ვინ დაკარგა შულერთა სამყარომ კობა ხაბაზის სახით და რა აქვს მას საერთო ცნობილ შულერებთან
პარლამენტარი კობა ხაბაზი, საკუთარ იღბალს არ უჩივის, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაფერი მაშინ განსაზღვრა, როცა ცხოვრების გზა აირჩია. მართალია, საკმაოდ ბევრი ხიფათიანი თავგადასავალი შეხვდა, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის პოულობდა – მაშინაც როცა ფეხოსნებთან ერთად ალყაში მოხვდა და მაშინაც, როცა პოლიტიკურ ბატალიებში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. „ნეპის“ პერიოდის ბიზნესმენი ბაბუასგან ერთი მორყეული კარადა ერგო, თუმცა თავად ფიქრობს, რომ მაინც აუწონავი მემკვიდრეობა დაუტოვეს, რაც მისთვის ყველა ქონებაზე ძვირფასი ყოფილა.
კობა ხაბაზი: იღბალთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს, მგონია, რომ ადამიანი თავის ცხოვრებას თვითონ ქმნის, ყველაფერს ის განსაზღვრავს, ცხოვრების როგორ წესს და გზას ირჩევ. თუ ეს გზა სულიერ ღირებულებებზეა დამოკიდებული, მერე ყველაფერი განგებას ემორჩილება. განგების ღვთიურ გზაზე, ასე თუ ისე, თავად იღებ გადაწყვეტილებებს, ბედისწერის გზა კი თავიდანვე არის განსაზღვრული. ერთხელ ერთმა ახლობელმა მითხრა: ცხოვრებისგან ყველაფერს ადვილად იღებო. მაშინ დავფიქრდი პირველად ამ თემაზე და მივხვდი, რომ ეს ასე არაა. 1984 წლის შემდეგ, როცა სკოლა დავამთავრე, უამრავი ომი, რევოლუცია და შიმშილობა გადავიტანე, პატიმრობასაც გავუსინჯე გემო, ძალიან მაგარ ცემასაც – აბსოლუტურად ყველაფერი გამოვიარე და დღეს ვარ პარლამენტის წევრი. არ მესმის, ამ ყველაფრის შემდეგ ადვილად მაქვს მიღებული რამე?! ლაღი და ბედნიერი ბავშვობა რომ მქონოდა, სიამოვნებით ავირჩევდი სხვა გზას და პოლიტიკაში არ ჩავერთვებოდი, მაგრამ დღეს რომ უკან დამაბრუნო და არ ვიცოდე, წინ რა მელის, ისევ ამ გზას გავივლიდი. ადამიანი ჯამია თავისი წარსულისო, ამიტომაც მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ წარსულით, რომელიც მქონდა. მე არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი, სადმე სხვაგან რომ დავბადებულიყავი და გავზრდილიყავი, მაგრამ, რადგან გავჩნდი ჩემს ოჯახში, ჩემი მშობლების შვილს რომ სხვა გზა გაევლო, ამის შანსი არ არსებობდა. როცა ეროვნულ მოძრაობაში ჩავები, მამაჩემზე დიდი ზეწოლა იყო – მოსთხოვეს, რომ ჩემს მამობაზე უარი ეთქვა. მამაჩემმა ამას გაუძლო. ის რომ კორუმპირებული ჩინოვნიკი ყოფილიყო, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ბოლომდე ბრძოლას, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ბევრი პრობლემა შემექმნებოდა. მე წამოვედი სოფლიდან თბილისში, ჩამოვიარე ინსტიტუტები და არჩევანი სამშენებლო ფაკულტეტზე გავაკეთე. პროფესიულ არჩევანში არ გამიმართლა, ჩემგან მშენებელი არ დადგებოდა და ამ გზას გადავუხვიე. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, სხვა პროფესია ამერჩია – ან ლიტერატურათმცოდნე გავხდებოდი ან მასწავლებელი.
– იოლად მოახერხეთ თბილისში თავის დამკვიდრება თუ გამოგიჩნდათ ვინმე, კეთილი ბიძია?
– პროვინციიდან ჩამოსულის სინდრომი ამ ადამიანთა ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. ასეთი ადამიანი უფრო გამძლე და ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ჩამოყალიბებული თბილისური მენტალიტეტის მქონე პიროვნება. ბიბლიოთეკარი დედა მყავდა, მამაჩემი მეცნიერი იყო. ისეთი ოჯახი მქონდა, შეიძლება, ბევრს არ ჰქონოდა თბილისში, თუმცა, როცა პირველად ჩავიარე რუსთაველზე და უამრავ ადამიანს შორის ერთი ნაცნობიც არ შემხვდა, ვთქვი: მე ამ ქალაქში ცნობილი გავხდები-მეთქი, მივაღწიე კიდეც ამას. ადაპტაცია არ მიჭირს, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი, ლიდერობას ძალიან სწრაფად ვახერხებდი. ასე ვიყავი ჯარშიც, სადაც ველური იმარჯვებს და სუსტი მარცხდება; ინსტიტუტში, სადაც სხვა რამეები განსაზღვრავს წინსვლას. მე ცოტა ავანტიურისტიც ვიყავი, ეს ძირითადად ჩემს პირად ცხოვრებას უკავშირდება, ყველაზე ნაკლებად კი – პოლიტიკას. ათდღიანი შიმშილობის შემდეგ, როცა ჩემმა მეუღლემ მითხრა: მთაში მივდივარ მწვერვალზეო, ავდექი და გავყევი. არც ერთი ნორმალური და ჭკუათმყოფელი ადამიანი ამას არ გააკეთებდა. იქ ისე ცუდად გავხდი, რომ მწვერვალიდან ხოხვით ჩამოვედი და რვა თვე საავადმყოფოში ვიწექი.
– პოლიტიკაში თქვენი მოხვედრა, ალბათ, იმანაც განსაზღვრა, რომ საჭირო დროს მოხვდით საჭირო ადგილას, რატომ არ ემადლიერებით ამის გამო იღბალს?
– მე არ მქონია მიზნად, რომ პოლიტიკაში მოვხვედრილიყავი, მე ვიბრძოდი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ვიყავი ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი და ამ გზამ მიმიყვანა აქამდე. არასდროს დამცემია თავზე განსაკუთრებული წყალობა. როცა ინსტიტუტში ვაბარებდი, ფიზიკაში შემხვდა საკითხი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ვიცოდი, თუმცა, ფიზიკაში ძალიან მაგარი ვიყავი და უამრავი ოლიმპიადის სიგელიც მქონდა. მაგრამ, უცებ დამემართა საოცარი გამონათება და თვალწინ წარმომიდგა წიგნის გვერდი, რომელიც სკოლის მოსწავლეობის დროს წავიკითხე. თავიდან ბოლომდე ვიზუალურად წარმოვიდგინე მთელი გვერდი, ამას გამართლება ნამდვილად არ ჰქვია, რაღა ის საკითხი შემხვდა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ვიცოდი? რამდენიმე წლის წინ საკმაოდ მძიმე ავარიაში მოვყევი და სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს. იღბალი რომ მქონოდა, ხომ საერთოდ არ მოვხვდებოდი ამ ავარიაში?! იღბალი ისაა, როცა არც თავს გაგიტეხენ და არც ნეკნებს დაგამტვრევენ. ხომ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება ამის გარეშე ყოფილიყო?! თუმცა, უამრავ ჩხუბში მოვხვედრილვარ და გადავრჩენილვარ. ისეთ სიტუაციებშიც ვყოფილვარ, სადაც ძალთა არათანაბარი შერკინება იყო და ადამიანები ჰოსპიტალშიც კი მოხვდნენ.
– ამბობენ, ქალბატონებშიც უმართლებს კობა ხაბაზსო.
