ვინ აჩუქა გივი სიხარულიძეს პირველ მაისს საღებავით მოხატული პრეზერვატივები
ამბობენ, კაცი თავისი განვლილი გზით ფასდებაო. მართალიცაა, უკან მოხედვის არც ერთ ჩვენგანს არ უნდა რცხვენოდეს და მაშინ ვიტყვით, აი, ნამდვილი კაცური ცხოვრებით გვიცხოვრიაო. გივი სიხარულიძე კი ის ადამიანია, რომელმაც გაჭირვებაც გამოიარა, შიმშილიც, ომიანობაც, მწუხარებაც, დარდიც, მაგრამ ამ ყველაფრის გამო არ გაბოროტებულა, არც ძმაკაცისთვის უღალატია და არც მეგობრისთვის დაუზოგავს თავი. ბატონი გივის თავს გადახდენილი ისტორიები კი დღესაც ქალაქში „დადის“. მან წიგნიც კი დაწერა და მას „აწყვეტილი სიცოცხლე“ დაარქვა, სადაც ყველა ის ისტორიაა შესული, რაც თავად გადახდა თბილისის ქუჩებში, მეგობრების, მეზობლებისა და ახლობლების გვერდით.
პლეხანოველი „მამენკი სინოკები“ და უღალატო ბირჟის წევრები
პლეხანოვზე, კინო „ოქტომბერთან“ სამოციან წლებში, პლეხანოველ ბიჭებს ბირჟა გვქონდა. ამ ბირჟაზე, დილის ათი საათიდან სამუშაოზე დაბარებულებივით იწყებდნენ ბიჭები მოსვლას. დილიდან გვიან საღამომდე ბირჟას არ ტოვებდნენ, თითქოს მათი არყოფნის დროს, ის კინოთეატრი სადმე გაიქცეოდა. ზოგს მამამისის გადაკეთებული პიჯაკი ეცვა, ზოგს ამოტრიალებული პალტო, ზოგს კი სიძველისგან გაცვეთილი პერანგი, რომლის გაცრეცილ საყელოსაც ბებიას მოქსოვილი ყელსახვევი ფარავდა. ზოგს, იმ დროს მოდაში შემოსული მოჰერის კაშნეც ეკეთა. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე სიჭაბუკის და სიცოცხლის ელფერი დაკრავდათ, მაინც ცდილობდნენ მრისხანე გამომეტყველება მიეღოთ, ვითომ ამით გამვლელებს უსიტყვოდ ეუბნებოდნენ, იცოდეთ, გვიფრთხილდით, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ავფეთქდითო. აშკარად მოსწონდათ ქუჩის ბიჭობა. მათ კი ვისაც იდეალად სწავლა ჰქონდათ არჩეული და არ ბირჟაობდნენ, „მამენკი სინოკებს“ ეძახდნენ, ანუ „დედიკოს შვილებს“. იმ პერიოდში ეკრანზე გამოჩნდა ამერიკული მხატვრული ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“. ასჯერ მაინც ვნახეთ ეს ფილმი ამ უბნის ბიჭებმა. ბილეთში ფულს არ ვიხდიდით და რა გვენაღვლებოდა? იმ ფილმში ნანახი „კნოპკიანი“ დანა ყველას ოცნება გახდა. მოკლედ, ერთ-ერთმა ამ ბირჟის უღალატო წევრმა პოლონეთში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. მას კომკავშირის რაიკომში სამსახურიდან ან სასწავლებლიდან უნდა წარედგინა დახასიათება. რადგან არც მუშაობდა და არც სწავლობდა, თვითონვე შეადგინა დახასიათება და წარმოების დირექტორის მაგივრად ბირჟის ყველაზე ასაკოვან და პატივსაცემ წევრს მოაწერინა ხელი. რადგან არც ბეჭედი ჰქონდათ, სახელდახელოდ პურის ცომისგან გაკეთებული ბეჭედი დაარტყეს, რომელზეც ლამაზად იყო დახატული კინოთეატრი „ოქტომბერი“. რა თქმა უნდა, ამ დახასიათების პატრონს არავინ გაუშვებდა უცხოეთში. პოლონეთში წასვლაზე, რასაკვირველია უარი უთხრეს. აღშფოთებული მიიჭრა რაიკომის პირველ მდივანთან, ამიხსენი, რატომ, რის საფუძველზე არ მიშვებო. მან კი უპასუხა: თქვენი ავტორიტეტის კაცი შეიძლება უცხოეთში დარჩეს და სამშობლოს უღალატოსო. ამ პასუხზე „უღალატო ბირჟავიკმა“ მწარედ ჩაიცინა: თქვე დალოცვილებო, 25 წელია პლეხანოვიდან რუსთაველზე არ ავსულვარ, ჩემი ბირჟისთვის რომ არ მეღალატა და სამშობლოს პოლონეთზე გამცვლელი ვარ ახლა მეო?
