კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის გახდა ნატო გელაშვილი უინტერესო და რამდენჯერ წამოვიდა ის ქმრისგან


თავის ბედს ყველა თვითონ მართავს, ირჩევს, მშვიდი და დალაგებული ცხოვრების დინებას გაჰყვეს თუ შფოთიანს ნატო გელაშვილის ცხოვრების გზა უშფოთველიც იყო და ეკლიანიც. ხელის შემშლელი გარემოებები უფრო მეტად აიძულებდა, პრობლემებს გამკლავებოდა. მიუხედავად არაჩვეულებრივი შემოქმედებისა და პოპულარობისა, მიაჩნია, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც დღეს გააჩნია შვილებია. წარსულს, როცა გრძნობით შექმნილი ოჯახი ჰქონდა, ალბათ, ამიტომაც არ მისტირის. მერე გამოჩნდა ვახო, რომელმაც მის გულში არანაკლები ადგილი დაიკავა. როგორც თვითონ ამბობს, ეს მამაკაცი მისი მშვიდი ცხოვრების გარანტი გახდა.

ნატო გელაშვილი: ნათესავები, ახლობლები თუ მეზობლები, სულ იხსენებდნენ, როგორი უცნაური ბავშვი ვიყავი. თურმე, ნივთების ამოჩემება და დამალვა ვიცოდი. შეიძლება, ამომეჩემებინა კაბა, რომელსაც ვერ მხდიდნენ, რომ გაერეცხათ. ბოლოს და ბოლოს, გამხდიდნენ, როცა მეძინა. მაშინვე რეცხავდნენ და აშრობდნენ, რომ მერე ისევ ჩამეცვა. სათამაშო რომ მიფუჭდებოდა, ტრაგიკულად განვიცდიდი. როცა მაჭმევდნენ, ოჯახისთვის მთელი ტრაგედია იყო. ლუკმას რომ ჩამიდებდნენ, გადამქონდა, ერთი ყბიდან მეორეში და ასე გრძელდებოდა ერთი საათი. ყველაზე მშვიდი ნერვების ბებია იყო: კიბის ქვეშ საქანელა ჰქონდა ჩამოკიდებული და ლუკმას რომ ჩამიდებდა, ცხრაჯერ გამაქანებდა და გამომაქანებდა, სანამ გადავყლაპავდი. დედაჩემი ამბობდა, ჯოჯოხეთი იყო შენი ჭმევაო. ჩემს ძმას ჩემგან სული ჰქონდა გამწარებული. ის წყნარი იყო, მე – გიჟი. არანაირი მწერის არ მეშინოდა და, დღეს, ნახე, როგორ შემოტრიალდა ყველაფერი! – ოთახში რომ ტარაკანა დავინახო, იმ ოთახში ვერ შევალ. ეზოში, ავტოფარეხზე ან კედელზე დიდი ობობები რომ დადიოდნენ, ფეხში წავავლებდი ხელს, ჩემს ძმას მივდევდი და მთელ უბანში მისი კივილი ისმოდა. მერე ბებიაჩემი და დედაჩემი გამოცვივდებოდნენ და მეჩხუბებოდნენ – შენ ხომ ბავშვი არ ხარ, რა გინდა, დაანებე თავიო. მე კი ამ დროს უკვე თუთის ხეზე ვიყავი ამძვრალი. ვიცოდი, იქ ვერავინ ამოვიდოდა და, სანამ თავს არ დამანებებდნენ, ვიჯექი. მამუკა ხან სად იკეტებოდა, ხან – სად. კარებს ძლივს იჭერდა, რომ არ შევვარდნოდი – მწერებს ვიჭერდი და ვაშინებდი. თუკი რამე ვირუსი შემოვიდოდა, მომენტალურად ყველაფერს ვიკიდებდი. სულ რაღაც მტკიოდა და მაწუხებდა. ეს ბატონებიც მათამამებდა, ყველა სურვილს მისრულებდნენ. გარდა ამ ყველაფრისა, ძალიან წუწუნა ვიყავი. ხურდა ფული მიყვარდა, ვგიჟდებოდი, ჯიბეში რომ მიჩხრიალებდა. დავდიოდი მაღაზიებში და ვყიდულობდი ოცკაპიკიან ბეჭდებს, სუნამოს, გულსაბნევებს. მერე ბაშვები ამ ჩვენს ბიჟუტერიას ერთმანეთს ვუცვლიდით და ამით ვერთობოდით. სასწაული ცელქი ვიყავი, სახლში რომ ვერ შემოჰყავთ, ისეთი. რასაც ბიჭები თამაშობდნენ, ყველა ის თამაში მიყვარდა. ბორჯომში, რომ მოთოვდა, ყველაზე დიდი ბაქანი სადაც იყო, აუცილებლად იქიდან ვხტებოდი, იმიტომ, რომ ბიჭები ხტებოდნენ. ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ჩემი ძმა და ბიძაშვილი ჩემზე სამი წლით უფროსები არიან. სადაც წავიდოდნენ, როგორც პატარა, მეც თან დავყავდი. მერე, რაღაც პერიოდში, ასაკი ხომ ბათილდება. სკოლაშიც ასე იყო. ხუთოსნები რომ არიან, ისეთი ცხოვრება არასდროს მყვარებია. სადაც ყველა, მეც იქ ვიყავი.

