ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ძალიან მომწონს ტაქსას ჯიშის ძაღლები. როგორც ვიცი, ის რამდენიმე სახეობის არსებობს. შეგიძლიათ, მითხრათ რამდენიმე სიტყვა ტაქსას შესახებ?
პასუხი: ტაქსას სამი ნაირსახეობა არსებობს: სტანდარტული, ჯუჯისებრი და ბოცვერისებრი, რომლებიც თავის მხრივ იყოფა გრძელბეწვიან, გლუვბეწვიან და უხეშბეწვიან ჯიშებად. ტაქსა იდეალური მონადირე ძაღლია. სოროდან ნადავლის გამოყვანაში მას ხელს უწყობს სხეულის მოკლე კიდურები, შეუპოვრობა და მონადირისთვის დამახასიათებელი აზარტულობა. კონტრასტული ხასიათი ტაქსას ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ის არის უსაზღვროდ თბილი, ამავდროულად მკაცრი და მომთხოვნი. თავისი ეშმაკობის წყალობით, მას შეუძლია, პატრონი უპრობლემოდ ატაროს თავის ჭკუაზე.
კითხვა: რა არის დაჩიპვა და როგორ უნდა დაიჩიპოს ძაღლი?
პასუხი: საქართველოში ძაღლის დაჩიპვა უკვე შესაძლებელია. მიკროჩიპი არის სითხე, რომელიც ნემსის საშუალებით თავსდება ცხოველის სხეულში და აქვს მრავალნიშნა კოდი. ეს კოდი ძაღლს მის საგვარეულო ნუსხასთან და ვეტერინარულ პასპორტთან აკავშირებს. თითქმის ნებისმიერ კინოლოგიურ კლუბში არის ძაღლის დაჩიპვის საშუალება.
კითხვა: მაინტერესებს, რთულია თუ არა ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავით და რა არის ამისთვის საჭირო?
პასუხი: ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავის საშუალებით, რა თქმა უნდა, შეიძლება. ამისთვის არცთუ ცოტა რამ არის საჭირო. მაგალითად, უნდა გქონდეთ ძაღლის სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც მითითებული იქნება მისი ჯიში, ასაკი, სქესი, ოფიციალური სახელი, მფლობელი, ასევე, ჩაკრული უნდა იყოს მიკროჩიპის შტრიხკოდი. დაგჭირდებათ ძაღლის ვეტერინარული პასპორტი, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ძაღლისა და მისთვის ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ. გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე მიდიხართ ვეტერინართან, რომელსაც ძაღლი კარანტინზე აჰყავს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ ოფიციალურ ცნობას კარანტინის გავლის შესახებ. ამ ცნობის საფუძველზე იღებთ ვეტერინარულ მოწმობას, ანუ, ეგრეთ წოდებულ „ფორმა ¹1-ს“. ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავით დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სამგზავრო კონტეინერით, რომლითაც ის მიჰყავთ საბარგო განყოფილებაში. იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში არ არის გათბობა, მაშინ მას მოათავსებენ სალონისა და პილოტების კაბინის დამაკავშირებელ სპეციალურ ნიშაში. ფრენის განმავლობაში, თქვენ ძაღლს ვერ ნახავთ, რადგან იქ შესვლა აკრძალულია.