მწვანე კუთხე
კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება კამელიას?
პასუხი: კამელია დადგით კაშკაშა სინათლეზე, მაგრამ მცხუნვარე მზეს აუცილებლად მოარიდეთ, რომ მცენარის ფოთლები არ დაზიანდეს. კამელია იმდენად უპრეტენზიოა, რომ მინუს 5 გრადუს ტემპერატურასაც კი უძლებს, თუმცა მისთვის იდეალური ტემპერატურაა ზაფხულში 16-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 10-16 გრადუსი სითბო.
კითხვა: ბინაში მაქვს ანანასი, რომელსაც წვერები გაუწითლდა. ხომ არ ვნებს ეს მცენარეს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ფერის შეცვლა?
პასუხი: საერთოდ, ანანასის დაკბილულ ფოთლებს კიდეებზე მოკრემისფრო-მოთეთრო ზოლები დაჰყვება. ალბათ, თქვენ მზეში დადგით მცენარე და ამიტომ გაუწითლდა ფოთლის კიდეები. მისი ფერის შეცვლა ნამდვილად არ იმოქმედებს მცენარის სიჯანსაღეზე, ამიტომ, ნუ შეშინდებით, დადგით კარგად განათებულ ადგილას, არ მოაკლოთ სითბო, განსაკუთრებით ახლა და თქვენი ანანასი მშვენივრად იგრძნობს თავს.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა პატარძალა და როგორ ტემპერატურაზე ვამყოფო?
პასუხი: ზრდის პერიოდში მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულში, ხშირად მორწყეთ, ხოლო ზამთარში შეამცირეთ წყლის რაოდენობა, რადგან ახლა მცენარე დასვენებას იწყებს და არ სჭირდება ზედმეტი ტენი. ამ მცენარეს უყვარს სიგრილე, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზეც მშვენივრად გრძნობს თავს. ზამთარში მინიმუმ 14 გრადუსი სითბო სჭირდება.
კითხვა: გასახარებლად შევიძინე მონსტერა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვუარო. იქნებ მირჩიოთ, რა პირობებში გავახარო ეს მცენარე?
პასუხი: ის ძალიან იოლად გასაზრდელი მცენარეა. თუ სინათლეში დადგამთ, ის დიდი ზომის გაიზრდება და დანაკვთული ფოთლები ექნება. მას კაშკაშა სინათლე სჭირდება, რომ კარგი და ჯანსაღი ფოთლები ჰქონდეს. ზაფხულში მწველ მზეს მოარიდეთ. ამყოფეთ ოთახის ტემპერატურაზე, ზამთარში ტემპერატურა 10 გრადუსის ქვემოთ უნდა იყოს. ზაფხულობით ხშირად მორწყეთ, ცივ დღეებში – პირიქით. თუ ოთახში ტემპერატურა მაღალი იქნება, მცენარის მიწას აუცილებლად მეტი ტენი სჭირდება. თუ თქვენს მცენარეს ფოთლები გაუყავისფრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მორწყვა აკლია. ტენიანობის გასაზრდელად, შეგიძლიათ, დანამოთ ხოლმე და ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდოთ. თუ გსურთ, რომ მცენარე ძალიან არ გაიზარდოს, გაზაფხულზე გადაჭერით. მისი გვერდითი ყლორტები მალე ამოვა. თუ დიდი სააბაზანო გაქვთ, იქ დადგით – ასეთ ადგილას მონსტერა უკეთ გაიზრდება. ამ პირობების გათვალისწინების შემდეგ, მცენარე დამატებით სირთულეებს აღარ შეგიქმნით.