როგორ აისახება ბავშვზე ძალადობა და რა იგულისხმება არასასურველ ქმედებად
ბავშვებთან სასტიკ მოპყრობას და მათი ინტერესების ბოროტად გამოყენებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია: მსგავს დამოკიდებულებას მოაქვს ზიანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და სოციალიზაციისთვის, ცალკეულ შემთხვევაში მის სიცოცხლესაც კი ექმნება საფრთხე.
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს მშობლებისა და სხვა მზრუნველი პირების მიერ ბავშვისადმი ფიზიკური ტრავმის – სხეულის რაიმე დაზიანების მიყენებას, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის შესუსტებას და მისი განვითარების შეფერხებას. ფიზიკური ძალადობა ასევე გულისხმობს ბავშვისთვის ნარკოტიკების, ალკოჰოლის და სხვადასხვა პრეპარატების მიცემას. ზოგიერთ ოჯახში, ბავშვის აღზრდის ყველაზე მიუღებელ მეთოდს მიმართავენ – ეს არის ფიზიკური დასჯის სხვადასხვა ფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ ტრავმას ყოველთვის თან ახლავს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქიკური ტრავმაც.
ფსიქიკური (ემოციური) ძალადობა არის ბავშვის მუდმივი ან პერიოდული სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა მშობელთა, მეურვეთა ან მასწავლებელთა მხრიდან, მისი პიროვნული ღირსების დამცირება, დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია. ემოციური ძალადობაა ასევე ბავშვის მუდმივი მოტყუება, რის შედეგადაც ის კარგავს უფროსისადმი ნდობას; ბავშვისადმი ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომელთა შესრულებაც არ შეესაბამება მის ასაკობრივ შესაძლებლობებს.
ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფორმაა ბავშვის ინტერესების და მოთხოვნილებების უგულებელყოფა. ასეთ შემთხვევებში მშობლები ვერ ან არ უზრუნველყოფენ ბავშვს საჭირო საკვებით, საცხოვრებლით, განათლებით, სამედიცინო დახმარებით. მსგავსი დამოკიდებულების ტიპური მაგალითია ბავშვების უყურადღებოდ დატოვება, რასაც ხშირად მივყავართ უბედურ შემთხვევებამდე, მოწამვლამდე და ბავშვის სიცოცხლისათვის საშიშ სხვა უარყოფით შედეგებამდე.
ბავშვთან სასტიკი მოპყრობის ერთ-ერთი გამოვლინებაა ისეთი მდგომარეობა, როდესაც დედას არ აქვს ბავშვისადმი სიყვარული, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოშია, ანუ როდესაც ადგილი აქვს არასასურველ ორსულობას. ბავშვს მართალია, ჯერ თავი არ გამოუვლენია, მაგრამ ის უკვე არ უყვართ, მასზე არ ფიქრობენ და არ ზრუნავენ. დაბადებამდე ემოციურად უარყოფილი ბავშვები, ხშირად დროზე ადრე იბადებიან, სხეულის ნაკლები მასით გამოირჩევიან, სიცოცხლის პირველ თვეებში უფრო ხშირად ავადმყოფობენ და ძნელად ვითარდებიან.
ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ნებისმიერ ტიპს მივყავართ სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი – ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება და მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არასწორი დამოკიდებულების უარყოფით შედეგებს ეკუთვნის: რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაკარგვა ან გაუარესება, რაიმე დაავადების განვითარება, ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის 100 შემთხვევიდან დაახლოებით, 1-2 სრულდება ძალადობის მსხვერპლის სიკვდილით. ფიზიკური ძალადობის ვიზუალურ შედეგებს მიეკუთვნება სხეულის ჩალურჯებული მონაკვეთები, ტრავმები, მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების – ღვიძლის, ელენთის, თირკმელების და სხვათა დაზიანება. ამ დაზიანებების სამკურნალოდ დროა საჭირო, მაგრამ უფრო ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება დაზარალებული ბავშვების ფსიქიკის მკურნალობას. განასხვავებენ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ადრეულ და შორეულ შედეგებს. ადრეულ შედეგებს მიეკუთვნება ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ღებინება, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, სისხლდენა თვალებიდან, რაც დამახასიათებელია ტვინის შერყევისთვის პატარა ბავშვებში, რომელთაც მხრებით იჭერენ და ძლიერად ანჯღრევენ. ადრეულ გამოვლინებებს აგრეთვე მიეკუთვნება მწვავე ფსიქიკური დარღვევები ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ. ასეთი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს აგზნებით, სადმე გაქცევის სურვილით, დამალვით ან სრული გულგრილობით მის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. თუმცა ყველა შემთხვევაში ბავშვი შეპყრობილია შიშით, განგაშით და მძვინვარებით. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება, განუვითარდეთ მძიმე დეპრესია საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებით.
ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის შორეულ გამოვლინებებს მიეკუთვნება ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება, სხვადასხვა სომატური დაავადების განვითარება, პიროვნული და ემოციური დარღვევები და სოციალური შედეგები. ბავშვები, რომლებიც ოჯახში განიცდიან ფიზიკურ ძალადობას ან აკლიათ ოჯახური სითბო ხშირად თავიანთ თანატოლებს ჩამორჩებიან ზრდაში, წონაში ან ორივეში ერთად. ასეთი ბავშვები გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, თანატოლებთან შედარებით უჭირთ მეცადინეობა. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ მავნე ჩვევები – ფრჩხილების კვნეტა, თითების ლოკვა და ასე შემდეგ. მათ აქვთ შესიებული თვალის უპეები, ფერმკრთალი სახე, დაუდევრად არიან ჩაცმულები, აღენიშნებათ ჰიგიენის წესების დაუცველობის სხვადასხვა ნიშნები – პედიკულოზი, გამონაყარი, უსიამოვნო სუნი ტანსაცმლიდან და სხეულიდან. ძალადობის სხვადასხვა ტიპს ახასიათებს სხვადასხვა სომატური დაავადების განვითარება. მაგალითად, ფიზიკური ძალადობის დროს აღინიშნება სხეულის ნაწილებისა და შინაგანი ორგანოების სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ძვლების მოტეხილობები. სექსუალური ძალადობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, შარდ-სასქესო გზების ქრონიკული ინფექციები. ძალადობის ტიპის მიუხედავად, ბავშვებს შეიძლება, განუვითარდეთ სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადება: გასუქება ან პირიქით წონის მკვეთრი დაკლება, რაც გამოწვეულია მადის დაქვეითებით. ფსიქიკური ძალადობის დროს არაიშვიათად ვითარდება გამონაყარი კანზე, ალერგიული დაავადებები, კუჭის წყლული. ხშირად ბავშვებს უვითარდებათ ისეთი ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა „წიკები“, მეტყველების გაძნელება, შარდის და განავლის შეუკავებლობა.
პრაქტიკულად ყველა ბავშვს, რომლებსაც განუცდიათ სასტიკი მოპყრობის ესა თუ ის ტიპი და გადატანილი აქვთ ფსიქიკური ტრავმა, ამ ყველაფერს შესაბამისი ასახვა ექნება მომავალში მათ პიროვნულ და ემოციურ თავისებურებებზე. ასეთი ბავშვები ხშირად თვითონ გრძნობენ სიბრაზეს, რასაც გამოავლენენ მათზე უმცროს ბავშვებსა ან ცხოველებზე. ხშირად მათი მძვინვარების საბაბი უცნობია. ძალადობის ზოგიერთი მსხვერპლი კი პირიქით, ზედმეტად პასიურია და არ შეუძლია თავის დაცვა. ორივე შემთხვევაში ასეთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან კონტაქტი. ზოგჯერ მათი სურვილი მიიპყრონ ყურადღება გამოვლინდება გამომწვევი, ექსცენტრიკული მოქცევით. ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს სექსუალური ძალადობა, ხასიათდებიან ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნით სექსუალურ ურთიერთობებზე, რაც გამოვლინდება მათ ქცევაში ან თამაშში სხვა ბავშვებთან და სათამაშოებთან. მეტ-ნაკლებად უნივერსალური რეაქცია ნებისმიერ ძალადობაზე დაბალი თვითშეფასებაა. ასეთ პიროვნებას აწუხებს დანაშაულის, სირცხვილის გრძნობა. აქედან გამომდინარე, ბავშვს უჭირს გარშემო მყოფებში პატივისცემის მოპოვება, წარმატების მიღწევა, უძნელდება თანატოლებთან ურთიერთობა. ასეთი ბავშვები ზრდასრულ ასაკში მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. შესაძლოა მოზარდებს ჰქონდეთ თვითმკვლელობის მცდელობები.
ძალადობის სოციალური შედეგებია ის ზიანი, რომელსაც იღებს როგორც ძალადობის მსხვერპლი, ასევე საზოგადოება. ბავშვებს, რომლებიც გაიზარდნენ სასტიკი მოპყრობის პირობებში, უჭირთ სოციალიზაცია. ისინი თავიანთი პრობლემის გადაწყვეტას ხშირად პოულობენ კრიმინალურ, ასოციალურ წრეში, ეჩვევიან ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, იწყებენ ქურდობას და თვითონვე ხდებიან დამნაშავენი. თითქმის ყველა შემთხვევაში ძნელდება ოჯახის შექმნა. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ ბავშვებს მისცენ საკმარისი სითბო, რადგან მათ თავად აქვთ მრავალი ემოციური პრობლემა. ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის შედეგად დიდი ზიანი ადგება საზოგადოებასაც. უპირველესად ეს არის, ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა მოზარდთა მკვლელობის ან თვითმკვლელობის გამო, საზოგადოების აქტიური წევრების ნაცვლად ის იღებს დაბალი განათლების და პროფესიონალური დონის, კრიმინალური ქცევის ადამიანებს. საზოგადოება კარგავს მშობლებს, რომელთაც შეეძლებათ ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი შვილის აღზრდა. ამასთან, ძალადობის მსხვერპლი ხშირად თვითონ ხდება მოძალადე.