ნასუფრალზე
იძულება ქველმოქმედებისთვის
როგორც მოსალოდნელი იყო, საახალწლოდ სიკეთის სხივის ნათელი ჩვენს ჩინოვნიკებსაც გადაეფინათ. ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით, ბუნებრივია, დედაქალაქის მერი გახლდათ, იმ მარტივი და ადვილად გამოსაცნობი მიზეზით, რომ მას წინ გადამწყვეტი ბრძოლა ელის მერის სკამისთვის (ეს კი წმიდათაწმიდა შერკინებაა!). ამ თუ სხვა მოტივით, ბ-ნმა უგულავამ (ობოლი და მიუსაფარი ბავშვებით გარშემორტყმულმა) გვამცნო, თბილისურ რესტორნებს ვთხოვე (რა გულუბრყვილოდ ისმის ეს თავმდაბლობის გამომხატველი ზმნა ჩვენს რეალობაში), ჩაერთონ ბავშვთა სახლების დახმარების საქმეშიო. იქვე ისიც განმარტა, რომ, რაც 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე სუფრები გაშლილა და დარჩენილა (რაკი სუფრა ვერ დარჩებოდა, გამოდის, რომ სუფრის ნარჩენები იგულისხმა), ის ეყოფოდა ამ ბავშვებს, თბილისში, სულ რაღაც, 10 ბავშვთა სახლიაო. რაკი, მოარული ხმებით, ხელისუფალი, მათ შორის, არც რესტორნების მხრიდან გულგრილობას უჩივის (მოგეხსენებათ, რესტორანი ერთ-ერთი სუსტი რგოლია, რომელზეც, როდესაც მოუნდება, მაშინ გადაისეირნებს ფინანსური პოლიცია), უნდა ვივარაუდოთ, რომ რესტორნების მეპატრონეებმა „თხოვნა“ ათიანზე გაიგეს.
მეორე მხრივ, აშკარაა, რომ არც რესტორნებს აწყენთ ქველმოქმედება და არც მერს ჩაეთვლება მაინცდამაინც დიდ ცოდვად მათი იძულება ქველმოქმედებისთვის, თუმცა, თუ თბილისში „სულ რაღაც, 10 ბავშვთა სახლია“, მათი შენახვა, წესით, არც თბილისის ბიუჯეტს უნდა გაუჭირდეს, არც მერის სარეზერვო ფონდს და არც მერიის მაღალჩინოსნები და საკრებულოს წევრები (რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას თბილისის მოსახლეობა წამლადაც ვერ ცნობს სახეზე) დამჭლევდებიან, თავიანთი ხელფასიდან თუ შემოივლებენ თავზე ორიოდ გროშს, მით უფრო, რომ, როგორც დედაქალაქის თავი ბრძანებს, „ამ ბავშვებს“, თურმე, ნასუფრალიც ეყოფათ.