კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჯილდოს გადასცემს ისრაელის მთავრობა პაატა ბურჭულაძეს და ვინ შეცვალა რადიკალურად მისი ცხოვრება


2010 წელს, მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ბანს 55 წელი უსრულდება. პაატა ბურჭულაძე ძალიან ახალგაზრდა, 30 წლის იყო, როცა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მისი პრემიებისა და ტიტულების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. მკითხველს მხოლოდ შევახსენებთ, რომ 2004 წელს მან დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“, 2006 წლიდან გაეროს კეთილი ნების ელჩია, 2008 წლის 15 ივლისს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ პირველი ვარსკვლავი გაიხსნა და მას პაატა ბურჭულაძის სახელი დაეწერა. მსოფლიო ბანი 2010 წელს ბერლინის „დოიჩე ოპერის“ სცენაზე შეხვდა. ამჟამად იგი მიუნხენის საოპერო თეატრის სპექტაკლში „დონ კარლოსი“ ინკვიზიტორის პარტიას მღერის, წარმოდგენებს შორის კი 21 იანვარს, საქართველოში დაბრუნდება და თბილისის საკონცერტო დარბაზში მსოფლიო ვარსკვლავებთან – მარჩელო ალვარესთან, მიშელ კრაიდერთან და ამბროჯიო მაესტრისთან ერთად საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.

გთავაზობთ პაატა ბურჭულაძის ინტერვიუს მიუნხენიდან.



„მე უკვე წელიწადია, რაც პაატა ბურჭულაძეს ვიცნობ. პირველი მოსმენისთანავე აღფრთოვანებული დავრჩი, როგორი ძალა და უბადლო ტალანტია! ვგონებ, დღევანდელ მსოფლიოში არ არის მომღერალი, რომელიც მას შეედრება. ის დღეს ერთადერთია და განუმეორებელი.“

ჰერბერტ ფონ კარაიანი

„ეჭვი არ მეპარება, რომ პაატა ბურჭულაძე შევა საოპერო ხელოვნების ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მომღერალი.“

ლუჩანო პავაროტი

– ბატონო პაატა, გჯერათ თუ არა, რომ ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება თავისი ბედისწერა? თქვენი დაბადებისას, რამე განსაკუთრებული ხომ არ მომხდარა. რა იცით ამის შესახებ მშობლებისგან?

– ბედისწერის მჯერა, რაც შეეხება ჩემს დაბადებას მე მგონი, ერთ ჩვეულებრივ დღეს დავიბადე და ამ ამბავს პლანეტების გადანაცვლება ან რაიმე სხვა სახის გამოხმაურება კოსმოსიდან არ მოჰყოლია. როგორც ამბობენ, შედარებით დიდი წონა და შედარებით ბოხი ხმა მქონია.

– გაგიმართლათ, რომ თქვენს ოჯახში გაჩნდით? სხვა ოჯახში რომ დაბადებულიყავით, შეიძლებოდა, სხვანაირად წარმართულიყო თქვენი ცხოვრება?

– მამა ჩემთვის დიდი ავტორიტეტი იყო, ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მეც მინდოდა მისი პროფესიის გამოვსულიყავი. უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე მუსიკაზე სიარული და ბაფთით სცენაზე გამოსვლა, რბილად რომ ვთქვათ, საამაყო საქმედ არ ითვლებოდა. კონსერვატორიაში მხოლოდ დედის პატივისცემით ჩავაბარე. მას ძალიან უნდოდა, რომ მომღერალი გამოვსულიყავი. ჩემი პროფესიული არჩევანი საბოლოოდ, სტუდენტურ სპექტაკლ „ფაუსტში“ მონაწილეობამ და პირველმა ტაშმა განაპირობა. მშობლების ხათრით ორივე უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე – „გეპეის“ სამშენებლო ფაკულტეტი და კონსერვატორიაც, თუმცა ჩემს აშენებულ სახლში დღეს არავის ვურჩევ ცხოვრებას.

– იყო შანსი, რომ მსოფლიოს თქვენი სახით გამორჩეული ბანი არ ჰყოლოდა?