– არა მგონია. თქვენ რომ ჩემი სტუდენტობისდროინდელი ფოტოები განახათ, ამას აღარ იტყოდით. მე დავდიოდი წვერით, რაც მაშინ გოგონებს არ მოსწონდათ, თუმცა, ყოველთვის მეხერხებოდა კომპლიმენტები მშვენიერი სქესის მიმართ. ქალები მიყვარს, მაგრამ, ისეც არა, როგორც მაბრალებენ. როცა რამეს იგონებენ, მარტო იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ პრობლემები არ შეექმნათ იმ ქალებს, ვისთან რომანებსაც მაბრალებენ, თორემ ჩემს პრობლემებს როგორმე მივხედავ (იცინის).
– კიდევ რაში უმართლებს კობა ხაბაზს?
– სპორტში. ამ მხრივ ნამდვილად მნიშვნელოვანია იღბალი. დიდი სპორტული მიღწევები არასდროს მქონია, მაგრამ ყოველდღე ჩივაძესთან, გუცაევთან, ნემსაძესთან და ყორღალიძესთან ერთად რომ თამაშობ ფეხბურთს, ეს იღბალი არაა?! როცა პატარა ვიყავი, ვინმეს რომ ჩემთვის ეთქვა, გუცაევს ხელს ჩამოართმევო, ვეტყოდი, გიჟი ხომ არ ხარ-მეთქი? ახლა გუცაევს ვუტარებ მისსავე ფინტს, რომელიც ტელევიზორში ვნახე და ჯიუტად ვვარჯიშობდი, რომ როგორმე ის ილეთი მესწავლა.
– აზარტულ თამაშებთანაც „მეგობრობთ“? რამდენია თქვენი ყველაზე სოლიდური მოგება?
– ჩემს სამეგობროში ხშირად ვთამაშობ „პრეფერანსსა“ და „ჯოკერს“. ყველა ამბობს: კობას კარტში არ უმართლებს, მხოლოდ ტიტანური ძალისხმევის ფასად იგებსო. თამაშის დროს ვიმახსოვრებ მოთამაშეთა ყველა მოძრაობას, მათ შორის, კარტის ჩადების თანმიმდევრობასაც კი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზუსტად ვიცი, რა კარტი წავიდა, რომელი კარტი ამოიღეს პირველად, ვითვლი ყველა კომბინაციას და ასე შემდეგ. ასე ვარ ნარდშიც – ყველა სვლის ალბათობის გამოთვლა შემიძლია. ასე რომ, არ ვარ ცუდი მოთამაშე. მე ვიგებ მხოლოდ და მხოლოდ ამ გამოთვლების შედეგად...
– თქვენი სახით ძლიერი მოთამაშე დაუკარგავს შულერთა სამყაროს.
– გამოთვლა მათაც კარგად იციან, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მე არ ვიტყუები. მე მხოლოდ ის მანიჭებს სიამოვნებას, როცა ჩემი ნიჭიერების ხარჯზე ვიგებ. მე ვერ ვთამაშობ ისეთ ხალხთან, რომლებიც „ისე რა“ თამაშობენ. მე მიყვარს მოგება მათემატიკოსებთან და სხვა ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებთან, რადგან ჩვენ შორის ნამდვილი შეჯიბრება იმართება ხოლმე. კაზინოში ვყოფილვარ, მაგრამ სათამაშო მაგიდას არასდროს მივკარებივარ, მეგობრებს ვგულშემატკივრობ და საკუთარ შესაძლებლობებს ვამოწმებ ხოლმე. კაზინოზე უფრო „იოლი“ ადგილია ტოტალიზატორი, მაგრამ არც ტოტალიზატორში დამიდევს ფსონი. არასდროს წავალ კაზინოში სათამაშოდ, რადგან მიმაჩნია, რომ მას ბევრი უპირატესობა აქვს ჩემთან შედარებით. მაგრამ, თუ თავხედობაში არ ჩამომართმევს, სიამოვნებით ვითამაშებ გარი კასპაროვთან, ოღონდ, არა ჭადრაკს, არამედ „პრეფერანსს“. ის თუ მომიგებს, მომიგებს ჭკუის ხარჯზე და ეს მშვენიერი თამაში იქნება. თამაშის დროს ბევრი ნიძლავი მაქვს მოგებული, „პრეფერანსს“ ფულზე ვთამაშობთ, მაგრამ ფულს არასდროს ვიღებ – მოგებული ფულით წაგებულთან ერთად სადმე მივდივარ. ფულს არ „ვიბარებ“ (იცინის).
