„მანჩესტერი“ ვალებში იხრჩობა
ახალი წლის დადგომასთან ერთად, „მანჩესტერ იუნაითედის“ მფლობელმა გლეიზერების ოჯახის წევრებმა არ დამალეს, რომ კლუბს სერიოზული ფინანსური კრიზისი უდგას.
– როცა კლუბი ვიყიდეთ, რამდენიმე ასეული მილიონის ვალი ავიღეთ და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ვალს გადავიხდიდით, რადგან გუნდი წარმატებულად თამაშობდა, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა ძალიან დაგვაზარალა. ახლა შემოსავლები რეალურად მხოლოდ პროცენტებს ფარავს და ვალი არ იზრდება, მაგრამ მისი ოდენობა 700 მილიონი ფუნტია და ეს ცოტა არ არის, – ასეთია გლეიზერების განცხადება.
ვალების გამო თავში ხელს ირტყამს „მანჩესტერის“ თავკაცი ალექს ფერგიუსონი. მას გასულ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუ თითქმის 100 მილიონ ევროდ უკვე გაუყიდეს და ამ თანხიდან ყველაფერი ბანკის პროცენტებს მოხმარდა, ხოლო ახლა დიდი შანსია, გუნდიდან უეინ რუნი და ნემანია ვიდიჩიც წავიდნენ, რაც „მანჩესტერს“ საგრძნობლად დაასუსტებს. როგორც გლეიზერები ამბობენ, გამოსავლის მონახვას ახალი ობლიგაციების გამოშვებით შეეცდებიან და, იმედი აქვთ, რომ საერთო ჯამში 500 მილიონის ობლიგაციებს გაყიდიან, თუმცა ექსპერტებს ამის ნაკლებად სჯერათ. ისინი ვარაუდობენ, რომ გუნდი ვალებს თავს მანამ ვერ დააღწევს, სანამ კრიზისი რეალურად არ გადაივლის.