გართულებული გაციება დაავადებებს ამწვავებს
გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი ჩვენგანი მკურნალობას თავს არიდებს და ფიქრობს, რომ ეს თავისით გაივლის. არადა, გართულებულმა გაციებამ შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.
გირჩევთ, გაციების დასაწყისშივე ძლიერმოქმედი აბების მიღებას მოერიდოთ, რადგან ბევრი სხვა ეფექტური საშუალებაც არსებობს.
ბევრი იმასაც ამბობს: თუ სურდო უკვე შეეყარა ადამიანს, მასთან ბრძოლა დაგვიანებულიაო. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან თუ დროულად დაიწყებთ მკურნალობას, სურდოს რამდენიმე დღეში დააღწევთ თავს.
სამკურნალოდ კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ინჰალაციაა. აადუღეთ წყალი, ჩააწვეთეთ მასში რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი, თავზე პირსახოცი წაიფარეთ და ცხელი ორთქლი ისუნთქეთ. ევკალიპტს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და სუნთქვას მკვეთრად აუმჯობესებს. თუ ოფლის მოდენა გინდათ, მაშინ მდუღარეში დარიჩინი ჩაუმატეთ. კერძოდ, ის ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს გაათბობს. მდუღარე წყალში ჩამატებული ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი ვირუსებს ანადგურებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ასევე, სურდოს დროს კარგია ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა. როცა ფეხებს ითბუნებთ, სისხლი ქვედა კიდურებს აწვება და თავში არსებული სისხლძარღვები იკუმშება.
ხველის დასაწყისშივე ეცადეთ, იმუნიტეტი გაიძლიეროთ. ამ დროს კარგია, თუ ერთ სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხამთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ლიმონის წვენი და ცოტა წიწაკა. თბილი ნაყენი ძილის წინ დალიეთ. ასევე, იმუნიტეტს გაიძლიერებთ, თუ სამ ჭიქა ცხელ წყალში გახსნით ერთ ჭიქა ვაშლის ძმარს, დაასველებთ მასში დოლბანდს და ყელზე მის კომპრესს გაიკეთებთ. ორგანიზმის დამცველი ძალების გასაძლიერებლად კარგია, აგრეთვე, ასკორბინის მჟავა და ის პროდუქტები, რომლებიც C ვიტამინს შეიცავს.
ყელის ტკივილის დროს კი სავლები დაგეხმარებათ. თბილ წყალში ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი და ყელში გამოივლეთ. ამ მცენარეს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და ინფექციას იოლად ამარცხებს.
ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ ხალხურ მედიცინას და გაციების პირველი ნიშნებისთანავე ძლიერმოქმედ აბებს მოერიდოთ.