რამ დააშორა ერთმანეთს დედა-შვილი და რატომ ეხმარება მშობლის მოძებნაში რძალს დედამთილი
26 წლის ირმა კონცელიძე ეძებს დაახლოებით 46-49 წლის ლუდა ნიკოლაის ასულ ბარტენევას.
– ირმა, მოგვიყევი, როგორ მოხდა, რომ დედა-შვილმა ერთმანეთი დაკარგეთ. როგორც ვიცი, შენ დედაშენი უკვე 16 წელია, რაც არ გინახავს.
– დედაჩემი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, საქართველოში იგი დაახლოებით 1981-1982 წლებში ჩამოვიდა, ეს ჩემი ვარაუდია, რადგან 1983 წელს მე გავჩნდი. სწორედ საქართველოში გაიცნო მან მამაჩემი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მათი დაშორების შემდეგ დედა კიდევ ორი წლის განმავლობაში გაჩერებულა საქართველოში, შემდეგ კი, როგორც ვიცი, ისევ რუსეთში წასულა. სკოლის დამთავრების შემდეგ ვცდილობდი, დედა მომეძებნა, მის დაქალებს (სადაც იგი ადრე ცხოვრობდა) ვეკითხებოდი მის ამბავს, მაგრამ დაზუსტებით არავინ იცოდა დედაჩემის ადგილსამყოფელი.
– თვითონ დედა თუ ცდილობდა შენს ნახვას, თუ უცდია შენი მოძებნა?
– რამდენჯერმე იყო მოსული ჩვენთან სახლში, მაგრამ ჩემს ნათესავებს (მამაჩემის მხრიდან) და თვითონ მამაჩემს არანაირი სურვილი არ ჰქონიათ, რომ დედას ვენახე და ამის გამო დავკარგეთ ერთმანეთი. მე მაშინ პატარა ვიყავი და ბევრს ვერაფერს გავაკეთებდი, სიმართლე გითხრათ, ვერც ვაცნობიერებდი, რომ შეიძლებოდა, დედა დამეკარგა. როგორც ჩანს, ისიც ვეღარ გაჩერდა საქართველოში და წავიდა.
– მაინც ვისი ან რისი ბრალია თქვენი დაშორება?
– მშობლების დაშორების შემდეგ მამაჩემმა თავისთან წამიყვანა და თვითონ მზრდიდა ჩემს გათხოვებამდე. დედის შესახებ ლაპარაკიც კი თითქმის აკრძალული მქონდა. სამი წელია, რაც გავთხოვდი, მაგრამ მამაჩემი მას შემდეგ არ მინახავს, რადგან არ მელაპარაკება, შესაბამისად, იმის შესახებ რომ მე დედას ვეძებ, მამამ არაფერი იცის. ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების გვერდში დგომა, რადგან თვითონაც შვილი მყავს, მინდა, რომ ჩემს შვილს ჰყავდეს ბებია და ბაბუა.
– დედის მოძებნაში ვინმე თუ გეხმარება, რა აზრის არიან ამაზე შენი ახალი ოჯახის წევრები?
– თქვენ წარმოიდგინეთ, დედაჩემის მოძებნაში ჩემი დედამთილი მეხმარება, ძალიან მგულშემატკივრობს. ჩემს მეუღლესაც უნდა, რომ დედა ვიპოვო, რადგან ხვდება, რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგი არავინ არის ჩემს ახალ ოჯახში.
– დედაშენის შესახებ კიდევ რა იცი, რა შეიძლება დაგეხმაროს მის პოვნაში?
– რამდენადაც ვიცი და მახსოვს (ეს ინფორმაციაც თავად მოვიძიე) დედაჩემს კიდევ ორი და და ერთი ძმა უნდა ჰყავდეს. მას აღმზრდელი მშობლები ჰყავდა, მამინაცვალი და დედინაცვალი და ძალიან რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება და სწორედ ამან განაპირობა საქართველოში მისი ჩამოსვლა. ბევრჯერ მიფიქრია მის ცხოვრებაზე, იმაზეც, თუ რა განცდებში უნდა ყოფილიყო იგი მაშინ, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა, როდესაც პირადი ცხოვრება ვერ აეწყო, მით უმეტეს მე დედაჩემს ერთი ვყავდი, ანუ დედისერთა ვარ… დიდი იმედი მაქვს, რომ იგი მე მეძებდა და ახლაც მეძებს. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია მასზე არ გამაჩნია. მამაჩემისგან ასევე მახსოვს, როდესაც ერთხელ ვკითხე, დედა სად არის-მეთქი, მიპასუხა, თურქეთში წავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი არც მე ვიციო. სამწუხაროდ, არც ამ ინფორმაციის სისწორეში ვარ დარწმუნებული.
– უკვე 16 წელია გასული, რაც დედა-შვილს ერთმანეთი არ გინახავთ. როგორ ფიქრობ, რა რეაქცია გექნება იმ შემთხვევაში, თუკი შენი ძიება სასიკეთოდ დასრულდება?
– რთულია, სიტყვებით გადმოგცეთ, როგორ გამიხარდება. ალბათ, მართლაც უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. დედაჩემი ძალიან მიყვარდა და ყოველთვის მაკლდა მისი გვერდში დგომა, მაინტერესებს როგორია იგი ამჟამად, როგორ ცხოვრობდა ჩვენთან დაშორების შემდეგ, ყველაფერი მაინტერესებს…
უზომოდ მინდა მისი ნახვა. შეიძლება, ისიც ასე მეძებს და ტერიტორიული სიშორის გამო ვერ ახერხებს დაკავშირებას, ან რაღაც სხვა უშლის ხელს ჩემს პოვნაში, არ ვიცი. ერთი რამის კი მჯერა, რომ დედა შვილს არასდროს დაივიწყებდა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი