რომელი მცენარეები უნდა დადგათ შობის ღამეს და ფეხბედნიერია თუ არა პუანსეტია
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა ამჯერად ისეთ მცენარეებზე ისაუბრებს, რომლებიც შობის ღამეს იმ ოთახში უნდა დადგათ, სადაც სუფრა იქნება გაშლილი. „საშობაო მცენარეთა“ რიცხვს თურმე დრაცენა და პუანსეტია მიეკუთვნება. რთული გასაზრდელია თუ არა ეს ორი მცენარე, ამას თენგიზ პაპავასთან საუბრისას გავარკვევთ.
– ბატონო თენგიზ, რატომ მიიჩნევა დრაცენა საშობაო მცენარედ?
– დრაცენა საკმაოდ საინტერესო მცენარეა, ის ანანასს წააგავს. ზოგ ქვეყანაში ხშირად იმ მიზნით ზრდიან ამ მცენარეს, რომ შობის დღეს გახარებული იყოს და მათ ოჯახს ბედნიერება მოუტანოს. მისი სახელწოდება – „დრაცენა“ ნიშნავს „კარგ მომავალს.“ ამიტომ, ფიქრობენ, რომ თუ შობას დრაცენასთან ერთად შეხვდებიან, ის ბედნიერ მომავალს დაუბედებს ოჯახს.
– როგორი მცენარეა დრაცენა და როგორ გავზარდოთ ის, რომ ჩვენც ბედნიერება მოგვიტანოს?
– დრაცენა დეკორატიულფოთლიან მცენარეთა დიდ ჯგუფს მიეკუთვნება. ის საკმაოდ დიდი იზრდება და, რაც უფრო მეტად მიდის სიმაღლეში, მით უფრო ეფექტური ხდება. ის ძალიან ლამაზია და, ამავე დროს, საკმაოდ უპრეტენზიო. უყვარს კაშკაშა სინათლე, თუმცა, თუ ნახევრად ჩრდილში მოუწია ყოფნა, არც მაშინ შეგაწუხებთ და მაინც დაგატკბობთ თავისი სილამაზით.
– რა ტემპერატურა სჭირდება წლის სხვადასხვა სეზონზე?
– მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა, დაახლოებით 18-24 გრადუსი. ახლა, ვინაიდან ზამთარია, მინიმუმ 14-15 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ დრაცენამ თავი კომფორტულად იგრძნოს და შობასაც კარგად შეხვდეს თქვენთან ერთად.
– როგორ მოვრწყათ, რომ საშობაოდ მცენარე კარგად გამოიყურებოდეს?
– როდესაც მცენარე იზრდება, მოგეხსენებათ, მაშინ მას მეტი ტენი სჭირდება. ამიტომ გაზაფხულზე და ზაფხულში ხშირად მორწყეთ, ხოლო ახლა, ზამთრის სეზონზე, ბევრი წყლის დასხმა არ სჭირდება. სხვა სეზონებთან შედარებით, ეცადეთ, იშვიათად მორწყათ.
– კიდევ რას გვირჩევთ, დრაცენას გასახარებლად?
– თუ თქვენს დრაცენას ფოთლები შეუხმა, ფრთხილად მოაცილეთ, რომ მცენარემ თავისი იერი არ დაკარგოს. გვიან გაზაფხულზე შეგიძლიათ, მცენარე გადაჭრათ. ასე მას გვერდითი ტოტები გამოუვა და უფრო მეტად გაიბუჩქება. გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარის ფოთლების კიდეებს ხშირად პარაზიტი მწერი – „გრძელცხვირა“ უჩნდება, რომელიც მას ძალიან აზიანებს. ამიტომ, ყურადღებით დაათვალიერეთ ხოლმე ფოთლები და მწერის გაჩენის შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი ზომები. თუ დიდი სასტუმრო ოთახი გაქვთ, გირჩევთ, დრაცენა იქ დადგათ, რომ კარგად მოხვდეს განათებაც და არც მწველმა მზემ დაწვას.
– რას გვეტყვით სხვა საშობაო მცენარეებზე?
– უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა პუანსეტიაც. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს: თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ-ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. ამ და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და შობის ღამეს მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ. იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის მცენარედ მოიაზრება. პუანსეტიას ხშირად „შობის ვარსკვლავსაც“ უწოდებენ.
– როგორი აურა აქვს პუანსეტიას და რატომ უნდა გვქონდეს სწორედ ეს მცენარე შობისთვის?
– თუ ამ ლეგენდას დავუჯერებთ, მცენარე ნამდვილად სასწაულმოქმედია, რადგან მან უეცრად იცვალა ფერი შობის ღამეს. ამასთანავე, ის ძალიან ლამაზია და, თუ თქვენც გაახარებთ, ის თქვენს ბინას ფერადი ფოთლებით დაამშვენებს.
– ნამდვილად შესაძლებელია, რომ პუანსეტია შობას გაწითლდეს?
– დიახ, ეს სრულებით შესაძლებელია. თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან, დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ხოლმე ძალიან ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფარეთ და მცენარე „დააბნელოთ“. ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება. შეგიძლიათ, ეს გაითვალისწინოთ შემდეგი შობისთვის, მაგრამ, თუ უკვე გაქვთ პუანსეტია, ან ახლა შეიძენთ, აუცილებლად კარგად მოუარეთ და შობის ღამეს თქვენთვის სასურველ ადგილას დადგით, რომ ყოველი წელი ბედნიერების მომტანი იყოს.
– როგორ მოვუაროთ, რომ პუანსეტია გახარებული შეხვდეს შობას?
– თუ თქვენ ახლა შეიძენთ პუანსეტიას და გსურთ, მომავალ შობას ამ მცენარით შეხვდეთ, დაელოდეთ, სანამ რტოები ჭკნობას დაიწყებს, შემდეგ კი ტოტებს სიგრძეში 10 სანტიმეტრი მოაჭერით. ამ სეზონზე მცენარე სიმშრალესა და სითბოში უნდა ამყოფოთ. უკვე შუა გაზაფხულიდან შეგიძლიათ, უხვად მორწყათ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს. დაელოდეთ, სანამ ფოთლები მოიწყენს და მიხვდებით, რომ წყალი სჭირდება, მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ უხვად. თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარე ჯანსაღად იყოს, დაყვავილების შემდეგაც, ორ კვირაში ერთხელ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. გაითვალისწინეთ ერთი რამ: პუანსეტიას ქოთანი წყალში არ ჩადგათ და არ დატოვოთ, ეს ცუდად აისახება მცენარეზე. როდესაც პუანსეტია წამოიზრდება, მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში გადარგეთ.
– როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება პუანსეტიას?
– მცენარეს ყველა ეტაპზე უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი. არ მოახვედროთ მწველი მზე, რადგან ეს მცენარის ფოთლებს აზიანებს. ზამთარში მოარიდეთ ორპირ ქარს. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი.
რთული მოსავლელია პუანსეტია?
– ის არ ითხოვს განსაკუთრებულ პირობებს, თუმცა, საკმაოდ ნელა იზრდება. ამ მცენარისთვის მთავარია განათება, ზომიერი მორწყვა და ცოტაოდენი თქვენი სითბო, რომ ყოველ შობას თქვენთან ერთად გახარებული და გალამაზებული შეხვდეს.