რა საშუალებით შეიძლება სხვა ქალზე შეყვარებული ქმრის ოჯახში დაბრუნება
განშორება არასდროს არ არის ადვილი, თუნდაც ურთიერთობას მომავალი აღარ ჰქონდეს.
შეიძლება, ისე დაემშვიდობო საყვარელ ადამიანს, რომ ერთმანეთს ტკივილი არ მიაყენოთ? – ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თეორიულად ეს შეიძლება, მაგრამ პრაქტიკაში, ძირითადად, სტრესთან გვაქვს საქმე, თანაც, საკმაოდ მძიმე სტრესთან. მით უმეტეს, როცა არსებობს მესამე – ბავშვი, რომელსაც დედაც და მამაც ერთნაირად სჭირდება. ქალები არცთუ იშვიათად იმპულსურად იღებენ გადაწყვეტილებას, მოქმედებენ გრძნობის და არა გონების კარნახით, მაგრამ შემდეგ, როცა აღმოაჩენენ, რომ ერჩივნათ, ქმრისთვის ეპატიებინათ დანაშაული და გვერდით ჰყოლოდათ ახლობელი ადამიანი, ნანობენ. გაუცხოება ნებისმიერ ოჯახურ წყვილს შეიძლება დაემუქროს, მაგრამ ეს მათ შორის განხეთქილების მიზეზად არ უნდა იქცეს. ალბათ, ისევ ცოლს უნდა ეყოს გამჭრიახობა, მოთმინება და, იქნებ, ეშმაკობაც, რომ, რაღაც მიზეზით გაუცხოებული, გვერდზე გამდგარი მეუღლე ოჯახისკენ შემოაბრუნოს. ისევ ფსიქოლოგები გვირჩევენ: სანამ კარს გაიჯახუნებდეთ და ურთიერთობას ხელის ერთი მოსმით დაანგრევდეთ, კარგად დაფიქრდით: იქნებ მიტევება და ყველაფრის თავიდან დაწყება ჯობდეს?!
ანა (29 წლის): ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი გავიარე. ძალიან სერიოზული პრობლემა გადავლახე და მინდა, ის გამოცდილება, რომელიც მივიღე, სხვა ქალბატონებსაც გავუზიარო. ვიცი, რომ ჩვენი ცხოვრება ადვილი არ არის – „ჩვენში“ ცოლებს ვგულისხმობ – ცხოვრება საერთოდაც რთულია, მით უმეტეს, ქალებს ორმაგად გვიჭირს, რადგან ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ფაქტობრივად, საკუთარი ხელით ვქმნით არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი შვილებისა და ქმრების მომავალსაც. მე მაშინ მივხვდი ამას, როცა ჩემი ოჯახის არსებობა ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგა. ერთბაშად აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდი, თანაც გამოუსწორებელ შეცდომებს. ვიცი, მეტყვით, თუ გულწრფელად ნანობ, გამოუსწორებელი შეცდომაც არ არსებობსო. მაგრამ, მთავარია, დროულად ინანო, თორემ შეიძლება, მერე გვიან იყოს. ჩემს შემთხვევაში გამიმართლა. მალე მივხვდი, რომ საკუთარი ხელით ვინგრევდი ბედნიერებას. ექვსი წლის წინ გავთხოვდი სიყვარულით. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ძალიან კარგადაც კი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ ყველაზე კარგი და საყვარელი ქმარი მყავდა. ალბათ, ყველა ახალგათხოვილი ქალი ასე ფიქრობს და იმაშიც დარწმუნებულია, რომ ეს იდილია სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. როცა ამ დროს იგებ, რა პრობლემები აქვთ სხვა წყვილებს, ფიქრობ, რომ შენ ეს არ შეგეხება, შენთან ხომ ყველაფერი „სხვანაირადაა“. შენ ხომ გიყვარს ქმარი და იმასაც უყვარხარ! სინამდვილეში საქმე ასე მარტივად სულაც არ არის. ბედნიერება ნაძვის ხის ბრჭყვიალა სათამაშოს ჰგავს, რომელიც მაშინ ჩაგატყდება ხელებში, როცა ყველაზე ნაკლებად ელი ამას და ძალიან გატკენს გულს.
– ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ბედნიერება ქრება? იქნებ, სიყვარული არ არის საკმაოდ ძლიერი?