– რა თქმა უნდა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული როლი იღბალმა ითამაშა. წარმოიდგინეთ, სრულიად უცნობი ახალგაზრდა მომღერალი პირდაპირ ლონდონის სამეფო თეატრის, ქოვენდ გარდენის საპრემიერო სპექტაკლ „აიდაში“ აღმოვჩნდი ლუჩანო პავაროტისა და კატია რიჩარელის გვერდით. თან, მაშინ პავაროტი რადამესის პარტიას პირველად ასრულებდა და მთელი მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს ყურადღება ამ პრემიერისკენ იყო მიპყრობილი.

– რა სჭირდება მომღერალს მსოფლიო აღიარების მისაღწევად?

– კარგი ხმისა და სიმღერის გარდა, აუცილებელია გქონდეს იღბალი და იყო პიროვნება. როცა ჩვენ ვიხსენებთ ლუჩანო პავაროტის, ის უპირველესად, სწორედ დიდი პიროვნება იყო. ლუჩანო არასოდეს გამოთქვამდა კრიტიკულ აზრს კოლეგის შესახებ. მაშინაც კი, როდესაც სხვები არჩევდნენ ამა თუ იმ მომღერლის გამოსვლას, ლუჩანო დუმდა, თითქოს ამ პროფესიაში არაფერი გაეგებოდა, კარგის თქმას კი ვერავინ დაასწრებდა. ამიტომაც იყო, როცა ის მღეროდა სულ სხვა სამყარო იხსნებოდა. ლუჩანო ძალიან ეხმარებოდა ახალგაზრდა მომღერლებს კარიერის დასაწყისში. მეც მნიშვნელოვანი დახმარება გამიწია. ბოლო წლებში, სულ უფრო მეტ ქველმოქმედებას ეწეოდა, დიდ გალა კონცერტებსა და აქციებს მართავდა აფრიკისა და სხვა გაჭირვებული ქვეყნების ბავშვთა დასახმარებლად. შემიძლია გითხრათ, რომ მისგან ვისწავლე ქველოქმედების მნიშვნელობა და აუცილებლობა.

– მეგობრებში ხართ იღბლიანი? თუ იყო ვინმე, ვინც თქვენი ცხოვრების ეტაპებს ცვლიდა?

– მეგობრებში ყოველთვის მიმართლებდა, ბავშვობაშიც და მერეც. ჩემს კლასელებთან დღემდე ვმეგობრობ. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას – პიროვნება, ვინც ჩემი ცხოვრება შეცვალა, უფრო სწორად ყველაფერი მისმა ერთმა ფრაზამ შეცვალა, ეს იყო ჰერბერტ ფონ კარაიანი. მან თქვა, რომ მე მოვისმინე მეორე შალიაპინიო და ეს ფრაზა წამყვანმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს. მეორე დღიდან დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში.

– მეგობრებთან ერთად თქვენ დააარსეთ ახალი ქართულ-ევროპული ფონდი „იავნანა-არტ“.

– ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ ფონდის დამფუძნებელი ჩემთან ერთად არის მსოფლიოს ნამდვილი ლეგენდა მონსერატ კაბალიე. ჩვენ უკვე დავგეგმეთ პირველი დიდი აქცია ესპანურ ფონდ „სოს“-თან ერთად, გალა კონცერტი გაიმართება ბარსელონას ლიცეუს საოპერო თეატრში. ეს იქნება ტელემარათონი ესპანეთის ცენტრალური ტელევიზიის ეთერით. ჩვენ უკვე მივიღეთ დასტური, რომ ესპანეთის ტელევიზია სრულიად უანგაროდ საქართველოს ტელევიზიასაც მიაწვდის სიგნალს. აქციის აქტიური მონაწილე სავარაუდოდ, პრინცესა ქრისტინა იქნება.

– ესპანეთის სამეფო ოჯახთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეგობრობა გაკავშირებთ, სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს თუ შეხვედრიხართ?

– ქოვენდ გარდენისა და ლონდონის ნაციონალური ოპერის თეატრის პრემიერების შემდეგ, პრინც ჩარლზს შევხვდი რამდენჯერმე, მონაკოს პრინცი ალბერტი გავიცანი მსტისლავ როსტროპოვიჩის იუბილეზე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მონაკოშიც გავმართოთ საქველმოქმედო კონცერტი.

