როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ქაჯაია
ქაჯა ეთნონიმური წარმოშობის სახელი უნდა იყოს: ქაჯეთის ციხე, ქაჯები. „ქაჯი – მაცთურთა რასმე იტყვიან. საეშმაკოთა, ვითარცა მინოათა, ჭინკათა, ალსა, კორვიანტსა“.
რუსეთის მთავრობამ ქაჯაიები აზნაურებად ცნო და იმერეთიდან საგვარტომო წიგნში შეიტანა ისინი.
ნაჟანეულის საკათალიკოსო ბეგარის ნუსხაში, მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს, მოიხსენიება შია ქაჯაია.
ქუთაისის მაზრის მიხაილოვის სახელობის მემამულეთა ბანკს აუქციონზე გამოაქვს მემამულე გიორგი ტარიელის ძე ქაჯაიას მამული სოფელ ჭაგანში – „ვენახი, სახნავი მიწა და ტყე – 800 კვადრატული საჟენი დესეტინა, კაპიტალური ვალი 871 მანეთი და 16 კაპიკი, გადაუხდელი თანხა 45 მანეთი და 48 კაპიკი, სულ 916 მანეთი და 64 კაპიკი“.
გვარი მრავალრიცხოვანია. ის შესულია საქართველოში 25 000-ზე მეტი გვარიდან ყველაზე გავრცელებული ათასი გვარის სიაში და რაოდენობის მიხედვით 157-ე ადგილზეა.
საქართველოში 3 585 ქაჯაია ცხოვრობს: თბილისში 872, მარტვილში 644, ზუგდიდში – 355.
ბურდული
გვარი წარმომდგარია მამაკაცის საკუთარი სახელისგან ბურდი, ბურდუ.
ბურდულები ცხოვრობდნენ მლეთის თემში, კერძოდ, სოფლებში: არახვეთში, ხადაში, ქვემო მლეთში.
მთიულეთში, სოფელ ხადაში მცხოვრებ ბურდულების ნაყარი გვარებია: ესტატესშვილი, ესტატიშვილი, პატარკაციშვილი, პატარკაცაშვილი, პატარკაცი, თამაზასშვილი, ამირხანასშვილი, ხოსროშვილი, ათონისშვილი, ათანაშვილი, ბეჟანისშვილი.
სოფელ არახვეთის გარშემო კი ბურდულების ნაყარი გვარებია: ხუტაშვილი, ნასყიდაშვილი, მახარებლისშვილი, მახარობლიშვილი, ბედიანისშვილი, ბეჟანისშვილი, ნადირასშვილი, გივისშვილი, გურასპისშვილი, გურასპაშვილი, მგელისშვილი.
ბურდულები იყოფიან: პოვლიანებად, შიუკიანებად, ხოსროიანებად, ვარდანიანებად, ჭაბუკიანებად, ჭიჭლიანებად, ვაჟიკიანებად, ბეჟანიანებად, თადულიანებად, აფთიანებად, ლეგიანებად და სხვა.
თეთრი წყაროს მიწაზე ბურდულები გადმოსულან ხადას ქვემო მლეთიდან 1886 წელს.
საქართველოში 2 713 ბურდული ცხოვრობს: თბილისში 1 151, დუშეთში – 510, დედოფლისწყაროში – 177.
სუსუნიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის მეტსახელი. კერძოდ, გვხვდება მამაკაცის მეტსახელები: სუსუნა, სუსნია, სუსუნიკა. ასევე, გვხვდება ამ მეტსახელებისგან ნაწარმოები გვარი სუსუნიკაშვილი.
ამ გვართან დაკავშირებით ალექსანდრე ღლონტი წერს, რომ მეტსახელიდან სუსუნიკა გაჩნდა და მომდინარეობს გვარი სუსუნიშვილიო.
საქართველოში 75 სუსუნიაშვილი ცხოვრობს: კასპში – 52, თბილისში – 14, ოზურგეთში – 2.