– არა, ეგ არაფერ შუაშია. შეიძლება, ძალიან გიყვარდეს, მაგრამ ქმარი მაინც დაკარგო. ქალების, უფრო სწორად, ცოლების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ, როგორც კი კაცს თავისად დაიგულებენ, მაშინვე მოეშვებიან. ფიქრობენ, რომ ის უკვე მისია, მისია სამუდამოდ. ცოტა უხეშად ნათქვამია, მაგრამ ძალიან ბევრ ოჯახს სწორედ ქალების ეს ინერტულობა ანგრევს. ავიწყდებათ, როგორ ცდილობდნენ მის მოხიბვლას, რას აღარ აკეთებდნენ საამისოდ: უვლიდნენ თავს, სულ ფორმაში იყვნენ და, რაც მთავარია, ანებივრებდნენ სითბოთი და ყურადღებით. მეც ამ ქალების რიცხვს მივეკუთვნები. ახლა მოვედი აზრზე, თორემ, ზუსტად ასე ვიქცეოდი. ბავშვი რომ გავაჩინე, მით უმეტეს, მთლიანად მასზე ვიყავი კონცენტრირებული. სამსახურსაც კი თავი დავანებე. სახლში ჩამჯდარი ქალის ამბავი კი თქვენც მოგეხსენებათ. ჩემსა და ჩემს ქმარს შორის პრობლემები დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ მე ეს ვერ შევნიშნე, მაგრამ, რატომღაც, ყურადღება არ მიმიქცევია. შეიძლება, გავიფიქრე, რომ თავისით მოგვარდებოდა. არადა, ვგრძნობდი, როგორი უკმაყოფილო სახით შემომხედავდა ხოლმე, აშკარად არ სიამოვნებდა, იმდენ ყურადღებას რომ ვეღარ ვუთმობდი. მამაკაცები ბავშვებზე უარესები არიან, სულ უკან უნდა სდიო და ეფერო. შეიძლება, თავი მოგაჩვენონ, რომ არ უნდათ, მაგრამ სინამდვილეში, გიჟდებიან ამაზე. ნელ-ნელა ჩემმა ქმარმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ სახლში საკმაოდ გვიან მოდიოდა.
– არც ამისთვის მიგიქცევიათ ყურადღება?
– ისევ ვიფიქრე, რომ, ჩემს ოჯახს კრიზისი ქონდა. ისევ არაფერი მოვიმოქმედე ამ კრიზისის დასაძლევად, სანამ ერთ დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე არ აღმოვჩნდი და არ დავრწმუნდი, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. არ მკითხოთ, როგორ გავიგე. ჩვეულებრივად, ძალიან ბანალურად. მის „ფოსტაში“ შევედი და ვნახე მიმოწერა ვიღაც ქალთან, უფრო სწორად, იმ ქალის წერილი ვნახე. ისეთი სიტყვები იყო, რომ ლამის ჩავიკეცე. მომენტალურად „გადამეკეტა“. შევუვარდი ჩემს ქმარს საძინებელში. შეუძლოდ იყო და ეძინა. წამოვაგდე ფეხზე, მივათრიე კომპიუტერთან და წავაკითხე ის წერილი. იცით, რა სახე ჰქონდა?! თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, გაშტერებული მიყურებდა, გაოგნებული. შეიძლება, მე მართლაც ვგავდი იმ წუთში ალქაჯს.
– არ იუარა? არ გითხრათ, რომ ეს რაღაც გაუგებრობა იყო?
– გამოგიტყდებით, ველოდი, რომ ამას მეტყოდა, გულის სიღრმეში ვნატრობდი, ეს ეთქვა. მე კი ვიცოდი, რომ ტყუილი იქნებოდა, მაგრამ მერჩივნა, ეს ტყუილი მომესმინა. ლამის ცუდად გავხდი, როცა გაჩუმდა და თავი დახარა. ახლავე მისწერე მაგ ქუჩის ქალს, რომ თქვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, გონებას რატომ გირევს, შენ ხომ ოჯახი გაქვს-მეთქი. კარგა ხანს ჩუმად იყო. მე ვკიოდი, ვტიროდი, კატეგორიულად ვთხოვდი ამის გაკეთებას, მაგრამ, უცებ მითხრა, რომ ამას არ გააკეთებდა, რადგან ეს არ იყო უბრალოდ თამაში და ჩემთან მარტო შვილის გამო იყო. როგორი მოსასმენია ცოლისთვის, როცა ქმარი ეუბნება, შენ ჩემთვის როგორც ქალი, არ არსებობ და აქ მარტო იმიტომ ვარ, რომ ამ სახლში შენ გარდა ჩემი შვილიც ცხოვრობსო?! ასეთი განადგურებული და დამცირებული არასდროს ვყოფილვარ. იმ წუთში მთლიანად ემოციების ტყვეობაში ვიყავი. მინდოდა, თვალები ამომეკაწრა მისთვის. გაეთრიე-მეთქი, – ვუკივლე, – მეზიზღები, შენ არ ხარ ოჯახის ღირსი. იმ კახპასთან უნდა იყო, იმიტომ, რომ შენნაირებს პატიოსანი ქალები არ სჭირდებათ-მეთქი. იმ წუთში მართლა ამას ვფიქრობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ არასოდეს ვაპატიებდი ღალატს, მაგრამ...
