ვარდისფერიდან – შავ-თეთრამდე
თავმოგლეჯილი ქაჩლები
ქუჩაში გასულმა ქართულმა ოპოზიციამ, ყოველ შემთხვევაში, მასმედიის ფრონტის ხაზზე ბრძოლის შედეგად ის მიიღო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის პოსტი ბ-ნმა ჭანტურიამ დაიკავა და ეთერიდან ვარდისფერიც გაქრა: გემახსოვრებათ, ოპოზიცია და საზოგადოება ხელისუფლებას უკიჟინებდნენ, ვარდისფერი რა მოსატანია ამ ჩვენს დუხჭირ ყოფასთანო. ხოლო, რაკი ფერის შეცვლა გაცილებით მარტივი საქმეა, ბრმისთვისაც თვალშისაცემია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვარდისფერი გაფერმკრთალდა და უფრო მეტიც, შეიძლება, ითქვას, რომ არხი თითქმის შავ-თეთრიც გახდა (რაც, ბუნებრივია, უფრო ადეკვატურია, მაგრამ შუალედის დაჭერა აჯობებდა). თუმცა ისიცაა, რომ არხის მესვეურები 2010 წელს ბევრ სიახლესაც გვთავაზობენ, მათ შორის, უკვე ვიცით, რომ მაუწყებლობას შეუდგა ეგრეთ წოდებული საერთო კავკასიური არხი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ფულით და, ბუნებრივია, რუსულ ენაზე (ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს პირველი რუსულენოვანი არხი არ არის ქართულ სატელევიზიო სივრცეში, არც ისაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში ქართულენოვან არხებს რუსულენოვნებმა გადააჭარბოს (პრინციპი აქაც იგივე: „ქაჩალმა მოიგლიჯაო“). ხოლო, ვიდრე გადააჭარბებს, კავკასიურად წოდებულ არხს პრეზიდენტიც ეწვია და, როგორც ხაზგასმით აღინიშნა, რუსულადაც ილაპარაკა (თუმცა, პირადად ჩემი ტვინის ხვეულებისთვის გამოუცნობი დარჩა, რით იყო ეს ამბავი ხაზგასასმელი). უფრო ადრე, „საზოგადოებრივმა არხმა“ სახელდახელო გამოკითხვაც მოაწყო (წლის ადამიანის გამოვლენის მოტივით), „ჯადოსნური ღამით“ კი გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წლის ადამიანად რეჟისორი ნეკრასოვი აურჩევიათ, საქართველოს პრეზიდენტი კი ოდენ მეორე ადგილს დაუჯერებიათ, და მერე რა, რომ ადგილების ამგვარი გადანაწილება ლოგიკურად შეუთავსებელია, რაც მთავარია, ასე კონიუნქტურისთვისაა საჭირო (ჩვენც გავიხარეთ და კომპოტი რუსებსაც გავუფუჭეთ). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2010-ში ამერიკულმა ბლოკბასტერმაც უნდა იხილოს დღის სინათლე, უკვე წინასწარვე შეიძლება ითქვას, რომ წლის ადამიანის ტიტული იმ მამაცხონებულ ამერიკელ რეჟისორს არ ასცდება და არც ისაა გამორიცხული, მეორეობა იდეის ავტორს – პაპუნა დავითაიასაც ერგოს; არ არის გამორიცხული, რადგან ეს არიაც იმ ოპერიდანაა, რომ ვერ გაარკვევ, ოქტომბრის სოციალისტურია თუ ვარდების დემოკრატიული.