კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ვარ 16 წლის. სახეზე მაქვს გამონაყარი. ბევრი რამე ვცადე, მაგრამ არ მშველის. იქნებ, მირჩიოთ რაიმე საშუალება, რითაც კანი გამეწმინდება.
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ ასაკობრივი გამონაყარი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად გაგივლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია კანის მოვლა.
პირველ ყოვლისა, კანი მუდმივად სუფთა უნდა გქონდეთ, ანუ დილა-საღამოს გაიწმინდოთ სპეციალური ტონიკით, შემდეგ კი წაისვათ გამონაყარის საწინააღმდეგო საცხი.
ტონიკი მზადდება შემდეგნაირად:
3 გრამი ბორის მჟავა, 1 გრამი ბენზოის მჟავა, 1 გრამი სალიცილის მჟავა კარგად ასრისეთ სპეციალურ როდინში, ნელ-ნელა დაამატეთ 20 გრამი ახალგამოწურული ლიმონის წვენი (თან სრისეთ), ბოლოს – 90 გრამი გამოხდილი წყალი. კარგად მოურიეთ და ჩაასხით მინის ბოთლში. შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
ამ სითხეში დასველებული ბამბის ტამპონით კარგად გაიწმინდეთ მთელი სახე. რომ შეგაშრებათ, წაისვით სამკურნალო საცხი.
შეგიძლიათ, დაამზადოთ მცენარეული ტონიკი (ცხიმოვანი კანისთვის):
1 ცალ ბროწეულის ქერქს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. რომ გაგრილდება, გადაწურეთ. 40 მილილიტრ ნახარშს დაამატეთ 100 მილილიტრი გამოხდილი წყალი და 20 მილილიტრი ძმარი (ვაშლის ან ღვინის), კარგად შეანჯღრიეთ და შეინახეთ მინის ჭურჭელში.
გამონაყარის სამკურნალო საცხი მოამზადეთ შემდეგნაირად:
10-10 აბი სტრეპტოციდი, ლევომიცეტინი და ასპირინი (სალიცილის მჟავა) ძალიან კარგად ასრისეთ როდინში. წვეთობით შეურიეთ 100 მილილიტრი სამედიცინო სპირტი, 100 მილილიტრი ქაფურის სპირტი და 200 მილილიტრი გამოხდილი წყალი (თან სრისეთ). ჩაასხით მინის ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ.
წაისვით ტონიკი გაწმენდილ სახეზე. თუ საღამოს წაისვამთ, გაიჩერეთ დილამდე. დილას ისევ ტონიკით გაიწმინდეთ და ისევ საცხი წაისვით. შეგიძლიათ, არ ჩამოიბანოთ, ისე გახვიდეთ სახლიდან. სასურველია, რომ ორი-სამი კვირის განმავლობაში თავი შეიკავოთ მაკიაჟისგან. სახის შესამშრალებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები.
კითხვა: ისეთი თმა მაქვს, ლაკი თუ არ შევისხურე, ვერანაირ ვარცხნილობას ვერ ვიკეთებ, მაგრამ, მითხრეს, რომ ლაკი თმას აფუჭებს. ხომ არ ჯობია, უფრო ძვირიანი, ცნობილი ბრენდის პროდუქტი ვიყიდო?
პასუხი: რა თქმა უნდა, ცნობილი ბრენდის ლაკი გაცილებით უკეთესი ხარისხისაა, მაგრამ ნებისმიერი ლაკის სისტემატური ხმარება თმას მაინც დაგიზიანებთ, რის გამოსწორებასაც დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ, გირჩევთ, მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში შეისხუროთ თმაზე და, რაც მთავარია, ღამით არ დაიტოვოთ, ჩამოიბანეთ და გადაივლეთ გვირილის ნახარში.
კითხვა: მავნებელია თუ არა ხელოვნური წამწამები?
პასუხი: ყველაფერი ხელოვნური (მით უმეტეს, საეჭვო წარმოშობის) მავნებელია, თუ მას ძალიან ხშირად ვიყენებთ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა შეღებვის წინ თმის დასველება?
პასუხი: შეღებვის წინ სასურველია თმის დანამვა და არა დასველება, რადგან დანამულ თმაზე საღებავი უფრო თანაბრად ნაწილდება, ვიდრე მშრალზე.
კითხვა: როგორ შევარჩიოთ წამწამების ტუში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
პასუხი: ტუშის ყიდვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წარწერას შეფუთვაზე. თუ გსურთ, გაიმაგროთ ძირები, შეარჩიეთ ის, რომლის შემადგენლობაშიც შედის პროტეინები ან აბუსალათინის ზეთი. შესაბამისად, შეგიძლიათ, არჩევანი გააკეთოთ ტუშზე, რომელიც უზრუნველყოფს წამწამების მოცულობას, სიგრძესა და სიხშირეს.
დაახლოებით სამი-ოთხი თვის შემდეგ, სასურველია, ახალი ტუში შეიძინოთ.
კითხვა: როგორ იცვლება სახის კანის მდგომარეობა ზამთრის პერიოდში?
პასუხი: ყველასათვის ცნობილია, რომ ქარი, ყინვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ტენიანობის ზრდა ნეგატიურად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. დაბალ ტემპერატურაზე მცირდება კანის ცხიმოვანი ფენის გამომუშავება. ცხიმიანი კანი ზამთარში უახლოვდება ნორმალურ ტიპს, ნორმალური კი – მშრალს. ყველაზე მეტ ზეგავლენას განიცდის მშრალი კანი.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ზამთარში გარეთ გასვლისას პომადის წასმა?
კითხვა: ზამთარში გარეთ გასვლისას ტუჩის საცხის (პომადის) წასმას დეკორატიულის გარდა, დამცავის ფუნქციაც აქვს. ამიტომ, თუ საცხს არ ხმარობთ, აუცილებლად უნდა წაისვათ ტუჩის მკვებავი ბალზამი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნებისმიერი მკვებავი კრემი.