კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ელაპარაკებოდა ნინი შერმადინს დედა და რატომ აუხტა ის სცენაზე სოსო პავლიაშვილს


ნინი შერმადინმა ჯერ კიდევ პატარა ასაკში მოახერხა ყურადღების ცენტრში მოხვედრა: 3 წლისა, ერთ-ერთი კონცერტის დროს, ყველასთვის მოულოდნელად, სცენაზე ავიდა და სიმღერა დაიწყო. შემდეგ, 12 წლისამ, სოსო პავლიაშვილის კონცერტზე, ასევე მოულოდნელად იმღერა.

როგორც ნინის დედა, ქალბატონი ელენე ამბობს, შემოქმედებაში ხშირად ხვდება უსამართლობასა და ინტრიგებს. მცირე წინააღმდეგობებს პირად ცხოვრებაშიც წააწყდა. დედამ არჩევანი არ მოუწონა, თუმცა მისი ცხოვრების მეორე ნაწილი უფრო მშვიდი, საინტერესო და სიხარულით სავსე აღმოჩნდა. თავის ფეხბურთელ ქმართან, ვაჟა ციცაგთან და წლინახევრის შვილთან, მარისთან ერთად, რომელიც საოცრად ჰგავს დედას.

ელენე ბახტაძე: ჩემი ყოფილი მეუღლე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი ამირან კოპინაშვილი გახლდათ, ძალიან ნიჭიერი და ლამაზი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ერთმანეთს დავშორდით. ამ ქორწინებიდან მყავს ორი ვაჟი დავითი და კობა. განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ გავთხოვდი. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი მარტო არ უნდა იყოს. აუცილებელია, გვერდით ჰყავდეს ადამიანი, ვისაც ყველაფერს გაანდობს და ვინც ყველაზე მეტად გაიზიარებს მის დარდსა და სიხარულს. რასაც ქმარს გაუმხელ, იმას შვილებს ვერ ეტყვი. ამიტომ ვამართლებ ამ ნაბიჯს, თუნდაც ძალიან დაგვიანებულ ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ დაოჯახების გადაწყვეტილება ძალიან რთულია, მე ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩემს დღევანდელ ქმარს, ნოდარ შერმადინს, ძალიან ვუყვარდი. ის იყო ადამიანი, რომელთანაც შეიძლებოდა, ცხოვრება გამეგრძელებინა. რომ არა ნოდარი, არ იქნებოდა ნინი.

– გაიხსენეთ ნინის დაბადება.

– მისი დაბადება ცოტა არაორდინარულ სიტუაციაში მოხდა. გარშემო უამრავი ექიმი მეხვია და ბოლო მომენტში არავინ აღმოჩნდა ჩემ გვერდით. ერთმა მეორეს უთხრა: მოდი, დღეს დამამშვიდებელი გავუკეთოთ და ხვალ ვამშობიაროთო. ყველა წავიდა. არ ელოდნენ, რომ იმ ღამეს ვიმშობიარებდი. მორიგე ექიმი მიმღებში ვიღაცის დასახმარებლად იყო ჩასული, ბებიაქალს კი ეძინა. როგორც იქნა, გავაღვიძე და ასე, ერთიანი ძალისხმევით გაჩნდა ნინი. ყველა მერე მოვიდა.

– როდის აღმოაჩინეთ, რომ სიმღერის ნიჭი ჰქონდა?

– ჯერ კიდევ თოთო იყო, „იავნანას“ თვითონ ღიღინებდა და ისე იძინებდა. ძალიან პატარა, სიტყვები რომ არ იცოდა და ვერ ლაპარაკობდა, აბსოლუტურად უშეცდომოდ მღეროდა სხვადასხვა მელოდიას. ერთხელ, დასავლეთში მივდიოდით. ნინი წლისა და ორი თვის იყო. ჩემს ქმარს ვკითხე, ახლა სად ვართ-მეთქი, ზესტაფონშიო, – მიპასუხა. უცებ ნინიმ წამოიმღერა „ზესტაფონო...“ ყველა მოვლენას უკავშირებდა სიმღერას. მაგალითად, წვიმას, თოვლს... სკოლაში მასწავლებლები მეუბნებოდნენ, საკონტროლოს წერის დროს მღერის, მაგრამ, იმდენად კარგად მღერის, ვერ ვაჩუმებთო. საინტერესო ის იყო, რომ არც ერთი შეცდომა არ ჰქონდა ხოლმე ნაწერში. სახლშიც, გაკვეთილებს რომ ამზადებდა, ვეჩხუბებოდი – რა დროს სიმღერაა, გოგო, ისწავლე-მეთქი. მერე, რამეს რომ შევეკითხებოდი გაკვეთილიდან, აღმოჩნდებოდა, რომ იცოდა. სიმღერაში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს.