– სკოლამ და სტუდენტობამ მშვიდად ჩაიარა?

– 9 აპრილს ბავშვები რომ ჩახოცეს, იმდენად გამოვედი წყობიდან, მათი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე რომ ახლოვდებოდა, მთელი სკოლები ავაბუნტე, ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. ბოლო კლასი „კანარეიკაში“ გავატარე. კედლებზე ლექსებსა და რაღაც ფურცლებს ვაკრავდი და მილიცია დამდევდა. მამაჩემმა მითხრა: ბიჭი რომ იყო, გაგიგებ, მაგრამ, გოგო ხარ და, მრცხვენია, რომ მეუბნებიან, შენი გოგო ხან ამ სკოლასთან დავიჭირეთ, ხან იმ სკოლასთანო.

– როგორც ვიცი, ერთ დროს სპორტს მისდევდით. რატომ არ გაჰყევით?

– დიდ ჩოგბურთზეც დავდიოდი, მაგიდის ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ერთხელ სოხუმში შეჯიბრება ტარდებოდა და მესამე ადგილი ავიღე. სპორტი გენეტიკურია ჩვენს ოჯახში. დედაჩემი ყოფილი კალათბურთელია, მამაჩემიც ფანტასტიკურად თამაშობს კალათბურთს, ჩოგბურთს, ასევე, ჩემი ძმა. სახლში მაგიდა გვედგა და ჩემპიონატი იმართებოდა. მიყვარდა აქტიური ცხოვრება. ლექსებს ვწერდი, მოთხრობებს, ვმღეროდი. მეშვიდე კლასში ვიყავი, ჩემი სიმღერა ფესტივალზე იმღერეს და გავიმარჯვეთ. მომწონდა ხალხში ტრიალი და ქაოსური ცხოვრება. ოჯახს ძალიან უნდოდა, მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ ბოლო მომენტში უარი ვუთხარი და მუსიკა ვარჩიე. წარმოგიდგენია, ახლა რომ ექიმი ვყოფილიყავი?! შეიძლება, პოპულარობა იქაც მეპოვა – თუ ჩავაბარებდი, ალბათ, იქაც ჩავუჯდებოდი. არ ვიცი, როგორი ექიმი გამოვიდოდი, მაგრამ, რასაც ხელს მოვკიდებ, არ მიყვარს მიფუჩეჩება. პოპულარობას რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში, მაშინ, ძნელი იყო ამაზე გეოცნება. ისეთი პერიოდი იყო, ასე ადვილად არ ხდებოდნენ ცნობილი სახეები. მე იმდენად პატარა ასაკში ვწერდი სიმღერებს, სულაც არ მიოცნებია რამეზე. მეგონა, ეს ბავშვური გართობა იყო და არ მიმაჩნდა, რომ ვიღაცას უნდა ემღერა. ყოველთვის მრცხვენოდა დაკვრის. როცა ჩემზე სიამაყით იტყოდნენ, ეს გოგო სიმღერებს წერსო, ვწითლდებოდი. პირველი სიმღერა, რომელიც დავწერე და არ შემრცხვა, მეათე კლასში ვიყავი. ჩემზე ერთი წლით უფროსი მეგობრები სკოლას ამთავრებდნენ და ბოლო ზარისთვის დავუწერე.

– ყველაფერი ეს ძალიან კარგი, მაგრამ ბიჭებისკენ როდის გაგექცათ თვალი?

– ბიჭებით ყველაზე ნაკლებად ვიყავი დაინტერესებული. ფლირტი, გართობა სულ მქონდა, მაგრამ სერიოზულ დონემდე არ მიმიყვანია. რომ მეტყოდნენ, რა კარგი ბიჭიაო, ყურადღებას არ ვაქცევდი. დედაჩემი მეტყოდა, თვითონ ჩაიხედე სარკეში, შენი მოსაწონი როგორ არავინ დაიბადაო.

