მისი თვალებით
ქალების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მამაკაცზე მიუხვედრელი არსება დედამიწაზე არ ბინადრობს. სინამდვილეში, ასე სულაც არ არის, ის ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. სხვათა შორის, მინიშნებებიც არ გამოეპარება, თუკი თქვენ რაღაც აბსურდული და გაუგებარი რებუსებით არ ელაპარაკებით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მამაკაცი ფიქრობს ბევრს და გადაწყვეტილებებსაც ნელა იღებს. მან ჯერ ყველაფერი უნდა გაიაზროს, ანუ კარგად და საფუძვლიანად „გადახარშოს“ და დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს. ქალს კი ყველაფერი უცებ და მაშინვე უნდა, დაყოვნების გარეშე. ეს არ არის დამოკიდებული ცალკეულ ინდივიდებზე. უბრალოდ, ზოგიერთმა ქალმა იცის, რატომ უნდა აცალოს კაცს, ხოლო ზოგ მამაკაცს აქვს იმის გამოცდილება, იცოდეს, რატომ ვერ ითმენს ქალი. მისი, ანუ მამაკაცის თვალით დანახული სამყარო სხვანაირია და ეს არის რეალობა.
არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც უბრალოდ, ეზარებათ საკუთარი აზრის გამოხატვა ყველა წვრილმანზე. ანუ, ის ზის, თავისთვის კომპიუტერში რაღაცას „ჩიჩქნის“, თქვენ კი ლაპარაკობთ და ლაპარაკობთ. გგონიათ, რომ არ ესმის. სინამდვილეში მან უკვე ყველაფერი მშვენივრად გაიგო. უბრალოდ, პასუხის გაცემა არ უნდა. დაუსრულებელი ლაპარაკით კი იმას მიაღწევთ, რომ გააღიზიანებთ და „სუნთქვის საშუალებას“ მოუსპობთ. მას თავისუფლება ზოგჯერ ჟანგბადივით სჭირდება. დატოვეთ საკუთარ თავთან მარტო, მოიწყენს და მოგაკითხავთ. მაგრამ ნუ გადაუხდით სამაგიეროს. შეხვდით ღიმილით და არავითარ შემთხვევაში არ უსაყვედუროთ იმის გამო, რომ სამყაროს სხვანაირად ხედავს, ისე არა, როგორც თქვენ.