– გახსოვთ, როდის დადგა პირველად სცენაზე?

– 3 წლის იყო, ყვარელში ბავშვთა დღეს კონცერტს ვესწრებოდი და ნინიკოც თან გვახლდა. ვიღაც ბავშვს დაუგვიანეს ნომრის გამოცხადება, უცებ ვხედავ, ნინი სცენაზე ავიდა და თქვა: მე ვარ ნინი შერმადინი, ტაშს თუ დამიკრავთ, ვიმღერებო – და დაიწყო პავლიაშვილის სიმღერა „სამშობლო“. ბოლოს რევერანსი გააკეთა, მსმენელს თავი დაუკრა და ტაში რომ დამთავრდა, ყვავილები მოითხოვა. მერე გამოაცხადა ახლა ამას ვიმღერებ, ახლა იმას ვიცეკვებ, ლექსს ვიტყვიო და ძლივს ჩამოვიყვანეთ სცენიდან, აღარ ჩამოდიოდა, ბენეფისი მოიწყო. ამის შემდეგ გვეუბნებოდნენ, თქვენი ბავშვი გვათხოვეთო. ერთხელ კი, რიყეზე პავლიაშვილი ჟვანიას მხარდასაჭერ კონცერტს მართავდა. მაშინ ნინი 12 წლის იქნებოდა. მახსოვს, როგორ გავანგრიეთ ბარიკადები, გავიარეთ ზღვა ხალხი. უნდოდა, სცენასთან ახლოს მისულიყო. სცენასთან რომ მივიყვანე, მთხოვა, ამიყვანეო. მივიდა პავლიაშვილთან და უთხრა: მომღერალი ვარ და, თუ შეიძლება, ბენდში დავდგებიო. მერე ბევრი ეფერა პავლიაშვილმა, რა კარგად იმღერეო. მომღერლობის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ უფრო მეტი ემღერა მასისთვის. მეორე დღეს შვილები მეუბნებოდნენ, თვალებს არ ვუჯერებდით, ნინი სცენაზე რომ დავინახეთო. თვითონ ჰქონდა ამის სულიერი მოთხოვნილება და მეც ხელს ვუწყობდი, მის ნებას მივყვებოდი. ალბათ, არაფრით არ შეიძლებოდა, არ დაგენახა მისი გაბრწყინებული, სურვილით სავსე თვალები. ოჯახის ნებიერა იყო, ყველა ხელისგულზე ვატარებდით.

სხვათა შორის, მშიშარა ბავშვი იყო, უფრთხოდა ყველაფერს, რასაც, შეიძლებოდა, მისთვის ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ძალიან საზრიანი და გონიერი იყო. 9 წლამდე ყვარელში იზრდებოდა, ბებიები ზრდიდნენ ჩემი ქმრის დედა და დეიდა. ისინი არაჩვეულებრივად მღერიან ხალხურ სიმღერებს და ნინისთან ერთად მღეროდნენ.

– თუ შეეძლო, თქვენთან ისეთ თემებზე ესაუბრა, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა, მშობლისთვის რომ ეთქვა?