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შემხვდა ლატარიის ბედნიერი ბილეთი. ჩემმა მეგობარმა „ბინგოში“ ორმოცდაათამდე ბილეთი დააგროვა, ერთი ბილეთი მე მომცა და სწორედ იმ ბილეთმა მოიგო მუსიკალური ცენტრი – ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მოგება. საერთოდ არ ვთამაშობ ლატარიას, რადგან ძალიან კარგად ვიცი: კობა ხაბაზისთვის კარგი რომ უნდოდეთ, აიღებდნენ და პირდაპირ მაჩუქებდნენ ტელევიზორს (იცინის). არასდროს მიფიქრია, რომ ამ მხრივ იღბლიანი ვარ და სოლიდური პრიზი შეიძლება მოვიგო.
– არც ქონება მიგიღიათ მემკვიდრეობით?
– განსაკუთრებული არაფერი, თუ არ ჩავთვლით ერთ უკვე მონჯღრეულ კარადას, რომელიც ბაბუასგან მერგო. ბაბუაჩემი და ჯემალ იმნაიშვილის ბაბუა „ნეპის“ პერიოდში ცხოვრობდნენ და ბიზნესმენობდნენ: ბაბუაჩემი, თურმე, ოდესაში დადიოდა და იქიდან ჩამოჰქონდა ავეჯი, 80 პროცენტს ნათესავებში არიგებდა, დანარჩენით კი, ეტყობა, იმ ხარჯებსაც ვერ ფარავდა, რაც გადახდილი ჰქონდა. თურმე, როცა ბაბუას ეკითხებოდნენ, შენ რა გრჩება, ამ ყველაფერს რომ არიგებო, პასუხობდა – ბიზნესმენის სახელიო.
– თქვენ არ გამოგყვათ ბაბუასგან ბიზნესის ნიჭი?
– ზუსტად ვიცი, რომ ჩემგან ბიზნესმენი არ დადგება, არასდროს არანაირი კომერციული საქმიანობის სურვილი არ მქონია. არსებობს ორი პოსტულატი: 1) ბიზნესმენი შეიძლება დადგე, თუ დროის 80 პროცენტს ფულზე ფიქრში ატარებ და 2) თუ შეგიძლია, რომ ორი ლარიდან ერთი შეინახო. მე ფული მახსენდება მარტო მაშინ, როცა ჯიბეში რაც მაქვს ბოლომდე მითავდება და, თუ ვშოულობ ათ ლარს, ვხარჯავ ათივეს. სხვათა შორის, არც ვალები მიყვარს, მაგრამ ვალი ხშირად მაქვს ხოლმე. ამას გარდა, იმდენი კარგი თემაა, რაზეც ფიქრი შეიძლება, ფულზე როგორ ვიფიქრო? ჩემთვის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ისაა, რომ არასდროს წინ ცუდად არ დამხვედრია არც მამის და არც ბაბუას სახელი. ყველაზე იღბლიანი ვარ იმით, რომ მყავს ზუსტად ისეთი შვილები, როგორებიც მინდოდა, რომ მყოლოდა. მათ ყველა კარგი თვისება აქვთ აღებული ჩემგან და ყველა ცუდი – გამოსწორებული. იღბალი მაქვს იმაშიც, რომ მყავდა და მყავს ბევრი ერთგული მეგობარი, რამდენადაც ვითვლი თამაშში ყველაფერს, ისე აბსოლუტურად არაფერს ვითვლი და არ „ვანგარიშობ” ადამიანურ ურთიერთობებში. ამ მხრივ ჩემს ცხოვრებაში, გათვლის გარეშე, ბევრჯერ მოვიდა „დუ-შაში“.