– ხშირად გვსმენია, რომ ხელოვნებას და ქველმოქმედებას არ აქვს საზღვრები, მაგრამ მწვავე რეაქცია მოჰყვა მოსკოვის საქველმოქმედო კონცერტში თქვენს მონაწილეობას.

– მე უფრო გაუგებრობას დავარქმევდი. დღეს ინტერნეტია და ინფორმაციის მიღების სხვა ათასი საშუალება. მე მგონი უკვე ყველამ თავის თვალით ნახა, რომ ეს კონცერტი იყო საქველმოქმედო და უდედმამო ინვალიდი ბავშვების დასახმარებლად მოეწყო. კონცერტის ორგანიზატორიც ისეთივე საქველმოქმედო ფონდი იყო, როგორიცაა „იავნანა“.

– როგორ ფიქრობთ, ვის დასჭირდა თქვენს წინააღმდეგ შავი ფიარის აგორება?

– ამ შეკითხვაზე მაქვს მხოლოდ ერთი პასუხი – ჩვენ ქართველები პატარა ერი ვართ და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

– ბატონო პაატა, 2010 წელს 55 წელი გისრულდებათ, თქვენს დაბადების დღეზე, წელს თელავივის საოპერო თეატრმა სპექტაკლი დანიშნა და ჩვენი ინფორმაციით, ისრაელის მთავრობა გეგმავს თქვენს დაჯილდოებას. რა ჯილდო იქნება, ხომ ვერ გვეტყვით?

– წელს ეტყობა ასე აეწყობა, განსაკუთრებულ თარიღებს სცენაზე შევხვდები. ახალ წელსაც ხომ ასე მოხდა, 31 დეკემბერი ბერლინის „დოიჩე ოპერის“ სცენაზე გავატარე, კიდევ კარგი ქართველებიდან მარტო არ ვიყავი და ჩემთან ერთად მღეროდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მომღერალი ქეთი ქემოკლიძე. როცა 50 წლის გავხდი მეტროპოლიტენ ოპერაში მქონდა სპექტაკლები. წლევანდელ დაბადების დღესაც სცენაზე შევხვდები, მაგრამ ისრაელის მთავრობის ჯილდოს შესახებ არაფერი ვიცი. მხოლოდ იმას მეუბნებიან, რომ რაღაც სიურპრიზი მზადდება. და კიდევ, რაც დანამდვილებით ვიცი, საქართველოდან სპექტაკლზე დასასწრებად ჩემი მეგობრებისა და ჩვენი ფონდის მხარდამჭერთა ჯგუფი ჩამოდის.

– მაგრამ მანამდე თბილისში იქნება თქვენი საიუბილეო კონცერტი და როგორც ვიცი, მარჩელო ალვარესი ჩამოდის?

– დაბადების დღეს წინასწარ არ იხდიან, მაგრამ მინდოდა, რომ პირველი კონცერტი საქართველოში ყოფილიყო. 21 იანვარს გვექნება საქველმოქმედო საღამო ფილარმონიაში. მარჩელო ალვარესის ჩამოსვლა ნამდვილად მოვლენაა. ის დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტენორია. ბედნიერი ვარ, რომ მისგან თანხმობა მივიღე. მიშელ კრაიდერსა და ამბროჯიო მაესტრის უკვე იცნობს ქართველი მსმენელი. მე მგონი დიდი დღესასწაული ელოდება ჩვენს მაყურებელს.

– ბატონო პაატა, თქვენ მიღებული გაქვთ თითქმის ყველა ჯილდო და წოდება, გამოსულხართ მსოფლიოს ყველა საუკეთესო თეატრში, უდიდეს დირიჟორებთან ერთად. გაქვთ თუ არა ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ ასასრულებელი დაგრჩათ?

– ჯილდოებზე და ტიტულებზე არასოდეს მიოცნებია, ეს ყველაფერი ჩემი მონაწილეობის გარეშე, თავისთავად ხდებოდა. რაც შეეხება ოცნებას, ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენმა ფონდმა მხარდამჭერებთან ერთად, შეძლოს მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემის მოგვარება და შემდეგ უკვე მოხუცებულ ადამიანებს მივხედოთ.


скачать dle 11.3