– მე და ნინი მეგობრები ვიყავით, მარტო ჩემთან კი არა, ძმებთანაც ასე იყო. საერთოდ, ძალიან პირდაპირი და გულწრფელია, უბრალოდ, ბოლო ეტაპზე ვერ გავუგე, დავუპირისპირდი ჩემს შვილს, იმიტომ, რომ არ მინდოდა, გათხოვილიყო. მიმაჩნდა, რომ მისი ქორწინების გადაწყვეტილება ნაადრევი იყო. მიყვებოდა ხოლმე თავის პირადულ ამბებს. ყოველთვის ვიცოდი, ვის მოსწონდა, ვის არ მოსწონდა. არასოდეს არაფერს ვუკრძალავდი. ვიცოდი, რომ ნინი არ გააკეთებდა იმას, რაც მის ოჯახს არ შეეფერებოდა. ღამის კლუბებში, დისკოთეკებზე დავყვებოდი და ვიცინოდი, ყველაზე თინეიჯერი დედა ვარ-მეთქი. მეკითხებოდნენ – ქალბატონო არ ენდობით, მარტოს რატომ არ უშვებთო? ჩემს შვილს ვენდობი, მაგრამ სხვას არ ვენდობი-მეთქი. ჩემი კონტროლი მას არ აწუხებდა. არ მითხოვია, ჩემ გვერდით იჯექი, ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო-მეთქი, ასე არ შემიზღუდავს. უბრალოდ, მშვიდად ვიყავი და ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ ვუყურებდი ჩემი შვილის გამოსვლას. ვეცნობოდი მის მეგობრებს. შემდეგ მისი მეგობრები ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები გახდნენ. მიხაროდა მათი წარმატება, ვულოცავდი, გულისხმიერებას ვიჩენდი ნებისმიერის მიმართ. როცა კონკურსზე იყვნენ, ვამხნევებდი. ბოლო სიყვარულის დროს, როცა ვაჟას შეხვდა, მოხდა ისე, რომ ჩვენთან ჩაიკეტა და მეგობრებთან გაიხსნა. ალბათ, ეს ჩვენი დამოკიდებულების ბრალი იყო, ვერ გავუგეთ ერთმანეთს.

– არ მოგწონდათ სასიძო?

– ვაჟა ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო, სხვა მენტალიტეტის ადამიანი იყო, რომელიც სხვა ქვეყანაში გაიზარდა. ოცდაოთხი საათის განმავლობაში ურეკავდა. ამ დროს ნინი ინსტიტუტში ჩასაბარებლად ემზადებოდა და ძალიან მაღიზიანებდა, რომ სულ ტელეფონი ეჭირა ხელში. ვბრაზდებოდი, ვინ არის ეს უსაქმური-მეთქი. მაგრამ, მერე ვაჟამ ყველაფერი გადადო, მიზნად დაისახა, რომ ეს სიყვარული არ დაეკარგა და არც დაკარგა. უფრო მეტი თავისუფლება მოითხოვეს ჩვენგან და ეს მაღიზიანებდა. მინდოდა, ტრადიციულ ჩარჩოში ჩატეულიყვნენ, მაგალითად, მობრძანებულიყო და ეთქვა, მიმყავსო. მერე გაგვეცნო. ერთ დღესაც, ნინი მოვიდა და თქვა – მივდივარო. წადი-მეთქი. ვიღაც გამოგვიგზავნეს, ერთად არიანო. დაახლოებით ერთი თვე არ ველაპარაკებოდი, მაგრამ მერე მშობლები ჩამოვიდნენ და ჩვენთანაც მოვიდნენ. ამან, რა თქმა უნდა, გააქარწყლა მძიმე სიტუაცია. მშობელს ყოველთვის მეტი უნდა შვილისთვის, მაგრამ სიყვარულის წინააღმდეგი ვერ წახვალ, ეს კარგად მესმოდა. უბრალოდ, მინდოდა, მათ ურთიერთობაში ნაკლები თავისუფლება ყოფილიყო და მეტი დრო დაეთმოთ სწავლისთვის; მეტად აეწონ-დაეწონათ ყველაფერი და დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ეს ნამდვილი გრძნობაა და არა გატაცება. ვფიქრობდი, მერე არ გაუცრუვდეს იმედი, არ აღმოჩნდეს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და თურმე არ ჰყვარებია-მეთქი. მეშინოდა, ოჯახის დანგრევის გულის ტკივილი შვილებზე არ გადასულიყო. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი და ნინი მართალი იყო – მათმა სიყვარულმა დროს გაუძლო: თითქმის ოთხი წელია, ერთად არიან. ვაჟა ძალიან ზრდილობიანი, კეთილი, ყურადღებიანი და საკმაოდ შეხედული ბიჭია. რაც მთავარია, იცის, რა უნდა ნინის. არაფერს უშლის, პირიქით, ყველაფერში ეხმარება, რაც მის კარიერას სჭირდება. პროფესიით იურისტია, მაგრამ ფეხბურთით იყო დაკავებული. დღეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. რუსთავში ცხოვრობენ. ხან ჩვენ მივდივართ, ხან ისინი ჩამოდიან.

– როგორი ადამიანია ნინი ბუნებით, ალბათ, ყველაზე უკეთ თქვენ იცით...

