ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რომელ წლამდე უნდა მქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში მიწის ნაკვეთი, რომ შევძლო მისი დაკანონება?
პასუხი: თუ ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება მიწის ნაკვეთზე წარმოეშვა 1999 წლის 1 იანვრამდე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მან აღნიშნულ მიწაზე საკუთრების უფლება მოიპოვოს.
კითხვა: შევიძინე უძრავი ქონება, მაგრამ დღემდე არ მაქვს აღნიშნული ხელშეკრულება რეესტრში რეგისტრირებული. არის თუ არა დაწესებული რაიმე სახის ჯარიმა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირს უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ მიაქვს გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ?
პასუხი: კანონმდებლობის თანახმად, უფლების რეგისტრაციისთვის სავალდებულო არ არის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენიდან, რაიმე გარკვეულ ვადაში მისი წარმოდგენა და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, არ არსებობს დაინტერესებული პირის მიერ რაიმე ჯარიმის გადახდის ვალდებულება. თუმცა, აღნიშნულის წარმოუდგენლობით თქვენ, როგორც უძრავი ქონების შემძენი, საკუთარ ქონებას უქმნით საფრთხეს, რადგან ძველი პატრონი ისევ ირიცხება რეესტრში მესაკუთრედ და მისი არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, რჩება ბინის განკარგვის უფლება.
კითხვა: მაქვს უძრავი ქონება საქართველოში. მსურს მივყიდო ჩემს ქალიშვილს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს მის ფარგლებს გარეთ. ვინაიდან ვერ ჩამოდის საქართველოში, გამომიგზავნა მინდობილობა. ნოტარიუსი არ იღებს ამ მინდობილობას და აცხადებს, რომ მას არ აქვს აპოსტოლი და ამის გამო მინდობილობით მოქმედების განხორციელება არის უკანონო. გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა ნოტარიუსის უარი კანონიერი. სჭირდება თუ არა ყველა ქვეყნიდან გამოგზავნილ დოკუმენტს აპოსტოლი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რაც საქართველო შეუერთდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც ძალაში შევიდა 2007 წლის 14 მაისიდან და გულისხმობს, ოფიციალური დოკუმენტების დამოწმების გამარტივებულ პროცედურას, ის ამ დოკუმენტების აპოსტოლით დამოწმებაში გამოიხატება.
ოფიციალურ დოკუმენტზე აპოსტოლის დასმით დასტურდება ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ხელმოწერისა და უფლებამოსილების ნამდვილობა, ასევე, დოკუმენტზე დასმული ბეჭდისა და შტამპის ნამდვილობა.
ჰააგის კონვენცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც წარდგენილი უნდა იქნეს იმ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც მიერთებულია ჰააგის კონვენციას. აგრეთვე, კონვენციის წევრი-სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აპოსტოლით დამოწმებულ იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოში სამოქმედოდ.
ჰააგის კონვენციის წევრია ევროპის უმეტესი სახელმწიფო და მათ შორის აზიის ქვეყნების გარკვეული ნაწილი – ამჟამინდელი მონაცემებით 92 ქვეყანა.
კითხვა: ვარ პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი, 70 წლის. არ მყავს კანონით ვალდებული პირი, რომელიც მინდობილობით აიღებს ჩემს პენსიას, ამიტომ ყოველთვე მეზობლის შეწუხება მიხდება, რომელსაც მანქანით მივყავარ პენსიის ასაღებად. როგორ მოვიქცე, რომ პენსია სახლში მომიტანონ?
პასუხი: გირჩევთ, აღნიშნულ საკითხზე მიმართოთ პენსიის გამცემ ორგანოს, რომელიც აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს პირობებს და უზრუნველყოფს თქვენი პენსიის ბინაზე მიტანას.
კითხვა: ასაკით ვარ პენსიონერი. დამეღუპა მარჩენალი მეუღლე, რამაც მძიმედ იმოქმედა ჩემს ჯანმრთელობაზე და პირველი ჯგუფის ინვალიდიც გავხდი. ჩემს ასაკის პენსიასთან ერთად მივიღებ თუ არა პენსიას, როგორც მარჩენალდაკარგული და ინვალიდი?
პასუხი: ვერ მიიღებთ, რადგან, მოქმედი კანონის თანახმად, ერთდროულად სამი სახის პენსიის ერთი პიროვნებისთვის დანიშვნა გათვალისწინებული არ არის.
კითხვა: ვარ სამხედრო პენსიონერი, 58 წლის. მთავაზობენ სამსახურს. გამეზრდება თუ არა პენსია რამდენიმე წლის მუშაობის შემთხვევაში?
პასუხი: ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, მსგავს შემთხვევაში პენსიის გაზრდა გათვალისწინებული არ არის.
კითხვა: 25 დღეა, ვიმყოფები შრომისუუნარობის ფურცელზე. ეკონომიკურად უკიდურესად მიჭირს, ვინაიდან თვიდან თვემდე ხელფასით ძლივს გამქონდა თავი. გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ ამინაზღაურებს დროებითი შრომისუუნარობის ფურცელს?
პასუხი: კანონის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას ახორციელებს, დასაქმებულის შემთხვევაში, შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში – საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება.
კითხვა: იქნებ განგვიმარტოთ, მოქმედი საპენსიო კანონის თანახმად, ვინ ითვლება შრომისუუნაროდ?
პასუხი: შრომისუუნაროდ ითვლება არასრულწლოვანი (18 წლის ასაკის მიღწევამდე), შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის მქონე პირი.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა კანონით დაწესებული ფულადი პრემიის გაცემა მედლებით (მათ შორის „ღირსების მედლით“) დაჯილდოებულ პირებზე და, თუ არის, ვის რამდენი ეკუთვნის?
პასუხი: ერთადერთი მედალი, რომელზეც დაწესებულია ფულადი ჯილდო – შრომის ანაზღაურების 20 მინიმალური ოდენობით, არის მედალი „მხედრული მამაცობისთვის“. „ღირსების მედლით“ დაჯილდოებულ პირებზე ფულადი პრემიის გაცემა „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არ არის.
ადვოკატი
ქეთი უტიაშვილი