მემენეჯმენტეები
განა ერთი? – სამი!
რაკი პრე და პოსტსაახალწლოდ ყველა კეთილდება: ხელისუფლებით დაწყებული და ბიზნესსექტორით დამთავრებული (თუმცა არც უიმისობაა, რომ პირველები ხშირად მეორეთა ხარჯზე კეთილდებიან ხოლმე), არც ჩვენს ტელეეთერს მოჰკლებია სიუჟეტები, ვინ ვის და როგორ დაეხმარა (ძირითადი აქცენტით – ტკბილეულზე). ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა, გარდა ტკბილეულის მირთმევისა, საახალწლო აქციებითაც შეიქციეს მომხმარებელი. ამ მარათონს „პოპულის“ გარეშე არ ჩაუვლია. მეტიც, ახალი წლის დღეებში გაყიდვები 500 პროცენტამდე გაგვეზარდაო (ასე იჟინებენ „პოპულის“ მემენეჯმენტეები) და ამას საკუთარ საახალწლო აქციებს უკავშირებენ. ამას გარდა, „პოპულის“ სატელევიზიო რეკლამა გვამცნობს, რომ ბედნიერ მყიდველებს პოპულის პლასტიკური პოპ-ბარათებიც ელოდებათ (თანაც, განა ერთი? – სამი! ოღონდ, განა ერთდროულად? – ცალ-ცალკე და ასარჩევად!), მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათმა ერთჯერადმა ნავაჭრმა 15 ლარი შეადგინა ან მას გადააჭარბა (ამის დასტურად ქვითარი უნდა წარადგინონ). აქციის დაწყებამდე „პოპულის“ ფიარ-მესვეურები მეტად მაცდური ღიმილით გვპირდებოდნენ, რომ ეს დიდი სიურპრიზი იქნებოდა მომხმარებლისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამ გაუზარდათ „პოპულელებს“ გაყიდვები 500 პროცენტით, სამაგიეროდ, შევიტყვეთ, რომ „პოპულის“ ქსელში ეგზომ მაცდური პოპ-ბარათების დიდი დეფიციტია, შესაბამისად, თუ დაპირებული სიურპრიზის ეშხმა „პოპულიში“ შეგიტყუათ, ყოველ შემთხვევაში, ჩალისთვისაც გაემზადეთ.