რატომ არ არის მნიშვნელოვანი ნუგზარ კვაშალისთვის საწოლი და რას შეაჩვია ის გასტროლებმა
იცით, როგორი ბინა აქვს თოვლის ბაბუას?! თითქმის ისეთი, როგორც ნუგზარ კვაშალს. ასე რატომ ვფიქრობ?! იმიტომ რომ, როცა საკუთარ ბინაში გვიწევდა მეგზურობას, თოვლის ბაბუის სამოსში იყო გამოწყობილი (პირდაპირ ფილარმონიიდან, საახალწლო ზეიმიდან გამოვაქციეთ, – ნ.წ.) და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახლში ოთხი თვის არაჩვეულებრივი შვილიშვილიც ჰყავს, ანუ, უკვე ბაბუაა, მასა და ნამდვილ თოვლის ბაბუას შორის განსხვავება მინიმუმამდე შემცირდება.
მაშ ასე, თქვენ ახლა თოვლის ბაბუა-ნუგზარ კვაშალთან ბრძანდებით სტუმრად!
ნუგზარ კვაშალი: ეს ჩემი მეხუთე სახლია და ყველაზე ნაკლებად მის მოწყობაში მივიღე მონაწილეობა. ისე მოხდა, რომ მიწევდა ბინების გამოცვლა. რაც ოცი წლის გავხდი, მას შემდეგ უბანი აღარ მქონია. ისე, ვერელი ვარ. სულ გასტროლებზე დავდიოდი და ჩემი უბანი იყო მატარებელი, თვითმფრინავი და ავტობუსი, ურემიც კი (იცინის). მაგრამ ჩემი ბიჭები უკვე ვაკელები არიან და აქაურობა ძალიან უყვართ. ისე, ნამდვილად კარგი მეურნე ვარ. ძველ ბინებში, სამზარეულო იყო თუ სხვა შავი საქმე, ყველაფერს მე ვაკეთებდი. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მთელი სამუშაო ჩემს ცოლს გადავაბარე. დამპროექტებელიც ის იყო და დიზაინერიც. მე იმ პერიოდში გასტროლებზე ვიყავი. თუმცა დავუბარე, რომელი კედელი უნდა აეღოთ და როგორ უნდა გაეკეთებინათ. რადგან მანსარდა ვიყიდე და ბინაც საკმაოდ მაღალჭერიანი იყო, ჭერი ცოტა კიდევ ავწიე და ორი სართული გამოვიდა. ზემოთ გვაქვს სამი პატარა საძინებელი, მაგრამ იქ ვერ შევალთ. თოვლის ბაბუას სად სძინავს, არავინ არ უნდა იცოდეს (იცინის).
– კიდევ ხომ არ აპირებთ ბინის გამოცვლას?
– ნამდვილად მირჩევნია, ქალაქგარეთ ვცხოვრობდე. წავალ კიდეც აუცილებლად. აბა, რას ვიზამ. შვილებს დავტოვებ აქ და მე სადმე სოფელში გადავალ.
– რა პრინციპით იხელმძღვანელეთ ბინის მოწყობისას, ანუ, როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ადამიანს სრული კომფორტისთვის?
– ბევრი არაფერი. მთავარია, კარგად მოწყობილი სამზარეულო ჰქონდეს და აბაზანა-ტუალეტი. კარგად მოწყობილში ვგულისხმობ, კარგად აღჭურვილს ტექნიკითა და ყველა საჭირო ატრიბუტიკით: კარგი გაზქურით, მაცივრით, სარეცხი მანქანით და რა თქმა უნდა, თბილი წყლით.
– კომფორტული საძინებელი არ არის სავალდებულო?
– ნამდვილად არ არის სავალდებულო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. საწოლის მოვალეობა შეიძლება ტახტმაც შეასრულოს, ან – „კუშეტკამ“ (იცინის), იატაკზეც დავიძინებ. მე გასტროლიორი ვარ და ყველა პირობებში შემიძლია დაძინება. მაგრამ, აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო კარგი უნდა მქონდეს. ჩემს შვილიშვილსაც კი აქვს თავისი გასათბობ-გამაცხელებელი. იმას კიდევ უფრო მეტი კომფორტი სჭირდება.
– გასტროლებიდან არ ჩამოგქონდათ საოჯახო ნივთები?
– ჩამომქონდა. ძირითადად ჭიქები. იმიტომ, რომ მაშინ საქართველოში ღვინის ჭიქის მეტი არაფერი იშოვებოდა. ჩამომქონდა გრაფინები და ვისკის ლამაზი ბოთლები.
– ჭაღი არ ჩამოგიტანიათ უცხოეთიდან?
– არა. მე მდიდარი მშობლები მყავდა. ჩემი მეუღლის მშობლებიც შეძლებულები იყვნენ და იმათ მოგვიხსნეს ეს პრობლემა.
– ესე იგი, ცოლმა ანტიკვარები მოგიტანათ მზითევში?
– იმანაც მოიტანა და მეც დავახვედრე, მაგრამ მე არ ვარ ანტიკვარების მოყვარული. ბაბუის დანატოვარი ერთი ნივთი უნდა გქონდეს, მაგრამ სულ რომ სიძველეებში ვცხოვრობდე, არ მინდა. ჩემს მეუღლეს, პირიქით, უყვარს ძველი ნივთები და, როცა რამეს ვაგდებ ან გავაჩუქებ, გიჟდება. ჩემს მეგობარს, აფხაზეთიდან დევნილს გავატანე, რაც კი სარდაფში ტაშტები, ქვაბები და ტაფები გვქონდა.
– საყვარელი ნივთი ან ამოჩემებული ადგილი თუ გაქვთ?
– არა, ძალიან უპრეტენზიო ადამიანი ვარ. ერთადერთი ამოჩემება და საყვარელი „ნივთი“ ჩემი შვილიშვილია, ჩემი პრინცესა, რომელზეც გადავეწყვეთ მთელი ოჯახი და იმ აზრსაც შევეგუეთ, რომ მალე ამ სახლის დიზაინსაც თავის გემოვნებით შეცვლის.