მაძღარაშვილი
ამ გვართან დაკავშირებით ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ წერს: „მაძღარა – მეტსახელი გვარებში: მაძღარაძე, მაძღარაშვილი“. სამწუხაროდ, ამ გვართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა კვლევა-ძიება გრძელდება.
საქართველოში 455 მაძღარაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 212, თბილისში – 99, რუსთავში – 42.
მარგველაშვილი
გვარის ფუძეა სადაურობის სიტყვა მარგველე (მარგველა), მიღებულია სოფლის და ძველი მნიშვნელობით – მთელი მხარის (ზემო იმერეთის) სახელწოდებისგან – არგვეთი.
ამავე აგებულებისაა გვარები: მაჩაბელი, მაწყვერელი, მარადელი და ასე შემდეგ.
ამავე ძირისაა გვარები: მარგველანი, მარგველაძე, მარგველაშვილი, მარგველიძე.
მარგველაშვილები იყვნენ აზნაურებიც.
საქართველოში 2 164 მარგველაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 823, თბილისში – 332, წყალტუბოში – 252.
ასათიანი
საჩინო ქართულ საგვარეულოებს შორის ასათიანებს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავთ. აზრთა სხვადასხვაობაა მეცნიერებაში გვარის ვინაობა-სადაურობაზე. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გვარს, ბევრ სხვა ქართულ გვართა მსგავსად, ფუძედ დასდებია უცხო სიტყვა. გვარის ფუძეა არაბული სიტყვა ასათ (ქართულად – ლომი), რომელიც საუკუნეების წინ შემოუტანიათ ჩვენთან. საკუთარი სახელი ასათ დასდებია საფუძვლად გვარებს: ასათისძე, ასათიშვილი, ასათიანი.
იოანე ბატონიშვილის აღწერის მიხედვით ასათიანები იყვნენ ასათისშვილები, ხოლო ასათიშვილები კი ვაჩნაძიანთ გვარისანი, ხორნაბუჯელნიო.
ასათიანისა და ასათიშვილის იგივეობა ეჭვს არ იწვევს.
სახელით ასათ, არაერთი ცნობილი წინაპარიც გვყავდა ქართველებს.
ასათიშვილთა და ასათიანთა გვარს წინ უსწრებდა უძველესი გვარი, ფორმით – ასათისძე. ვახუშტი ბატონიშვილი ქვეთავში – „მთავართა გუართათვის“ – წერს: „გუარნი მთავართა მათ ძველთანი არიან: ქობულისძე, ასათისძე, კარიჭისძე...“
ერთ-ერთი მოსაზრებით, ხორნაბუჯიდან ასათისძენი დასავლეთ საქართველოში გადასულან და ლეჩხუმამდე მიუღწევიათ. ისე კი, მათ გადასვლას ლიხთ-იმერეთში ვარაუდობენ მეთორმეტე საუკუნის 70-იან წლებში.
ლიხთ-იმერეთის თავადურ საგვარეულოთა შორის განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ასათიანთა გვარი. აქ ასათიანები ჩანან ქვეყნის ყველა კუთხეში: იმერეთში, გურიაში, ლეჩხუმში, სვანეთში, დადიანების კარზე.
ლეჩხუმში დამკვიდრებული სამეფო აზნაურები უნდა იყვნენ ქველი და არდაშელი ასათიანები, რომელნიც, სარგის კაკაბაძის ვარაუდით, მეთხუთმეტე საუკუნის სასისხლო სიგელში გვხვდებიან. ამ დროს ისინი მეფის წინაშე „დიდად ერთგული აზნაურიშვილები“ ყოფილან.
ასათიანთა ერთი შტო სვანეთშიც არის და ისინი თავადებად მოიხსენიებიან.
იმერელ ასათიანებში დაწინაურებულად ჩანს ღუღუნასშვილი – ბერი ასათიანი.
საქართველოში 3 716 ასათიანი ცხოვრობს: თბილისში – 1 160, ქუთაისში – 1 113, წყალტუბოში – 214.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით
მოამზადა ნონა დათეშიძემ