საათში.
რაც შეეხება უცხოელ მილიარდერებს, დღესდღეობით კერძო თვითმფრინავების ყველაზე დიდი პარკის მფლობელი ბრიტანელი მილიარდერი სერ რიჩარდ ბრენსონია. რა რაოდენობის საფრენ აპარატებს ფლობს ეს ექსცენტრიკული ინგლისელი, მან თვითონაც არ იცის დაზუსტებით. მის კოლექციაში თვითმფრინავების მთელი ნაირსახეობაა: ზებგერითი თვითმფრინავი „ფალკონი“, თვითმფრინავი „უაით ნაით თუ“, განკუთვნილი კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე გასაყვანად და „ეირბას ა380“ ჯაკუზებით, სპა-სალონითა და ფეშენებელური ოთახებით. ბრენსონი ავიაციის დიდი თაყვანისმცემელია და მუდამ აახლებს თავის ავიაპარკს საფრენი ტექნიკის ახალი მოდელებით, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ის, რაც უნდა, იხდის ფულს და საფრენ აპარატს მისი მოთხოვნის შესაბამისად უგებენ. თავისი „ბოინგებით“ ბრენსონმა საკუთარი ავიახაზიც კი დააფუძნა „ვირჯინ ატლანტიკ ეირლაინსი“.
P.S. სანამ რუსი ოლიგარქები თავიანთი ავიაპარკების განახლებაზე ფიქრობენ, სერ რიჩარდ ბრენსონმა რაკეტის აშენების შეკვეთა მისცა და, ვინ იცის, ახლო მომავალში, იქნებ, ავიაპარკების ნაცვლად, მილიარდერები კოსმოსური ხომალდების კოლექციონერობაზეც გადავიდნენ.