ფერადი საღებავით მოხატული პრეზერვატივები და ბარტერული გაცვლა
ერთხელ, ვორონცოველი გოგო-ბიჭები ჩერქეზოვის ბაღში ვართ. თამაშისგან გათანგული ბორდიურზე ჩამოვჯექი. ბაღის შესასვლელში გამოჩნდა ჩემი მეზობელი, ბატონი გრიშა, აფთიაქის პროვიზორი, ვერშემდგარი მხატვარი. მომესალმა და მანიშნა გამომყევიო. ზანტად ავდექი და გავყევი. ჯიბიდან გასაღები ამოიღო, ურდულს მოარგო, მაგრად გადაატრიალა, კარს მუხლი ჰკრა და შევედით. კუთხეში ღვინით სავსე ჭურჭელს მოვკარი თვალი. ეტყობა, მეორე დღისთვის ჰქონდა გამზადებული, პირველი მაისის დღესასწაული მოდიოდა. დამსვა და მკითხა, ხვალისთვის დედამ ბუშტები თუ გიყიდაო. ვუპასუხე, არა, ფული არ აქვს-მეთქი. მაშინ მე გაჩუქებ ბუშტებსო და საგულდაგულოდ გადამალული პრეზერვატივები კარადიდან გამოიღო. აიღო ფუნჯი, ჩააწო საღებავიან ქილაში და ბუშტების მოხატვას შეუდგა. ერთზე მტრედები დახატა და თან მიაწერა „მირუ მირ“ ანუ მშვიდობა მსოფლიოსო. მეორეზე ხილი დაახატა, მესამეზე თვითმფრინავი, მეოთხეზე გემი და ასე შემდეგ. კი მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, გრიშა ბიძია, ამ უწმინდურ რამეზე „მირუ მირს“ რომ აწერ, არ დაგიჭირონ და მამაჩემთან არხანგელსკში არ გაგამწესონ-მეთქი. მიპასუხა, იცი რას გეტყვი, შვილო, მადლობა მითხრან, რომ ამ სიტყვებს ეზოში რომ ტუალეტია, იმაზე არ ვაწერო. სამი მანეთიც ჩამიკუჭა ჯიბეში, ის მოხატული პრეზერვატივებიც გამომატანა და გამომიშვა. სახლში მიხვდნენ, ვინც დამასაჩუქრა და მითხრეს, რა ლამაზი ბუშტები უჩუქებიაო. ბებიამ კი გადაულაპარაკა დედას, ამ გრიშას თავში იოტისოდენა ჭკუაც არ აქვსო. მოკლედ, გათენდა პირველი მაისის დილა. მე, ჩემი ლამაზად მოხატული პრეზერვატივებით, ეზოს გოგო-ბიჭების გვერდით დავდექი. მათ ნამდვილი ბუშტები ეჭირათ ხელში. ერთმა სომხის ბიჭმა, რომლის მამაც პურის ქარხანაში საამქროს გამგედ მუშაობდა, შურით სავსე თვალებით გადმომხედა და შემომაპარა, ბუშტები ხომ არ გავცვალოთო. მეც მეტი რა მინდოდა? მტრედებიანი და „მირუ მირით“ გაფორმებული პრეზერვატივები სასწრაფოდ ხელში შევაჩეჩე. ბავშვებიც დამესივნენ, ჩვენც გვინდა, გაგვიცვალე რაო. მოკლედ, გადავცვალე პრეზერვატივები ნამდვილ ბუშტებში და დავბრუნდი სახლში, ხოლო ის „ბურჟუის“ შვილები კი პრეზერვატივებით გავისტუმრე შინ.
