რა ექსპერიმენტი ჩაიტარა საკუთარ თავზე ნინო ბაშარულმა და როდის ჭარბობდა მასში მამაკაცური ჰორმონები
„ჯეოსტარის“ მონაწილე ნინო ბაშარული ყოველდღიურად თავის მოწესრიგებას დაახლოებით, ნახევარ საათს უთმობს და მიაჩნია, რომ როდესაც ადამიანი კარგ სიმღერას უსმენს, ღიღინებს, ის ყოველთვის ლამაზად და კარგად გამოიყურება.
– როგორ უვლი სახის კანს, თუ დადიხარ კოსმეტოლოგთან?
– კი, მყავს ჩემი კოსმეტოლოგი, რომელსაც ვაკითხავ სამ თვეში ერთხელ, ძირითადად კი ფაფებზე ვარ გადასული. ეს ჩემი ქალური ხრიკია და დიდი სიამოვნებით გავუმხელ ქალებს. ერთი სუფრის კოვზ თაფლს ვურევ ჰერკულესის ფაფას და იმას მივირთმევ. კვირაში ერთხელ ვიკეთებ თეთრი ღვინის ნიღაბს, რომელიც მზადდება ღვინის, ზეითუნის ზეთის, არაჟნისა და ფქვილის შერევით. მასამ უნდა მიიღოს არაჟნისებური კონსისტენცია და სახეზე უნდა გაიჩეროთ 20 წუთის განმავლობაში. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით შერეული კანისთვის, რომელიც მე მაქვს.
– ალბათ, თმასაც განსაკუთრებულად უვლი?
– ბებიაჩემმა მასწავლა, რომ ძალიან კარგია თმის ხშირი ვარცხნა. დღეში სამჯერ კარგად დავარცხნა, ეფექტურად მოქმედებს თმაზე, ბრწყინვალებასაც აძლევს, ნაკლებადაც გცვივა. კომპიუტერთანაც, რომ ვზივარ, ვივარცხნი თმას და ძალიან მამშვიდებს.
– როგორ მაკიაჟს ხმარობ ყოველდღიურად?
– ძირითადად მსუბუქ მაკიაჟს ვიყენებ, ტუში, რუჟი, თვალის „ჩრდილი“ და ტუჩზე გელი. მკვეთრი მაკიაჟის გამოყენება უფრო „ჯეოსტარზე“ დავიწყე. რა თქმა უნდა, ქალს უხდება მკვეთრი მაკიაჟი, ოღონდ განსაკუთრებულ დღეებში.
– გარეგნობასთან დაკავშირებით გიყვარს ექსპერიმენტები?
– ჩემი ყველაზე დიდი და რისკიანი ექსპერიმენტი იყო, როდესაც შევიჭერი კარე და მოკლე „ჩოლკა“. ძალიან მომიხდა, ყველას მოსწონდა, საოცარი რეაქცია გამოიწვია. „ლეონში“, რომ მატილდაა იმას დავემსგავსე, ძალიან საყვარელი ვიყავი. სტილიც შევიცვალე, სპორტულად ვიცვამდი და სულ სხვა ამპლუაში ვიყავი. შეიძლება, ერთხელაც დამარტყას თავში და ეს ექსპერიმენტი გავიმეორო. შავი ფერის თმა მაქვს და ადრე ყვითლად გადავიღებე, მაინტერესებდა როგორი ვიქნებოდი „ბლანძინკა“, საშინლად არ მომიხდა, ნინო არ ვიყავი, მაგრამ არც კარგი ტიპი ვიყავი. მახსოვს, დედაჩემს ფანჯრიდან გადავხედე, თმა შევიღებე-მეთქი და ისეთი საშინელი რეაქცია ჰქონდა, მაშინვე სალონში გავიქეცი და გადავიღებე.
– გახსოვს პირველად, როდის გაგიჩნდა ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?
