რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად და რა გავლენა აქვს ამ მხრივ დაბადების დროს
ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქორწინების ხასიათი კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, დაბადების დღეზე, საათზე, წელზე, ეროვნებაზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე. მაგრამ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, მეუღლეთა დაბადების წელია.
დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვის და წლის მიხედვით.
აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან, როგორც ძლიერი და კეთილშობილი; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებულნი – როგორც უცნაურნი; „კატის“, „თხისა“ და „ტახისა“ წელიწადში... დაბადებულნი – მშვიდი, ფლეგმატური; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულნი კი – როგორც ენერგიულნი და მეომრის სულისკვეთების მქონე. ამის მიხედვით კი, რამდენიმე ჯგუფი არსებობს.
1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად სიყვარულში კარგი მასწავლებლები არიან. სიყვარული, რომელიც არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის მამაკაცებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ ძალუძთ, უყვარდეთ მთელი მსოფლიოს ქალები, ერთად ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ქალი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებას და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ თავისუფლებას. ამ ეგრეთ წოდებულ სიყვარულის ნიშნების ჯგუფში შემავალ მამაკაცებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მშვიდია, საკუთარ ნებას მშვიდად ახორციელებს. ხშირად ისინი უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
2. მბრძანებელთა ჯგუფში ერთიანდებიან „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ მამაკაცებთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის ქალი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებით არის სავსე.
3. რაინდების ჯგუფში ერთიანდებიან „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებული მამაკაცები. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა და ძლიერი მუშტი. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი მშვენიერი სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ქალები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებას და სითბოს ითხოვენ. ასეთი მამაკაცები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერას და სიყვარულს.
4. ამ ჯგუფის მამაკაცები, ეგრეთ წოდებული, ლამაზი მამაკაცების წარმომადგენლები არიან და მათ განეკუთვნებიან „კატის“, „თხის“ და „ტახის“ წლებში დაბადებული. ცხადია, ამ წლებში დაბადებული ყველა მამაკაცი იდეალური გარეგნობის ვერ იქნება, მაგრამ მათ განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი მამაკაცები ნაკლებად ერკვევიან ქალის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, სუსტი სქესის ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან მცირე ხნით ინთებიან სიყვარულის ცეცხლით. სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება მათ წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში.