რატომ უნდა დაეჭვდეთ, თუ ავტომობილი იაფი ღირს
ავტომობილის შეძენის შემდეგ, შესაძლოა, ძალიან ბევრმა ისეთმა დეტალმა იჩინოს თავი, რომელზეც ყიდვის დროს არ გვიფიქრია. იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს მხოლოდ ვიზუალური მოწონება-არმოწონების მიხედვით ვაკეთებთ, შესაძლოა, პრობლემებს ყიდვის შემდეგ შევეჯახოთ. რის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი და რა განსხვავებებია „ვითომ“ იდენტურ მოდელებს შორის, პროფესიონალი მრბოლელი, კოკა სვანიძე გვიამბობს.
კოკა სვანიძე: ავტომობილის შეძენისას მძღოლები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ვიზუალურ მხარეს, ზოგად მონაცემებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შევყავართ. მძღოლები ორი პარამეტრის მიხედვით ირჩევენ ავტომობილს: რომელი მოეწონებათ მის წრეში, ან – რომელი სჭირდებათ. არადა, აბსოლუტურად ერთნაირ მოდელებშიც კი, რომელთა შორის მინიმალური სხვაობაა, შესაძლოა, ავტომობილის ექსპლუატაციის დროს უამრავ არცთუ სასურველ სიურპრიზს გადავაწყდეთ. მაგალითისთვის ავიღოთ ეგრეთ წოდებული „ლისიჩკა ბეემვე“, რომელიც ვიზუალურად ძალიან ლამაზია, „აგრესიულია“, ფასიც ნორმალური აქვს და უამრავ ბიჭს მოსწონს. ზოგს მოსწონს ოთხკარიანი „ლისიჩკა“, ზოგს – კუპე, ანუ ორკარიანი. თითქოს დიდი განსხვავება არ უნდა იყოს ოთხკარიან და ორკარიან, სრულიად იდენტურ ავტომობილებს შორის. მაგრამ, როგორც კი დადგება მისი რემონტის საკითხი, განსაკუთრებით („ბეემვეს“ მძღოლებს ხშირად მოსდით პატარა ავარიები), გამოსაცვლელი ან გასაკეთებელი ხდება მისი კარები, „კაპოტი“ და სხვა, ორკარიანი „ლისიჩკას“ შეკეთება მინიმუმ ხუთჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე ოთხკარიანის, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. არადა, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ყიდვის დროს ყურადღებას არ ვაქცევთ – უბრალოდ, ორკარიანი მოგვწონს და მორჩა. ანუ, თუ მაინცდამაინც აკვიატებული აზრი არ გაწუხებთ, რომ ორკარიანი „ლისიჩკა“ გყავდეთ, არჩევანი ოთხკარიანზე გააკეთეთ. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი: ვთქვათ, ერთნაირ ფასში ვნახეთ 2002 წლის „ოპელ ასტრა-გე“ და „ოპელ ასტრა-ბე“, რომელთა შორის ვიზუალურად აბსოლუტურად არანაირი სხვაობა არ არის. ის კი არა, „ბეა“ თუ „გე“, ამას ყიდვისას ყურადღებაც არ ექცევა, იმდენად არ ჩანს განსხვავება. მაგრამ, მივედით რემონტამდე და, თუ „ასტრა-ბე-ს“ რომელიმე კონკრეტული დეტალი, ვთქვათ, „ვიჟიმნოი პაჩებნიკი“, ანუ, „პაჩებნიკი“, რომელიც მოდების გათიშვას უზრუნველყოფს, მხოლოდ 25 ლარი ღირს, „ასტრა-გე-ს“ ზუსტად იგივე დეტალის სამი ვერსია არსებობს და, თან, ერთ-ერთი ვერსია, მინიმუმ 350 ლარი დაგიჯდებათ ანუ ათჯერ და უფრო მეტად ძვირი. კიდევ ერთ ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: შეიძლება, ბაზარზე ძალიან ბევრმა ავტომობილმა მოგვხიბლოს თავისი ფასით, ისე, რომ საერთოდ არ ვიფიქროთ, რატომ ღირს ესა თუ ის მოდელი ასეთი იაფი. მაგალითად, ამჟამად ბაზრობაზე ძალიან იაფად იყიდით ამერიკული წარმოების მანქანა „პროტონს“, რომელსაც ყველაფერი აქვს, რაც კი შეიძლება მოისურვოთ, დაწყებული კონდიციონერიდან ყველა სხვა სერვისით დამთავრებული. მაგრამ, საკმარისია, ამ ავტომობილს რამე გაუფუჭდეს, დაგვჭირდება რამდენიმეთვიანი ლოდინი იმისთვის, რომ ნაწილი საქართველომდე ჩამოვიდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფასზე, რომლის გადახდაც ამ ნაწილში მოგვიწევს.
იმავე მიზეზით ღირს ახალი „ეს“ კლასის „მერსედესი“ იაფი?
– „მერსედესის“ შემთხვევაში ნაკლები პრობლემა გექნებათ ნაწილების შოვნის დროს. მაგრამ, საქმე გვაქვს საშინელ არაეკონომიურობასთან. რატომ ღირს 2002 წლის „ეს-კლასი“ და, ვთქვათ, იმავე წლის „ჰონდა სივიკი“ ერთი ფასი? იმიტომ, რომ „ჰონდა“ 100 კილომეტრზე ოთხ ლიტრ დიზელს მოიხმარს, ხოლო „ეს“-კლასი – მინიმუმ თვრამეტ ლიტრ ბენზინს. იგივე მდგომარეობაა „პასატთან“ და „აუდი ა4-თან“ დაკავშირებით, რომელიც ბაზარზე საკმაოდ მიმზიდველ ფასად იყიდება. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ფასი და ამ ავტომობილების ვიზუალური მხარე მთავარია და, მხოლოდ ყიდვიდან ორ-სამ კვირაში აღმოაჩენენ ხოლმე მის სუსტ მხარეებს, რაც ძირითადად, მართვის ავტომატური კოლოფის სისუსტეში გამოიხატება. ავტომატური კოლოფის შეკეთება კი ძალიან დიდ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, როდესაც ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ თუ გვერდით არ არის კომპეტენტური პირი, რომელიც რჩევას მოგცემთ, ინტერნეტში მაინც ნახეთ იმ კონკრეტული მოდელის მონაცემები, მით უმეტეს, თუ შერჩეული მოდელის ფასი იმავე კლასის სხვა მოდელებთან შედარებით იაფი ღირს.