– იმ საღამოს წავიდა თქვენი მეუღლე და მიხვდით, რომ შეცდომა დაუშვით...
– დიახ, ასე იყო. ფეხს ითრევდა, არ უნდოდა წასვლა, ეზარებოდა და იმიტომ, თორემ, იმ ქალისკენ მიუწევდა გული. ფაქტობრივად, გავაგდე, თავზე ვაყრიდი ტანსაცმელს. წავიდა. კარი რომ გაიხურა და მარტო დავრჩი, რამდენიმე წუთი ეიფორიაში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ გავიმარჯვე. აბა, რა ეგონა, ფეხებში ჩავუვარდებოდი და შევეხვეწებოდი, არ მიმატოვო-მეთქი?! მაგრამ, უცებ შემეშინდა, ისე შემეშინდა, რომ ლამის უკან გამოვეკიდე. როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე ან ბავშვი როგორ უნდა გამეზარდა?
– თქვენ იმან დაგაფრთხოთ, რომ მარჩენალს კარგავდით?
– მაგიტომაც, მაგრამ მარტო ამის გამო არ შემშინებია. მე მიყვარს ჩემი ქმარი, მართლა მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა. მეორე დღეს მის გარეშე რომ გავიღვიძე, მივხვდი, არ უნდა გამეშვა. თუმცა, ვაღიარებ, უმძიმესი იყო ჩემთვის იმ სიტყვების დავიწყება, რომლებიც იმ ქალისთვის არ დაიშურა ჩემმა ქმარმა. ჩემთვის კი დიდი ხანია, აღარ გაუმეტებია.
– ამბობთ, რომ არ უნდა გამეშვაო. კი მაგრამ, მანაც ხომ მიიღო გადაწყვეტილება?
– დიახ, მიიღო, მაგრამ ეს მე ვაიძულე. ფაქტია, რომ თვითონ ვერ ბედავდა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა, მაგრამ არ მიდიოდა. მითხრა, ბავშვი არ მეთმობოდაო. შვილზე გიჟდება. არაჩვეულებრივი მამაა. მეც ჭკუას ვკარგავ ჩემი შვილისთვის, მაგრამ მეტისმეტი მომივიდა. ქმარი სულ მივივიწყე და შედეგიც მივიღე. მეორე დღეს მოვიდა დარჩენილი ნივთების წასაღებად და ჩემთვის ფულის დასატოვებლად. ჩემი სიამაყისგან კვალიც აღარ იყო დარჩენილი. ლამის დავუჩოქე, არ წახვიდე-მეთქი. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ დარჩენილიყო, მაგრამ, გვერდზე გამწია, მითხრა, თუ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ, ეს ორივესთვის უკეთესი იქნება. ჩვენი ქორწინება შეცდომა იყო და, ბავშვი რომ არა, დიდი ხნის წინ მიგატოვებდიო. ტირილი დავიწყე. გული მომიკლა ჩემი ქმრის შეუბრალებლობამ. ჩემმა ცრემლებმაც ვერ მოალბო. მხოლოდ ის მითხრა, ნუ ტირი, შენც იპოვი იმას, ვინც გაგიგებსო. ნაძირალა ხარ-მეთქი, ვუთხარი. არ მჭირდება სხვა ქმარი, მე შენ მიყვარხარ-მეთქი. გაოცებული მომიტრიალდა: მერე, სად არის შენი სიყვარული, ან, ჩვენი ოჯახი ოჯახია? შენთვის ქმარი კი არა, ბანკომატი ვარ, საიდანაც ფულებს აძრობ. ყოველ საღამოს საყვედურებით მხვდები, პრეტენზიები და მიზეზები არ გელევა. შვილი ნამდვილად გიყვარს, ვერაფერს ვიტყვი ამაზე, მაგრამ მე ფეხებზე გკიდივარ. ჩემი წასვლა იმიტომ არ გინდა, რომ გეშინია, კეთილდღეობა მოგაკლდება. შეგიძლია, ამაზე არ იდარდო. ფულს ნამდვილად არ მოგაკლებ, მაგრამ იმასთან ვიცხოვრებ, ვისაც მართლა ვუყვარვარ და ვისაც ჩემი დანახვა მარტო ფულის გამო არ უხარიაო.