ქართულ ეროვნულ კაბაში გამოწყობილი 9 „შავი ყვავი“, გადარეული ბერია, ულვაშებდაწკეპილი ბუდიონი და კრემლში მითრეული კახური ქვევრი
მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო ქართული კულტურის დღეები. ლავრენტი ბერიას დაურეკა მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის უშიშროების „ნარკომმა“ ეჟოვმა და ამის შესახებ ამცნო. ბერიამ იმ დღესვე შეკრიბა ბიუროს წევრები, შეატყობინა დავალების ამბავი და კულტურის მინისტრს უბრძანა, მეორე დღიდანვე დაეწყო მზადება. საქმეს სათავეში, იმ დროისთვის, ყველაზე ცნობილი რეჟისორი ჩაუყენეს. კვირაში ერთხელ, ქალაქის პარტიული კომიტეტის მდივანი და კულტურის მინისტრი ერთად ამოწმებდნენ სამზადისის შედეგებს. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა და მოსკოვში წასვლამდე ათი დღით ადრე, დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, რომელსაც თავად ბერია ესწრებოდა. გაიხსნა ფარდა და სცენაზე ქართულ ეროვნულ კაბაში გამოწყობილი ქალი გამოჩნდა, რომელმაც მისასალმებელი ტექსტი წაიკითხა და პირველ ნომრად გამომსვლელთა სიაში, ბელადისადმი მიძღვნილი სიმღერით, დები შუშხიაშვილები დაასახელა. სცენაზე ქართულ კაბებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილი 9 „შავი ყვავი“ გამოჩნდა. ბერია სილამაზის დიდი მოტრფიალე იყო და კინაღამ გადაირია ამ ქალების შემხედვარე. წამოხტა და დაიყვირა – როგორ მოგაფიქრდათ რეჟისორს და კულტურის მინისტრს, ბელადის წინაშე, ქართველი ქალები ასეთი სახით წარგედგინათო! მათ თავი იმართლეს, რა ვქნათ ბატონო, ამათზე კარგად ვერავინ მღერის დღეს საქართველოშიო. ამოიღო ბერიამ კალამი და ფურცელზე ცხრა ქალის გვარი დაწერა, უბრძანა – ესენი მომგვარეთ სასწრაფოდო. მართლაც მოიყვანეს ყველანი. ბერიამ ჰკითხა სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა თუ იცითო. ორმა უპასუხა კიო, დანარჩენებმა კი მორცხვად დახარეს თავი. გამწარდა ბერია, ადიუტანტს გადაულაპარაკა: „დიდა ფხოდი“, ეტყობა ბუნება სილამაზით რომ გაჯილდოებს ადამიანს, სხვა რამეს გართმევსო. ამ ქალებს დააზეპირებინეს სიმღერის ტექსტი, ჩონგურზე სიმების სწორად ჩამოკვრა და მეორე დღეს გაუყენეს მატარებლით მოსკოვს. ვერავინ მიხვდა რა ჩაიფიქრა ბერიამ. მოსკოვში, დიდ თეატრში, დიდი ბელადის წინაშე, აიხადა ფარდა და ულამაზესი ქალები გამოგოგმანდნენ. ბუდიონს, რომელიც საკმაოდ მოხუცი იყო და აღარაფერი უკრთოდა, მათ შემხედვარეს ისედაც აპრეხილი ულვაშები სულ ყალყზე წამოუდგა. სტალინს სიამოვნებისგან გაეღიმა. სცენის შუაგულში ქართული ჭირნახულით დახუნძლული დიდი ქვევრშემოდგმული