– ეს დაახლოებით 18-19 წლის ასაკში მოხდა. მანამდე ძალიან ბიჭური ვიყავი, ბიჭებთან ვმეგობრობდი, დავრბოდი. ეტყობა, იმ დროს მამაკაცური ჰორმონები ჭარბობდა ჩემში. როდესაც სტუდენტი გავხდი, ჯგუფხელი ვიყავი და უფრო მეტი რამის გაკეთება მევალებოდა – კარგად უნდა ჩამეცვა, საკუთარი თავისთვის მომევლო, რადგან ყურადღების ცენტრში ვიყავი და მივხვდი, ქალური უნდა ვყოფილიყავი. მაშინ დავიწყე მაკიაჟის გაკეთება, მოკლე კაბაც პირველად ამ ასაკში ჩავიცვი. მახსოვს ერთხელ, ძალიან მოკლე კაბა მეცვა, რომელიც ისეთი ვიწრო იყო, სიარულის დროს „ზმეიკა“ ჩამეხსნა. ქუჩაში მოვდიოდი მეგობრებთან ერთად, ვხედავ, ბიჭები მიყურებენ, მიხაროდა, ძალიან კარგად გამოვიყურები-მეთქი. მერე ჩემი მეგობარი შორიდან გამოიქცა, „ზმეიკა“ აიწიე გოგოო და მივხვდი, რატომ მიყურებდნენ ასე.
– გიყვარს მასაჟები?
– რადგან პროფესიონალ მასაჟისტთან სიარული ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ მირჩევნია იოგას ვარჯიშები ვაკეთო, რომელსაც ბავშვობიდან მივდევ. იოგა ფეხმძიმობამდე და მერეც მეხმარებოდა, რომ სხეულის ფორმა საუკეთესო მდგომარეობაში შემენარჩუნებინა. 7 წელი ტანვარჯიშზე დავდიოდი, მამას ძალიან უყვარდა იოგა, მეც გადამედო ეს სენი და დღეში 15 წუთს ყოველთვის ვვარჯიშობ.
– დუშ-გელებს, ბოდი-ლოსიონებს თუ ხმარობ?
– კი, ძალიან მიყვარს ნუშის სურნელის დუშ-გელები და ბოდი-ლოსიონები, რომელსაც ჟასმინის, პიტნის სურნელი აქვს. რაც შეეხება სუნამოს, უნდა იყოს ცოტა ტკბილი, მძაფრი და იმავდროულად, ჰაეროვანიც. ძალიან მიყვარს ნინა რიჩის „ნინა“, რადგან სხვა სამყაროში გადავყავარ. მიყვარს „ჰერმესი“, იმიტომ, რომ ბაღის სურნელი აქვს, მე კიდევ მიყვარს ბუნებასთან სიახლოვე.
– როგორ ფიქრობ, მამაკაციც უნდა უვლიდეს თავს, სწორად ირჩევდეს სუნამოს?
– სამწუხაროდ, საქართველოში მამაკაცებმა არ იციან სუნამოს სწორად შერჩევა. ნაკლებად ცდილობენ, საკუთარი სურნელი იპოვონ. მამაკაცი აუცილებლად უნდა უვლიდეს თავს. მე ძალიან მიყვარს ჯანმრთელი მამაკაცები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული და ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს თუ სხვა გასართობ საშუალებებს.
– როდესაც ვიღაც მოგწონს, უფრო მეტად ცდილობ კარგად გამოიყურებოდე?
– ძალიან მინდა, გამიმეორდეს ისეთივე შეგრძნება, განსაკუთრებულად, რომ ვუვლიდი თავს – მაშინ, როდესაც მადრიდში შევხვდი ერთ ესპანელ მამაკაცს. საკუთარ თავს არ ვგავდი, სარკის წინ დგომა მიყვარს, მაგრამ დიდხანს – არა. მთელი დღის განმავლობაში სარკის წინ ვიდექი, ვიპრანჭებოდი. ბიჭი ძალიან სიმპათიური იყო, ჩემს საყვარელ მსახიობს, ერიკ ბანას ჰგავდა. რომ ვაკვირდებოდი, სხვებს არ აქცევდა ყურადღებას და ჩემსკენ აპარებდა თვალს. აი, აქედან დაიწყო ჩემი პრანჭვა-გრეხვები. ესპანურ სამზარეულოსაც კი ჩავუჯექი. ასეთი მამაკაცი რომ გამოჩნდეს, მისი სტიმულით ალბათ, ასეთივე განწყობას დიდი სიამოვნებით შევიქმნიდი.
რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, მოუსმინონ კარგ მუსიკას, თუ არ მღერიან, გულში მაინც იღიღინონ. მუსიკის ეს ჰარმონია ყველა ორგანოზე ახდენს გავლენას. მერე თმაც გრძელია და არ გცვივა, კანიც კრიალა და ბავშვივით სათუთი გაქვს და ფრჩხილებიც მშვენიერ მდგომარეობაშია.