„უსაფრთხო სამინისტრო“
პირში შეთანხმება
მართალია, განათლების რეფორმა ახალ ტალღაზე მუშაობს, მაგრამ ვერც საკუთარ ფესვებს ივიწყებს. ჰოდა, რაკი ვერ ივიწყებს, სავსებით ბუნებრივია, რომ ბ-ნმა შაშკინმა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად „უსაფრთხო სკოლის“ პროგრამა გაიხადა, ოღონდ, ცოტა განსხვავებული აქცენტებით: სკოლის დირექტორი ნარკომანი არ უნდა იყოსო (მოგეხსენებათ, ამას წინათ, ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ნარკომანობაში ამხილეს). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ სკოლის დირექტორები, უკლებლივ ყველა, განათლების სამინისტროს მიერ შეირჩა (ზოგიც პირდაპირ, ზოგიც ლოტოტრონში დატრიალებით), არ აწყენდათ, „უსაფრთხო სკოლამდე“ „უსაფრთხო სამინისტროს“ პროექტი დაეწყოთ.
თუმცა, თუ ბ-ნი მინისტრის სამუშაო გამოცდილებით ვიმსჯელებთ (განათლების ჯეროვანი რეფორმის პროექტის წარმოდგენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ), წესით, დისციპლინის დამყარება არ უნდა გაუჭირდეს (მარტივი და ნაცადი პრინციპით: „ამას – დაჭერა, იმას – ჩამოხრჩობა!“). მეორე მხრივ, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი განათლების მინისტრი (ბ-ნი ლომაიასი არ იყოს) რუსულენოვანია (საშუალო სკოლისა და უმაღლესი განათლების ენები მაქვს მხედველობაში), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ დავით კლდიაშვილმა მოწიფულობაში გაიხსენა დავიწყებული ქართული, მიხეილ ჯავახიშვილმა კი თითქმის თავიდან შეისწავლა (თავდაპირველად, ისიც რუსულენოვანი იყო), ცხადია, რომ ამას ნაკლად ვერც ბ-ნ შაშკინს ჩავუთვლით, რომ არა „მაგრამ“: თავისი ერთ-ერთი გამოსვლისას, როდესაც ბ-ნი მინისტრი მასწავლებლების სერტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობდა, ასე ბრძანა, სერტიფიცირება „ყველა ადამიანმა უნდა გაიაროსო“. მე არ ვიცი, რამდენად უსაფრთხო გახდება სკოლა ბ-ნი შაშკინის მინისტრობისას, იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ქვემდებარისა და შემასმენლის პირში შეწყობის საქმის დაუფლება არც მას აწყენდა და არც ჩვენს, თუნდაც, გამორეფორმირებულ განათლებას.