კახური ურემი იდგა. ქვევრში დები შუშხიაშვილები ისხდნენ, შიგნით გაყვანილი მიკროფონებით. მოკლედ, ისინი მღეროდნენ და სცენაზე ლამაზმანები პირს აღებდნენ. სიმღერის დასრულებისთანავე ტაშის გრიალი ატყდა. „ბისზე“ შესრულებული სიმღერა ორჯერ გაამეორებინეს. კონცერტის დასრულების შემდეგ ბელადმა ბერია თავისთან მიიხმო და შეაქო. ბერია სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, მაგრამ აქვე დასრულდა მისი სიხარული. სტალინმა ეშმაკურად ჩახედა თვალებში და უთხრა: ის დები ძალიან მომეწონა, დღეს აუცილებლად წამოიყვანე კრემლში, ბანკეტზე, უნდა ვამღეროო. ბერიამ ფერი დაკარგა, იფიქრა კრემლში ვინ შემატანინებს ახლა მე ქვევრსო. მოკლედ, ბელადმა შეატყო, რომ საწყალი ლავრენტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, მეგობრულად მხარზე ხელი დაარტყა და დინჯად უთხრა: ნუ ნერვიულობ, ლავრენტი, ქვევრი უკვე კრემლშიაო. ასე ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა კავშირში პირველ ფონოგრამას.
„რეკეტი ქალი“ და უდანაშაულო
ბიჭისთვის „ახეული“ 380 ლარი
პროფესორ დავითაიას ულამაზესმა და უსათნოესმა მეუღლემ, ქალბატონმა ანამ, სამარშრუტო ტაქსიში ფეხი შედგა თუ არა, ვიღაცის ხელის ფათური იგრძნო ჩანთაში. უცნობ მამაკაცს ეცა, ჩაეჭიდა და დაუწყო ყვირილი, ფულს მპარავდი შე უნამუსოო! დაჯდა, გახსნა ჩანთა და 400 ლარი აღარ დახვდა ჩანთაში. დაუწყო გამწარებულმა ახალგაზრდას კივილი, ნაძირალავ, ახლავე დამიბრუნე ჩემი 400 ლარიო. ის ბიჭი კი თავს იმართლებდა, არ მომიპარავს, ქალბატონო, და რა დაგიბრუნოთო. ქალი პოლიციით დაემუქრა. იქვე მყოფებს შეეცოდათ ის ბიჭი და უთხრეს, შვილო, ნუ დაიღუპავ თავს, დაუბრუნე ქალბატონს ფული და მშვიდობიანად მიდი ოჯახში, დაჭერა გირჩევნიაო? ბიჭი მიხვდა ვერაფერს გახდებოდა, ამოიტრიალა ჯიბეები და 380 ლარი ჩაუთვალა ანას. გადაირია, ოცი ლარი აკლიაო. ხალხმა უსაყვედურა, კარგი რა ქალბატონო, ოც ლარს ჩივით, ამხელა თანხა რომ სულ არ დაკარგეთო?! მოკლედ, დაბრუნდა ანა სახლში და მოყვა თავისი გმირობის ამბავი. უსაყვედურეს, 400 ლარის გამო რომ რამე დაეშავებინა იმ ბიჭს რას აპირებდი მერეო. ანამ მედიდურად იმართლა თავი, მე გენაცვალე, ჩიქვანის ქალი ვარ და შეურაცხყოფას სიკვდილი მერჩივნაო. ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ანას კივილმა აიკლო სახლი. გამოცვივდა ქმარ-შვილი, ვერ მიხვდნენ რა დაემართა. თურმე, ის ოთხასი ლარი კარადიდან არც კი აუღია, უბრალოდ ასე ახსოვდა. იმ ბიჭს ცილიც ტყუილად დასწამა და 380 ლარიც „ააწაპნა“. ხალხს მეტი რა უნდოდა და იმ დღის შემდეგ, ანას „კლიჩკა“ „რეკეტი“ შეარქვეს.