– როდის გაგიჩნდათ გათხოვების სურვილი?

– 24 წლის გავთხოვდი. დრო იყო, ოჯახი შემექმნა და პირველი, რასაც იმ ასაკში მივხვდი, ძალიან მინდოდა შვილი. გელა იმ კაფეში მუშაობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით. იქ მუშაობდა ჩემი და მისი საერთო ნაცნობიც, რომელმაც გაგვაცნო ერთმანეთი. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა.

– გინდათ თუ, არ გინდათ, ეს ადამიანი თქვენი წარსულის ნაწილია. როგორ გადაიტანეთ ოჯახის დანგრევა?

– რა თქმა უნდა, ასეა. საერთოდ, წყენა ძალიან მალე მავიწყდება და, თუ რამე მოგონება რჩება ჩემში, რჩება მხოლოდ კარგი. ყოველთვის, როცა ჩემი წარსული გამხსენებია, გამცინებია, რადგან მხოლოდ კარგი მომენტები მახსენდება. ცხადია, როცა ქმარს გავშორდი, ძალიან განვიცადე და ორი წელი მქონდა მძიმე დეპრესია, იმიტომ, რომ ეს არ იყო ისე, სხვათა შორის შექმნილი ოჯახი. იმ დეპრესიამ ჩემზე თავისი კვალი დატოვა. ნერვიულობა ხომ ყოველთვის ტოვებს კვალს. ერთ დღესაც, ავდექი და წამოვედი. მივხვდი, რომ ასე ჯობდა. არც გარეთ გასვლა მინდოდა, არ წერა და არც არაფერი. სულიერად განადგურებული ვიყავი, მაგრამ იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ შვილები ფეხზე დამეყენებინა, მათთვის ძლიერი ქალი გავმხდარიყავი და არა ამპარტავანი და ამბიციური. რაღაცნაირად უნდა მოვრეოდი თავს და სულ უნდა გამეღიმა მათთვის. ყველაფერი ჩემს კისერზე გადმოვიდა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა როგორ გამეკეთებინა.

– წლები რომ გავიდა, მონატრებისა და სინანულის გრძნობა არ გაგიჩნდათ?

– არა, არ მინანია, ჩემო კარგო, იმიტომ, რომ ეს არ იყო პირველი მცდელობა, მანამდეც იყო პერიოდი, როცა წამოვედი, მაგრამ დავბრუნდი. იცი, რა მომენტია?! ერთხელ გულისტკენას და ერთხელ დანგრეულს მერე ვერაფერი ამთელებს. რისთვის უნდა შეინარჩუნო ასეთი ოჯახი? ჩათვალე, რომ ვერც შვილებს გაზრდი ნორმალურად ასეთი ნერვებით და თავსაც მოიწამლავ. წამოსვლის შემდეგ უფრო მშვიდად, გააზრებულად გავზარდე შვილები და არც მამა დამიკარგავს მათთვის – ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. არ დამიკომპლექსებია ისინი და არ დამიწყია შვილებით ვაჭრობა – „გაჩვენებ, არ გაჩვენებ“. ოჯახი მანამდეა ნორმალური, სანამ შენ მისთვის ძვირფასი ხარ. თუ კარგად არ გიცნობს და მისთვის სულერთია, წახვალ თუ დარჩები, ჯობია, წახვიდე. რა ნაბიჯიც გადავდგი, ვიცოდი, რომ უნდა გადამედგა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა. მინდა, ყველა ბედნიერი იყოს და, საერთოდ, ნამდვილად არ გამიხარდება ამ ადამიანის ცუდი. ჩემი მონატრება კი ჩემთან ერთადაა – ჩემი ორი შვილი. მაგრამ, გინდა თუ არ გინდა, წარსული არის კოდი, რომელიც სულ მოგყვება.

– ვახო როგორ შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში?

– ნამდვილად არ ვფიქრობდი ხელმეორედ გათხოვებაზე, მაგრამ, ეტყობა, ესეც ბედისწერა იყო. თუმცა, ალბათ ქვეცნობიერად, მეც უკვე ვეძებდი ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება დამიცავდა, ოღონდ, ფინანსური მდგომარეობა აქ არაფერ შუაშია. არა ვარ ის ქალი, რომელიც ვიღაცის ფულზე იქნება დამოკიდებული, არც ყოფილა ვახო ფინანსურად ძლიერი, რომ ამ მხრივ ჩემი საყრდენი ყოფილიყო. ვახოსთან თანაცხოვრების პერიოდში დავინახე, რომ პრობლემები არ მექმნება, თუ რამეა, უჩემოდ გვარდება. ვახომ იცის ჩემი განცდა, ტრაგიზმი. შეიძლება, უმნიშვნელო სანერვიულო ტრაგიკულამდე ავიყვანო და ამით საკუთარ თავს ვავნო. აქედან გამომდინარე, ყველა დარტყმა ვახოს გადააქვს. მე ვფიქრობ, რომ ის არის კაცის სიძლიერე, როცა გიტოვებს ადგილს, იყო ქალი, დედა, ცოლი. ელემენტარულად, გორში რომ ვიყო და საბურავი დამეშვას, ვიცი, რომ ვახო ჩამოვა, უკვე მივეჩვიე მისგან ამას. ისე წამოვიდა ეს წლები, რომ, ელემენტარულად: უფლებაც არ მაქვს, რომ მანქანა ასეთ მდგომარეობაში გავაჩერო. ასეთ დროს ყოველთვის ვურეკავ. შეიძლება, ამ დროს თვითონ ქალაქში იყოს, მაგრამ აუცილებლად ვიღაცას გამოგზავნის დასახმარებლად. ყველგან ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი ჩემ გვერდით არის. თუ მძიმე ხასიათი ჰქონდა, დღეს აღარ აქვს. ერთხელ ვუთხარი: მოდი, რა, ვახო, არ გინდა ეს ხასიათი, მოიცილე, შენს თავსაც ღლი და მეც მღლი-მეთქი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ითვალისწინებს და ხვდება, რომ, შეიძლება, შენ ამით მართლა დაგღალოს და თავი მოგაბეზროს. როცა ადამიანები ცდილობენ, საკუთარ თავში ცუდი თვისება აღმოფხვრან, თავს ებრძოლონ, მაშინ ოჯახი ძლიერია. ანალოგიურად, მეც ბევრი რამ შევცვალე ჩემში, აბსოლუტურად სხვანაირად ვცხოვრობ. არანაირად არ ვცხოვრობ პირველი ოჯახური გამოცდილების მაგალითზე. რადიკალურად სხვა ნატო ვარ.

– მაინც, როგორ გაიცანით?

– აბსოლუტურად უეცრად. დიდი ხნის განმავლობაში მირეკავდა, რომ იყო ჩემი ფანი და დისკზე ხელის მოწერა უნდოდა. ბოლოს მივხვდი, რომ არ გაჩერდებოდა, სანამ ხელს არ მოვუწერდი და შევხვდი. ვიფიქრე, მოვუწერ და ზარი შეწყდება-მეთქი, მაგრამ მაინც არ გაჩერდა იქ დაგპატიჟებ, აქ დაგპატიჟებო და მეც შევყევი. საერთო მეგობრებიც აღმოვაჩინეთ. პირველი შეხვედრისთანავე გამომკითხა – ის როდის დაწერე, ეს როდის დაწერეო. მივხვდი, რომ სერიოზული მელომანი და ნაკითხი იყო. მეგონა, ჩემი შემოქმედებიდან რაღაცეები აინტერესებს-მეთქი. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა და, სიმართლე გითხრა, იმაზე საერთოდ არ მიფიქრია, თუ ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა.

– მგონი, იმ დროს ჯერ არ იყო ცოლს გაცილებული.

– ყოველ შემთხვევაში, მე არ მქონდა გრძნობა. უბრალოდ, კარგად ვიყავი განწყობილი განათლებული ადამიანის მიმართ. ამდენად, მე არ დამიჩქარებია მათი დაშორება. როგორც ჩანს, სამყარო წინასწარ არის შიგნიდან მომზადებული. არავინ არავის ოჯახში არ იჭრება. პირველი მე ვიყავი, მათი დაშორების წინააღმდეგი. ნამდვილად არ მინდოდა ოჯახის დანგრევა და საერთოდ არაფერი არ მინდოდა. მე ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცას ეჩვევა და თავგადასავლებს არ ეძებს, მაგრამ ხანდახან თავგადასავალი თვითონ გპოულობს. ახლა მშვიდად ვარ, ძალიან თბილი და მშვიდი გარემო მაქვს და აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ჩემი ცხოვრება.


скачать dle 11.3