რჩევები თანამედროვე ქრისტიანს
არქიმანდრიტი ეპიფანე ხშირად ამბობდა:
– ღმერთთან შეთანხმება დავდე: მე მოწყალების გაცემით ჯიბეებს ვიცარიელებ, ის კი ისევ მივსებს მათ. მას ჩვენი გარიგება არასდროს დაურღვევია, მე რატომ უნდა ვუღალატო? ეს არც მოხდება.
***
მამიდა ალექსანდრა ამბობდა:
– ვინც ფულს არ ითვლის, ყოველთვის ხელგაშლილია, მაგრამ მამა ეპიფანეს ხელისგული გახვრეტილიც კი აქვს, ამიტომ ზედ არაფერი უჩერდება, არიგებს და არიგებს...
***
თავად მამა ეპიფანე გასაოცარ სიფრთხილეს იჩენდა იმ ფულის გამოყენებისას, რასაც მოწყალების დასარიგებლად აძლევდნენ. იგი მკაცრად ამოწმებდა ანგარიშებს, რათა რამე ბრალდებისგან თავი დაეცვა.
***
ერთმა ყმაწვილმა მამა ეპიფანესთან რწმენის შესახებ დავა წამოიწყო. ბერის დამაჯერებელ მტკიცებულებათა მიუხედავად, მას კვლავ და კვლავ ჯიუტად ეძალებოდა ეჭვები. ბოლოს მამა ეპიფანემ უთხრა:
– შენი მონათხრობიდან, შვილო ჩემო, ვასკვნი, რომ ეკონომიური სირთულეები გაქვს. ნებას დამრთავ, დაგეხმარო?
განცვიფრებულმა ახალგაზრდამ უპასუხა:
– თქვენ დახმარებას მთავაზობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ურწმუნოებას ვაცხადებ?
– მოვალეობა სიყვარულისა საერთოდ არ ეხება შენს რწმენას! – მიუგო მამა ეპიფანემ.
***
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი სასოწარკვეთამ მოიცვა. მას არ ჰქონდა სწავლის დასრულების საშუალება, რადგან სიღარიბის გამო მუშაობა უწევდა და განათლებისთვის დრო აღარ რჩებოდა. მეგობარმა ურჩია, მამა ეპიფანე მოენახულებინა. ამ უკანასკნელმა მოუსმინა და ჰკითხა, სამუშაოზე რა თანხას იღებდა. პასუხის შემდეგ კი უთხრა:
– დღეიდან მუშაობას თავს დაანებებ და ყოველ თვეს აქ მოხვალ ამ გასამრჯელოსთვის. გაოგნებულ სტუდენტს იქვე მისცა პირველი „ხელფასი“. ყმაწვილმა სწავლა დაასრულა. ახლა მართლმორწმუნე ქრისტიანი და კარგი ექიმია.
***
მე უნივერსიტეტში გამოსაშვებ გამოცდებს ვაბარებდი, – იგონებს მამა ეპიფანეს ერთ-ერთი სულიერი შვილი, – გამოცდა დამრჩა ინგლისურ ენაში. რადგან მეცადინეობებს იშვიათად ვესწრებოდი, სამი წლის მასალა უნდა ჩამებარებინა. გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო იყო კურსების გავლა, სწავლის ფული კი არ მქონდა. მაშინ ვაუწყე მოძღვარს ჩემი განზრახვის შესახებ, შემეწყვიტა სწავლა, წავსულიყავი არმიაში, შემდეგ კი მუშაობა დამეწყო, რათა თავის სარჩენი ფულის შოვნის საშუალება მქონოდა. მამა ეპიფანემ მამობრივი მზრუნველობით შემომხედა და მითხრა:
– არა, შვილო ჩემო, ჯერ დიპლომი აიღე, შემდეგ კი არმიაში წადი. იპოვე მასწავლებელი, კერძო გაკვეთილები ჩაგიტაროს, ფულს რაც შეეხება, გექნება.
ბერის შემწეობით მალე დიპლომი მივიღე.
***
ერთხელ მამა ეპიფანესთან მივიდა სკოლის მოწაფე მრავალშვილიანი ღარიბი ოჯახიდან. აღსარების შემდეგ ბერმა ჰკითხა:
– ფული რამდენი გაქვს?
მოულოდნელობისგან ყმაწვილი შეცბა და ვერაფერი უპასუხა.
– შენ გეკითხები, ფული რამდენი გაქვს? – გაუმეორა მოძღვარმა.
– აუცილებლად უნდა გიპასუხოთ?
– მე უბრალოდ კი არ გეკითხები, მოვითხოვ, მითხრა.
იმ დროიდან გულუხვი ბერი არაერთგზის დაეხმარა მოსწავლეს.
***
ერთხელ მამა ეპიფანემ გაიგო, რომ მღვდელი, რომელთანაც ადრე უთანხმოება ჰქონდა, დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდა. მამა ეპიფანეს ესმოდა, რომ თუ მას ფულს პირდაპირ მისცემდა, შესაძლოა, არ აეღო. მაშინ ბერმა სთხოვა ერთ-ერთ სულიერ შვილს, რომელსაც ენდობოდა:
– შვილო ჩემო, გვიან საღამოს მიდი ამა და ამ სახლთან, კარის ქვეშ კონვერტი შეაცურე და ეცადე, არ შეგნიშნოს. ის ასეც მოიქცა. რასაკვირველია, მღვდელმა ვერასოდეს გაიგო თავისი კეთილისმყოფლის ვინაობა.
***
როცა მამა ეპიფანეს მონასტრის დაარსების შესახებ აზრი დაებადა, წუთით იფიქრა, მოწყალების საქმენი შეემცირებინა, მაგრამ იქვე შეინანა: „ვცოდე, ვცოდე! ვიფიქრე, რომ ღმერთი ღარიბია!“
***
მამა ეპიფანეს ბინა მდებარეობდა მაკედონიის ქუჩაზე, ¹24 სახლში. პირველი მნიშვნელოვანი თავყრილობა, რომელზეც მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება ისიხასტერიის დაარსების თაობაზე, ღამის სამ საათამდე გაგრძელდა. იქ იყვნენ მღვდლები და მომავალი მონაზვნები – ბერის სულიერი შვილები. ასევე, განიხილებოდა საკითხი მონასტრის აშენებისთვის საჭირო სახსრების მოძიების შესახებ. მამა ეპიფანემ ფულის შოვნის ათასი ხერხი მოიფიქრა და მსჯელობა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
– მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ მოწყალების საქმეები, ანუ ღარიბებისთვის სპეციალური სალაროს არსებობა არ მოიშლება. თუ ჩვენ მონასტრის მშენებლობის გამო გაჭირვებულებს აღარ დავეხმარებით, მაშინ არც ღმერთი გამოგვიგზავნის რამეს. რამდენსაც ჩვენ გავცემთ, იმდენივეს მოგვაგებს უფალი.
და ასეც მოხდა.
არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან