კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე მეტყველებს ნინო ჩხეიძის კოლექცია და რომელ ქალაქში ცხოვრობდა ის წინა ცხოვრებაში


მომღერალ ნინო ჩხეიძის კოლექციაში ასამდე კედელზე დასაკიდი თეფში და ამდენივე მაცივარზე მისამაგრებელი მაგნიტია თავმოყრილი. ორივე კოლექცია ცხადყოფს, რომ ჩვენს რესპონდენტს ძალიან უყვარს მოგზაურობა, საიდანაც სახსოვრად სწორედ ეს ნივთები ჩამოაქვს თავისი კოლექციისთვის.

ნინო ჩხეიძე: ამ კოლექციაში არის წარმოდგენილი ჩვენ მიერ შეძენილი თეფშები. ერთადერთი, რომელიც ჩვენ არ გვიყიდია ამ კოლექციაში, არის თეფში, უზარმაზარი კრემლის ვარსკვლავით. ის მეგობარმა გვაჩუქა.

პირველი თეფში თურქეთში შევიძინეთ, როდესაც საქორწინო მოგზაურობაში ვიყავით. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, სადაც წავიდოდით სახსოვრად თეფშები წამოგვეღო. როგორც წესი, ვყიდულობ ხოლმე ორ ერთნაირ თეფშს, რადგან ვითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ ტრანსპორტირებისას შეიძლება, გატყდეს და მე სუვენირის გარეშე დავრჩე. ერთადერთი გამონაკლისი დავუშვი, როდესაც პორტუგალიაში ვიყიდე თეფში კენტად და ძალიანაც ვინანე, იმიტომ რომ ჯერ ჩამოტანისას დაზიანდა უმნიშვნელოდ, მაგრამ მერე ჩვენი ოჯახის სტუმარმა მაცივრის კარი გამოაღო, რომელზეც სხვათა შორის მაგნიტების კოლექცია მაქვს მიმაგრებული და საბოლოოდ შეიწირა მოპირდაპირედ კედელზე ჩამოკიდებული ის თეფში.

– რის მიხედვით არჩევთ ამ სუვენირებს? მთავარია, იმ ქვეყანაში იყოს შეძენილი, სადაც იმოგზაურეთ, თუ ვთქვათ, დიზაინი, ან ზომაც მნიშვნელოვანია?

– მე მცირე ზომის თეფშები უფრო მომწონს, ჩემს მეუღლეს კი – უფრო მასიური, ხისზედაპირიანი თეფშები ურჩევნია.

მაქვს ერთი ქვეყნის რამდენიმე თეფში, მაგალითად პარიზიდან სამი ცალი თეფში მაქვს, თითოეული სხვადასხვა დროსაა შეძენილი. ერთი პარიზის „დისნელი ლენდში“ ვიყიდე. ემჩნევა კიდეც, ორ დანარჩენზე კი საფრანგეთის დედაქალაქის მშვენიერი ხედებია გამოსახული. აქვეა ჩინეთში, ინდოეთში, ტაილანდში შეძენილი თეფშები.

– ეს თეფში, კუ რომ არის ზედ გამოსახული, სად არის შეძენილი?

– ეს თეფში ჩემმა მეუღლემ ჩამოიტანა იალტიიდან. აქვეა უკრაინაში, ოდესაში ნაყიდი თეფში. ოდესა ულამაზესია, პატარა პარიზია. საერთოდ, მე პატარა ქალაქები უფრო მომწონს. ოდესაში უგემრიელეს კარტოფილის ღვეზელს ამზადებენ.

ეს თეფში იერუსალიმში შევიძინეთ. სხვათა შორის იქ არ იყო დიდი არჩევანი. აქაური თეფშიც მაქვს, თიხისაა. მშრალ ხიდზე წავაწყდი სრულიად შემთხვევით და მაშინვე შევიძინე.

– ამ თეფშების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ მოგზაურობა გიყვართ. რომელი ქვეყანა მოგწონთ და რომელი არა?

– მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ არა – ზღვაზე. ზღვა არ მიზიდავს, ამიტომ თურქეთში ჩასვლა არ მიყვარს, თითქმის ყველაფერი დათვალიერებული მაქვს. არადა, ძალიან ბევრი რამაა საინტერესო ტურისტისთვის, მაგალითად, კაპადოკია, ან კლეოპატრას აბანო... არ მომწონს დუბაი. ახალაშენებული ქალაქია, დაახლოებით 30 წლის. ხალხსაც, იქაურებს, ყველას დამახასიათებელი სუნი აქვს. რადგან მშრალი ჰავაა, ადგილობრივები ლიმონისარომატიან კანის დამატენიანებელ კრემს ხმარობენ და ყველას მისი სუნი ასდის. სანახაობრივადაც არაფერი მიზიდავს ამ ქალაქში. დუბაი ჩემი ქალაქი არ არის. მე იქ არ ვიცხოვრებდი არასდროს, არც ერთ ცხოვრებაში. (იცინის).

– მაშ, რომელ ქალაქში ცხოვრობდი?

– პარიზში ვცხოვრობდი... (იცინის) პარიზში ყველაფერი ახლობელია ჩემთვის. იქაური სამზარეულოც მომწონს. საერთოდ, სადაც მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, დავაგემოვნო იქაური ეროვნული კერძები. მაგალითად, ძალიან მომეწონა იტალიაში ერთ-ერთი ასეთი რესტორანი, უფრო სწორად, რესტორანი კი არა – ჩვენთან რომ სახინკლეებია, იმდაგვარი დაწესებულება, სადაც მომსახურე პერსონალი ეროვნულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. იქ არაჩვეულებრივ ომლეტს ამზადებდნენ, ძალიან ფაფუკს. აღარ მახსოვს, რამდენი ულუფა მივირთვით მე და ჩემმა მეუღლემ. არ მომწონს აზიური კეძები ტკბილ-მწარე შეხამებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ბრინჯი. საერთოდ, ჩემი გემოვნებით აზიური კერძები ზედმეტად ცხიმიანია. აზიურიდან გამოვარჩევდი ერთადერთს – იაპონურ სამზარეულოს.

– ამჟამად რამდენი თეფშია თავმოყრილი ამ კოლექციაში?

– მაქვს ასამდე თეფში. მათი ნაწილი ახლა ბებიაჩემთან წავიღე, რომ კედელზე დასაკიდები გაუკეთოს. იქ ქარხანა გავხსენი. (იცინის) მაცივარზე მისაწებებელი მაგნიტებიც ამდენივე მექნება.

– რომელ ქალაქში იმოგზაურებდი, ანუ კიდევ რომელ თეფშს შემატებდი ამ კოლექციას?

– ძალიან მინდა, ვნახო პრაღა. არასდროს ვყოფილვარ. საშობაოდ ვინატრებდი ლაპლანდიაში წასვლას მეგობრებთან ერთად. ერთ კოტეჯში ვიცხოვრებდით...

– ისე, როგორც ჯორჯ მაიკლის ძველ სიმღერაში?

– ჰო. (იცინის).

– რას ნიშნავს ნინო ჩხეიძისთვის ეს კოლექციები?

– თითოეული ნივთი ამ კოლექციიდან გარკვეულ ისტორიას ინახავს. ამიტომაც მაქვს გამოფენილი. გავივლი, შევხედავ, ერთდროულად ამდენი კარგი და ბედნიერი ისტორია მახსენდება და შესაბამის განწყობაზეც ვდგები.


скачать dle 11.3