– თქვენი ქმრის სიტყვებში იყო სიმართლის მარცვალი?
– სიმართლის მარცვალი იყო ის, რომ ყურადღება მოვაკელი. არ ვიყავი მზრუნველი და ფისოსავით მოკრუტუნე, ალერსიანი ცოლი. ხშირად ვეკამათებოდი წვრილმანებზე. ვეჩხუბებოდი კიდეც, მაგრამ მიყვარდა. ვცადე, ეს მისთვის ამეხსნა, მაგრამ არ მომისმინა. აღარ აინტერესებდა, რას ვეტყოდი. დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. ჩვენ ეს შეგვიძლია. მომეცი კიდევ ერთი შანსი და დაგიმტკიცებ, როგორ მიყვარხარ-მეთქი. გვიანაა, მე სხვა შემიყვარდა და ახლა მასთან მივდივარო. უკვე აღარ ვიცოდი, როგორ შემეჩერებინა. ბავშვს მაინც როგორ ტოვებ, ხომ ამბობდი, რომ სიცოცხლეს გერჩივნა-მეთქი. მირჩევნია კიდეც და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. ხშირად ვნახავ და არც არაფერს მოვაკლებო. ისევ ავტირდი, მან კი კარი ისე გაიხურა, უკან არ მოუხედავს. მაშინ გადავწყვიტე, ყველა საშუალება მეცადა და დამებრუნებინა.
– თუ არ უყვარდით, მაინც?
– რას ნიშნავს, არ ვუყვარდი?! მაშინ ის ერთი წელი რა იყო, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით დაქორწინებამდე? მაშინ ვუყვარდი და ახლა აღარ ვუყვარვარ?! იქნებ, იმ ქალის მიმართაც ასეთი „დროებითი“ სიყვარული აქვს? რატომ არის დარწმუნებული, რომ ის მუდმივია? იქნებ, კიდევ ცდება? სხვათა შორის, სწორედ რომ ცდებოდა. უბრალოდ, ის მოხდა, რომ ჩემთან დისკომფორტი იგრძნო, რაშიც, გარკვეულწილად, მეც ვიყავი დამნაშავე. ვაღიარებ ამას. შეცდომას თვალი არ უნდა დაუხუჭო, მით უმეტეს, ისეთ შეცდომას, რომელიც მთელ ცხოვრებას დაგინგრევს. რეალისტი უნდა იყო, სწორად უნდა შეაფასო სიტუაცია და, თუ მიხვდები, რომ გიღირს ამ კაცთან ცხოვრება, ღალატი არ არის ისეთი რამ, რომ ამაზე თვალი ვერ დახუჭო. ნამდვილად არ არის ეს პრობლემა, თორემ, ამის გამოცდილება უკვე მაქვს.
– რას ნიშნავს, „გიღირს კაცთან ცხოვრება“?
– ანუ, თუ ხედავ, რომ ის წესიერია, არ არის ლოთი, ჩხუბისთავი, ნარკომანი, უსაქმური, უყვარს შვილი, ყურადღებიანი, მზრუნველი მამაა, პატივს სცემენ და აფასებენ, ღალატი სალაპარაკო აღარ არის. მარტო სულელი ქალი თუ დაანგრევს აწყობილ ოჯახს. ეს ყველაფერი რომ გავითვალისწინე, იმიტომაც წავედი ყველაფერზე, ქმარი რომ დამერწმუნებინა. არავინ თქვას, არ შემიძლია ამისთვის ბრძოლაო. ყველა ქალს შეუძლია იმის გაკეთება, რაც მე გავაკეთე. რომ დავფიქრდი, მივხვდი, იმ ქალთან მივარდნა და ჩხუბი არაფერში გამომადგებოდა, ისევ მის წისქვილზე დავასხამდი წყალს, ჯიბრითაც ვერაფერს გავხდებოდი. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ისევ ჩემი შვილი თუ მიშველიდა. დავიწყე ბავშვის „დამუშავება“, ოღონდ, ცუდად არ გამიგოთ. ჩემს შვილს ვკითხე, გინდა, რომ მამიკო ისევ სულ შენთან იყოს და ასე არ მიდიოდეს და მოდიოდეს-მეთქი? მინდაო. ხომ გენატრება-მეთქი. ძალიან მენატრებაო. ხომ ცუდია, ღამით, ძილის წინ ზღაპარს რომ ვეღარ გიყვება-მეთქი. ცუდიაო. ჰოდა, კვირას, მამიკო რომ მოვა, უთხარი, დარჩეს და აღარ წავიდეს-მეთქი.