– ნინი არის ადამიანი, რომელსაც შურისა და ბოღმის ნატამალი არ გააჩნია. იყო შემთხვევა, როცა ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენია თათია ხაბურძანიამ „იურმალაზე“ წასვლის წინ, უნიჭო მომღერალიაო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანის მიმართ არც ნინის და ოჯახის არც ერთ წევრს, ბოღმა არ გაგვჩენია, იმიტომ, რომ საოცრად ნიჭიერი და კარგი მომღერალია. ეტყობა, იმ მომენტში გაურკვევლობაში იყო. ასე რომ, ნინის სასცენო მოღვაწეობასთან დაკავშირებული ინტრიგები, სულ იყო. ცხოვრებაში ნინი სითბოს ასხივებს და ყველას გულს უთბობს. ცდილობს, ვიღაცის ქომაგი იყოს და ვიღაცას დაეხმაროს.

– მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როცა ნინი „ჯეოსტარში“ გამოდიოდა, ჟიურიმ მის მიმართ არც ისე კარგი განწყობა გამოამჟღავნა, რამაც თქვენი გაბრაზება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რა იყო მიზეზი?

– ნანიკო ხაზარაძემ ერთ-ერთ ტურზე უხეშად მიმართა: შემეშინდა და გაქცევას ვაპირებდი, განგსტერი მეგონე. ნიკა მემანიშვილს გადავულაპარაკე, ხომ არ გავიქცეთ, მეგონა, ახლა ამოიღებს იარაღს და სროლას ატეხსო. ეს იყო სრულიად გამაოგნებელი განცხადება. შოკში ჩავვარდი. ისე ცუდად იმოქმედა ჩემზე, მინდოდა, რომელიმე მუსიკოსისთვის მიკროფონი გამომერთმია და ხალხისთვის მადლობა გადამეხადა, რომ არ შეგეშინდათ და არ გაიქეცით-მეთქი. ჩემმა მამიდაშვილმა შემაჩერა, რომელიც გვერდით მეჯდა – გონს მოდი, ასეთი რამ არ გააკეთოო. თუმცა, ყველამ იცის, როგორი თავშეკავებული და კორექტული ვარ. არასდროს გამომიხატავს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩემი შვილი არ არის იმ ადგილზე, რომელსაც იმსახურებს. მიმაჩნდა, რომ რასაც ჩემმა შვილმა მიაღწია, ეს იყო უზარმაზარი წარმატება, მაშინ, როცა არანაირი საშუალება არ მქონდა, რამეში მივხმარებოდი. 17 წლისა „ჯეოსტარი“ გახდა და არასდროს დამავიწყდება, ნიკა მემანიშვილი: სცენაზე ავიდა და მიულოცა, ბავშვებს მიალოცვინა, ჟიურის სხვა წევრებმა კი არ მიულოცეს. იმ დღეს საერთოდ არ შეაფასეს. ნინი მეორედ შეხვდა თავის დაბადების დღეს „ჯეოსტარში“, ოღონდ, საბერძნეთში. გაოცებულმა დამირეკა და მითხრა: ჟიურიმ ვიღაც კარგ მხატვარს ჩემი შვილის სურათი დაახატვინა ჩემთვის, მთელმა დარბაზმა დაბადების დღის მისალოცი სიმღერა მიმღერა და მონაწილეებმა ტორტი მომართვეს სანთლებიანიო, აქ კი რა მოხდა?! – იმ დღეს, როცა ყველაზე უკეთ იმღერა, კონკურსიდან გამოაგდეს.

– როგორც ვიცი, ხაზარაძის გარდა, ჟიურიში კიდევ იყო ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს შოუ-ბიზნესთან და რომელსაც ერჩივნა, ნინი შერმადინი იმ დროს საერთოდ არ გასულიყო „ჯეოსტარზე“.

– ჩემი ყურით მაქვს გაგონილი, რაც მაშინ თქვა, ხომ მაინც გავაგდეთო. ვერ ვხსნიდი ამ ყველაფერს. რატომ უნდა სდომოდა ვიღაცას მისი კონკურსიდან გამოგდება? მინდა, ახლა ვუთხრა მადლობა საკო სუხიშვილს, რომელმაც თავისი ადგილი დაუთმო და მერე სიამაყით ამბობდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ნინი კარგი მომღერალი იყოო. ამ ადამიანს დიდი, კეთილი გული და სიყვარულის ნიჭი აქვს.


скачать dle 11.3