სპა-პედიკიურის 5 საიდუმლო
ახალი წლის დღეებში მხიარულებასა და ზეიმების შედეგად მთელი ორგანიზმი დაიღალა და დაიძაბა, განსაკუთრებული დატვირთვა კი ფეხებმა მიიღო. სწორედ ამიტომ გიშუპდებათ ტერფები და წვივები, გრძნობთ უსიამოვნო ბჟუილს, თითქოს კანიც ზედმეტად დაჭიმული გაქვთ. ეს შეგრძნებები რომ მოიშოროთ და კვლავ მსუბუქად იგრძნოთ თავი, ჩაიტარეთ სილამაზის რიტუალი, რომელსაც „სპა“ ჰქვია და რომელიც დგას „სამ ვეშაპზე“: კომფორტზე, რელაქსსა და კაპიტალურ მოვლაზე.
1. სპა-სალონის მყუდრო, სასიამოვნოდ მომთენთავი გარემო, შეგიძლიათ, სახლშიც შეიქმნათ: გაავსეთ თბილი წყლით ტაშტი, ჩაამატეთ ცოტაოდენი ქაფი, ორ ჩაის კოვზ თაფლში გახსენით არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი და ჩაასხით ტაშტში, მოამზადეთ ფეხების სკრაბი, დამარბილებელი კრემი, ყველა საჭირო ნივთი პედიკიურისა და დეპილაციისთვის, ჩართეთ საყვარელი მუსიკა და შეუდექით საქმეს.
2. ამქერცლავი ნაწილაკების გარდა, ფეხების სკრაბი შეიცავს ასევე მომთენთავ, ანტიბაქტერიულ, აღმდგენ, დამარბილებელ, დამამშვიდებელ, მცენარეულ და სხვა სახის ზეთებს. სკრაბი არა მარტო აცილებს კანის ზედაპირს მკვდარ ნაწილაკებს, არამედ იცავს და უვლის კიდეც მას.
3. არასწორი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ კრემის წასმა მხოლოდ ქუსლებზეა საჭირო. ის აუცილებლად მთელ ტერფზე უნდა წაისვათ.
ტერფის სხვადასხვა მონაკვეთზე, განსაკუთრებით კი თითებს შორის და მათ ზედაპირზე, კანი ძალიან თხელი და ნაზია და ადვილად ზიანდება, რაც ხელს უწყობს „სველი“, ხანდახან კი სისხლმდენი მაზოლებისა და წყლულების წარმოქმნას. ამიტომ, აუცილებელია, ყოველ საღამოს, აბაზანის მიღების შემდეგ, კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალებები წაისვათ.
4. კანი გლუვი უნდა იყოს მთელ ტერფზე და არა მხოლოდ ქუსლებზე. ამიტომ, საჭიროა, იფიქროთ დეპილაციაზე. დაიმახსოვრეთ: დეპილაციის გაკეთების წინ არ შეიძლება წაისვათ საპონი ან „დუშ-გელი“, მაგრამ კანის დარბილება, სკრაბით გაწმენდა და აბაზანების გაკეთება აუცილებელია.
5. მაგრამ, მარტო აბაზანებით, შესაძლოა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ. ამიტომ, უნდა მიმართოთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც გაუხეშებული კანის მოსავლელად არის განკუთვნილი. სკრაბებთან ერთად, ისინი არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა. მათი შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.