– რამდენი წლის არის თქვენი შვილი?
– სამის, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ბავშვია. ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ყველაფერს ხვდებიან. მათ მამაც სჭირდებათ და დედაც. რატომ უნდა დაჰკლებოდა ჩემს შვილს მამის ზრუნვა? სტუმრად მოსული მამა კვირაში ერთხელ, თუნდაც ორჯერ, ის აღარ არის. მერე თუ ის ქალიც გაუჩენდა შვილს, ხომ სულ დავიღუპებოდი. მამაკაცს ისედაც ნაკლები პასუხისმგებლობა აქვს, თანაც, საკმაოდ „გულმავიწყია“ და, ასეთ დროს, შეიძლება, შვილიც დაივიწყოს, რაც ქალს ძალიან იშვიათად დაემართება. ცნობილი ფაქტია, რომ კაცები სხვის შვილებს გადაჰყოლიან, საკუთარი კი საერთოდ აღარ გახსენებიათ. არ მინდოდა, ეს ჩემს შვილსაც დამართოდა. ქმარიც მჭირდებოდა, ბოლოს და ბოლოს. რატომ უნდა დამეთმო ვიღაც ქალისთვის? რადგან ცდილობენ, წაგართვან, ესე იგი, რაღაცად ღირს, ხომ მართალია?!
– ლოგიკურად, ალბათ, ასეა.
– ლოგიკურადაც ასეა და რეალურადაც. ცუდი და უვარგისი ვის რაში სჭირდება? არ უნდა დამეშვა, რომ ის ქალი ჩემზე ჭკვიანი აღმოჩენილიყო. რამდენიმე კვირა იყო მასთან და ლამის ჭკუაზე შევიშალე. სახლი ცარიელი იყო უმისოდ. მივხვდი, რომ ძალიან ძვირფას ადამიანს ვკარგავდი. გულწრფელად მინდოდა, ჩემი ქმრის გვერდით გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. ჩემმა შვილმა ძალიან კარგად გაართვა თავი ამოცანას. მამამისს ჩაეხუტა და აღარ მოსცილდა. მეც ვუთხარი, ძალიან ნერვიულობს, წუხელ სიცხეც კი ჰქონდა, იქნებ დარჩე-მეთქი. შევატყვე, რომ შეყოყმანდა. არც ის ჰგავდა ბედნიერ კაცს. პირველ კვირას რომ მოვიდა ბავშვთან, მაშინ კიდევ უელავდა ბედნიერებისგან თვალები, ახლა კი ისეთი გატეხილი და საცოდავი მომეჩვენა, შემეცოდა. არ წახვიდე-მეთქი, კიდევ ვთხოვე და მივეხუტე. არ მოვუცილებივარ. მისმენდა. ნუთუ ჩვენი შვილის ბედნიერება და ჯანმრთელობა არ ღირს იმად, რომ საკუთარ სიამოვნებაზე ნაკლები ვიფიქროთ და კიდევ ერთი შანსი მივცეთ ჩვენს ურთიერთობას-მეთქი. ისე შემომხედა, მივხვდი, მეთანხმებოდა. იმ ღამეს მაინც არ დარჩა, მაგრამ ძალიან გვიან წავიდა, დილით კი ბარგით გამოგვეცხადა. ვზეიმობდი, მაგრამ ვეცადე, გარეგნულად არ შემტყობოდა. ერთად წავიყვანეთ ბავშვი სასეირნოდ და ნამდვილი ბედნიერი ოჯახი ვიყავით. მე არაფერი დამიძალებია მისთვის. ერთი კვირის შემდეგ თვითონ მთხოვა, საძინებელში დაბრუნდი ჩემთანო. მანამდე ბავშვთან ვიძინებდი. მაშინ ასეთი რაღაც მითხრა: ვირტუალური სიყვარული სხვა ყოფილა და ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება – სულ სხვაო. ეტყობა, იმ ქალმა იმედი გაუცრუა, არ აღმოჩნდა ისეთი იდეალური, როგორიც ეგონა. მაგრამ, მე ამაზე მასთან საერთოდ არ ვლაპარაკობ, აღარ მინდა წარსულის ქექვა. რაც იყო, იყო. ერთი სიტყვითაც აღარ გავუხსენებ. მთავარია, უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო.